წარმატებული ტელესახე ''რუსთავი 2'' -ში წლებია, რაც მ
- გეგა, ''ნიჭიერის'' ჟიურის ვეტერანი წევრი ხართ, როგორ შეაფასებთ ახალ სეზონს?
- შოუში ყველა სეზონზე ნიჭიერი და განსხვავებული ხალხი მოდის, თან ''რუსთავი 2'' -ის ზეპროფესიონალი გუნდი ყოველ წელს უფრო უკეთეს შოუს აკეთებს. ადრეც მითქვამს, რომ ამ შოუს მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავს კონკურენტად და საკუთარ თავს ეჯიბრება. რაც შეეხება პირველ ლაივკონცერტს, ყველაზე ნიჭიერი ის გუნდი გახლდათ, რომელმაც ეს შოუ შემოგვთავაზა. შემოქმედებით გუნდს ვგულისხმობ. როგორი სისწრაფით იცვლებოდა სცენა, ხან ბატუტისტები დახტოდნენ, ხან ვიღაც დაფრინავდა, უნიჭიერესი დრამერი და უცებ აეროპორტიდან ერთვებიან და კონკურსანტი ბიჭები ბოინგის გასაწევად ემზადებიან. წელს მაყურებელი განსაკუთრებულად არის ჩართული. რეკლამის დროს, ინტერნეტის საშუალებით, პირდაპირ ეთერში შეუძლიათ ნახონ, რა ხდება კულისებში. ''ნიჭიერში'' ყველაფერია, ერთადერთი მთვარეზე ვერ ვმაუწყებლობთ. ეგეც შესაძლებელია, მაგრამ იქ მაყურებელი არ გვყავს (იღიმის).
- ყველა სეზონზე ჟიურიში ხართ, ადვილად გითანხმებენ?
- ეკრანზე გამოჩენის სურვილი არ მაქვს ხოლმე, არ მიყვარს ყურადღება, თუმცა იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომლებსაც მოვწონვარ ან მაკრიტიკებენ. ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ჩარჩოებში მაქცევს. ათ კაცზე მეტი რომ იკრიბება, უკვე აღარ მიყვარს. მირჩევნია, საუკეთესო მეგობრებთან ერთად განვმარტოვდე, მუსიკას მოვუსმინოთ, ცოტა დავლიოთ, ვისაუბროთ და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც არ დავდივარ, იქ, სადაც ხმამაღალი მუსიკაა, ორასი კაცი, აქედან - ასორმოცდაათი ცნობილი და მუსიკის ხმაში არაფერი ისმის. არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ჟიურიში მუდმივად უნდა ვიჯდე. სანამ ამ გუნდს დავჭირდები, ვიქნები, მაგრამ როგორც კი მეც და ჯგუფიც ჩავთვლით, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება, ჩემს ადგილს სიამოვნებით დავუთმობ.
- წელს ''ნიჭიერში'' გამორჩეული ჟიურია. როგორ შეაფასებდით თითოეულ მათგანს?
- ია ფარულავა თავისი ძლიერებით, ქალურობით, პირდაპირობით კარგია შოუსთვის. იას აქამდე სულ რამდენიმეჯერ შევხვედრივარ ტელევიზიაში. მე და ნიკა ერთი წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ხატია საქართველოში არ ცხოვრობდა და ორჯერ მყავდა ნანახი საერთო სამეგობრო წრეში. მოკლედ, ჟიურის არც ერთ წევრს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ამას არანაირი სიძნელე არ შეუქმნია, რადგან ოთხივე მომართული ვართ, რომ შოუ კარგი გამოვიდეს. ჩვენ არ ვართ ერთნაირები. განსხვავებული აზრები გვაქვს, რაც ობიექტურობის გარანტიაა.
- ჟიურიში ნიკა გვარამიას გამოჩენის მიუხედავად, ყველაზე მკაცრის სტატუსი ამ სეზონზეც თქვენ შეინარჩუნეთ.
- რეალურად გამოდის, რომ ყველაზე მეტი ''არა'' მე მაქვს ნათქვამი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვები მკაცრები არ არიან. საერთოდ, საქართველოში რთულად იღებენ კრიტიკას და იგივე შემიძლია ვთქვა მონაწილეებზე. იმის მაგივრად, რომ დაფიქრდნენ, რას ურჩევს ჟიური, ზოგჯერ ბრაზდებიან.
- არასოდეს მოქცეულხართ ჟიურის სხვა წევრების გავლენის ქვეშ? თქვენი ყველა ''კი'' მყარია?
- გავლენის მოხდენაზე რა გითხრათ, ხშირად იყო შემთხვევა, რომ ''არას'' ვამბობდი, მაგრამ მაინც გადაჰყავდათ.
- ამ სეზონზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება თქვენზე რომელმა ნომერმა მოახდინა?
- ის მონაწილე არ გადაგვიყვანია, თუმცა მერე ვინანეთ. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, ჯგუფს ''ილუზია'' ერქვა, ძვირად ღირებული, საოცარი შოუ ჰქონდათ. ასეთი მეორედ აღარ მოხდება (იცინის).
რეალურად კი მართლა საოცრება იყო ბიჭი, რომელიც უსტვენს, ზურა ბალანჩივაძეს ვგულისხმობ. ვინმეს რომ ეთქვა, რომ არსებობს ბიჭი, რომელიც ასე კარგად უსტვენს, ვერ დავიჯერებდი.
- დიჯეი მოდრეკილი, ადამიანი, რომელიც თავის დაწერილ სიმღერებს მღერის - როგორ ფიქრობთ, ის ნიჭიერია და უნდა გადასულიყო შემდეგ ტურში?
- მართლაც თავისებური ადამიანია, რომელიც უცნაურ მუსიკას წერს, უცნაური ტექსტით. თან რამდენიმე სიმღერა აქვს დაწერილი. რამდენად კარგია ან ცუდი, ეს გემოვნების საკითხია, შეიძლება, მე არ მოვუსმინო მის მუსიკას, მაგრამ ადამიანი თავად ქმნის ამ ყველაფერს და წვალობს, თვითმყოფადია და ასეთი ბევრი არ მინახავს. თუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ასეთი ბევრი უნახავს, მაშინ მაჩვენონ. განსხვავებული ადამიანია, რაღაც სახის ნიჭი აქვს. მის სიმღერებზე ბევრად უარესია ის, რასაც ხშირად რესტორანში გაიგონებთ. ამას თავისი შექმნილი მაინც აქვს.
- სცენაზე უცნაური ნომრებიც ვნახეთ. მოულოდნელად გოგონები შემოცვივდებოდნენ და ცეკვავდნენ, ზოგი ჩხუბობდა, ტალახშიც იჩხუბეს. თუმცა ისინი ჟიურის პასუხს არ ელოდნენ, ისე გადიოდნენ დარბაზიდან.
- ვინც პერსპექტივაზე ფიქრობს, ისინი რეალურად ამზადებენ ნომრებს. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს - ნაკლებად. ზოგმაც არ დაიშურა ენერგია, რომ უბრალოდ სცენაზე გამოსულიყო და რაღაც უცნაურობა ჩაედინა. ეს იგივეა, რაც ფლეშმობი. ღმერთმა ასეთი ხალხი ამრავლოს, ვისაც იუმორი აქვს და ხალისობს.
- ტამტამისტი ბიჭი, რომელიც შემდეგ ტურში გადაიყვანეთ, არცთუ ისე ნიჭიერი იყო... რეალურად მისი მეწყვილე მოცეკვავე გოგონას ხათრით გადაიყვანეთ.
- აი, ეგ არის... ოთხნი ვართ. მე, მაგალითად, არ გადავიყვანდი. არის #48 12 შემთხვევა, როდესაც მონაწილისგან შემდეგ ტურში უფრო მეტს ელი და ჟიურის სხვა წევრებს თანხმდები მის გადაყვანაზე. მეც არ ვიცი, მოდრეკილი რას იზამს შემდეგ ტურში, ნიკა ამის წინააღმდეგი იყო და დღემდე ასეა. მეც ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რას გააკეთებს ტამტამისტი, მაგრამ მის გადაყვანას დავთანხმდი. ნომერში მთავარი მართლაც გოგონა იყო და ეფექტურად იცეკვა, მაგრამ ნომერს ტამტამისტი ბიჭი ჰქვია (იცინის).
- კონკურსანტი გოგონები თქვენს მოხიბვლას ხშირად ცდილობენ?
- ნებისმიერი კონკურსანტი ცდილობს, რომ ჟიურიზე კარგი გავლენა მოახდინოს, რამდენად აღწევენ შედეგს, ეგ სხვა საკითხია. იმის გამო, რომ ქალი ლამაზი და მიმზიდველია, მაგრამ არაფერს აკეთებს, შემდეგ ტურში არ გადავიყვან.
- გეგა, რამდენიმე დღის წინ ნინო ხოშტარიამ გადაცემა ''შუა დღეში'' ''ზეგარდმოსექსუალური'' გიწოდათ...
- (იცინის) ნინო ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ძალიან მიყვარს და არაჩვეულებრივი იუმორი აქვს, მაგრამ ეს სიტყვა რას ნიშნავს, არ ვიცი. ნინოს ჰკითხეთ, რა იგულისხმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. არა, მე არ მივიჩნევ საკუთარ თავს ''ზეგარდმოსექსუალურად'' . ისე ''ზეგარდმო'' რას ნიშნავს, არ ვიცი. იმედია, რაღაც დოზით ვარ, მთლად წყალწაღებულიც არ ვარ. ნინოს შეფასებას ვენდობი, დიდი მადლობა, მაგრამ მეც ამიხსნას, რა იგულისხმა. ცუდს რომ არ იტყოდა ჩემზე, ეგ ვიცი.
- რა რეაქცია გაქვთ ხოლმე, როდესაც სხვადასხვა გამოკითხვაში ყველაზე სექსუალურ ან სასურველ მამაკაცად გასახელებენ?
- სოციალურ ქსელში იშვიათად შევდივარ და ამიტომ გამოხმაურებებს ნაკლებად ვიგებ. ამას თუ რამე ფულადი ჯილდო მოჰყვება, ძალიან მომეწონება (იცინის).
- სოციალურ ქსელში თქვენი ღიმილის ფანებიც კი აღმოვაჩინე.
- ამ დროს ყველაზე წარმოუდგენელი და უფორმო სიცილი მაქვს. მთელი ჩემი მეგობრები ახალგაზრდობიდან დასცინოდნენ ჩემს ღიმილს. თუ ვინმეს მოსწონს, კარგია, რაღაც განსხვავებული არსებობს. ნამდვილად ვიცი, რომ ჰოლივუდური ღიმილი არ მაქვს. თუ ქართულ ღიმილს დავარქმევთ, მაშინ ერთ-ერთი წარმომადგენელი მე ვიქნები.
- არასოდეს გხიბლავთ პირად ცხოვრებაზე საუბარი...
- არ მიმაჩნია, რომ ეს საჭიროა.
- თქვენი მეუღლე, რუსა გამყრელიძე ''ნიჭიერს'' უყურებს?
- პირველ ლაივკონცერტს უყურა. მანამდე ყველა არ უნახავს. ჩვენს ბავშვებსაც ნაწილობრივ აქვთ ნანახი ეს სეზონი. სახლში რომ მივედი, მეუღლეს ვკითხე, როგორ მოეწონა პირველი კონცერტი და ნორმალურად შეაფასა.
- არასოდეს დასწრებია ჩაწერას?
- თუ არ ვცდები, მეორე სეზონზე დაესწრო ერთხელ, ბავშვები წამოიყვანა. რთულია ჩაწერები, ძალიან დიდხანს გრძელდება, ხანდახან მეც ვერ ვჩერდებოდი. მთლიანობაში დადებითად აღიქვამს, შეიძლება, პირდაპირ ეთერში არ უყუროს, მაგრამ შემდეგ გადაახვიოს და ნახოს.
- ის თუ გაიგო, ''ზეგარდმოსექსუალური'' რომ უწოდეს მის მეუღლეს?
- არა, მაგრამ იმედია, დიდად განსხვავებულად არ ფიქრობს (იცინის).
გეგასთან ინტერვიუს შემდეგ ერთი შეკითხვით ნინო ხოშტარიას მივმართეთ. მკითხველისთვის ცნობილია, რომ ნინოს ინტერვიუები არ უყვარს და უფრო მეტიც, მრავალი წელია, პრესაში მისი პატარა კომენტარიც კი არ დაბეჭდილა. თუმცა ამჯერად გამონაკლისი დაუშვა და ჩვენს კითხვაზე, რას ნიშნავს ''ზეგარდმოსექსუალური'' - ასე გვიპასუხა:
- ''ზეგარდმოსაინტერესო'' შეკითხვაა (იცინის). ''ზეგარდმოსექსუალურის'' ტიტული ენიჭება მამაკაცს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი თაყვანისმცემელი გოგონების რაოდენობა, თუნდაც 1-ით გადააჭარბებს 500487-ს (კვდება სიცილით). ამ ტიტულის მატარებელი დღეს საქართველოში მხოლოდ ჩემი უსაყვარლესი მეგობარი გეგა ფალავანდიშვილია.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''