- ალეკო, ჟურნალისტიკას ვერ შეელიეთ თუ თანდათან დაანებებთ თავს?..
- არა, ბატონო, საერთოდ ვერ შეველიე. თავიდანვე, როგორც კი ეს საქმე შემომთავაზეს, ჩემი პირობა იყო, სამსახურში უნდა დავრჩენილიყავი. ტელეკომპანია ''კავკასიას'' ვერ შეველევი და ვერც ''თბილისის ჰამქარს'' . თავიდანვე ჯიუტად ვთქვი, უნდა ვიმუშაო-მეთქი და ეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო სხვა დანარჩენებს შორის... გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ერთ ცისმარე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რაღაც საქმე გვაქვს და უნდა შევხვდეთო. არ ვიცოდი, რა მეფიქრა, ამას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან ხანმოკლე, მკაფიო და გასაგები საუბარი გვქონდა და ყველაფერი მალევე გავარკვიეთ. მითხრეს, ასეთი საქმის გაძღოლას გთავაზობთ, მაგრამ სრული თავისუფლება გექნება, ყველაფერი წესიერად და პატიოსნად გააკეთოო. იცით, არასდროს, არანაირ სხვა სახელმწიფო თანამდებობას არ დავთანხმდებოდი, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემგან საჯარო მოხელე არ დადგება, ჩემი საქმე, ჟურნალისტიკა, ძალიან მიყვარს და ''ჰამქარზე'' ხომ საერთოდ ჭკუას ვკარგავ. მოკლედ, ''ვერ გავცვლი სალსა კლდეებსა, საჯარო სამსახურზედა'' ...
ერთი სიტყვით, კომისიის თავმჯდომარე არ ვიცი, რა კრიტერიუმით აარჩიეს, მაგრამ კომისიის წევრებზე დიდხანს ვიმსჯელეთ და მეც გავუზიარე ჩემი მოსაზრებები, რაც გაითვალისწინეს კიდეც - სანდო, გამოცდილი და პატიოსანი ადამიანები სჭირდებოდათ. ისინი, ვისაც საზოგადოება ენდობა და ვისაც ამდენი ხანი ნამუსიანად უცხოვრია.
- საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების გაკრიტიკებაში ხელი არ შეგეშლებათ?
- არა, ამ კითხვას ხშირად მისვამენ და მესმის თქვენი, ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ყოველღამე ვარ ეთერში, რადგან ჟურნალისტურ საქმიანობას ძველებურად ვაგრძელებ. ნებისმიერ, ჩემ მიმართ თუნდაც ანტიპათიურად განწყობილ ადამიანს შეუძლია ნახოს ჩემი ეთერი, თუ რამე შეკითხვა გაუჩნდება, მზად ვარ ვუპასუხო. როდესაც გასაკრიტიკებელი იყო, უკან არასდროს არაფერზე დამიხევია და არც დავიხევ. შეწყალების კომისიას ჩემთვის პასუხისმგებლობისა და დატვირთვის გარდა არაფერი მოუცია. უნდა ნახოთ, დღის განმავლობაში რამდენ ადამიანს ვხვდები. ეს ადვილი საქმე ნამდვილად არ არის. მე არც საშოვარზე მოვსულვარ და არც რამე ხეირს ველოდები. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვცდილობ, პირნათლად შევასრულო, ეს არის და ეს. ნამდვილად არ მიღირს, ამის გამო რამეზე თვალი დავხუჭო.
- ალეკო, საზოგადოებაში ხუმრობენ, ციხეში შესაწყალებელი არავინ დარჩა, ყველა თავისუფალიაო...
- არა, ჩემო კარგო, ვერ ვიტყოდი, რომ ყველა თავისუფალია. ეს სახუმარო თემა ნამდვილად არ არის. ციხეში ჯერ კიდევ 9 ათასი ადამიანია და დანარჩენი თავად განსაჯეთ. საახალწლოდ შეწყალების კიდევ ერთ ტალღას უნდა ველოდოთ და ძალიან მალევე, საშობაოსაც. ისე კი, თავიდანვე იმდენად კარგად მივდივართ და გულმოდგინედ ვმუშაობთ, რომ შეიძლება, საახალწლოდ ახალი შემოსული საქმეებიც ამოვწუროთ და ერთმა შეწყალების ნაკადმა საშობაო შეწყალებაც მოიცვას... თავიდან შიშნარევი მოლოდინი მქონდა, თუმცა რამდენიმე სხდომის შემდეგ მიხვდი, რომ ეს საკმაოდ საინტერესო საქმეა. ახლახან დავიწყე მუშაობა და უკვე გვარიანად შევედი აზარტში (იცინის)...
- რამდენად ''გვარიანად'' , ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეწყალებამ რომ მოგიწიოთ, რას იზამთ?
- იცით, ახლა ვაპირებთ ჩამოვაყალიბოთ კრიტერიუმები, რომლებიც კომპიუტერული პროგრამასავით იქნება და რომლის მიხედვითაც შედგება შესაწყალებელთა სია, ანუ ვიღაც იმ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ვიღაც – ვერა. რა ვიცი, მოგვმართოს ბატონმა ვანომ და ვიმსჯელებთ...
- აქვს შანსი?..
- იცით, ოქროს წესი მაქვს, ჩემთან უამრავი ადამიანი მოდის და ყველას ვეუბნები, მე არაფრის გადაწყვეტა არ შემიძლია და არც ის ვიცი, ვის საქმეს როგორი შედეგი ექნება, მაგრამ ჩვენ პროკურორები არ ვართ და ყველაფერს ძალიან ადამიანურად განვიხილავთ. ვცდილობთ, ჰუმანურად გადავწყვიტოთ ყველაფერი-მეთქი. თუ ამა თუ იმ ადამიანის, მათ შორის ვანო მერაბიშვილის საქმე მოგვცემს საშუალებას, მის მიმართ Yჰუმანურები ვიყოთ, კი ბატონო, ვიქნებით. მკაფიო პასუხს ვერ გეუბნებით, რადგან წინასწარ არ მინდა, ვინმეზე კარგი ან ცუდი პროგნოზი გავაკეთო. თუმცა ვაღიარებ, რომ მისი საქმის განხილვა ძალიან საინტერესო იქნება... შეწყალების კომისიის წევრებს იმდენი საქმე გვაქვს, რომელიმე კონკრეტულ პერსონაზე სალაპარაკოდ არ მოგვიცლია და არც სხვების პოზიცია ვიცი.
- მართლაც რომ დადგეს მისი შეწყალების საკითხი...
- (მაწყვეტინებს) არა, ვერაფერს მათქმევინებთ... ამ ეტაპზე არავის მიმართ არ მაქვს რაიმე ჩამოყალიბებული პოზიცია, ყველაზე ვმსჯელობთ ძალიან ჰუმანურად. ნებისმიერ საქმეს დეტალურად ''ვშლით'' და ვცდილობთ, რაღაც ხელმოსაჭიდი ვნახოთ. ასე რომ, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია... თუ ყოფილი პრემიერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს შეწყალების თხოვნით, ვპირდები, რომ მასზეც გულმოდგინედ ვიმსჯელებთ. თუმცა ახლა ვერაფერს გეტყვით, იქნებ, არც აპირებს შეწყალების თხოვნით მიმართოს და წინასწარ რატომ ვიმსჯელო?.. იმავეს ვიტყოდი ბაჩო ახალაიაზე. მისი საქმის განხილვაც ძალიან საინტერესო იქნება. სხვა ვერაფერს გეტყვით... რახან პასუხისმგებლობა ავიღე, მინდა, ბოლომდე მართალი ვიყო ყველას და, პირველ რიგში, ჩემი თავის წინაშე.
- ალეკო, თბილისის მერობის კანდიდატურაზეც გახმოვანდა თქვენი გვარი... იყო შემოთავაზება?
- დიახ, სოციალურ ქსელში მწერდნენ კიდეც, გვინდა, მერობის კანდიდატად დაგასახელოთო, მაგრამ არა, ბატონო, არ მინდა, მერის არჩევნები ჩემ გარეშე ჩატარდება... თბილისის მიმართ ჩემს სიყვარულს ''ჰამქრის'' მეშვეობით გამოვხატავ. ეს არის ჩემი სიყვარული, გატაცება და იმავდროულად, ტკივილიც. ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ორგანიზაცია ჩემთვის და მატრაკვეცობის გარეშე ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, თვალსა და ხელს შუა, ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. ახლა ''ჰამქრის'' თავმჯდომარე კი არა, ერთი ჩვეულებრივი წევრი ვარ, მაგრამ თამარ ამაშუკელის ხელმძღვანელობით ''ჰამქარი'' უფრო ძლიერდება და ეს მახარებს...
რაც შეეხება თბილისის მერობას, ნამდვილად არ მინდა. იმდენად დიდ საქმეს ვარ შეჭიდებული, ეს უნდა გავაშალაშინოთ და ეს პროცესი ძალიან პატიოსანი უნდა გავხადო. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ბოლომდე ამ საქმეს მიეძღვნება.
- სხვა საკითხებზეც გკითხავ, ახალი წელი მოდის, რაიმე ტრადიცია თუ გაქვთ?
- ბევრად უკეთესი განწყობით ვხვდები ახალ წელს, თუმცა შარშანდელი ახალი წელი დაუვიწყარი იყო, იმიტომ, რომ განსაკუთრებული განწყობისთვის ორი მიზეზი მქონდა, - პირველი და მთავარი, მე და ოჯახი საკუთარ ბინაში შევხვდით ახალ წელს, მანამდე ქირით ვცხოვრობდით და ხან სად ვიყავით და ხან - სად. მერე კი, როგორც იქნა, ბანკიდან კრედიტი გამოვიტანე და სახლი ვიყიდე. ცხადია, ის თანხა მთელი ცხოვრება უნდა ვიხადო, მაგრამ მაინც ჩემი ჭერი მაქვს და ეს ვისაც გამოუცდია, მიხვდება, რომ მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა. მეორე, პირველად ცხოვრებაში, შვილებთან ერთად შევხვდი ახალ წელს, თანაც ჩემს სახლში, მანამდე ბავშვებს ეძინათ, იმ ღამეს კი გმირულად შეებრძოლნენ ძილს. მოკლედ, მე და ჩემმა კაცებმა ცოტა დავლიეთ და ძალიან კარგი იყო...
ერთი ტრადიცია მაქვს, ახალ წელს სამხედრო ფორმით ვხვდები. ასე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ვიქცევი. 31 დეკემბერს 12 საათის დადგომამდე იმ ფორმას ვიცვამ, რომელიც იმ საშინელი ომის დროს გორში მეცვა. მაშინ პირობა დავდე, სანამ ცხინვალსა და სოხუმში არ დავბრუნდებით, ყველა ახალ წელს ამ ფორმით შევხვდები-მეთქი და ასეც მოვიქცევი... მთელი გულით ვისურვებდი, რომ ეს ტრადიცია მალე დამერღვიოს და ფორმის ჩაცმა არ დამჭირდეს, თუმცა ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ გარკვეული ხანი მაინც მომიწევს, კამუფლაჟით შევხვდე ახალს წელს...
- წინასაახალწლო სამზადისში მეუღლეს ეხმარებით?
- არა, პირიქით, მთელი 31 დეკემბრის განმავლობაში ტვინს ვუბურღავ. ერთადერთი, გოზინაყის გაკეთებაში შეიძლება მივეხმარო... რა ვქნა, არ ვარ იმ ტიპის კაცი, სამზარეულოში ვიტრიალო. არ ვიცი, კაცმა რა უნდა აკეთოს იქ. კერძებთან ცოლი ტრიალებს, მე განზე ვარ, მე და ბავშვები ერთმანეთს ვართობთ... ჯერ სახლში აღვნიშნავთ და შემდეგ ან მეგობრები მოდიან სტუმრად, ან მეორე დღეს ჩვენ მივდივართ მათთან.
- შობას როგორ ხვდებით?
- ჩვეულებრივად, შობას არ მაქვს რამე განსაკუთრებული ტრადიცია... ჩემი საყვარელი დღესასწაულებია ახალი წელი და აღდგომა. სანამ შვილები არ მყავდა, ახალი წელი მაინცდამაინც არ მიყვარდა, მაგრამ მეუღლემ და ბავშვებმა შემაყვარეს. ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს, ბავშვებს საჩუქრებს რომ ვუკეთებ და იმათ ჰგონიათ, რომ თოვლის ბაბუას მოაქვს.
- ბავშვებმა თოვლის ბაბუას საჩუქრები უკვე შეუკვეთეს?
- კი, უკვე მივიღეთ შეკვეთა, უფროს ბიჭს გორგოლაჭებიანი ბოტასები უნდა და კიდევ ერთი სურვილი მაქვსო, გაგვიმხილა, არ შეიძლება, თოვლის ბაბუმ შენ და დედიკოსაც მოგიტანოთ საჩუქრებიო?.. ძალიან ჰუმანური, განსაკუთრებით კაცთმოყვარე ბავშვია. უმცროსიც კარგი ტიპია, მაგრამ ერეკლე რაღაც სხვანაირია და სანდროც ცდილობს, მას მიჰბაძოს...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''