ამ ისტორიიდან რამდენიმე წელი გავიდა. დაახლოებით ერთი წლის წინ შავი პრინცი ისევ გამოჩნდა, თუმცა შეცვლილი. სცენურ სახელად „პრინცი-პი“ შეარჩია და ქართულ შოუბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა. მაშინ რეპერი „ნიჭიერში“ ერთ-ერთ კონკურსანტადაც ვიხილეთ, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა. ბაბე ამბობს, რომ აკაკი ბაბუნაშვილი მუსიკას დღესაც წერს, თუმცა ისინი ერთად აღარ არიან. გოგონასთან ინტერვიუს ჩაწერა „ნიჭიერში“ მისი გამოჩენის შემდეგ გადავწყვიტეთ. გვინდოდა, ახალგაზრდა და სექსუალური მოცეკვავისთვის ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცების გარეგნული მონაცემების შეფასება გვეთხოვა, მაგრამ სანამ მთავარ თემაზე გადავედით, აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში მოცეკვავე გოგონას ძალიან ბევრი დაუგროვდა სათქმელი და საკმაოდ დიდი ტკივილიც გადაიტანა.
- ყველა ფსევდონიმით მიცნობს, ამიტომ თქვენი მკითხველისთვისაც ბაბედ დავრჩები. 27 წლის ვარ და ამ ეტაპზე ერთ-ერთ კლუბში ვცეკვავ. მანამდე სხვა კლუბებშიც ვცეკვავდი. ვმონაწილეობდი „კომედი ჯგუფის“ სკეტჩებშიც, როცა სჭირდებოდათ. დღემდე ასეა. ცოტა ხნის წინაც მქონდა ჩაწერა. საზოგადოებამ დაახლოებით ექვსი წლის წინ რეპერ ბაბედ გამიცნო. ჩემს სიმღერას „გაიჩალიჩებ“ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა რეპერ შავ პრინცს ეკუთვნოდა და ჩემი ფსევდონიმის ავტორიც ის გახლავთ. მეუბნებოდა, რომ ბაბედ მან მომნათლა. აკაკის ერთ-ერთ ძველ ნამუშევარს ერქვა „ბაბე - ჰიპ-ჰოპის დედოფალი“ .
- მახსოვს, მისი მეუღლე იყავით...
- დიახ, საერთო შვილიც გვყავს, ოთხი წლის გოგონა, მაგრამ ამ ეტაპზე ერთად აღარ ვართ. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
- დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად ქუთაისში გადახვედით...
- პირველი პერიოდი თბილისში ვცხოვრობდით და შემდეგ ქუთაისში მოგვიწია გადასვლამ. ორი წელი იქ ვცხოვრობდით. უბანს ბალახვანი ერქვა. მაშინ ქუთაისურ კილოზე ვლაპარაკობდი (იღიმის). ეს არ იყო ტრაგედია, როდესაც ადამიანი გიყვარს, უდაბნოშიც კარგად იგრძნობ თავს. თან ქუთაისი კარგი ქალაქია, მუსიკალური, ერთი სფეროთი არ შემოიფარგლებიან, სხვადასხვანაირ მუსიკას უსმენენ. თან განსხვავებულად აცვიათ...
- თბილისში რატომ დაბრუნდი?
- აკაკის რუსეთში მოუხდა წასვლა, საქმის გამო დაუძახეს და ამ შანსის დაკარგვა არ უნდოდა. მაშინ შეეცადა, საკუთარი ძალები იქაც მოესინჯა. მისი წასვლის შემდეგ მე თბილისში დავბრუნდი. ამ დროს მერჩივნა, ჩემს მშობლებთან მეცხოვრა, რადგან ფეხმძიმედ ვიყავი.
- აკაკის წასვლის გამო დაინგრა თქვენი ოჯახი?
- არა, მაგრამ ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საყვარელი ადამიანი შეიძლება, დიდხანს ვერ ნახო, უფრო გენატრება, მაგრამ ამ მონატრებასაც აქვს რაღაც ზღვარი და ჩვენ ამ ზღვარს გადავცდით. ასაკიანი ადამიანები ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, გაიხსენებენ, რომ ადრე ცოლები ომში წასულ ქმრებს 5-6 წელს ელოდნენ, მაგრამ დღეს არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები.
- მეუღლე რომ არ წასულიყო რუსეთში, ახლა ისევ ქუთაისში იცხოვრებდით?
- არ მგონია, ალბათ ისევ თბილისში გადმოვიდოდით. აკაკი თავის საქმეს გააგრძელებდა, მეც რამეს ვნახავდი. ახლაც, როგორც ვიცი, რაღაცებს წერს. რუსეთიდან ორი წლის შემდეგ ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, გამიხარდა, რადგან როდესაც ადამიანი დიდი ხანი გიყვარს, გრძნობა ასე მალე არ ქრება. ვეცადეთ და კიდევ ერთი წელი „გავქაჩეთ“ ურთიერთობა, მაგრამ ამ პერიოდში შიგადაშიგ ვჩხუბობდით, ვკამათობდით და ბოლოს მშვიდობიანად დავშორდით.
- მაშინ უკვე ცეკვავდი?
- არა, მაგრამ ცეკვა იმიტომ არ დამიწყია, რომ მანამდე ქმარი მიკრძალავდა. ბავშვობიდან კარგად ვცეკვავ და ყოველთვის მომწონდა, როდესაც კლუბებში გოგონების ცეკვას ვუყურებდი. საერთოდ, აკაკის უთქვამს, რომ არაფერში შემზღუდავდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში არ ესიამოვნებოდა, მისი ცოლი რომ ვიყო და თან ვცეკვავდე.
- როგორ ცხოვრობდი ქუთაისში?
- ჩვეულებრივი მეოჯახე გოგონა ვიყავი. მეუღლე დილას მუსიკალურ სტუდიაში მიდიოდა, საღამოს შინ მოსულს საჭმელს ვახვედრებდი. არაფერს ვაკლებდი, ტანსაცმელს ვუკერავდი და ასეთი ცხოვრება მომწონდა.
- ალბათ, მაინც გეწყინა, როდესაც აკაკიმ კარიერა არჩია და ფეხმძიმე მეუღლე დაგტოვა.
- რა თქმა უნდა, მაშინ ფეხმძიმობის მესამე თვეში ვიყავი. ერთია, როცა ფეხმძიმედ არ ხარ და იგებ, რომ შენი მეუღლე სხვა ქვეყანაში კარიერის ასაწყობად მიდის და მეორე, როცა ამ მდგომარეობაში ხარ. ორსულს ყველაზე მეტად გინდა, რომ საყვარელი ადამიანი შენ გვერდით იყოს. შიმშილსაც მოითმენ, ახირებასაც, მაგრამ გვერდით საყვარელი ადამიანი გჭირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ჩნდება. იმ წუთას გინდა, რომ ეს სიხარული შენმა მეორე ნახევარმაც გაიზიაროს. ნახოს, როგორი ანგელოზი გყავთ. მე, სამწუხაროდ, ეს სიხარული არ მიგრძნია, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდება. ასეთი ტკივილი, ტრავმა უფრო მაძლიერებდა. ამას შემდეგ მივხვდი. ამის გამო რომ დავსუსტებულიყავი, ახლა რიგითი გოგონა ვიქნებოდი და შეიძლება, ცხოვრების ცუდი გზა ამერჩია. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ როდესაც შვილი გყავს, ამის გამო ბევრი რამის გაკეთება გიწევს. ახლა ხელოვნებას ვემსახურები და მინდა, ამ კუთხით წავიდე წინ.
- გასაგებია, წარმატებას გისურვებ შენს სფეროში. ახლა ჩვენი შეხვედრის თემაზე გადავიდეთ და ქართველი პოლიტიკოსი მამაკაცები შეაფასე. ირაკლი ღარიბაშვილით დავიწყოთ.
- ღარიბაშვილი ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელიც ალბათ ყველას არა, მაგრამ ქალების ერთ კატეგორიას მოეწონება. ალბათ, უფრო ბიზნესლედი ქალბატონებს.
- პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი...
- რაც შეეეხება გიორგი მარგველაშ ვილს, არ ჩამქოლოთ, მაგრამ ის ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. თუმცა მასაც აქვს თავისი ხიბლი, რომლითაც შეიძლება, 35 წელს გადაცილებული ქალბატონები მიიზიდოს. ისეთი ქალბატონები, წარმატებული და ჩამოყალიბებული კაცები რომ მოსწონთ - მამაკაცური ნაკვთებით.
- მიხეილ სააკაშვილზე რას გვეტყვი?
- არ მინდა, ხალხმა ცუდად გაიგოს, მაგრამ ახალგაზრდა სააკაშვილი ძალიან სიმპათიური ყმაწვილი იყო. მარტო მე კი არა, 18-25 წლამდე გოგონებსაც მოსწონდათ. მახსოვს, ერთი მეგობარი მყავდა - დიანა, რომელიც მიშაზე განსაკუთრებულად აფანატებდა. წინასაარჩევნო პერიოდში ყველგან იყო დეპუტატობის კანდიდატ სააკაშვილის საარჩევნო პლაკატები, დიანა დაღამებას ელოდა და ჩვენი კორპუსის სიახლოვეს გაკრულ მიშას ფოტოებს იპარავდა. ახლანდელი სააკაშვილი ალბათ უფრო 30 წლის გოგონებს მოეწონებათ.
- ირაკლი ალასანია...
- ოოო... ირაკლი ალასანია მეც მომწონს (იცინის). ის ყველა გოგონას მოსწონს და მის მომხიბვლელობას ასაკში არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ირაკლი ყველა ასაკის ქალბატონს მოსწონს.
- რა მოსწონთ მასში განსაკუთრებულად?
- ხალი და ტუჩები, ასევე გამოხედვა. სიმპათიური სახე აქვს. საერთოდ, ხომ ამბობენ, რომ მამაკაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ირაკლის კაცური სილამაზე აქვს, რაც ქალის თვალსა და გემოვნებას აკმაყოფილებს.
- გიორგი თარგამაძე...
- გიორგიც სიპათიურ მამაკაცად მიმაჩნია. მომწონს მისი ლოგიკა, მშვიდი საუბარი, სატელევიზიო გამოსვლების დროს ყოველთვის ადეკვატურია და უკონფლიქტო. მისი ეს სტრატეგია მისაღებია. არასოდეს ლაპარაკობს ზედმეტს. მომწონს მისი გარეგნობაც, XXI საუკუნის ტიპაჟია და ზუსტად ჯდება პოლიტიკოსის ჭრილში.
- გიგი უგულავა, გიგა ბოკერია...
- გიგის ნაკვთები ცალ-ცალკე რომ დაათვალიერო, ნაკლს ვერ მოუძებნი და ერთიანობაშიც სიმპათიურია. რაც შეეხება გიგა ბოკერიას, განსაკუთრებულად მომწონს მისი თვალები, ოდნავ ეშმაკური გამოხედვა აქვს, რაც მამაკაცში მომწონს. არ ვამბობ, რომ ადამიანი ეშმაკი უნდა იყოს, მაგრამ მისი იდუმალი გამოხედვა მხიბლავს. თვალებით ყველაზე მეტად იზიდავს ადამიანს.
- პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ დასასრულს დავით ბაგრატიონი შეაფასე.
- ახლა ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორ გამოიყურება და მერე გეტყვით როგორია (ფიქრობს). დიახ, საინტერესო ადამიანია. სამეფო სახელს ამართლებს, რადგან არისტოკრატული გარეგნობა აქვს.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“