- ნუკი, ახალი სეზონიდან ''კომედი არხზე'' გადაბარგდი. სხვა არხებიდან არ გქონდა შემოთავაზება? კომედია შენი ჟანრი არ უნდა
- ეს არის სწორედ საინტერესო, რომ იმ ჟანრში ვმუშაობ, რომელიც ჩემთვის ახალია. რომ გითხრა, სხვა არხებიდან კარს მიმტვრევდნენ-მეთქი, მოგატყუებ. ეს არის არხი, სადაც არ არის პოლიტიკა, მძიმე თემები, ინფორმაცია. ამ ჟანრში არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ''შუა ქალაქს'' , სადაც თავად არაფერს ვწერდი, მხოლოდ დაწერილს ვთამაშობდი. ამიტომ ვიფიქრე, ცდად ღირდა. რამდენად გამომდის, ეს მაყურებლის შესაფასებელია. ძალიან რთული ჟანრია, მაყურებლის ატირება ბევრად ადვილია, ვიდრე გაცინება. დღესაც ძალიან მიჭირს. ჩემი გადაცემა შემეცნებით-გასართობი უფროა, ვიდრე კომედიური. მყავს სტუმრები, ვირჩევთ თემას, რომელიც სტუმრისთვის უცხოა და სწორედ ამ თემაზე ვესაუბრები. არ ვიცით, მაგალითად, როგორი მშენებელი იქნებოდა რომელიმე ცნობილი ჟურნალისტი, ან როგორ წერს მესიჯს ტელეფონში ეთერ კაკულია. ეს იყო ჩემს გადაცემაში. ჩვენს გადაცემაში შეგიძლია, უპასუხო მობილურ ტელეფონს. მოკლედ, სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, ამიტომ პირდაპირ ეთერში ვერ ვართ. ვამონტაჟებთ გადაცემას და ისე ვუშვებთ ეთერში, ზოგჯერ ისეთი რაღაცები ხდება კადრს მიღმა...
- დუტა სხირტლაძემ გადაგიღო თავის სრულმეტრაჟიან კომედიური ჟანრის ფილმში ''გივი'' . როგორი იყო ამ ფილმზე მუშაობა, ვინ არის შენი პერსონაჟი?
- მე ვარ ლარისა.
- ივანოვნა?
- არა, არც ივანოვნა ვარ და არც გივია ის ტიპაჟი, ჩვენ რომ ვიცნობთ ერთ-ერთი ფილმიდან ფრაზით- ''ჩვენ ვართ, გივი'' . აბსოლუტურად განსხვავებული ფილმია, კომედიური ჟანრის. ვთამაშობთ მე, დუტა სხირტლაძე, ქეთათო, რუსკა მაყაშვილი, ნინუცა მაყაშვილი, სამორი ბალდე, ზუკა პაპუაშვილი, ნატო ებანოიძე... მე ვარ უკრაინელი ქალბატონი, დამლაგებელი, წარმომავლობით უკრაინის ღრმა სოფლიდან და მაქვს რომანი მთავარ გმირთან, ოჯახის უფროსთან, ზუკა პაპუაშვილთან. ფილმი ასე იწყება. ჩემს რჩეულს ვეუბნები, რომ ვთხოვდები. ასე რომ, სასიყვარულო სცენების იმედი ნუ გექნებათ (იცინის), ბავშვებმაც თამამად შეიძლება უყურონ ფილმს.
- დუტასთან მუშაობა როგორი იყო?
- ძირითადად, რეჟისორები მკაცრები არიან, ''მე ვარ რეჟისორი და დამემორჩილე'' სჭირთ. დუტას ეს არ ახასიათებს. მსახიობებს სრულ თავისუფლებასა და ინტერპრეტაციის, ტექსტის გადაკეთების საშუალებას აძლევს. უსაყვარლესია, დუტა არასდროს ჩხუბობს. მასთან მუშაობა ძალიან კომფორტულია. თავად მსახიობია და ამიტომ ჩვენი კარგად ესმოდა.
- სად იყო გადაღებები?
- მთელი მოქმედება სახლში მიმდინარეობს. ეს არის მთავარი გმირის ერთი დღე. ასეთი ''სანტა ბარბარა'' არ მინახავს. სულ დინამიკაა. მთელი ფილმის განმავლობაში ყველა პერსონაჟი დაკავებულია, მთავარ გმირს საშინელებებს ვუკეთებთ.
- ''მისტერ ძიძაშიც'' მიიღე მონაწილეობა...
- ეს ფილმი ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებმა გადაიღეს. აქ ძალიან პატარა როლი მაქვს, დანახვასაც რომ ვერ მოასწრებ ჩემსას, ისეთი (იცინის), მაგრამ მიმაჩნია, რომ პატარა როლები არ არსებობს, არსებობენ პატარა მსახიობები. ორივე როლი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. დუტამაც და ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებმაც საშუალება მომცეს, მაყურებლისთვის აბსოლუტურად განსხვავებული ვყოფილიყავი. ფილმში ''გივი'' ხომ გგონია, რომ ვარ ლამაზმანი, მოკლეკაბიანი უკრაინელი ქალი? არა! კი ვარ მოკლე კაბით, მაგრამ ვარ მსუქანი სოფლელი ქალი და არანაირი სექსუალური მოტივი არ მამოძრავებს.
''მისტერ ძიძაში'' ''ნაშა'' არის მიშა ანდღულაძე, მე ვარ ''ანტინაშა'' , როკერი გოთი, შავი ტანსაცმლით, ლაქით, ვკლავ კატებს და რაღაც საშინელებებს ვაკეთებ. ვერც გაიგებ, გოგო ვარ თუ ბიჭი.
- ამასობაში იმდენი როლი დაგიგროვდა, ნელ-ნელა მსახიობი გახდი.
- (იღიმება) ამასობაში მართლა დაგროვდა, მაგრამ რთულია იმის თქმა, გამოვა თუ არა ჩემგან მსახიობი. მაყურებელმა უნდა შეაფასოს. მე უფრო ტელეწამყვანის ამპლუაში ვგრძნობ თავს კომფორტულად.
- ნუკი, ამ ბოლო დროს ამბობდნენ, რომ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფიტოების გამომზეურებამ კარიერაში ხელი შეგიწყო, ამის შემდეგ დაგაკავეს ფილმებშიც და შემოთავაზებები გქონდა ტელევიზიებიდან... რას ემსახურებოდა შენი ეს ნაბიჯი, ხალხს ამით თავი გაახსენე?
- თავისთავად, აბა, რა ვქენი. ვმუშაობდი ''შუა ქალაქში'' , ჩემი პერსონაჟი იწურებოდა, აღარ ვითარდებოდა და შემეძლო, შემოთავაზებები მიმეღო. შემოთავაზება ''კომედი არხიდან'' მანამდე წამოვიდა, ვიდრე ფოტოებს გადავიღებდი, მანამდე დუტას ფილმის გადაღებაც დაწყებული იყო. თავიდან ეს ფოტოები ჩემთვის გადავიღე, რატომღაც დავიფიცე კიდეც, რომ არავის ვაჩვენებდი, სახლში გავაკრავდი დიდად და მხოლოდ დაქალები ნახავდნენ. მერე წამცდა ხელი და ყველას ვაჩვენე. ამ დროს ''იმედში'' მოხდა რეორგანიზაცია, გადაცემა დაიხურა, აღარ ვიყავი აქტუალური. გადავწყვიტე მეთქვა, რომ მე გადავიღე ეროტიკული ფოტოები, არადა, საერთოდ არ არის ეროტიკული, საცურაო კოსტიუმი მაცვია, არაფერი არ მიჩანს და არც განსაკუთრებულად ვნებიანი პოზა არ მაქვს მიღებული არც ერთ ფოტოში. მე და მამუკა კიკალიშვილმა, რომელმაც ეს ფოტოები გადაიღო, ფოტოებს მივეცით ისეთი ელფერი, რომ ეს არის ბომბა, ეროტიკული და ა.შ. ხალხი ალაპარაკდა. ყველას მოეწონა. არადა ვნერვიულობდი, მეგონა, ამის გამო ჯვარზე გამაკრავდნენ (იცინის). მთავარი, რაც ამ ფოტოებმა გააკეთა, არის ის, რომ გადამიღეს ბაქოს ''ბუტიკის'' გარეკანზე. ეს არის ''ვოგის'' მსგავსი ჟურნალი, არანორმალურად მაღალტირაჟიანი მთელ მსოფლიოში. ბაქოში გადაღებისთვის ჩავედი.
- კარგი ჰონორარი გადაგიხადეს?
- (იღიმება) ამას საიდუმლოდ დავტოვებ.
- მაშინ მეორე საიდუმლო უნდა გამიმხილო, ამას წინათ ალეკო მალხაზიშვილის ''ფეისბუქის'' კედელზე შენი პოსტი ვნახე, ხელფასზე ეწუწუნებოდი თუ მომეჩვენა?
- ეს არის ჩემი და ალეკოს ხუმრობა (იცინის). გამახსენდა. ''ჟიზნ უ მენია ტაკაია გრუსტნაია, ნო ნიჩევო, ზატო ზარპლატა სმეშნაია'' . ეს დავუწერე. ჩვენ ყველაფერზე ვხუმრობთ. მაგალითად, რომ შემოდის და ამჩნევს, რომ არ ვუსმენ, მეუბნება, ნუკი, როგორ გასუქდიო. და მაშინვე იქცევს ჩემს ყურადღებას. ხელფასზეც ხშირად ვხუმრობთ. ალეკოს ვეძახი შეფს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ასოებით უწერია კაბინეტის კარზე- ''ტიხო, შეფ დუმაეტ'' . პერიოდულად ერთმანეთს ხუმრობით თქვენობითაც კი ველაპარაკებით. სულ მეღადავება, უკვე აუტანლადაც კი მეღადავება. სრული სერიოზულობით იწყებს რაღაც თემაზე საუბარს და სანამ არ გაიცინებს, ვერ ხვდები, რომ გატყუებს, ფაქტობრივად, ცუდ ხასიათზე არ მინახავს. მე კი ხშირად მაყენებს ასეთ ხასიათზე. ვერ ვხვდები როდის მეღადავება და იმიტომ! ასე რომ, ხელფასზე წუწუნიც ხუმრობა იყო. მე მაქვს ის ხელფასი, რომელზეც თავიდანვე შევთანხმდით.
- ფოტოებს დავუბრუნდეთ, მაშინ, როცა ეს ფოტოები გამოამზეურე, გვერდით მამაკაცი გყავდა?
- რეაქცია გაინტერესებს? არა, არ ყოფილა, თუმცა აქვე გეტყვი, რომ არასდროს მყავს ისეთი შეყვარებული გვერდით, რომლისთვისაც ასეთი რაღაცები პრობლემაა. ტყუილზე დაფუძნებული ურთიერთობა სისულელეა. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და უნდა მიმიღოს ასეთი. მაქვს პრინციპი, რომ არ გავიხდი. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, ვინ უნდა დამიძახოს ფილმში... თუ ვუდი ალენი დამირეკავს და მეტყვის, გაიხადეო, ძალიან დიდ კოცნას გავუგზავნი საზოგადოებას, გავქანდები ვუდი ალენთან და გავიხდი იქ. საქართველოში არ არსებობს თანხა, რეჟისორი, რომლის გამოც გავიხდი. ასეთი ვარ და ასეთი უნდა მიმიღოს შეყვარებულმაც.
- ახლა შეყვარებული ხარ?
- არა, შეყვარებული არ ვარ და ამ ბოლო დროს სიყვარულს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ.
- იმედგაცრუების ბრალია?
- არა, რა იმედგაცრუება უნდა მქონდეს 23 წლის ასაკში (იცინის), ვიღაც ბებო რომ კითხულობს ამ ინტერვიუს, წარმომიდგენია მისი რეაქცია, რა იმედგაცრუება უნდა ჰქონდეს ამ გოგოსო, იტყვის. აი, დაგასწარით, ბებიებო (იცინის)! ხან ვინ მომწონს, ხან ვინ. ამ საკითხში ინფანტილური ვარ, ბავშვურად ვუდგები. შეიძლება, არავის ბრალია, შეიძლება, სულ ასეთი ვიქნები, არ ვიცი. ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ სიყვარული არსებობს მხოლოდ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის. ცალკე არსებობს ვნება, ინტერესი, პატივისცემა, მეგობრობა. ამ ყველაფრის ერთად შერწყმა ქმნის ე.წ. სიყვარულს, მიჯნურობას. მაგრამ უანგარო, არაფერზე დაფუძნებული სიყვარული არ არსებობს. ეს არის აღტაცება, გატაცება.
- ახლა ხარ გატაცებული?
- არა, სამწუხაროდ. ძალიან მინდა. იცი, როგორ მინდა, რომ ვიყო?! თან, ახლა ახალი წელი რომ მოდის, ისე მეშლება ნერვები, რომ არავინ მომწონს... არა, მოწონებით როგორ არ მომწონს, მაგრამ არა სერიოზულად.
- ახალი წელი რა კავშირშია, საჩუქარი გინდა მიიღო?
- არა. ახალ წელს, თოვლს რომ დადებს, მინდა, სახლში ნაძვის ხესთან ვიყოთ ჩემი ორი დაქალი და ჩემი გატაცება ერთად. ჩემი ოჯახის წევრები ბოლო რამდენიმე ახალი წელია მიდიან. მე მარტო ვრჩები დაქალებთან ერთად. მინდა, შეყვარებული მყავდეს, რომელსაც ახალ წელს ჩავეხუტები, ფანჯარაში თოვას ვუყურებთ და ერთმანეთის საჩუქრებს გავხსნით. ვნახოთ, რა გამოვა. ერთი ბიჭი მომწონს ძალიან.
- მასაც მოსწონხარ?
- (იღიმის) სად წავა!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''