აფხაზეთის ომგამოვლილებს თავიანთი მძიმე მოგონებები აქვთ, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ვერ ივიწყებენ. იმ ტრაგედიას ამჯერად ის ქართველი მსახიობები გაიხსენებენ, რომლებსაც ომმა ბავშვობა წაართვა და დევნილებად აქცია...
გვანცა გიორგობიანი, პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ელისოს
- ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში ვცხოვრობდით. ზღვისპირას გაშლილი ულამაზესი საკურორტო ზონა იყო - დასასვენებელი სახლებით, მოსწავლეთა ბანაკებით, ულამაზესი პლაჟითა და ევკალიპტების ტყით. მთელი თბილისის ელიტა ზაფხულობით იქ ისვენებდა. ომი რომ დაიწყო, მამამ საცხოვრებლად, თბილისში გადმოგვიყვანა, მაგრამ პერიოდულად, როგორც კი სიტუაცია ცოტათი დამშვიდდებოდა, უკან ვბრუნდებოდით. მახსოვს, ერთ-ერთი დაბრუნებისას რუსებმა ტამიშში დესანტი გადმოსხეს. საშინელი ბრძოლები გაჩაღდა. ორი ქართული ბატალიონი მთლიანად ამოჟლიტეს და ერთ-ერთი დაბომბვის შედეგად ბიცოლა (დედაჩემის ძმის ცოლი), დედამისი და რძალი დამეღუპნენ. ბომბი მათ ეზოში ჩამოვარდა და ისინი წამში ნაწილებად დაფლითა. ბიცოლას ხელში 5 თვის ჩვილი ეკავა, რომელიც მკლავებში ისე მოემწყვდია, რომ ბავშვი უვნებელი გადარჩა. ეს ღვთის სასწაული იყო!.. უფლის ნებით გადარჩენილი ჩემი ბიძაშვილი ახლა უკვე დიდი ბიჭია...
განსაკუთრებით საშინელი იყო აფხაზეთში გატარებული ბოლო 10 დღე: როცა დაზავება გამოცხადდა, იქ მცხოვრებმა ქართველებმა დაიჯერეს, რომ აფხაზეთი გადარჩა. ჩვენც სახლში დავბრუნდით, სკოლაში სწავლა უნდა დაწყებულიყო და ამისთვის ვემზადებოდით... თუმცა მალე სოხუმი ალყაში მოექცა. კინდღიც მთლიანად ალყაში იყო. ზღვიდან ვიბომბებოდით. ჩვენ გვერდით მდებარე ქართული სოფელი - ახალდაბა მიწასთან გაასწორეს. საოცარი სისასტიკის მომსწრენი გავხდით... ვინც იქიდან გამოაღწია, ტყე-ტყე გამოიქცა და კინდღში შემოვიდა. მათ ჩვენი სარდაფები დავუთმეთ, სადაც ქალები და ბავშვები ვიმალებოდით. მამაკაცები კი სოფელს კბილებით იცავდნენ, რადგანაც მათ ზურგს უკან ოჯახები, შვილები, მეუღლეები, დედები იყვნენ... მახსოვს, როგორ თავდებოდა ტყვია-წამალი, როგორ გათავდა გამაყუჩებელი საშუალებებიც... სოფელი იბომბებოდა, ტყვიები ჰაერში დაფრინავდა და დავრბოდი სოფელში, სადმე, ვინმესთან გამაყუჩებელი რომ მეშოვა და დაჭრილებისთვის ჭრილობა დაგვეამებინა; არ იყო ბინტი და ზეწრებს ვხევდი (ხელები გადაყვლეფილი მქონდა), რომ ბიჭებისთვის ჭრილობა გადაეხვიათ. მინდოდა, ხელში ავტომატიც ამეღო და თვითონ დამეცვა თავი, მაგრამ ამის უფლება არ მომცეს...
- 15 წლის ბავშვი საოცრად უშიშარი ყოფილხარ...
- სხვა გზა არ მქონდა... იმ ორ წელიწადში იმდენად კარგად ვისწავლე ავტომატის დაშლა-აწყობა, რომ ამას 30 წამში ვახერხებდი.
განაგრძეთ კითხვა: