05 დეკემბერი, 2013
სტეფანეს თავისი გუნდის წევრები აბრაზებენ
არ მინდა ძალიან ხმამაღალი სიტყვების თქმა, მაგრამ ჩემი კოზირი არის ისიც, რომ ჟანრობრივად არ ვიზღუდები, ყველაფერი შემიძლია ვამღერო 24 წლის ნიკა ლაზარიაშვილისთვის ''ახალი ხმა'' პირველი კონკურსია და პირველივე კონკურსის მოგებას აპირებს. ის პროექტის ბოლო მონაწილე გახლდათ და ბრმა კასტინგზე მხოლოდ სტეფანე შემოუბრუნდა, რადგან მარტო ამ უკანასკნელს ჰქონდა ადგილი გუნდში. სტეფანე ნიკაზე დიდ იმედს ამყარებს, ამბობს, რომ სწორედ ამ ბიჭით მოიგებს პროექტს. ჩვენ ნიკასთან ინტერვიუ ჩავწერეთ და რამდენიმე შეკითხვით მის მწვრთნელს, სტეფანე მღებრიშვილსაც მივმართეთ. ნიკას არ
უყვარს ლაპარაკი, ჩართული კამერები და ჩართული დიქტოფონი. ერთი სული ჰქონდა, როდის დავამთავრებდით ინტერვიუს და საუბრის დროს ორჯერ დაგვემშვიდობა.

- ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ შევეცდები, ყველა კითხვაზე პასუხი გაგცეთ.
- ვინ გაგაბრაზა?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი. რაღაც მოხდა.
- კარგი. მაშინ შენი მუსიკალური გზის შესახებ მიამბე.
- 8 თვის ვყოფილვარ, ''შავლეგოს'' რომ ვაყოლებდი ხმას. ჩემი ძმა მღერის კიდევ ოჯახში, მშობლები - არა. 12 წლის ასაკში ფოლკლორით დავინტერესდი. მაია მიქაბერიძესთან მივედი ანსამბლ ''საგალობელში'' . მერე მუსიკალურად დიდი პაუზა მქონდა, 21 წლამდე. ამასობაში პროფესიაც ავირჩიე. ორთოპედ-სტომატოლოგი ვარ. მშობლებმა მირჩიეს. ისე ჩავაბარე, სადმე რომ უნდა ჩააბარო, ხომ ხვდებით?.. თავიდან ვითომ მეც დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩემი საქმე მუსიკა იყო. 21 წლის ასაკში ქალბატონ მზია მაცაბერიძესთან მივედი. მასთან ვემზადებოდი ''ახალი ხმისთვის'' . ამ პროექტის ორივე სეზონს ვუყურებდი და მსურდა, მეც მიმეღო მონაწილეობა. თან თავიდანვე სტეფანესთან მინდოდა მოხვედრა.
- ორივე პროექტი დათომ მოიგო, შენ მაინც სტეფანესთან გინდოდა?
- მაინც და ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ მას ჰქონდა ადგილი გუნდში და მხოლოდ მასზე იყო დამოკიდებული ჩემი ბედი.
- მანამდე იცნობდი სტეფანეს?
- არა. პირველად სწორედ ბრმა კასტინგზე შევხვდით ერთმანეთს. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ხმით, სიმღერით შევძელი მისი შემობრუნება.
- რინგზე მეკო გელაშვილთან იბრძოლე, რას იტყვი მასზე?
- ნამდვილად ღირსეული კონკურენტი იყო. რეპეტიციებზე დიდი ბრძოლა გვქონდა. ბოლო წამებზე გადაწყდა, ვინ გადავიდოდა შემდეგ ეტაპზე. გამიმართლა.
- სტეფანე დიდი იმედს ამყარებს შენზე. სიუჟეტში თქვა, რომ შენით უნდა მოიგოს ეს პროექტი. ეს, ალბათ, გარკვეულ პასუხისმგებლობას გაკისრებს.
- რა თქმა უნდა. სტეფანე თავისი საქმის პროფესიონალია და იცის, რასაც ამბობს. მე ჩემი მხრიდან ვეცდები, იმედი არ გავუცრუო. აბსოლუტური კომფორტია მასთან მუშაობა. ამას სიტყვებით ვერ აღწერ, ეს საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე, რას ვამბობ.
- საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ბიჭები გყავს სხვა გუნდებიდან: გიორგი მახარაშვილი, შოთა ადამაშვილი...
- ნამდვილად ძლიერი კონკურსანტები არიან, მაგრამ მე საკუთარი თავის იმედი მაქვს. ბიჭებში ჯერ მე ვარ და მერე სხვები. ამდენი ხანია ვემზადები, უნდა მოვიგო.
- მუსიკის გარდა რა ინტერესები გაქვს?
- თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მრჩება, სულ რეპეტიცია მაქვს. ვმღერი ფოლკლორულ ანსამბლში ''მჭელი'' . კონცერტებზე გამოვდივართ ხოლმე. ვვარჯიშობ.
- ბრმა კასტინგზე სიმღერა თავად შეარჩიე?
- ბოლო მონაწილე ვიყავი, ყველა სიმღერა ნამღერი იყო და ესღა შემხვდა (იცინის).
- ახლა ცოტაოდენი თაყვანისმცემელ გოგონებზეც მომიყევი...
- ქუჩაში მცნობენ, ეს მახარებს. ამას წინათ მაღაზიაში ფული არ გამომართვეს. ''ფეისბუქზეც'' იმატა დამეგობრების თხოვნამ. შეყვარებული არ მყავს, არც მყოლია, თუ ბავშვობისდროინდელ გატაცებებს არ ჩავთვლით.
- როგორი გოგონები მოსწონს ნიკა ლაზარიაშვილს?
- სტერეოტიპები არ მაქვს, გზადაგზა ვხვდები. არ არის აუცილებელი, მაღალი, გამხდარი, ქერა ან შავგვრემანი იყოს.
- ისე გამოგდის, რომ ამბობენ, რა მნიშვნელობა აქვს გარეგნობას, მთავარია სულიერი სამყაროო...
- არა, არა, გარეგნობასაც ვანიჭებ მნიშვნელობას.
- ლაპარაკი არ გიყვარს ხომ?
- არა, მიყვარს. ჩუმად არასდროს არ ვარ, უბრალოდ, ჩართული კამერები და დიქტოფონები არ მიყვარს.
- სცენაზე როგორ მღერი?
- დახუჭული მაქვს ხოლმე თვალები, დროდადრო ვახელ (იცინის).
- როგორც ვატყობ, ლაპარაკის სურვილი არ გაქვს, ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვო.
- მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ.

Rating

ამასობაში სტეფანე მღებრიშვილიც შემოგვიერთდა და რამდენიმე შეკითხვით მასაც მივმართეთ.
- სტეფანე, სიტყვაძუნწი აღმოჩნდა შენი გუნდელი...
- ჰო? ეზარება ალბათ. კარგი ბიჭია, დამჯერი, ვარჯიშობს...
- თავისუფალი დრო არ მაქვს, სულ რეპეტიციებზე ვარ, შეყვარებული არ მყავსო, მითხრა.
- რეპეტიციიდან რეპეტიციამდე ახერხებს, დაძვრება წინ და უკან. შეყვარებულს რაც შეეხება, ბევრი ჰყავს (იცინის)...
- სტეფანე, გამოუცდელია ნიკა, სხვა კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია...
- ეს არის ჩემი მთავარი ''ფიშკა'' . აქ ვისზეც აქცენტები კეთდება, ზოგი ''ნუცას სკოლის'' გამარჯვებულია, ზოგი - ''ჯეოსტარელი'' . ნიკა ამ შოუმდე არავის უნახავს. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ეს არის, ახლის პოვნა. ახალი ხმა იყო: ნინი ცნობილაძე, ლედი ლალიაშვილი და ნიკაც ახალი ხმა იქნება წელს. არ ვიცი, რა როგორ მოხდება, აქტიურად უნდა ჩაერთოს საზოგადოება. თუ ვერ გვეხმარებიან ესემესებით, ინტერნეტით მაინც უნდა დაგვეხმარონ, ნომრის გაზიარებით ''ფეისბუქზე'' . ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში და ძალიან კარგად ვიცი, ვინ რისი გამკეთებელია. ვინ არის საერთაშორისო დონის შემსრულებელი. ნიკა საერთაშორისო დონის შემსრულებელია. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში შოუბიზნესი არ არსებობს. ვაწვდით მასალას ქვეყანას და დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული, როგორ აიტაცებთ.
- ნიკას ბიჭებს შორის საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს...
- არავისზე არაფრის თქმა არ მინდა. მე და ნიკა დავამტკიცებთ, რომ ის უკონკურენტოა. არ მინდა ძალიან ხმამაღალი სიტყვების თქმა, მაგრამ ჩემი კოზირი არის ისიც, რომ ჟანრობრივად არ ვიზღუდები, ყველაფერი შემიძლია ვამღერო. ეს მის კონკურენტებს ნამდვილად არ შეუძლიათ. თუ შეუძლიათ, გვანახვონ. ჯერჯერობით ყველა ეფექტურია, რამდენიმე გამოსვლაა საჭირო შესადარებლად.
- მთავარ კონკურენტად ვის მიიჩნევ?
- არავის. კონკურენტები არასდროს არ მყავს.
- თუმცა მერე პროექტს სხვები იგებენ.
- ეგ იცი, როგორი თემაა?.. არაფრის თქმა არ მინდა, მერე სარკაზმში მდებენ ბრალს. შიდა სამზარეულო შიდა სამზარეულოა და ჯერჯერობით გარეთ გამოტანა არ მინდა.
- დღეს ნიკაც ვერ იყო ხასიათზე და არ გამიმხილა, რა მოხდა.
- აა, ეს უფრო შიდა სამზარეულოა. ჩემი გუნდის შიგნით. ამათ გამაბრაზეს და დავცოფე ყველა.
- მკაცრიც ყოფილხარ.
- ''ც'' არა, მკაცრი ვარ. თუ გავბრაზდი, ოო (იღიმება).

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS