ფილმი მთელმა საქართველომ
ლიანა მოისწრაფიშვილი:
- მასწავლებელმა თეორიის გაკვეთილიდან გამომაგდო - ალბათ, ვიცელქე. დერეფანში დავაბიჯებდი, როდესაც დირექტორის კაბინეტიდან გამომავალი ორი მამაკაცი გამოჩნდა. დირექტორმა ჩემს დანახვაზე წამოიძახა: აი, ეს ალქაჯი გამოგადგებათო. ბატონი რეზო და ბატონი თენგიზი გამომელაპარაკნენ, - კინოში რომ გადაგიღოთ, გინდაო? მე მშვიდად, ყოველგვარი ემოციების გარეშე ვუპასუხე: არ ვიცი, დედას შევეკითხები-მეთქი. ორი დღის შემდეგ დედამ სინჯებზე წამიყვანა. ჯერ ლექსი მათქმევინეს, მერე ის სცენა გამათამაშებინეს, სადაც მაგდანა ეუბნება სოფოს: შვილო, ლურჯას პატრონი გამოჩნდა და უნდა წაიყვანოსო. ფილმში ამ მომენტში, ცეცხლზე შემდგარ სპილენძის ქვაბში ვასხამ წყალს, სინჯებზე კი მაწონს ვჭამდი და ისე ვისმენდი ამ ამბავს. სინჯები მთელი დღე გაიწელა და შესაბამისად, მეც მთელი დღე მომიწია მაწვნის ჭამამ. შინ რომ მივედი, ვიძახდი: მორჩა! არც მაწონი გამაგონოთ და არც ფილმში გადაღებაზე მითხრათ რამე-მეთქი.
- მაგრამ მაინც ითამაშეთ...
- ჰო, ამ ამბიდან 2-3 თვის შემდეგ შეგვატყობინეს, რომ სოფოს როლზე დამამტკიცეს. მიხოს როლის შემსრულებელიც სკოლაში აღმოუჩენიათ. სასწაული ბავშვი იყო. თურმე, უკანა მერხზე მჯდარა, როდესაც კლასში ბატონები - თენგიზი და რეზო შესულან. სახელი უკითხვათ და ამასაც, უპასუხია: ლორანდი მქვიაო (იღიმის). ნანი გადასაღებ მოედანზე გავიცანი - 5 წლის იყო, ტიტინა და საყვარელი. უფროსი თაობის მსახიობები, ბავშვებს თავს გვევლებოდნენ, გვეფერებოდნენ და როგორც პატარა წიწილებს, ისე დაგვფოფინებდნენ.
პირველად პავილიონში, სასამართლოს სცენები გადავიღეთ. მე ამ დროს მუსიკალურ შვიდწლედს ვამთავრებდი და გამოცდის მოსამზადებლად დრო არ მყოფნიდა - საბჭოთა და საქართველოს ჰიმნები უნდა დამეკრა. ამიტომ, როცა ჩემი სცენები არ იყო, პავილიონის ბოლოში მდგარ როიალთან განვმარტოვდებოდი ხოლმე. ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ბატონმა რეზომ არ იყვირა: მომაშორეთ ეს ბავშვიო.
- ერთი პერიოდი გადაღებები შეაჩერეს, არა?
- კი, ასე იყო. თურმე, კინოსტუდიის უფროს თაობას მოსკოვში უჩივლია, - ახალგაზრდები ფილმს ვერ "აკეთებენ", ფირი კი ტყუილად იხარჯება. მოგვეცით უფლება, რომ მათზე შეფობა ავიღოთო. 6 თვე შეჩერებული იყო გადაღებები, მერე მწერალთა კავშირის წარმომადგენლები მოვიდნენ: გიორგი ლეონიძე, გალაკტიონი და სხვები. ნახეს გადაღებული მასალა და თქვეს, - მშვენიერი ფილმი გამოდის. აცალეთ, ამ ახალგაზრდებს, მიაყვანინეთ საქმე ბოლომდეო.
იხილეთ ვრცლად: