18 დეკემბერი, 2013
''იმდენი საქმეა, შესაძლოა, 31 დეკემბერსაც მოგვიწიოს მუშაობამ''
ძალიან მიყვარდა ეს სამზადისი და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა ''მთელ ერს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ, ყველაფერი ცუდი, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ხდებოდა, დავიწყებას მისცემოდეს... და ჩემს თანაგუნდელებს ვუსურვებ, თავი არ დაზოგონ, რომ საზოგადოებას იმედი არ გავუცრუოთ'', - ასე მიმართავს საახალწლოდ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე ქართველ საზოგადოებას. გული სწყდება, რომ წელს წინასაახალწლო სამზადისში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ამაში პოლიტიკური საქმიანობა უშლის ხელს...

- პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ
ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა, დასრულდა ის რამდენიმეწლიანი ტერორი და ძალადობა, ზოგადად, ის საშინელი გარემო, სადაც ადამიანს განსხვავებული პოზიციის გამოხატვის ეშინოდა... დიახ, ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ წინ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ამიტომაც, სადღესასწაულოსთან ერთად, სამუშაო განწყობაც მაქვს. იმდენად დაძაბული სამუშაო რეჟიმი გვაქვს, იმდენი საქმეა, შესაძლოა, 31 დეკემბერსაც მოგვიწიოს მუშაობამ, თუმცა ეს ჩემს საახალწლო განწყობას ხელს არ შეუშლის, პირიქით...
- გამოდის, ოჯახში საახალწლო სამზადისს ვერ გაუძღვებით?
- დიახ, შეიძლება ვერ მოვახერხო. არადა, ყოველ წელს არა მხოლოდ ჩემს, არამედ მამისეულ ოჯახშიც მე ვუძღვებოდი სადღესასწაულო სამზადისს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ხუმრობა არ გეგონოთ. ორ ოჯახში, ერთდროულად, ყველაფერი უზადოდ და უნაკლოდ უნდა გააკეთო, რათა რომელიმე მხარემ არ ითაკილოს, ჩემთან რაღაც დააკლოო... რა თქმა უნდა, ვხუმრობ, მაგრამ ეს ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. რამდენიმე დღით ადრე ვიწყებდი სამზადისს და ყველაფერს ვგეგმავდი. როგორ ფერებში გამეშალა სუფრა...
- კერძებსაც თავად ამზადებდით?
- ყველაფერს ვაკეთებდი. საკმაოდ კარგი ხელი მაქვს და ყველაფერი გემრიელად გამომდიოდა. ძალიან მიყვარდა ეს სამზადისი და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. წელს, ვერ მოგატყუებთ, რომ ისეთივე ძალისხმევით შევუდგები სამზადისს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლესთან ერთად ვხვდები ახალ წელს და ეს ჩემთვის განსაკუთრებით დიდი ბედნიერებაა, მაგრამ რას ვიზამთ...
- როგორ ფიქრობთ, მას როგორი დამოკიდებულება ექნება თქვენი სამუშაო გრაფიკის მიმართ, განსაკუთრებით, დღესასწაულზე?..
- ის ძალიან შეგნებული ადამიანია და იცის ჩემი ცხოვრების წესი. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს... თუ პარლამენტში სხდომა გვექნა, რისი გამკეთებელი ვარ?.. სხდომის დამთავრების შემდეგ ქუჩაში არ შევხვდებოდე ახალ წელს და მეტი არაფერი მინდა. თუმცა ეს არ არის პრობლემა და ამის გამო საახალწლო განწყობას ვერ გავიფუჭებ. ახლა უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვარ შეჭიდებული.
- საახალწლო ტრადიციები თუ გაქვთ?
- განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი ქართული ტრადიციებით ვხვდებით - დიდი რუდუნებით ვრთავდი ნაძვის ხეს, ვაკეთებდი გოზინაყს, საახალწლო კერძებს, განსაკუთრებით მიყვარს საცივი და ამის მომზადებას სხვას არასდროს ვუთმობდი. პატარა ბავშვივით მიხაროდა და საახალწლო სუფრებში სულსა და გულს ვდებდი. მართალი გითხრათ, ისე ვიღლებოდი, რომ მეორე დღეს საფუძვლიანი დასვენება მჭირდებოდა, მაგრამ ისეთი კმაყოფილი ვიყავი, რომ ეს ამად მიღირდა. მეკვლეობასაც კი მე ვითავსებდი ხოლმე მამისეულ სახლში. ჩვენთან კი ერთი ოჯახური ტრადიცია დამკვიდრდა, - ჩემს ძმასთან მე მივდივარ მეკვლედ, ჩვენთან კი, ჩემი ძმა, თედო მოდის ხოლმე... დაცდილი გვაქვს, რომ ჩემს ძმას კარგი ფეხი აქვს.
- შესაბამისად, თქვენც...
- კი, ნამდვილად კარგი ფეხი მაქვს და ვუსურვებ, ჩემი მეკვლეობა ბედნიერი ყოფილიყოს მისთვის, რადგან ისიც აქტიურად არის პოლიტიკაში ჩართული. საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმისთვის აქვს ხელი მოკიდებული, ''ქართული ოცნების'' იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობს და ვუსურვებ, წარმატებით გაეგრძელებინოს საქმიანობა...
- შობას როგორ ხვდებით?
- ისე, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნის შვილს შეეფერება. მაგალითად, ჩემი უმცროსი შვილი მარხულობს და ვიცი, რომ მისთვის შობა იქნება ახალი წელი. ვეცდები, მას ყურადღება არ მოაკლდეს... ისე კი, შობა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დათო
ხოო ფული გაქვს მე რომ არ მაქვს
16:15 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მიხო
ტქვენ იმუშავეტ ქ-ნო მანანა და ხალხი მშიერი იჯდეს.რა განსხვავებაა ჩვენსა დაბანანის რესპუბლიკას შორის?
19:41 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS