- მუსიკალურ
- პროფესიით ვინ ხარ?
- აი, ეგ არ ვიცი ჯერ (იღიმება).
- როგორც ვიცი, ფოტოგრაფიით ხარ დაინტერესებული.
- ადრე უფრო ვიყავი დაკავებული ფოტოგრაფიით. ახლა აპარატიც აღარ მაქვს, თან რაღაც მეზარება. სახლში ფოტოსტუდია მაქვს და დიდი ხანია არც ჩამირთავს. არქიტექტურულზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ, ვმღერი. ჯერ არ ვიცი, ვინ ვიქნები ბოლოს. თუმცა რაც არ მღლის, ეს სიმღერაა. ყოველდღე სიმღერით, რეპეტიციებით არ დავიღლები და ყოველდღე ხაზვით შეიძლება გავაფრინო. მამა არქიტექტორია და მის კვალს გავყევი. მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არ ვგიჟდები.
- რაზე გიჟდები?
- სიმღერაზე.
- და გოგონებზე?
- სიმღერასა და გოგონებს არაფერი სჯობს (იცინის).
- მახსოვს ის სცენა, როცა „ახალ ხმაში“ მწვრთნელები ლამაზი კონკურსანტი გოგონებით „გაბამდნენ“ , კარგი გოგონები მყავს გუნდში, რამდენიმე შენზე გიჟდება და ჩემთან წამოდიო, სტეფანე გეუბნებოდა.
- ჰო, ეს შოუს ელემენტი იყო, მოუხდა. სიმღერის მერე ყველა კონკურსანტი დაძაბული დგას ხოლმე სცენაზე. ჩემი ორივე გამოსვლა მხიარული იყო. მაოს ვკითხე, კარგი გოგონები თუ გყავს, შენთან წამოვალ-მეთქი. არა, ისედაც მაოსთან მინდოდა, გოგონების გამო არ წავსულვარ.
- ბრმა კასტინგზე სტეფანეს გარდა ყველა შემოგიტრიალდა, როგორი ურთიერთობა გაქვს დღეს სტეფანესთან?
- არაჩვეულებრივი. გუშინაც ერთად ვიქეიფეთ მაომ, სტეფანემ და მათმა ბავშვებმა.
- ბრმა კასტინგზე დათო აირჩიე, რინგზე დათომ გაგწირა და შოთა ადამაშვილი დაიტოვა. ალბათ, გული დაგწყდა.
- რა თქმა უნდა, დამწყდა. ერთადერთ რამეზე ვიდარდე, როცა მწვრთნელი გუნდიდან გიშვებს, მაყურებელს ჰგონია, რომ ცუდი ხარ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ვიღაც გჯობია, არა, ფიქრობენ, რომ ყველა გჯობია და შენ არ ვარგიხარ. ასეთია დამოკიდებულება. მერე ყველას უნდა აუხსნა, რომ დათოს არც ერთის გაგდება არ უნდოდა და ა.შ. მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მაოს გუნდში, ამას ვერც წარმოვიდგენდი, სანამ გავიცნობდი. დათოს გაუტყდება, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, მეც გამიტყდა, რომ გამაგდო (იცინის). მაო რაც გავიცანი, მასთან ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე დათოსთან.
- დიდი ალბათობით შენ და შოთა ადამაშვილი ფინალშიც შეხვდებით ერთმანეთს.
- ფინალში ყოფნა ძალიან გამიხარდება, ვინც გინდა მედგეს გვერდით. რინგზე ისევ თუ გადავეყარე შოთას სადმე, მგონი, უკვე პირდაპირი გაგებით რინგი იქნება (იცინის), ერთს მაგარს შემოვარტყამ და მოვიგებ.
- სხვათა შორის, შოთამ ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ არაფრით მეტი არ არის შენზე, მეტიც, შენს სუფთა ბგერებს გაუსვა ხაზი, შენ როგორ დაახასიათებ მას?
- ნამდვილად კარგი კონკურსანტია, მწვრთნელების რეაქციიდანაც ჩანს ეს და მაყურებელსაც ძალიან უყვარს. მაგრამ რომ გითხრათ, ძლიერი კონკურენტი იყო ჩემთვის და მასთან ერთად რინგზე დადგომის მეშინოდა-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მინდოდა, დუეტი კარგი გამოსულიყო და ასეც მოხდა. ზოგადად ჩემს ნამღერს არ ვუსმენ ხოლმე. ერთხელ მოვუსმენ და დამთავრდა, მეორედ უკვე მაღიზიანებს. ეს იყო გამონაკლისი, ბევრჯერ მოვისმინე.
- ამბობენ, რომ საუნდტრეკი ფილმიდან „ერთხელ“ , რომელიც რინგზე შეასრულეთ, შენი საყვარელი სიმღერაა და დათომ ის შენ მოგარგო.
- ვინ ამბობს, მომეცი ტელეფონის ნომერი, დავურეკავ და ცოტა ცუდად ვუპასუხებ (იცინის).
- შოთას სტილი რომ არ იყო, ამაში მაინც ხომ მეთანხმები.
- შოთას ისეთი სტილი აქვს, არავინ მღერის. წარმოიდგინე, მე რომ „კაზაჩოკებით“ და სომბრეროთი გამოვიდე და ქანთრი ვიმღერო, რა სასაცილო ვიქნები. შოთამ თქვა, სიმღერა გიორგის მოარგესო?
- არა, სოციალურ ქსელში გაჩნდა ეს მოსაზრება.
- ეს იყო სიმღერა, რომლითაც ორივე კარგად გამოვჩნდით. ჩემზე მორგებულ სიმღერას ლოგიკური შედეგიც უნდა ჰქონოდა, ასეთ შემთხვევაში დათოს მე უნდა გადავეყვანე.
- როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
- სტუდენტი რომ ვარ, დიდად არ მეტყობა. თავს არ ვიკლავ. აუ, სამეცადინო მაქვს და ახლა გარეთ ვერ გამოვალ-მეთქი, ჯერ არავისთვის მითქვამს (იცინის). ძირითადად მეგობრებთან ერთად ვატარებ თავისუფალ დროს, ქეიფიც მიყვარს, მაგრამ სულ დალევაზეც არ ვფიქრობ.
- როგორ უვლი ხმას?
- არაფრით. სულ სხვა ხმა მქონდა ბავშვობაში, დედაჩემი ზუკა ხუციშვილის სიმღერებს მამღერებდა. ახლა იმ ვიდეოებს რომ ვუყურებ, ვერ ვხვდები, ასე როგორ შემეცვალა ხმა. ახლა ვარ ბანი. რომ იციან თქმა - ცივ წყალს არ ვსვამ და მზესუმზირას არ ვჭამ, ხვალ კონცერტი მაქვსო, ეს ჩემთვის უცხოა. ის კი არა, თვე-ნახევრის განმავლობაში სიგარეტს დავანებე თავი, ხრინწი ცოტა მომშორდა და ისე არ მომეწონა, ისევ მოწევა დავიწყე (იცინის). ყელის ტკივილიც არ ვიცი, რა არის.
- გიორგი, მხიარული გამოვიდა ჩემი ორივე გამოსვლა ამ კონკურსზეო, მითხარი. თუმცა ამ ყველაფერს თან ახლდა ტკივილი, რომელსაც ირაკლი ღუღუნიშვილი ჰქვია. ის ამ ორი ტურის განმავლობაში შენ გგულშემატკივრობდა ტყუპისცალთან ერთად. ალბათ რთული იყო ამის ყურება შენთვის.
- რინგის ვიდეოს ნახვა განსაკუთრებით გამიძნელდა. ეს იყო ბოლო ვიდეო, სადაც ჩემთან ერთად იყო, შემდეგ ტურში, რომელიც ჯერ არ უნახავს მაყურებელს, ძალიან მეძნელებოდა სიმღერა. პანაშვიდიდან წავედი კონცერტზე. ჯერ საერთოდ წამოსვლა მინდოდა პროექტიდან. არ მემღერებოდა. არ გამოჩნდება ლამაზად-მეთქი, ვფიქრობდი. ირაკლის ტყუპისცალმა, ლაშამ გადამაფიქრებინა, ირაკლის უფრო გაუხარდება შენი წინსვლა და კარგი გამოსვლა ამ პროექტშიო. კონცერტზე ნოკაუტზე არავინ წამიყვანია, არც ერთი გულშემატკივარი. არ მიყვარს, კონკურსანტებმა თავის შეცოდება რომ იციან. სახეზე მეტყობოდა, რაც მჭირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეკითხებოდა, რა გჭირსო. სიმღერის დროს ვერ შევიკავე თავი, ნახევარი სიმღერა ვიმღერე და მერე ცრემლები წამომივიდა. მაისური მეცვა, რომელზეც ირაკლის ფოტოა გამოსახული.
- გიორგი, დარწმუნებული ვარ, შენი თაყვანისმცემლების რიცხვმა იმატა. როგორი გოგონები იქცევენ შენს ყურადღებას?
- შავგვრემნები და მაღლები (იღიმის), ზედმეტად გადაპრანჭვა რომ არ უყვართ - ისეთები. გოგოს სახლთან რომ მიაკითხავ, 7 საათის მერე რომ ჩამოდის სხვაფერი, ამაზე ვგიჟდები, ხელები რომ აქვს მარტო კანისფერი (იცინის).
- გქონია ასეთ გოგონებთან ურთიერთობა?
- კი, მაგრამ მეორედ აღარ მივსულვარ.
- როგორია შეყვარებული გიორგი?
- გადართული შეყვარებულზე, ყურადღებიანი, მაგრამ ბოლოსკენ ცუდი ხდება. დაშორების მიზეზიც მე ვარ ხოლმე. სანამ მოასწრებენ და დამშორდებიან, მე ვშორდები (იცინის). გამოჩნდება ვინმე უფრო მაღალი...
- და უფრო შავგვრემანი?
- (იცინის) არა, უფრო შავგვრემანი არა, უფრო მაღალი და მერე მასზე გადავერთვები ხოლმე.
- სიურპრიზებსაც აკეთებ შეყვარებულისთვის?
- არა. გუშინ ვლაპარაკობდი ზუსტად მაგაზე. გოგოსთვის არასდროს მიჩუქებია ყვავილი, მით უმეტეს ვარდი. ერთადერთი სიმღერა მიმიძღვნია, ტელევიზიითაც და ფანჯრებთანაც მიმღერია, მაგრამ ძირითადად ძმაკაცებს დავყვები ხოლმე მაგ ამბებში.
- საინტერესოა, ვინ იქნება მომავალი სერენადის ადრესატი.
- არ მინდა არავინ. ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს მე და ჩემი რეპეტიციები.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“