- ამიკო, როცა ''ერთი-ერთში'' შენი მონაწილეობის შესახებ შევიტყვე,
- ჯეკსონს რაც შეეხება, ყველამ იცის, რომ მისი მიბაძვა შემიძლია. როგორ გამომდის, ეს მაყურებელმა განსაჯოს. მე გულით ვაკეთებ.
- შენგან ჯეკსონის უკეთესი პაროდიაც გვინახავს.
- გეთანხმები, უკეთესი გამოსვლებიც მქონია. ალბათ, იმის ბრალიც იყო, რომ ამ გრანდიოზული შოუ მე გავხსენი, ამას ნერვიულობა ახლდა, თან დიდი ხანია, ეკრანზე არ გამოვჩენილვარ, ხანგრძლივი პაუზა მქონდა. ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეკრანზე გამოვჩენილიყავი. ასე რომ, არც ჯეკსონით და არც ''განგნამ სტაილით'' არ ვარ კმაყოფილი. ამ უკანასკნელის შემსრულებელი მეტის საშუალებას არ მაძლევდა. ენისა და ცეკვის გარდა (მგონი, კარგად ვიცეკვე), სპეციფიკური არაფერი აქვს, რომ ხელი ჩაგვეჭიდა.
- პირველივე ტურში გაჩნდა მოსაზრება, რომ ამიკოს ჟიური ჩაგრავს.
- გარკვეულწილად ვეთანხმები. იმის ამბიცია არ მაქვს, რომ პირველ ან მეორე ლაივზე ვინმეს უმაღლესი ქულა უნდა დაეწერა ჩემთვის, მაგრამ 4-ისა და ხუთის ღირსი ნამდვილად არ ვიყავი. შეიძლება იმის თქმა, რომ ვიჩაგრებოდი თუ ვიჩაგრები. ჟიურის განსაკუთრებით ბიონსეს შემთხვევაში არ დავეთანხმე. არასწორი შეფასება იყო. იმხელა ქუსლზე ისეთი ცეკვა შევასრულე... ორი დღის მომზადებული ნომერი იყო. დროში ძალიან შეზღუდული ვარ. ახალ გადაცემას ვიწყებ და მეტ დროს ამ საქმეს ვუთმობ.
- რა გადაცემას იწყებ?
- ''მისტერ ამიკო'' . ეს არის კარგად ცნობილი როუენ ატკინსონის მიერ შესრულებული ''მისტერ ბინის'' ანალოგი. ეს ადამიანი ''მისტერ ბინიდან'' სრულმეტრაჟიანი კომედიური ჟანრის ფილმებამდე მივიდა. ასე რომ, ერთ-ორ წელიწადში შეიძლება, ამბიცია მეც გამიჩნდეს. ორ დღეში 33 საათს გადაღებებს ვუთმობ. შესაბამისად, ცოტა დრო მრჩება ''ერთი ერთშისთვის'' .
- ბიონსეს განსახიერების დროს ყველაზე მეტად რა გაგიჭირდა?
- ქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა. ერთი სამსახურში არ დავდიოდი ქუსლებზე, თორემ სახლშიც კი ქუსლიანი ფეხსაცმლით ვმოძრაობდი, რომ სცენაზე დისკომფორტი არ მეგრძნო.
- მიეჩვიე?
- არა, ვერ მივეჩვიე, თუმცა ცეკვა შევძელი. დისკომფორტი მქონდა კოსტიუმის გამოც. ბიონსეს სხვა ფორმაც სცმია, მაგრამ ეს კოსტიუმი და სიმღერა თავად ავარჩიე, ვიფიქრე, ყველაზე ეფექტური ნომერი გამოვიდოდა.
- გამოხმაურება არაერთგვაროვანი იყო, ნაწილს ძალიან მოეწონა ეს ნომერი, ნაწილი გაკრიტიკებდა, მამრობითი სქესის წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გლანძღავდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
- ყველას აქვს თავისუფალი აზროვნების უფლება. მე არ ვკითხულობ ასეთ რაღაცებს. ძირითადად მეგობრებისგან ვიგებ. თუ ვიღაცას არ მოვწონვარ, ნუ მიყურებს. შეფასება მესმის, უბრალოდ, ზოგს შეფასების კულტურა არ გააჩნია. მათი დამოკიდებულება ჩემზე არ მოქმედებს. ვიღაცის წერილობით კომენტარს, რომელიც გვარსა და სახელსაც კი მალავს, ნამდვილად არ ავყვები. თუ ბიჭი ხარ და მაგისი ერთი ადგილი გაქვს, მოდი და პირდაპირ მითხარი, რა არ მოგწონს.
- მახსოვს, ბიონსეს ტურზე სავარძლიდან ვერ ადექი, თუ შეიძლება ვიჯდები, უხერხული პრობლემები მაქვსო, თქვი. იხუმრე თუ?
- არა, მართლა მქონდა პრობლემები. ფეხები მქონდა შეღებილი გრიმით. დივანზე რომ დავჯექი, გრიმი მომშორდა. ავჭრელდი, თეთრი ადგილები გამომიჩნდა (იცინის), ცუდად რომ არ გამოჩენილიყო, ჯდომა ვარჩიე.
- ერთ-ერთ გადაცემაში ხაზი გაუსვი, რომ მომღერალი არ ხარ, ეს რატომ გახდა საჭირო?
- გული დამწყდა, თქვეს, რომ ამ კონკურსზე მხოლოდ ეკა ანდრონიკაშვილი არ არის მომღერალი. გადაცემისთვისაც სირცხვილია, რომ მისმა წამყვანმა არ იცის, ვინ ჰყავს პროექტში. მაყურებელი საქმის კურსში უნდა ჩააყენო. თუ ერთ მონაწილეზე ამბობ, რომ ის არ არის მომღერალი და ამის გამო მას მხარი დაუჭირეთო, სხვა მონაწილეც უნდა დაასახელო, ვინც ასევე არ არის მომღერალი და არის მეზღვაური (იღიმება).
- მეზღვაური ხარ?
- კი. ადვილი სათქმელია, თქვენ წინაშეა ნიჭიერი მეზღვაური ამირან ჩოხარაძე (იცინის). ამიტომაც გავუსვი ამას ხაზი, ეს უნდა მეთქვა. თუმცა ამის გამო არ ''დავგრუზულვარ'' , იუმორით ვთქვი.
- ანრიც ნაწყენია ჟიურიზე, პროექტის დატოვებასაც კი ფიქრობდა თურმე. რა ხდება რეალურად, რატომ არის ამდენი უკმაყოფილო მონაწილე?
- ამაზე პროექტის ორგანიზატორებმა უნდა იფიქრონ. ჩემი საფიქრალი ნამდვილად არ არის. რაც მე ვიცი, ის არის, რომ პროექტის ყველა მონაწილე ერთმანეთთან ძალიან მეგობრულად ვართ და ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, იდეები შევთავაზოთ. ამას წინათ ეკა ანდრონიკაშვილი იყო შემოსული და რეი ჩარლზზე იდეებს მაწვდიდა. ანრის რაც შეეხება, მეც მგონია, რომ ზედმეტად დაბალი ქულები დაუწერეს, ''არასპრავედლივი'' ქულები იყო (იცინის), მაგრამ ამით ანრის ჩვენთან, მონაწილეებთან ურთიერთობა არ შეუცვლია.
- ვინ არის ჟიურის ყველაზე ობიექტური წევრი?
- გამოვყოფდი ეფრემს. ჯეკსონის ბექვოკალისტი იყო, ჯეკსონის ტურზე 7 ქულა დამიწერა. დანარჩენებმა დაბალი ქულები დამიწერეს. ამ შემთხვევაში მე იმ ადამიანის ქულას უფრო ვაფასებ. ქალბატონი ნანუკასთვისაც მაქვს მადლობა სათქმელი, ბიონსეს ტურში ცხრიანი გაიმეტა. ამერიკელი ჟიურის წევრები, ვინაიდან ჩამოსულები არიან, ალბათ, ცდილობენ უფრო საყვარელი, კაი ტიპები გამოჩნდნენ და უფრო ლოიალურები არიან. ქართველები უფრო მკაცრები, მომთხოვნები არიან. ალბათ, იმიტომაც, რომ ჩვენი შესაძლებლობები იციან.
- ამ პროექტის უცხოურ ანალოგებში ყველაზე მაგარ შოუს თვითონ ჟიურის წევრები აკეთებენ. იქნებ, მონაწილეების ბრალიც არის, რომ ვერ ააცეკვეთ და გაამხიარულეთ ჟიური?
- ეს გადაცემა იუმორზეა აგებული და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მსგავს კონკურსზე ხალისი და მხიარულებაა. შოუს ნახევარი ჟიურის ერთმანეთთან ან კონკურსანტებთან საუბარს ეთმობა. მეტი აქცენტი იუმორზეა და არა ვოკალზე. აქ რაღაც დაძაბულობაა. ქულების წერის მომენტში მუსიკაც ისეთი მძიმეა... ვცდილობთ გავამხიარულოთ ჟიურიც, ვაცეკვოთ, გავაცინოთ.
- ყველაზე მეტად რომელი ნომერი მოგეწონა?
- ელენეს ნომრებიდან დაიანა როსი მომეწონა მარტო. ვიზუალურადაც ჰგავს, სიმღერა არ ეშლება, გაუმართლა და კარგი ნომერი გამოვიდა...
- როგორ უყურებენ შენს ახალ ამპლუას ოჯახში?
- მაქსიმალურად მეხმარებიან. ბავშვიც კი მცნობს უკვე სხვა ტანსაცმელში, ვეღარ ვემალები (იცინის). უფროსი, საბა ორი წლისაა, ემილი სულ რაღაც 7 თვის. მეუღლე მეხმარებოდა, მაღალ ქუსლებზე სიარული რომ მესწავლა. საჭმელსაც კი მირჩევდა, რა მეჭამა, რომ მერე ქუსლზე ცეკვა არ გამჭირვებოდა. რეი ჩარლზზე რომ ვმეცადინეობდი, თვალახვეული ვრეპეტიციობდი, ბოლომდე რომ გამეთავისებინა.
- შენ ამ ტელევიზიის ერთ-ერთი სახე ხარ, ჩაწყობები არ მოსულა?
- ხომ ჩანს, როგორც მოსულა (იცინის). ქულებით არავინ მანებივრებს. ამას თვითონაც არ ვიკადრებ.
- რომელი კონკურსანტი მოგწონს, ვის გულშემატკივრობ საკუთარი თავის მერე?
- ყველას. საქართველოში ვცხოვრობთ და ნებისმიერი პრიზი, რაც უნდა იყოს პირველ ადგილზე, ჩვენთვის სასარგებლოა. ვხედავ კონკურსანტებს, რომლებსაც ეს პრიზი ძალიან სჭირდებათ, ზოგს, უბრალოდ, პირველი ადგილი უნდა, ზოგს - სამეულში მოხვედრა. ზოგისთვის სულერთია, მთავარია, ბოლომდე ჩვენთან ერთად იყოს.
- შენ რა გჭირდება?
- მაყურებელმა გადაწყვიტოს, რა მჭირდება და რა სურვილი მაქვს. ''ერთი ერთში'' რომ დამთავრდება, ბევრი სხვა საქმე მაქვს გასაკეთებელი ხალხისთვის. ამით არ მთავრდება ჩემი კარიერა. ჩემი სურვილია, ყველა ჩემი გამოსვლა მაყურებლისთვის თორმეტიანზე იყოს შესრულებული.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''