16 დეკემბერი, 2013
გაიკეთა თუ არა მკერდის ოპერაცია ლიკა ლაბაძემ
მიხარია, რომ ხალხმა ისეთი დამინახა, როგორიც რეალურად ვარ. ადრე რატომღაც იყო ტენდენცია, რომ ადამიანი, რომელიც ხშირად იყო ეკრანზე, უნდა ყოფილიყო „სტერვა“ ლიკა ლაბაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ უძღვება, ყოველდღიურად „იმედის დილიდან“ გვესალმება, თავისუფალ დროს კი, რომელიც ამ საქმიანობიდან რჩება, ძილს უთმობს. ძილი მისთვის ფუფუნებაა და ცდილობს, ეს სიამოვნება არ მოიკლოს, რათა მეორე დილას მაყურებელმა დისკომფორტი არ შეამჩნიოს. ახალ წელს იმიტომ ელოდება, რომ გადატვირთული გრაფიკისგან ცოტათი ამოისუნთქოს და რამდენიმე დღით მაინც ქალაქგარეთ გავიდეს.
ორიოდე გადაცემის წინ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“
ისეთი ღრმა დეკოლტეთი წარმოგვიდგა, რომ მაყურებელი თვალებს არ უჯერებდა. ასეთი სექსუალური იმიჯით ლიკა ლაბაძე პირველად ვნახეთ. სოციალურ ქსელებში მისი მკერდის ზომაც განიხილეს და ზოგიერთმა „დაასკვნა“, რომ ტელეწამყვანს მკერდის გაზრდის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ის შორენა ბეგაშვილსაც შეადარეს. ლიკა ამ შედარებებს ღიმილით და მშვიდად უყურებს...

- „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული ხარ, ახლა - ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი. მონაწილეობის შემდეგ როგორია ამ გადაცემის წაყვანა?
- ყოველთვის მინდოდა ამ პროექტთან ახლოს ყოფნა, მაგრამ უკვე არა როგორც მონაწილეს, რადგან „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობით დიდი სტრესი გავიარე, არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მონაწილემ. თანაც, ეს იყო პირველი სეზონი, მაშინ ყველაფერი ახალი იყო, ვნერვიულობდით, როგორ მიიღებდა ამ ყველაფერს მაყურებელი და ა.შ. მომიხდა იმ ცეკვების შესწავლა, რომელიც ადრე არ მიცეკვია, ამ კუთხით ნამდვილად არ მინდოდა დაბრუნება, გამარჯვების შემდეგ ალბათ აღარავის მოუნდებოდა მეორედ მონაწილეობა. თუმცა პირველმა სეზონმა ძალიან ბევრი კარგი რამ მომიტანა. ყველაზე მთავარი - ხალხის სიყვარული და დადებითი ემოციები, შეფასებები. მიხარია, რომ ხალხმა ისეთი დამინახა, როგორიც რეალურად ვარ. ადრე რატომღაც იყო ტენდენცია, რომ ადამიანი, რომელიც ხშირად იყო ეკრანზე, უნდა ყოფილიყო „სტერვა“. მე კი არ მომწონს ეკრანიდან ზედმეტი ფამილიარობა და თავისუფლება. მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველა სიტყვა გამეკონტროლებინა და არავისთვის მეწყენინებინა. მაყურებელმა ასეთი დამინახა და დღემდე მომყვება, ასე ვთქვათ, რბილი ლიკას იმიჯი. ამ პროექტს ვუმადლი, რომ მაყურებელმა კარგად გამიცნო, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მიმდინარეობისას მაყურებელს საშუალება აქვს, გნახოს არა მხოლოდ უშუალოდ ცეკვის შესრულებისას, არამედ რეპეტიციებისას, როგორი ხარ პარტნიორთან, სხვა მონაწილეებთან დამოკიდებულებაში და ა.შ. შენს ნებისმიერ კომენტარში შესაძლოა, ერთმა სიტყვამაც გადამწყვეტი როლი შეასრულოს. დიდი დაფასებაა, რომ უარყოფითი დამოკიდებულება არავის გასჩენია ჩემ მიმართ. არ ვიცოდი, კიდევ როგორ უნდა მიმეღო მონაწილეობა. საბედნიეროდ, როგორც „იმედის“ თანამშრომელს, შემეძლო ამ გადაცემის წამყვანობა და სიამოვნებით ვაკეთებ ამ საქმეს. დღეს ღელვა და ნერვიულობა გვერდზეა და ყველა მონაწილეს ვამხნევებ, ეს ჩემი მოვალეობაა, მით უმეტეს იმ ოთახში, სადაც ნერვიულობისა და ემოციების გაცვლა-გამოცვლაა. მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ პროექტთან ასე ახლოს ვარ.
- აუცილებლად მინდა გკითხო შენს ბოლოდროინდელ იმიჯზე, რომელმაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვინ აგვარებს შენი ჩაცმულობის ამბავს?
- მარი და ზენკა, რომლებიც პროექტის დიზაინერები არიან. ისინი ზრუნავენ როგორც წამყვანების, ასევე მონაწილეების ჩაცმულობაზე. მეც მათთან ერთად ვარ ჩართული ჩემი იმიჯის მოფიქრებაში, რა მიხდება, როგორი ვარცხნილობა იქნება კარგი კონკრეტული ჩაცმულობისთვის... კაბის როგორი ფორმა. ყოველკვირეულად იკერება ახალ-ახალი ტა-ნისამოსი. ვერცხლისფერი კაბაც ღრმა დეკოლტეთი, რომელიც ორი გადაცემის წინ მეცვა, ამ დიზაინერების ნახელავია.
- აქამდე არ მახსოვხარ ასეთ თავისუფალ სამოსში.
- ასეთი თამამი სამოსი ნამდვილად არასდროს მცმია. თუკი ამ პროექტის სხვა ქვეყნების ანალოგებს გადახედავთ, არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ წამყვანებიც გამოირჩევიან თავიანთი ჩაცმულობით, განსაკუთრებით თვალში საცემია სიბრჭყვიალე. მაგალითად, ამერიკის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანის ჩაცმულობა ჰოლივუდის არც ერთი ვარსკვლავის ჩაცმულობას არ ჩამოუვარდება. იმ ტურში, როცა ვერცხლისფერი ბრჭყვიალა კაბა მეცვა და შესაფერისი ვარცხნილობა მქონდა, თავი ყველაზე კომფორტულად ვიგრძენი. ვგრძნობდი, რომ მიხდებოდა და მეც მომწონდა. ამ ჩაცმულობამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რამდენიმე ადამიანს ეწერა, რომ არ მოეწონა ჩემი ზედმეტად თამამი ჩაცმულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ ყოფილა ზედმეტი. ერთს ეწერა, ბებიაჩემმა აკრიტიკა თუ ლანძღა ლიკა ლაბაძის დეკოლტეო. ასეთი დამოკიდებულება საერთოდ არ მესმის. პრინციპში არც ვაქცევ ასეთ კომენტარებს ყურადღებას. მიმაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს - რატომ არ უნდა გამოიყურებოდე კარგად?!..
- ბევრი კომენტარი ამოვიკითხე სოციალურ ქსელებში, იმ გადაცემაში არა მონაწილეთა ცეკვებს, არამედ ლიკა ლაბაძის მკერდს ვუყურებდითო.
- (იცინის) სხვათა შორის, ამ დეკოლტემ გააჩინა აზრი, თითქოს მკერდი ხელოვნური ჩარევის შედეგად გავიზარდე (იღიმის) და არ არის ბუნებრივი. სად მოვასწრებდი? ყველა ხედავს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ეთერში ვარ და ასეთი რაღაცები ორ საათში არ კეთდება.
- ალბათ, ასეთი რეაქცია იმან გამოიწვია, რომ ამოღებულ სამოსში აქამდე არ გამოჩენილხარ.
- მეც ასე ვფიქრობ, თუმცა მე ყოველთვის მინდოდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ დეკოლტეს. მინდოდა, გადაცემაში ყოფილიყო ასეთი შემთხვევა, რომ იმ სამოსით წარმოვჩენილიყავი, რომელიც მიხდება. ყოველთვის მომწონდა, როდესაც უცხოურ ამგვარ შოუებს ვუყურებდი ან წითელ ხალიჩაზე მომავალ ვარსკვლავებს, რომელთა თმა, მაკიაჟი, სამოსი ერთმანეთს ავსებს და ძალიან უხდება. არანაირი დისკომფორტი არ მქონია ღრმა დეკოლტეს გამო და თავიც მომწონდა.
- თავს სექსუალურ ქალად მიიჩნევ?
- გააჩნია, ვინ რას მიიჩნევს სექსუალურობის ნიშნად - ზოგისთვის ეს დიდი ტუჩებია, ზოგისთვის - დიდი მკერდი, ვნებიანი იმიჯი. ჩემთვის სექსუალურობა სხვა რამეა. მაგალითად, უფრო სექსუალურია ოდრი ჰეპბერნი თუ ლივ ტაილერი, ვიდრე ვთქვათ, პამელა ანდერსონი. მგონია, როცა ქუჩაში გაივლი და არ გაცვია ამოღებული სამოსი, მამაკაცმა თუ მაინც შემოგხედა, ამ შემთხვევაში ხარ სექსუალური. ეს არის შინაგანი მომხიბვლელობა და ეშხი, რომელიც მამაკაცს შენკენ გამოახედებს. ასე რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ამ მხრივ საკუთარ თავში ეჭვი არასდროს შემპარვია და კმაყოფილი ვარ ამ კუთხით (იღიმის). როცა თავად რაღაცას გრძნობ, ეს გარშემო მყოფებზე გადადის. როგორც ვგრძნობ თავს, ის გადადის სხვებზე და მათი რეაქციიდან გამომდინარე ვხვდები, გამოვიყურები თუ არა იმ დღეს კარგად.
- თავად პროექტის მონაწილეებმა თუ გაიკვირვეს შენი ღრმა დეკოლტე?
- რა თქმა უნდა, გაუკვირდათ. მე ძალიან ამოღებულად არ მეჩვენება და არც თამამად...
- თუმცა ამ დრომდე არავის გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ ლამაზი მკერდი გაქვს.
- ამ პროექტის შემდეგ მარტო ამ კაბით არა, სხვა კაბების მიხედვითაც, სხვებსაც უთქვამთ, რომ თვალში პირველად მოხვდათ. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობისას ძირითადად სულ დახურული სამოსი მეცვა. თანაც, როცა მუდმივად ცეკვავ და ვარჯიშობ, სხვანაირად გამხდარი ხარ და გამოფიტულიც კი. ამ დროს გარეგნული ფორმები არც ისე თვალში საცემია. როცა დიდი შრომისგან დასვენებული ხარ, შენი ქალურობა უფრო წარ-მოჩინდება. დილის ეთერშიც არასდროს ვარ ხოლმე თამამად ჩაცმული, რადგან ფორმატიც არ იძლევა საშუალებას და მეც არ მივცემ თავს უფლებას, რომ დილის გადაცემაში ზედმეტად ამოღებული ჩავიცვა. უბრალოდ, იმ გადაცემას ეს არ მოუხდება. ზოგადად კი ვფიქრობ, თუ ქალს აქვს რაღაც გამოსაჩენი, რატომაც არ უნდა გამოაჩინოს?..
- შორენა ბეგაშვილს გაეჯიბრაო, ეს მოსაზრებაც გამოითქვა. ამაზე რას ფიქრობ?
- საერთოდ არ ყოფილა ასეთი განზრახვა. ძალიან მომწონს შორენა გარეგნულად და არაფერს ვერჩი, უბრალოდ, რატომღაც შეიძლება ეგონოთ, რომ ვინმეს ვეჯიბრები. როცა კაბა იკერებოდა, დიზაინერებმა მკითხეს, ოდნავ ჩავჭრათო? ვუპასუხე, რატომაც არა-მეთქი. არა-ნაირად არ განმიზრახავს, რომ გამომეჩინა ჩემი სხვა პლუსები. ვიფიქრე, რომ ასეთი კაბა ამ ტურს და მეც მოგვიხდებოდა.
- პროექტს რომ დავუბრუნდეთ. პირველ სეზონზე ძალიან თვალში საცემი იყო კონკურენცია და ინტრიგები მონაწილეთა შორის. დღეს როგორ არის ამ მხრივ საქმე?
- ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე მონაწილეებთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს. მათ შოუს დაწყებამდე სამი საათით ადრე ვხვდები. ყველა იმდენად არის ჩაკეტილი საკუთარ თავში და კონცენტრირებული თავის გამოსვლაზე, რომ ინტრიგებისთვის ნაკლებად სცხელათ. ვფიქრობ, ძალიან მეგობრული გარემოა. ყოველ შემთხვევაში, მე იქ ერთმანეთის გამხნევების გარდა არაფერი მინახავს. მონაწილეებს ერთმანეთის მაღალი ქულებიც უხარიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, ამ პროექტში სხვის ქულებზეც პირდაპირ ხარ დამოკიდებული. ალბათ, თავად მონაწილეებს უნდა ჰკითხოთ, ვინ ვის ერჩის, მე არ ვიცი.
რაც შეეხება პირველ სეზონს, ჩემი და სამორის მიმართ ინტრიგები არ ყოფილა. მივდიოდით და ვრეპეტიციობდით, ჩვენამდე ინტრიგები არ მოდიოდა. ალბათ, ვისაც ეს აინტერესებს, სკანდალები მის გარშემო ტრიალებს. მე კი სკანდალური არ ვარ, არც სამორი, ამ მხრივ ვგავართ ერთმანეთს. ხშირად კომენტარებში სხვა მონაწილეები კონკურენტებად ჩვენ გვასახელებდნენ. ეს სასიხარულო იყო.
- დილის გადაცემას „ცეკვებთან“ როგორ ათავსებ? თავისუფალი დრო გაქვს?
- თავისუფალ დროს მძინავს (იღიმის). დილის ხუთ საათზე ვდგები, რადგან ექვსზე ტელევიზიაში უნდა ვიყო. არ მაქვს უფლება, გამოუძინებელი მივიდე. გადაცემამდე მოსამზადებლად და გამოსაფხიზლებლად ორი საათი გვაქვს, რადგან მაყურებელმა არ უნდა შეგატყოს, რომ ახლახან გაიღვიძე. გადაცემის მიმდინარეობისას ვცდილობ, მაქსიმალური ენერგია გავცე. დილის ეთერი მთლიანად მოვლენებზეა აგებული, ახალ-ახალი სპექტაკლი მგონია ხოლმე ეს ყველაფერი. თანაც, მე ყოველდღიურად ვმუშაობ და ამ რეჟიმს დიდი ენერგია მიაქვს. „ცეკვები“ რომ დამემატა, შოუს შემდეგ ღამის სამ საათამდე დაძინებას ვერ ვახერხებდი, ხუთზე კი ადგომა მიწევდა და პირველი ორი კვირა ძალიან გამიჭირდა. უძილო-ბის გამო გულის აჩქარებით ვიღვიძებდი. ახლა შევეჩვიე და „ცეკვების“ მეორე დილას გაღვიძება უკვე აღარ მიჭირს. თავისუფალი დრო პარასკევი, შაბათი და კვირა მაქვს. ვცდილობ ხოლმე, რომ მეგობრები ორი საათით მაინც ვნახო, მათ გარეშე არ შემიძლია. შესაძლოა, ამ დღეებში იყოს დიზაინერებთან ვიზიტი ან რაიმე გადაღებაც. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ტელევიზიის გარშემო ტრიალებს.
- პირადში არაფერი ისახება საინტერესო?
- პირადისთვის მაინც მრჩება დრო. დიდ დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ გარკვეულ დროს მაინც ვნახულობ.
- საახალწლოდ ემზადები?
- ახალ წელს ფინალია. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 31 დეკემბერს დასრულდება, ღამის ათ საათზე. შემდეგ უნდა მოვასწრო სახლში წასვლა და ოჯახის წევრებთან ერთად დღესასწაულის შეხვედრა. თუ მექნება საშუალება, ძალიან მინდა, რამდენიმე დღით ქალაქიდან გავიდე. რომ წარმოვიდგინე პირველი, ორი იანვარი და აქეთ-იქით სიარული, არ მაქვს ამის სურვილი. ახალ წელს განსაკუთრებულად ნამდვილად არ ველოდები. მხოლოდ იმიტომ მიხარია, რომ დამთავრდება პირველი სეზონის გადატვირთული გრაფიკი და ცოტა ამოსუნთქვას შევძლებ. ახალი წლის მოლოდინი დიდი ხანია, აღარ მაქვს, რადგან იმედები მიცრუვდება ხოლმე. ეს სიხარულიც ხელოვნურად შექმნილი მგონია. ახალი წელი არასდროს არ არის ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია. ახალი წელი წარმომიდგენია ლამაზად მორთულ ქალაქში ან დიდ მეჯლისზე, სადაც ელეგანტურად ჩაცმული ადამიანები შეიკრიბებიან. ან ახალი წელი შეიძლება, ოჯახურ გარემოში, მეუღლესა და შვილებთან ერთად გაატარო, მაგრამ მეუღლე და შვილები ჯერ არ მყავს (იღიმის).
- ახალ წელს სიყვარულს არ ელოდები?
- ახალ წელს ალბათ ყველა აცილებს ძველ რაღაცებს. ზოგადად, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს და ბევრ გადაწყვეტილებას შინაგანი ხმა მკარნახობს. ახალ წელსაც ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერ სევდიანს ძველ წელს ვუტოვებ. სიყვარულის მოლოდინი მაინცდამაინც ახალ წელთან დაკავშირებით არ მაქვს.
გამოყენებული ფოტო ეკუთვნის ფოტოგრაფ გიორგი ცაავას.

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ლელა
ირმას ვეთAნხმები
14:45 / 23-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ძიუდო
ჩემპიონია ეგ გოგო, ვისაც არ მოსწონს ნუ შეხედავს, დარწმუნებული ვარ არ ეწყინება.
00:51 / 21-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
არ მესმის აღშფოთების მიზეზი,საკმაოდ ლამაზი დეკოლტირებული კაბა ეცვა,შესაძლოა ქართული მენტალიტეტისთვის ზედმეტად ღია...თუმცა ძალიან ლამაზად და მიმზიდველადდ გამოიყურებოდა.. ნებისმიერი უცხოელი მსახიობი რომ ყოფილიყო უდად აღფრთოვანდებოდით... ჩვენი ნაკლი ისაა რომ საკუთარს არ ვპატიობთ სიკარგეს....
15:20 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ლიკა ლაბაძეს კარგია,რომ სოც,ქსელებში კომენტარებს კითხულობ.იმედია,ამასაც წაიკითხავ:როცა ცეკვავდი,მომწონდი,მერე მივხვდი,იმიტომ მომწონდი,რომ არ ლაპარაკობდი. ძალიან უნიჭო ხარ!გარდა ამისა, საერთოდ არ მუშაობ საკუთარ თავზე.ძალიან ღარიბი ლექსიკა და მიმიკა გაქვს.და ძალიან ხარ დაშტამპული.თუ არ გჯერა,უყურე ჩანაწერებს და ობიექტურად შეაფასე.დეკოლტეებზე ფიქრს,თვითგანვითარებაზე იფიქრო,ჯობია!ან ცეკვას დაუბრუნდი :) წარმატებებს გისურვებ! :)
14:53 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
კაი დაბურჯღნი ბოვშია :)
21:57 / 17-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS