07 დეკემბერი, 2013
შონზო გოგა ხაჩიძისგან ბოდიშის მოხდას ელოდება
რამდენჯერმე ლანძღვას ყურადღება არ მივაქციე და არ ვუპასუხე. აავსეს სოციალური ქსელი ლანძღვით, საპირფარეშოს სუნი დააყენეს ზურა გაჩეჩილაძე რამდენიმე თვის წინ სკანდალში გაეხვია. ''ნაციონალური მოძრაობიდან'' მის წამოსვლას მეგობრების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგი მის საქციელს ვირთხების გაქცევას ადარებდა. მოგვიანებით ვნებათაღელვა დაცხრა. ახლა ზურა გაჩეჩილაძე, რომელსაც ყველა შონზოთი მიმართავს, საკრებულოს წევრია და თბილისში კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ცოტა ხნის წინ სერიალ ''ნათია და ნათიაში'' გამოჩნდა. სერიალს მისი მეგობრები ამზადებენ. ეს მეგობრები კი შონზოს რამდენიმეთვისწინანდელ საქციელს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ.

- შონზო, როგორ აღმოჩნდით სერიალში ''ნათია და ნათია
'' ?
- დამირეკა მიშა მშვილდაძემ, ჩემმა მეგობარმა და ამ სერიალის პროდიუსერმა, და მითხრა, პოლიტიკოსის როლი გვაქვს და შენზე ვიფიქრეთო. ჩვენი ძველი და ახლანდელი მეგობრობიდან გამომდინარე, ვუთხარი, არ მინდა ტექსტი, ვიცი, რომ ცუდ როლს არ შემომთავაზებდი-მეთქი და მივედი. ადგილზე ვისწავლე ტექსტი და გადავიღეთ სერია.
- პოლიტიკაში წასვლის შემდეგ მსახიობობას ჩამოშორდით, არ გაგიჭირდათ კამერების წინ თამაში?
- ვერ ვიტყოდი, რომ ამ სფეროს ჩამოვშორდი. პოლიტიკაშიც რომ ვიყავი, კულტურის სფეროში ვმოღვაწეობდი. უბრალოდ, ტელეეკრანთან აქტიურად ურთიერთობას ჩამოვშორდი. ჩემი დღევანდელი და მომავალი გეგმები ამ სფეროს უკავშირდება.
- ''ნათია და ნათიას'' გადაღებების დროს მოხდა რამე გაუთვალისწინებელი?
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რუსები რომ იტყვიან, ყველაფერი იყო ''კაკ ნა მასლე'' .
- მოგწონთ სერიალი და საკუთარი გმირი?
- ჯერ მხოლოდ მეშვიდე სერია გავიდა ეთერში. როგორც ვიცი, საკმაოდ ნორმალური რეიტინგი აქვს. მგონია, რომ გაამართლებს. ამ სერიალს ისეთი ნიჭიერი ხალხი ემსახურება, რომ კარგ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ. ის სამყარო, რომელსაც ეს სერიალი გვთავაზობს, გროტესკულია და როგორც სერიალის გმირებს უყვართ თქმა, ''სვეცკური'' . თათქარიძე არის თბილისის ერთ-ერთი უბნის, ვაკის პროტოტიპი. შესაბამისად, ჩემი გმირის ხასიათიც ამ მიმართულებით უნდა გახსნილიყო. წარმატებულ ბიზნესმენს, მაჟორიტარს, რომელიც ხალხმა აირჩია, უნდა ჰქონდეს ის გროტესკი, რომელიც თათქარიძის უბნის მცხოვრებლებს აქვთ.
- მახსოვს, ამ სერიალის შემქმნელებმა ''ნაციონალებიდან'' წამოსვლის გამო მწარედ გაგაკრიტიკეს. გასაკვირია, რომ ამის შემდეგ სერიალში მიგიწვიეს.
- სწორედ იმიტომ ვართ მეგობრები, რომ თითოეული ჩვენგანი დანარჩენების აზრსა და შეხედულებებს პატივს სცემს. შეიძლება, ჩემს მეგობრებს თავიანთი კრიტიკის გამოხატვის ფორმა არ მოვუწონო.
- ასეთ კრიტიკას შეიძლება, გინებაც დავარქვათ.
- არის დრო ხიდების მტვრევის და არის დრო ხიდების შენების. ხიდების მტვრევის დრომ გაიარა. ახლა ხიდების შენების დროა. თუ ჩვენ შორის ასეთი მძაფრი კონფრონტაციაა, არც მიშა არ დარეკავდა ჩემთან და არც მე დავთანხმდებოდი სერიალში მონაწილეობას. შესაბამისად, ჩვენი პირადი შეხედულებები და შეხედულებები საერთო საქმის მიმართ უნდა გაიმიჯნოს. შეიძლება, ჩემი მეგობრების პირადი მოსაზრებებიდან არც ერთს არ ვეთანხმებოდე, მაგრამ საერთო საქმისთვის გავერთიანდეთ და კარგი პროდუქტი გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში ჩემი სერიალში მისვლის მიზანი არის კონკრეტული და კარგი საქმის კეთება.
- როგორც ვხვდები, მაინცდამაინც არ გწყენიათ მეგობრების გინებაში გადაზრდილი კრიტიკა.
- ''ნაციონალური პარტიიდან'' წამოსვლის გადაწყვეტილება იმდენად გაწონასწორებულმა მივიღე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების ყველა შესაძლო შემდგომი ნაბიჯი გათვლილი მქონდა. ველოდი, რომ მეგობრები მოზღვავებულ რეაქციას გამოხატავდნენ. შესაბამისად, არც მწყენია და არც გავბრაზებულვარ.
- რამდენიმე თვის წინ მომხდარ ამბავზე მიშა მშვილდაძესთან არ გილაპარაკიათ, როდესაც გადასაღებ მოედანზე შეხვდით?
- რამდენიმე თვის წინ მომხდარი ამბები დავივიწყეთ, მომხდარი არც გაგვირჩევია. ის მყისიერი რეაქცია იყო და გაიარა. პარტიიდან რომ მოვდიოდი, ვიცოდი, მათ რა აზრი ექნებოდათ. არ მომეწონა, თავიანთი აზრი როგორც დააფიქსირეს, მაგრამ სოციალური ქსელები ძალიან პოპულარულია, ცდუნებას ვერ გაუძლეს და ამ ცდუნებამ აიძულა ისინი, ყველაფერი სახალხოდ დაეწერათ. ამით რა დივიდენდი მიიღეს, ამის გარჩევა არ დამიწყია. მაგრამ ვიღაცების მაამებელი ტექსტები მათ კომენტარებში აშკარად ამოვიკითხე. თუ მათ
საქმე გაუკეთდებათ და ვიღაცებს აამეს ამ ტექსტებით, მე წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით. ჩემი მეგობრების კარგად ყოფნა ყოველთვის გამიხარდება.
- გაკრიტიკებდნენ, როგორც ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერები, ისე ''ოცნების'' გულშემატკივრები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ''ნაციონალურ მოძრაობას'' თქვენ წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდა - არსებობდა ფარული ჩანაწერი, სადაც თქვენ მამაკაცთან გქონდათ სექსუალური ურთიერთობა.
- ის ადამიანი, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ცდილობს, დეზინფორმაციის გავრცელებით პოპულარობა მოიპოვოს. სკანდალური თემა შეარჩია, ქართველები ფიცხი ბუნების ვართ და მე უნდა გამომეთქვა ამ ყველაფერზე ქართული აზრი. ანუ ამეტეხა გინება, მივვარდნოდი სადარბაზოსთან და ცემაში უნდა გამელეწა ის ადამიანი. არ მინდოდა, მის პოპულარობაში მონაწილეობა მიმეღო. საერთოდ არ მქონია რეაქცია და მგონია, რომ ეს სწორი საქციელია. ვფიქრობ, როცა ადამიანი ასეთ იაფფასიან სკანდალზე შენს წამოკიდებას ცდილობს, შენ პოლიტიკოსი იმიტომ გქვია, რომ ასეთ რამეზე რეაქცია არ გქონდეს. კარგია, რომ ამ ანკესზე არ წამოვეგე.
- ოჯახის წევრები ამ ყველაფერს როგორ შეხვდნენ?
- სასაცილოდ არ ეყოთ. ოჯახში ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ.
- მომხდარზე მშვიდად ლაპარაკობთ. ბევრი ამას ვერ მოახერხებდა.
- ჭორი გათვლილი იყო ფიცხ ხასიათზე. ქართველისთვის ოჯახი და ფასეულობები პირველ ადგილზე დგას. თუ ქართველს ამ ადგილას მოუღიტინებ და შეურაცხყოფას მიაყენებ, ის აუცილებლად გამოამჟღავნებს თავის ქართველობას და ატყდება სკანდალი. მერე დაიწყებენ საუბარს, თურმე შონზოს როგორი სახე ჰქონია, ჩვენ სხვანაირი გვეგონა და თურმე მონსტრიაო. ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე და ქართველობაც შევინარჩუნე, ფიცხი ვარ, მაგრამ ასეთ უმნიშვნელო რაღაცებზე არ გამოვხატავ. წარმოიდგინეთ, პატარა ფინიები დიდ კავკასიურ ნაგაზთან დგანან და უყეფენ. კავკასიური ნაგაზი ხომ არ გამოთქვამს პრეტენზიას, რომ ფინია იყეფება, მას არც კი უყურებს. დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. ფინიების ყეფაზე არანაირი რეაქცია არ მქონია.
- ამ ყველაფრის მერე გითქვამთ, საერთოდ რა მინდოდა პოლიტიკაშიო?
- მას შემდეგ, რაც საკრებულოდან პოლიტიკაში ჩაბმის შემოთავაზება მივიღე, გავაანალიზე ყველაფერი და ვთქვი, რატომაც არა-მეთქი. ჩემი თავის გამოცდა სრულიად სხვა სფეროში მინდოდა. მერე როგორ დაახლოვდა ჩემი ძველი საქმიანობა და პოლიტიკა, ეს ცალკე საკითხია. მაღაროდან გემის კაპიტნად არ წავსულვარ. ასეთი განსხვავებული საქმიანობა არ ამირჩევია. ქალაქის კულტურის განვითარებაში ჩემი წვლილი შემქონდა.
- თქვენი მეგობრებიდან ყველაზე მკაცრი გოგა ხაჩიძე იყო. ამბობდა, რომ თქვენი წასვლა ''ნაციონალური მოძრაობიდან'' ვირთხების გაქცევას ჰგავდა. მას თუ შეხვდით ამ შეფასების შემდეგ?
- გოგასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. მხოლოდ მობილურზე მივწერე რამდენიმე მესიჯი. რამდენჯერმე ლანძღვას ყურადღება არ მივაქციე და არ ვუპასუხე. აავსეს სოციალური ქსელი ლანძღვით, საპირფარეშოს სუნი დააყენეს. მეორე დღეს ამ ადამიანმა დარეკა და თქვა - მოდი, საქმე გავაკეთოთო. ამ დროს ჩემი რეაქცია რა უნდა იყოს, უნდა გავიბუტო?
- გოგა ხაჩიძემ ასეთი ნათქვამის შემდეგ დაგირეკათ და გითხრათ, საქმე ერთად გავაკეთოთო?
- მიშა მშვილდაძე ვიგულისხმე. გოგა ხაჩიძისგან კი ველოდები ბოდიშის მოხდას ან იმის აღიარებას, რომ ზედმეტი მოუვიდა.
- მასთან პირადი მიმოწერა მამაკაცურ გარჩევას შეიცავდა?
- რა თქმა უნდა. გოგა ძველი ხელისუფლების და მათი კურსის ერთგულია, არ მგონია, უახლოეს მომავალში მისი შეხედულებები შეიცვალოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვღელავ. მე ვურთიერთობ გოგას ოჯახთან. მისი შვილი, მევიკო, ჩემი ნათლულია. პირველი ქორწინებისას მისი მეჯვარე ვიყავი. ოჯახის წევრებთან ვინარჩუნებ ურთიერთობას, მაგრამ პირადად გოგასთან არ ვიურთიერთებ, სანამ ყოფილი ხელისუფლებით ''მოწამვლა'' არ გაუვლის.
- როგორ ფიქრობთ, გაუვლის?
- არ ვიცი, გააჩნია, რა დოზით აქვს მიღებული შხამი. ზოგს შეიძლება, სასიკვდილო დოზა ჰქონდეს მიღებული, ზოგი შეიძლება განიკურნოს. არ გვილაპარაკია ამ თემაზე პირისპირ, თორემ მივხვდებოდი, რა დოზითაა მოწამლული.
-  მახსოვს, თქვენი პრობლემა ყოველთვის წონასთან ჭიდილი იყო. ახლაც იმავე სიტუაციში ხართ?
- ბოლო დროს ძალიან გავსუქდი. წონა მუშაობაში მიშლის ხელს. ბევრი საქმე მაქვს და ზედმეტი წონის გამო ადვილად ვიღლები. დღეიდან დიეტას ვიწყებ და ექვს თვეში სასურველ შედეგს მივაღწევ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ნატო
შონზო კაცია მაინც, გოგა......
12:33 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
შონზოს ბავშვობიდან ვიცნობ კლასელი იყო და დარწმუნებული ვარ გულწრფელია ამ ინტერვიუში,ნამდვილად კარგი ადამიანია და იცის რასაც აკეთებს...
22:13 / 14-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაპი
იდი ნახუი რა შონზო
23:16 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კობა
არც შონზოა კაცი და არც გოგა, ,,,ფულკაცუნები არიიან ორივე
03:10 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
გოგას რომ ვუკურებ მეშინია რას გავს ეგ უბედური საფრთხობელაა შონზო კაცია გოგა კი კაცუნა
23:24 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
შონზო თეთრს და შავს მაინც არჩევს,ხაჩიძეს კი ვეღარაფერი უშველის, იმიტომ რომ ტვინი არ აქვს საკმარისი რომ იაზროვნოს
11:48 / 08-12-2013
გამოხმაურება / 0 /
კახა
ეხ შონზო შონზო კაცი მეგონე და ერთი ჩვეულებრივი არაკაცი ყოფილხარ....
20:22 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
შონზო რაცარუნდა თავი იმართლო მაინც გასვრილი ხარ და, ვერც ხაჩიძის ბოდიშები გაგწმინდავს
20:11 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
გრი
რა პრიმიტული მედროვეა, აი, ისეთი აზროვნების შეზღუდულობის გამო დამაჯერებელი ტყუილიც რომ არ შეუძლია. სულ პოლიტიკური პოზიციების გამო შევიდა ნაცმოძში, ან გამოვიდა იქიდან... საქმოსნობა გადაწყვიტა, მაგრამ ამ ამბავშიც ისეთივე უნიჭოა, როგორც სამსახიობო საქმეში.
17:14 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
nino
შენ რამდენი ხანი იყავი ყოფილი ხელისუფლებით მოწამლული?ოცნება რომ არ გამოჩენილიყო ხმასაც არ ამოიღებდი და გააგრძელებდი ნაციონალობას.შენ ნაირ კაცს პატივს არ ვცემ.გოგა კარგია თუ ცუდი კაცმა იცის რა უნდა შენგან განსხვავებით.ღმერთმა მარიდოს შენნაირი მედროვე მეგობრები.
13:58 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS