12 დეკემბერი, 2013
რაში ამართლებს დათო დარჩია მირიან ბარათეონს
ყველანაირად ვცდილობ, რომ თამაშის დროს ამ პერსონაჟს კეთილგანწყობით მივუდგე. აშკარაა, რომ აფრენს ეს ადამიანი, მაგრამ ბევრ სიკეთეს რომ აკეთებს, ეს ხომ დასაფასებელი და ღვთისნიერი საქმეა დათო დარჩია რუსთაველის თეატრის სცენაზე 1994 წლიდან დგას. მანამდე კი მისი კინოდებიუტი 22 წლის ასაკში ლევან თუთბერიძის ''წარსულის აჩრდილებში'' შედგა. ბავშვობიდან სურდა მსახიობობა. გურამ ფირცხალავამ დათოს დედა თანგული ცოლად რომ შეირთო, დათო სკოლის მოსწავლე იყო. მის გარემოცვაში მოხვედრამ მსახიობობაზე ფიქრი განუმტკიცა. რუსთაველის თეატრის პარალელურად, ამჟამად ის თამაშობს რობერტ სტურუას ახალ
თეატრალურ სივრცეში ''ფაბრიკა'' , სპექტაკლში ''მარია კალასი - გაკვეთილი'' და ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონს ასახიერებს.

- დათო, ვიცი ბავშვობაში ცეკვავდით. რატომ არ გაჰყევით ამ სფეროს?
- დიახ, ეს იყო ანსამბლი ''გორდა'' . ცეკვაზე პირველ კლასში შევედი და დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ვცეკვავდი. იმ პერიოდში რატომღაც მომბეზრდა ცეკვა. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო და თავი დავანებე. მაგრამ ახლა, როცა ქართული ანსამბლების ცეკვებს ვუყურებ, თვალი სულ ცრემლებით მევსება. რაღაცნაირი შინაგანი ემოცია მეუფლება მაშინაც და ახლაც, საუბრის დროს.
- დღეს ალბათ ქორწილში ან დაბადების დღეებზე ცეკვავთ, თუ იქაც არა?
- იცით, სანამ სტენტს ჩამიდგამდნენ, შიგადაშიგ ვცეკვავდი. განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ ცეკვებს ვცეკვავდი, რომლებიც ძალიან მიყვარდა. ახლა ძალიან ვიღლები და რა ქორწილი უნდა იყოს, ალბათ მხოლოდ შვილის, რომ მე კიდევ ერთხელ ვიცეკვო (იღიმის).
- შარშან სპექტაკლ ''ოლივერის''  პრემიერამდე გახდით ცუდად და ინფარქტის ნიშნები გქონდათ. დღეს როგორ გრძნობთ თავს და რა შეზღუდვები გაქვთ?
- ფიზიკური შეზღუდვები მაქვს, სიმძიმეების აწევა და თამბაქოს მოწევა არ შეიძლება. სიგარეტს თავი დავანებე და ჩიბუხზე გადავედი. ვითომ ეს ამბავი ''მელაითებოდა'' , მაგრამ ექიმმა მაინც ამიკრძალა თამბაქოს მოწევა. ჯერ ბოლომდე ამ ამოცანას ვერ ვასრულებ და თან ვსვამ ბევრ წამალს.
- გადაღლილობის ბრალი იყო?
- ყველაფერი ერთად დაემთხვა. გადაღლილობა, პრემიერა, მაგრამ პირველი და უმთავრესი ის ყოფილა, რომ თურმე სისხლძარღვები ბავშვობიდანვე ასაკოვანი ადამიანის მსგავსი მქონია. თან გენშიც მაქვს, მამა, ბიძები, მამიდები ახალგაზრდები დამეღუპნენ და ყველა გულის პრობლემით.
- როგორც ვიცი, სკოლას ამთავრებდით, მამა რომ გარდაგეცვალათ...
- სკოლა რომ დავამთავრე, ზაფხულში თეატრალურ ინსტიტუტში გამოცდები ჩავაბარე და სექტემბერში მამა დამეღუპა.
- ბატონი გურამ ფირცხალავა თქვენი მამობილია. პროფესიული არჩევანი მანამდე გააკეთეთ და არა მას შემდეგ, რაც ბატონ გურამთან გქონდათ ურთიერთობა და მის გარემოცვაში ყოფნა გიწევდათ...
- მსახიობობა ყოველთვის მინდოდა. ბავშვები რომ ამბობენ, ტანკისტი ვიქნები, ''კოსმონავტი'' ან მილიციელიო, მე იმ ასაკიდან სულ ვიმეორებდი, რომ მსახიობი გავხდებოდი. არ ვიცი, ამის თქმას რა ''მაიძულებდა'' . სხვათა შორის, მამა მსახიობი მყავდა, მერე ამ პროფესიით არ მუშაობდა, მაგრამ ნანახი მაქვს ფოტოები, სადაც მას რამდენიმე სექტაკლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. გურამმა დედა ცოლად რომ მოიყვანა, მასთან და მის გარემოცვასთან ურთიერთობისას, მერვე კლასიდან უკვე მყარად გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი.
- როგორ მოხვდით რუსთაველის თეატრში?
- თეატრალური ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მინდოდა, მხოლოდ კინოსტუდიაში ვყოფილიყავი. თეატრზე საერთოდ არ მიფიქრია. როცა დავოჯახდი, ჩემმა მეუღლე ვიკამ ჩიჩინი დამიწყო, თეატრში მივსულიყავი და ბედი მეცადა. რა დასამალია და გადავწყვიტე, ეს, პირველ რიგში, რუსთაველის თეატრში ყოფილიყო, მაგრამ მარტო და ჩემით ვერ მივიდოდი, თან, მე ცოტა მორიდებული ადამიანი ვარ და... დღემდე ასეთი დავრჩი, შეიძლება, ელემენტარული რაღაცები ვერ ვთქვა. ისევ ვიქტორიამ მოიფიქრა გამოსავალი და ბიძამისს, ძალიან კარგ ადამიანს, კარლო ბუხნიკაშვილს სთხოვა, ბატონ რობიკოს ვენახე. რობერტი ბატონ კარლოს დიდ პატივს სცემდა, ისაუბრეს და მან თეატრში დამიბარა. ბატონმა რობერტმა რაღაც ტექსტი მომცა. ვისწავლე და ერთ კვირაში დათქმულ დროს თეატრში გამოვცხადდი. მის კაბინეტში რომ ავედი, ტექსტი აღარ წამაკითხა, პირდაპირ მითხრა, კადრების განყოფილებაში ავსულიყავი - მიღებული ხარო. ეტყობა, ბატონმა რობერტმა რაღაც დაინახა ჩემში, იფიქრა ''გამოვთლიო'' და ტექსტის წაუკითხავად ამიყვანა რუსთაველის თეატრში.
- იმავე პერიოდში იყო სპექტაკლები: ''ლამარა'' , ''ქალი-გველი'' , ''ნახვის დღე'' ...
- ''ლამარა'' იყო პირველი სპექტაკლი, რომელზეც ბატონ რობერტთან ვიმუშავე დიდ სცენაზე. ''პირდაღებულნის'' რეჟისორი კი დათო საყვარელიძე გახლდათ. ამას მოჰყვა ''მერე რა, რომ სველია სველი იასამანი'' და სხვა. რუსთაველის თეატრის ცნობილი ოქროს ხანის მერე იმ პერიოდში დაიწყო მომდევნო ოქროს ხანა. მე კი მაგარ სპექტაკლებში მომიწია მონაწილეობის მიღებამ, ასეთივე მსახიობებთან ერთად.
- შევჩერდეთ სპექტაკლზე ''მერე რა, რომ სველია სველი იასამანი'' . გიოს როლმა დიდი პოპულარობა მოგიტანათ...
- დიახ, ასე იყო. ასზე მეტი სპექტაკლი ვითამაშეთ და ყველა ანშლაგით მიდიოდა. გიო-ჯიოს მეძახდნენ. ყველგან, სადაც მივდიოდი, ჯიო მოვიდაო - ამბობდნენ. ქალაქში თითქმის ყველა თაობისა და ასაკის ადამიანს ჰქონდა ეს სპექტაკლი ნანახი.
- იყო აზრთა სხვადასხვაობაც, რადგან ამ სპექტაკლში სცენიდან პირველად ისმოდა უცენზურო სიტყვები...
- ეს სპექტაკლი მიახლოებული იყო ცხოვრებისეულ თემებთან. ლაშა თაბუკაშვილს პიესა ასე ჰქონდა აკინძული და მორფინისტებს, მათ ასე დავარქვათ, სცენაზე სხვა ენით რომ ესაუბრათ, ძალიან სასაცილოები გამოვიდოდით, ხომ მეთანხმებით? რეალობასთან ახლოს იყო ის სიტყვები, მათ შორის ''შე ჩემა'' და გინება. ვფიქრობ, ბატონმა რობერტმა სპექტაკლი ისე დადგა და ააწყო, რომ ეს ფრაზები არ გეუხეშებოდა და არც ყურში გხვდებოდა ცუდად. ადამიანი სულ რომ სამეფო კარზე იყოს აღზრდილი, ძმაკაცებში მაინც იტყვის ამგვარ სიტყვებს.
- დისკომფორტს არ განიცდიდით, როცა ამგვარ სიტყვებს სცენიდან წარმოთქვამდით?
- თავიდან კი, რადგან ასეთი რამ პირველი იყო და რეპეტიციებზეც დაძაბული ვიყავით, თუმცა შემდეგში აღარ. ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ ყველაფერი ნატურალური ყოფილიყო და მგონი, გამოგვივიდა კიდეც.
- რამდენ ხანს გაგყვათ ხალხში ჯიოს სახელი?
- სხვათა შორის, კარგა ხანს გამყვა. შემდეგ სერიალში ''თენდება გვიან'' მკვლელი ვითამაშე და თითქოს ამან გადაფარა.
- ორი შვილი გყავთ - გუგა და ელენე. უფროსი ბატონი რობერტის ნათლულია...
- დიახ, გუგა ბატონი რობერტის ნათლულია, ელენე - დათო საყვარელიძის. რეჟისორებში მიმართლებს (იცინის).
- რომელიმე მსახიობობაზე ხომ არ ფიქრობს?
- ბავშვებმა თავად უნდა აირჩიონ, რა სურთ. გუგა 16 წლისაა, ელენე მომავალ წელს 14-ის გახდება. გუგა კარგად სწავლობს. მსახიობობა არ უნდა. რაც შეეხება ელენეს, ის ცეკვავს, საბალეტო სკოლაში დადის, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს დიდად მოსწონს. შეიძლება, ის ჩემს პროფესიას გაჰყვეს, მას უფრო შეიძლება მიუწევდეს გული მამის პროფესიისკენ. ჯერ არც ერთს საკუთარი არჩევანი არ უთქვამს, მაგრამ თუ რომელიმე მსახიობი გახდება, ეს ელენე იქნება.
- ბავშვები მამასთან უფრო გახსნილები არიან თუ დედასთან?
- ჩემთან (იღიმის). მე მათთან ჩემი მიდგომა მაქვს, ვიკას - თავისებური. ორივეს გვგონია, რომ მართლები ვართ. თუმცა თავად ბავშვები ფიქრობენ და ამ ეტაპზე მეც ასე მივიჩნევ, რომ ჩემთან უფრო გახსნილები არიან. ყოველ შემთხვევაში, თუ რამე საიდუმლო აქვთ, ურჩევნიათ, ჩემთან თქვან ხოლმე. და არ ვამბობ, რომ ეს არ მომწონს, პირიქით, ძალიან მომწონს (იღიმის).
- მინდა, სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' მირიან ბარათეონის პერსონაჟზეც თქვათ ორიოდ სიტყვა...
- შემოდგომაზე დამირეკეს და კასტინგზე მივედი. გავისაუბრეთ და წამოვედი. დაგირეკავთო მითხრეს, მაგრამ მაშინ როგორც შენთვის არ დაურეკავთ, ისე ჩემთვის (იღიმის). შემდეგ ისევ შემეხმიანნენ, მაგრამ მაშინაც ამ როლზე დამტკიცების საკითხი ორმოცდაათი ორმოცდაათზე იყო. ბოლოს, როგორც იქნა, გაირკვა. მშვენიერი კოლექტივი დამხვდა, ბევრი ახლა გავიცანი, მაგრამ ბევრ მსახიობს მანამდეც ვიცნობდი. სერიალის გარდა, ახლა ფილმის გადაღებაც მიმდინარეობს. აქცენტი იქნება მირიან ბარათეონის გმირზე და მონაწილეობენ ის პერსონაჟები, რომლებიც სერიალში ჩანან. პრემიერა ახალ წლამდე უნდა იყოს, ვფიქრობ, საინტერესო და სახალისო გამოვა.
- ბევრს უთქვამს, რომ თქვენ თავადური გარეგნობა გაქვთ, უფლისწულების როლებიც იყო თქვენს შემოქმედებაში...
- კი, მეფეები მაქვს ნათამაშები (იცინის). პირველი ''ქალი-გველი'' იყო, რომელშიც ახალგაზრდა მეფის როლი მქონდა და მას შემდეგაც რამდენიმე მეფის როლი შევასრულე. მათ შორის იყო ბატონი გიგა ლორთქიფანიძის სპექტაკლი ''წათეს წითელი წაღები'' . პრინციპში, ახლა ფილმშიც მეფე ვარ, მეფე ვარო - ამბობს ბარათეონი (იცინის).
- როგორ აღიქვამთ მირიან ბარათეონის პერსონას, გარდა იმისა, რომ მასზე იუმორით ლაპარაკობთ?
- მსახიობი ყოველთვის ცდილობს, თუნდაც ბოროტი ადამიანის თამაშის დროს, პერსონაჟში რამე დადებითი იპოვოს, რამენაირად გაამართლოს. მე არ ვამბობ, რომ ბარათეონი რამე ცუდს აკეთებს, უბრალოდ, ყველანაირად ვცდილობ, რომ თამაშის დროს ამ პერსონაჟს კეთილგანწყობით მივუდგე. აშკარაა, რომ აფრენს ეს ადამიანი, მაგრამ ბევრ სიკეთეს რომ აკეთებს, ეს ხომ დასაფასებელი და ღვთისნიერი საქმეა?! ცოტა ადამიანი ვიცით, ვისაც ბევრი ფული აქვს და არაფერს აკეთებს?! ეს კაცი პოემებს, ლექსებსაც წერს, მეფე ვარო კი ამბობს, მაგრამ რა მოხდა მერე?! გამოიგონა, ფარნავაზიანთა შტოს წარმოვადგენო და იყოს. მე პირადად ბარათეონი უარყოფით გმირად ნამდვილად არ მიმაჩნია, პირიქით - დადებითი პერსონაჟია, თავისი გიჟური ამბებით. მირიანი ძალიან ქველმოქმედია და რატომ არის ის ცუდი, ვერ გამიგია. თუმცა, დაახლოებით ვხვდები... ''კაროჩე'' რა, დიტო და ბაბულიკები უფრო ევასებათ, ხომ იცით ქართული ამბები. სერიალი ნამდვილი ჰგონიათ. მიუცვივდნენ კიდეც სტომატოლოგიურში ნინოს, ოჯახს ნუ ანგრევო. კი, კარგია, რომ მაყურებელი სერიალში ასეა ჩართული, მაგრამ, ხალხო, კინოა ეს, კინო! და არავინ არაფერს ანგრევს!
- თქვენი აზრით, რატომ აღიქვამს საზოგადოება ასე რეალურად ამ ყველაფერს, ეს რაზე მეტყველებს?
- ნუ მათქმევინებ, გეხვეწები, მაინც არ ვიტყვი (იღიმის).


ანა კალანდაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მ...
მ...
00:58 / 24-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
რა გეშველებათ, ერთი კაცის არ იყოს. ეს პროქტოლოგი ლიფონავა რომ გყავთ იმას ეხება. ნერვებს ვერ მოვიშლი თქვენი სისულელეების ყურებით.
14:13 / 19-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
დათო ძალიან ნიჭიერი მსახიობია,დიდი დრამატიზმით და სიღრმით დაჯილდოვებული. მას ჯერ არ უთამაშია კინოში ის როლო, რომელშიც ბოლომდე გამოავლენს ამას.მირიანის როლიც საოცარი ინდივიდუალიზმით და იუმორით შექმნა. ვფიქრობ, ბარათეონის პროტოტიპი ჩვენს რეალობაში არსებობს, მაგრამ ეს უკვე სცენარისტის და რეჟისორის ჩანაფიქრია, და არა დატოსი. დატოს ვუსურვებ წარმატებებს და საინტერესო როლებს!
03:50 / 18-12-2013
გამოხმაურება / 0 /
****
აი ძალიან არ მომწონს ეს მირიანი :)) ეიძლება ბერვ კარგ საქმეს აკეთებს მაგრამ არა! არის საშინელი! რათქუნდა დიტო მირჩევნია იმიტომ რომ ეგ კაცი ნამდვილად აფრენს :D მეფე ვარო ამბობს, ეს მეც შემიძლია ვთქვა დედოფალი ვარ და მეფე მჭირდებათქო მაგრამ ეს ხომ სრული სიდებილეა?! ვერ ვიტან ვერც მაგ მსახიობს და ვერ პერსონაჟს (ცუდად არ გამიგოთ) უბრალოდ ყველა როლმი გულის ამრევია :) იმედია კატო DITO-ს დაუბრუნდება და ... ^_^ მე მოვრჩი ჩემს სალაპარაკოს :):):):)
19:43 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასო
ჟივი დოლგო...
18:11 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS