13 დეკემბერი, 2013
ბევრ ჩემს მეგობარს ვეუბნები, ციხე მოგიხდებოდა-მეთქი
ის ადამიანები, რომლებიც სვამდნენ, უმეტეს შემთხვევაში იღუპებოდნენ, აფექტის მომენტში პირდაპირ მიდიოდნენ სიკვდილზეო დაახლოებით ერთი წლის წინ პოლიტპატიმრის სიით გათავისუფლებული ლევან გოგიჩაიშვილი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ''სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში'' მუშაობს. უახლოეს მომავალში დაოჯახებას არ გეგმავს, თუმცა ამ თემაზე ბევრს არც ლაპარაკობს.

''ოჯახის წევრებისთვის ვერ გავიზარდე''

- ფოტოზე დედაჩემის მამასთან, შოთა მაღლაკელიძესთან ერთად ვართ მე და ჩემი ძმები. ბაბუა სამამულო ომის მონაწილე გახლდათ. სამხედრო ექიმი იყო და ფაქტობრივად ომის დაწყებიდან ბოლო დღემდე იქ იყო. ძალიან ხშირად ფრონტის წინა
ხაზზე იმყოფებოდა. ტულის ბრძოლაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაბუას ეამაყებოდა სამხედრო ფორმა. ჩვენთან სტუმრად სულ სამხედრო ფორმით მოდიოდა და საბავშვო ბაღშიც ასე გამოწყობილი მაკითხავდა.
- ამაყობდით, ბაბუას რომ ამდენი მედალი ჰქონდა?
- მახსოვს, სკოლაში ხშირად ვყვებოდი, ბაბუაჩემი ფირალი იყო-მეთქი. მამაჩემის ბაბუაზე ვამბობდი, რომელიც გურული ფირალი იყო. ერთხელ სკოლაში დედაჩემის მამა ჩინ-მედლებით შემკობილი რომ მოვიდა, გაგიჟდა მასწავლებელი, ესაა ყაჩაღიო? - მკითხა. ბაბუა სულ გვიყვებოდა ომში გადახდენილ ამბებს. ხშირად ამბობდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვიყავი და უამრავი სპირტი იყო ჩემს ხელში, ერთი წვეთიც არ დამილევია და ამან გადამარჩინაო. ის ადამიანები, რომლებიც სვამდნენ, უმეტეს შემთხვევაში იღუპებოდნენ, აფექტის მომენტში პირდაპირ მიდიოდნენ სიკვდილზეო.

Rating

- მომდევნო ფოტოზე კი ბებიასთან ერთად ხართ.
- ფოტოზე მამის დედასთან ერთად ვარ, რომელიც ასევე ექიმი იყო. მამა ჩემზე ორმოცი წლითაა უფროსი, შესაბამისად, დედამისიც დიდი იყო, მე რომ დავიბადე. პატარა ვიყავი, ბებია რომ გარდაიცვალა.

Rating

- მშობლები რას საქმიანობენ?
- მამა წარმოშობით ბათუმელია. თბილისში უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ცხოვრობს. ბათუმში თითქმის ყოველ წელს ჩავდივართ დასასვენებლად. მამა, აკაკი გოგიჩაიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. დედა დიასახლისია, სამ ბიჭს გვზრდიდა. მე, ირაკლის და გიას. ოჯახში მე ყველაზე პატარა ვარ.
- ძმები ერთმანეთს გარეგნულად არ ჰგავხართ.
- ბავშვობაში არ ვგავდით, მაგრამ რომ გავიზარდეთ, იერით ერთმანეთს დავემსგავსეთ. მეუბნებიან, რომ ირაკლის შვილები ძალიან მგვანან.
- ბავშვობაში არდადეგებს სად ატარებდით?
- ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში ჩავდიოდით. დაახლოებით ორ თვეს იქ ვატარებდით და მერე გურიაში მივდიოდით, ბოლოს კი ბათუმში. ოჯახური ფოტო ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი დასვენების დროს გადავიღეთ. მე რომ დავბადებულვარ, ჩემი ძმა, გია, სოფელში ყოფილა იმერეთში და თურმე ველოსიპედით მოდიოდა და თან მღეროდა, ''სამნი ძმანი გურულები მიდიოდნენ ყანასაო~. გარშემო სულ იმერლები გვყავდნენ და უფრო მეტად იმერეთში ვიყავით, ამიტომ გვიჩნდებოდა გურულობის ნოსტალგია.

Rating

- სამი ძმა დაზე არ ოცნებობდით?
- და რომ მყოლოდა, ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ მშობლები სამ ბიჭზე გაჩერდნენ. ჩემს ძმას ორი გოგო და ორი ბიჭი ჰყავს. გოგონებმა ოჯახში სულ სხვა სითბო შემოიტანეს.

Rating

- პატარა ძმას განებივრებდნენ?
- ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. გია და ირაკლი უფრო მეგობრობდნენ. მე ოჯახში სულ პატარას იმიჯი მქონდა. დღესაც ასეა, ოჯახის წევრებისთვის ვერ გავიზარდე. იმით ვიყავი განებივრებული, რომ ყველა მე მიფიცებდა. მომდევნო ფოტო საბავშვო ბაღშია გადაღებული. ამ პერიოდში და სკოლაშიც გოგონებში ძალიან პოპულარული ვიყავი. ბევრს მოვწონდი (იცინის).


''ახლა ვფიქრობ, რომ პროფესიის შერჩევისას შეიძლება, შეცდომა დავუშვი''

- მომდევნო ფოტო პირველ კლასშია გადაღებული, რომელ სკოლაში სწავლობდით?
- ბევრი სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბოლოოდ კომაროვი დავამთავრე. მათემატიკასა და ფიზიკას კარგად ვსწავლობდი, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არ წავსულვარ. იურისტობა ავირჩიე. ახლა ვფიქრობ, რომ პროფესიის შერჩევისას შეიძლება, შეცდომა დავუშვი. ძალიან მიზიდავდა გეოლოგია, გეოინჟინერია, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, საქართველოში ეს სფერო არავის აინტერესებდა.

Rating

- როდის ჩაერთეთ პოლიტიკაში?
- 2004 წელს ''ახალი მემარჯვენეების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი. დაახლოებით ორი წელი დავყავი მათთან და მერე თანასწორობის ინსტიტუტში გადავედი. სამოქალაქო აქტიურობა უფრო მომწონდა, ვიდრე პარტიული მოღვაწეობა. გარდა ამისა, თავი კომკავშირულ დაწესებულებაში მეგონა, პარტიის წევრი რომ ვიყავი. პარტიის ლიდერებს რომ ჰკითხოთ, შეიძლება, ვერც გიპასუხონ რაში სჭირდებათ ახალგაზრდული გაერთიანებები. ევროპაში პარტიული ორგანიზაციების ახალგაზრდულ გაერთიანებებს სულ სხვა ვალდებულებები აქვს. მას შემდეგ პოლიტიკური პარტიიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. თუ შევალ, იქიდან გამოსვლაზე აღარც ვიფიქრებ. ცხრა პარტიის შეცვლა, ჩემი აზრით, უხერხულია. მე და ჩემი მეგობრები პარტიის ლიდერები არ ვყოფილვართ, მაგრამ ჩვენს ზურგზე ბევრმა რამემ გადაიარა. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდით. უამრავი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ვიყავით და ბევრი ის ადამიანი, რომელიც გასულ წლებში ჩვენთან ერთად იდგა, შეიცვალა. ახალგაზრდა ბიუროკრატებს დაემსგავსნენ. ისინი ჩემი მეგობრები არიან და მათი საქციელი მაღიზიანებს. ჩემთვის გაუგებარია, ადამიანი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებიდან მოდის, ტიპურ ჩინოვნიკს რატომ ემსგავსება. თითქოს კანცელარიაში იყოს გაზრდილი. ცოტა მიკვირს, ამხელა მეტამორფოზა როგორ მოხდა მათში. მე სხვა ტიპაჟი ვარ. შემიძლია რაღაცებზე უარის თქმა. იმიტომ, რომ სამოქალაქო საქმიანობაში ვარ ჩართული და ჩემს ხასიათში არ ზის ბიუროკრატია. ჰალსტუხით კაბინეტში ჯდომა ჩემთვის წარმოუდგენელია.
- მომდევნო ფოტო მეგობრებთან ერთად გაქვს გადაღებული.
- სურათი ჩემს დაპატიმრებამდე გადავიღე. ყოველთვის ვამბობ, დაპატიმრებამდე სულ სხვა ბიჭი ვიყავი-მეთქი.

Rating

- დაახლოებით ათი წლის შემდეგ თქვენი თავი არ წარმოგიდგენიათ პოლიტიკაში?
- შეიძლება, პოლიტიკაში ვიყო, მაგრამ ბიუროკრატი ვერასდროს გავხდები.
- ალბათ, ასე იმიტომ ფიქრობთ, რომ ციხეში წლები გაატარეთ.
- ამას არ გამოვრიცხავ. ბევრ ჩემს მეგობარს ვეუბნები, ციხე მოგიხდებოდა-მეთქი. ამპარტავნობას ვამჩნევ. სიტუაცია ჩაიგდო ხელში და სხვებისგან დისტანციური გახდა.
- რას გპასუხობენ?
- არაფერს... ზოგიერთ მათგანს ჩემი არსებობა არ აინტერესებს. გამირბიან და ჩემთან ურთიერთობას ერიდებიან. ციხეში რომ ვარ ნამყოფი, ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს უფრო კარგად აღვიქვამ. მე ცოტა ხისტი ვარ და ადამიანს პირში ვეუბნები, რასაც ვფიქრობ. მეგობრებს ვეკითხები, რატომ შეიცვალეთ-მეთქი და ეს არ მოსწონთ, მაგრამ მერე რა. საბოლოოდ მიხვდებიან, რომ უფრო თბილები უნდა იყვნენ. როცა საშუალება გაქვს, სიკეთე აკეთო, უფრო მეტად უნდა დაუახლოვდე საზოგადოებას. თუ ასე არაა, მაშინ უნდა თქვა, პირადი კეთილდღეობისთვის მინდა ეს ყველაფერიო. მაგრამ ამას ვერ იტყვიან. რომელიმე მინისტრმა ასე რომ თქვას, მაშინვე ჩამოაგდებენ.
- მომდევნო ფოტოზე ირინა ბათიაშვილთან ერთად აქციას მართავთ. თქვენ მეგობრები ხართ. ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეს მომხდარი ამბის შემდეგ დაგაპატიმრეს.
- ასე მოხდა. ციხეში სამი წელი და შვიდი თვე ვიყავი. ერთი წელი არაა, რაც გამოვედი.

Rating

- ციხიდან რომ გამოხვედით, თქვით, რომ ირინაზე ცოტა გულნატკენი იყავით.
- ირინაზე არ ვარ გულნატკენი. მახსოვს, ერთ დაბადების დღეზე ტანსაცმელი შემომიგზავნა. რომ გამოვედი ციხიდან, ვიღაცამ დაწერა, თითქოს გულნატკენი ვიყავი ირინკაზე, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო. დღემდე ვმეგობრობთ. მას არაფერში არ ვადანაშაულებ.

''არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი''

- მომდევნო ფოტოზე თქვენს ძმებთან ერთად ხართ ბავშვობაში. მითხარით, რომ ეს თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა. თქვენი ძმა ციხეში გარდაიცვალა.
- გიას გარდაცვალებიდან პირველ დეკემბერს ცხრა წელი შესრულდა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
- რა იყო მიზეზი?
- ვერ გეტყვი. რატომ იკლავენ ადამიანები თავს? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.
- რას საქმიანობდა?
- 30 წლის იყო, ხან რას საქმიანობდა და ხან რას. ''ლიმონკები'' ჩაუდეს და დაიჭირეს.
- თვითმკვლელობის გარდა, სხვა ვერსიას გამორიცხავთ?
- იმ დროს ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გამოგვეკვლია, რა მოხდა. ახლა ვიკვლევ და იმედია, სიმართლეს დავადგენ. სავარაუდოდ, თვითმკვლელობა იყო. თავის მოკვლის მცდელობა თავისუფლებაზე რომ იყო, მაშინაც ჰქონდა.
- ეს მცდელობები გოგონას უკავშირდებოდა?
- არა. სხვანაირად ემოციური ადამიანი იყო. ციხეში რომ მოხვდა, ვერ აიტანა. ალბათ, ჩათვალა, რომ ყველაფერი დამთავრდა.
- ოჯახი არ ჰქონდა?
- არა. ირაკლის ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. საბა, რომელიც მეშვიდე კლასშია და კომაროვში სწავლობს. ანა პირველ კლასშია. ელენე ორი წლის და სამი თვისაა და დემეტრე ჯერ ერთი წლის არაა. სურათზე ჩემი ძმისშვილები არიან.
- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? ფოტოებს რომ ვათვალიერებდით, მითხარით, სკოლაში პოპულარული ბავშვი ვიყავიო. დღემდე გრძელდება ეს პოპულარობა?
- არ მიყვარს ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი. ვერაფერს მათქმევინებთ, სულ რომ 50 კითხვა დამისვათ. თუ გადავწყვიტე, რამე არ ვთქვა, ვერავინ გამტეხს.

Rating

- ოჯახის შექმნას უახლოეს მომავალში აპირებთ?
- ჯერ არ ვაპირებ.
- ციხეში გატარებული რამდენიმე წელი გოგონებთან ურთიერთობაში ხელს ხომ არ გიშლით?
- არ მგონია. ყოველ შემთხვევაში, არ გამიგია, რადგან ციხეში ვიყავი, ამის გამო ჩემთან ვინმეს ურთიერთობის სურვილი არ გასჩენოდეს. სიყვარული ისეთი რამეა, ციხეში ყოფნა კი არა, სამი ფეხი რომ გქონდეს, შეგიყვარებს. ვინც ამის გამო იწუნებს ადამიანს, ე.ი. არ უყვარს და არც მოსწონს. როცა ადამიანი გიყვარს, გიყვარს მისი აწმყო და გინდა, მასთან მომავალი გაატარო. წარსული რა შუაშია.


Rating

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მაია
ღმერთი გფარავდეს კარგო ადამიანო
13:52 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
ჩემო ლევან კარგი ბიჭი ხარ არასდროს არ დაგავიწყდეს ვინ გამოგიყვანა ციხიდან თუ არადა სამუდამოდ იქ გაყურყუტებდნენ რომ არა ახალი მთავრობა ამიტომ არაფერი არ შეგეშალოს გამგები ალბათ მიმიხვდება
19:46 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
კარგი ადამიანი ხარ ლევან და ძალიან მინდა რომ წარმატებას მიარწიო ცხოვრებაში. ჩვენი სკოლა ნამდვილად იამაყებს შენით. კლასელები ვიყავით და ძალიან კარგად ვიცნობ და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ტყუილად ჩასვეს
18:35 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
შენნაირად ლაპარაკობს ყველა, როცა ქუჩაშია,მაგრამ სკამს სხვა ძალა აქვს და წინასწარ ნუ იტრაბახებ ასე არ ვიზამ ისე არ ვიზამო.თორემ წლების მერე შენ თვითონაც გაგიკვირდება შენივე მეტამორფოზა.არა ბიჭო ქუჩაში დგომა ჯობია კაბინეტს.
13:56 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ფაქიზი სულის ადამიანი ცანს. ასეთებს ძალიან უჭირთ ცხოვრებისეულ უსამართლობასთან შეგუება. არადა....ეს ცხოვრება ისეთი უსამართლოაააა..... ეს უნდა დაიჯერო და შეეგუო. შენთვის, წესიერად იცხოვრო და სხვების უნამუსობაზე ნერვები არ მოიშალო.
12:05 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გია და
ნამდვილი ქართველი დიდი ლამაზი ოჯახი, გმერთმა გაგამრავლოთ და დაგლოცოთ.
11:47 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
კარგი ადამიანია, მაგრამ იდეალისტი, კაცი რეალობას უფრო ფხიზლად უნდა უყურებდეს
10:46 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯიმი
Gaixare levan kai kawi xar , cheni zmis sakme miikvane bolomde. Gmerti ikos cheni mparveli....
10:42 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS