30 ნოემბერი, 2013
''არ ვარ სამი წლის ბიჭი, რომელსაც ტაკუნებზე წამოარტყამ''
არავის წინაშე ვალდებული არ ვარ, ამ პროექტიდან არ ვიღებ ხელფასს და არც პრივილეგიები მაქვს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაღაცებზე თვალი უნდა დავხუჭო ანრი ჯოხაძე GDშ-ის, შეიძლება თამამად ითქვას, უკვე წარმატებული პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა. ''ერთი ერთში'' რვა არტისტი მონაწილეობს, ყოველ კვირას მათ რთული დავალებებისთვის უწევთ თავის გართმევა. ანრიმ წინა ოთხშაბათს ელ ჯერო განასახიერა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა კი თავად ძალიან ეშინოდა, რადგან ისეთ მიმდინარეობას ეხებოდა, როგორიც ჯაზია. მისი შესრულება ვოკალის ცნობილმა პედაგოგმა ეფრემ შანელმა,
რომელიც იმავდროულად ჟიურის წევრიც გახლავთ, დიდად არ მოიწონა. საბოლოო ჯამში, ელ ჯეროსთვის ანრიმ საკმაოდ დაბალი ქულები დაიმსახურა. ამის გამო ნაწყენიც დარჩა და ჟიურის კომპეტენციაში ეჭვი შეიტანა. ანრის გადაცემის მეორე დღეს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, უკვე ფიქრობს, ღირს თუ არა მისი დარჩენა პროექტში.

- დამირეკა არხის ხელმძღვანელობამ, აღმასრულებელმა პროდიუსერებმა, მათ, ვინც ასეთ შემთხვევებში ურეკავს ხოლმე მომღერლებს და შემომთავაზეს მონაწილეობა. ეს აგვისტოში მოხდა. სიმართლე გითხრა, თავიდან ძალიან შევიკავე თავი, რადგან ამ პროექტში მონაწილეობა, ფაქტობრივად, იმას ნიშნავდა, რომ მთელი ჩემი საქმეები უნდა გადამედო და მთლიანად ამაზე უნდა გადავრთულიყავი. სინამდვილეშიც ასე მოხდა, რადგან რაც ამ შოუში ვარ, ყველა საქმე გადავდე. უნდა გადამეწყვიტა, მიღირდა თუ არა მონაწილეობა. როდესაც პირობები გამაცნეს, დავთანხმდი.
- საინტერესოა, ''ერთი ერთშის'' მონაწილეებს თუ გიხდიან თანხას?
- არა, არც ერთ მონაწილეს არ აქვს ანაზღაურება და შემოთავაზება არც ყოფილა. უბრალოდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმონაწილეობთ. სხვათა შორის, ბევრმა მომღერალმა სწორედ ამ ფაქტორის გამო თქვა უარი შოუში მონაწილეობაზე, მაგალითად, დუეტმა ''ჯორჯიამ'' . საქმე ის გახლავთ, რომ ეს იმდენად რთული პროექტია, რადგან ანაზღაურება არ არის, მონაწილე ზუსტად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მას უღირს მონაწილეობა სხვა კუთხით. მაგალითად, უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის იმედი, რომ რომელიმე საპრიზო ადგილზე მაინც გავა. თქვენ იცით, რომ პირველ სამ ადგილზე გასულთათვის არის განსაზღვრული ჯილდოები. მეც ამის გათვალისწინებით დავთანხმდი პროექტს, ვინაიდან, დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ რომელიმე საპრიზო ადგილი უნდა დავიმსახურო. ეს ლოგიკურია და ამაში არაფერია გასაკვირი. ბევრს ვშრომობ. პროექტის დაწყებიდანვე მჯეროდა, რომ გამარჯვებისკენ უნდა წავსულიყავი. შესაძლოა, შორიდან ვიღაცას სხვანაირად ეჩვენება, მაგრამ ეს პროექტი კარგ არხზე კარგი პონტი და გართობა არ არის. ეს ჩემთვისაც და ყველა სხვა არტისტისთვისაც არის სერიოზული საქმე და არავინ იცის შიდა სამზარეულო და ის, რამხელა რესურსი იხარჯება თითოეული პერსონაჟის მომზადებისას ჩვენი მხრიდან. მონაწილეებს ვგულისხმობ და ვერავინ იტყვის, რომ ვინმე, ვინც ამ პროექტზე მუშაობს, ამაში მონაწილეებზე მეტ შრომასა და ენთუზიაზმს დებს. ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა სახე მაქვს ახეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს გვადებენ გრიმიორები იმისთვის, რომ არტისტებს მიგვამსგავსონ და ეს გრიმი სახეზე გაგვიჩერდეს, რომ ალბათ, ამ პროექტის შემდეგ რეაბილიტაციის კურსი დაგვჭირდება.

Rating

- პირველივე გადაცემის შემდეგ მიხვდი, რომ საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდე?
- სხვათა შორის, პირველი გადაცემა ამის მისახვედრად არ დამჭირვებია, რადგან თავიდანვე კარგად ვიცოდი, რა შრომას უკავშირდებოდა ეს პროექტი. კიევში გახლდით ამ გადაცემის უკრაინული ვერსიის ჩაწერაზე და იქიდან მივხვდი, რაც მელოდა. სტუმრად გახლდით მიწვეული.
- შენ თავად როგორ ფიქრობ, ყველაზე მეტად რომელი პერსონაჟი გამოგივიდა და რომელი - ნაკლებად?
- ყველაფერი შედარებითია და ამ პროექტშიც ასეა. როცა რვავე მონაწილე წარდგება, ერთმანეთთან შედარების საშუალება გაქვს და გადაწყვეტილებაც იმის მიხედვით უნდა მიიღო, რომელია ყველაზე ახლოს პროექტის არსთან და ვინ არის ყველაზე მეტად ''ერთი ერთში'' . რაც შეეხება ჩემს პერსონაჟებს, რა თქმა უნდა, ეთერ კაკულიამ გამოიწვია ფურორი. დავანგრიე დარბაზი, გადაცემაში ატომური ბომბი შევაგდე. ვამაყობ იმით, რომ ჩემმა გამოსვლამ მთელი საქართველო აალაპარაკა. დანარჩენ პერსონაჟებზე კი იმას ვიტყვი, რომ ვოკალურად, ვფიქრობ, ყველას კარგად გავართვი თავი, მაგრამ ჟიურის არაადეკვატური შეფასებები უკვე სასაცილო ხდება.
- რას გულისხმობ?
- ბოლო გადაცემაზე რაც მითხრეს, რომ უფრო მეტი შრომა სჭირდებოდა ელ ჯეროს განსახიერებას, ამაზე მაქვს შემდეგი პასუხი - ჯანმრთელობის გამო ვერ ვახერხებდი რეპეტიციაზე ყოველდღიურად მისვლას.
- რაიმე სერიოზული პრობლემა გაქვს?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს, სერიოზული არა, მაგრამ ვერ ვახერხებდი რეპეტიციაზე ჩვეული ინტენსივობით დასწრებას. უცხოელ ქორეოგრაფსა და ვოკალისტს კი ერთი რამ დაავიწყდათ, რომ მე ვარ პროფესიონალი და თუკი ერთ-ორ რეპეტიციას გამოვტოვებ, ამით არაფერი დაშავდება. დაავიწყდათ, რომ სამი წლის ბიჭი არ ვარ, რომელსაც ტაკუნებზე ხელს წამოარტყამ. ელ ჯეროს ნომერში სულ რომ არ მემღერა, ზოგიერთის ნამღერზე უკეთესი მაინც იქნებოდა და არ მინდა ახლა მათი დასახელება. ყველა კარგად მიხვდება, ვისზეც ვამბობ.
არ მინდა, საზოგადოებამ ისე გაიგოს, თითქოს ჩემი დაბალი ქულების გამო ვლაპარაკობ ასე. ყოველთვის სიმართლის მხარეს ვდგავარ. ამიკოს რომ ჩაგრავდნენ და დაბალი ქულებით აფასებდნენ, ამის შესახებაც ვთქვი, შემდეგ დათო გომართელის შეფასებაზეც გავამახვილე ყურადღება. პირველმა მე ვიყვირე ამ ყველაფრის შესახებ. კარგი იქნება, თუკი ჟიურის არაკომპეტენტური წევრები შეიხედავენ ინტერნეტსივრცეში და ნახავენ, რა ხდება სოციალურ ქსელებში და რას წერენ მათ შესახებ.
- სოციალურ ქსელებში რა ხდება, რა ამოიკითხე?
- საოცრებები იწერება, საოცრებები. გადაიკითხონ. ჟიურის ოთხი წევრიდან სამი მაინც უნდა იყოს კომპეტენტური.
- შენ ყველაზე მეტად ელ ჯეროს შეფასებით დარჩი უკმაყოფილო?
- რა თქმა უნდა, რადგან ეს არ იყო ადეკვატური შეფასება. ნანუკა ხუსკივაძის შეფასებებით დავრჩი მხოლოდ კმაყოფილი, რადგან ნანუკა იყო ერთადერთი, რომელიც მიხვდა, რომ ჟიურიმ მოხარშა ფეკალური მასა. როგორ შეიძლება, ჟიურის ყველა წევრი ერთნაირად აზროვნებდეს და ერთნაირ ქულებს წერდეს.
- რაზე მიანიშნებ ამით?
- არ ვიცი. ვერავინ ვერ დამიმტკიცებს იმას, რომ ელ ჯეროს სიმღერა ცუდად შევასრულე. ყოველ შემთხვევაში, ის, ვინც ამ შემსრულებელს კარგად იცნობს. მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ კახა კანდელაკს, რომელსაც აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასებები ჰქონდა. ასეთი არაპროფესიონალური ტექსტები მიუღებელია და ჟიურის წევრებმა უნდა შეიკავონ თავი, რადგან მათზე კარგად მესმის მუსიკა და მათზე კარგად ვიცნობ თუნდაც ელ ჯეროს შემოქმედებას. თუ მათ ტიპობა უნდათ, სხვაგან იტიპონ და არა კონკურსში.
- დაფიქრდი თუ არა იმაზე, რამდენად გიღირს საქართველოში კონკურსებში მონაწილეობა?
- იცი, რა არის? ვერ ვიტყვი, განხიბლული ვარ-მეთქი, მაგრამ ძალიან ტეხავს, რომ არაპროფესიონალურად და არაკომპეტენტურად გაფასებენ. ვიღაც ალბათ მკითხავს, წინა ტურში რომ მაღალ ქულებს გიწერდნენო?
- მეც მაგას გკითხავ აუცილებლად. ჟიურის წევრები ხომ გიწერდნენ მაღალ ქულებსაც და დადებითადაც გაფასებდნენ?
- ეთერ კაკულიას განსახიერებას მივუბრუნდები, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემი საუკეთესო გამოსვლა იყო. ჟიურის სამმა წევრმა ათიანი დამიწერა. რატომ ათიანი და რატომ 12 ქულა არა, როცა დაინგრა დარბაზი? მათ ამ ათი ქულის გამო მადლობას ნამდვილად ვერ ვეტყვი. უკაცრავად, მაგრამ ოთხზე უნდა დამდგარიყო ყველა მათგანი და უმაღლესი შეფასებები აეწიათ. კაკულიას გამო უყურა მაყურებელმა ამ გადაცემას, იმიტომ კი არა, რომ მე გავაკეთე, უბრალოდ, ასეთი შოუ გამოვიდა. ეს იყო ათი კი არა, 30-ქულიანი გამოსვლა. ფილიპ კირკოროვი რომ ავიღოთ მაგალითად, ძალიან საშუალო, არაფრით გამორჩეული ქულები დამიწერეს, პირველ ადგილზე ესემესებითა და მონაწილეებისგან მოცემული ქულების წყალობით მოვხვდი. საბოლოო ჯამში, ჟიურის არც ერთი ჩემი ნომერი ადეკვატურად არ შეუფასებია.
- გადაცემის დასრულების შემდეგ გაქვთ საშუალება, რომ ჟიურის წევრებს თქვენი მოსაზრებები გააცნოთ და ჰკითხოთ, რატომ დაგიწერეს ესა თუ ის ქულა?
- კარგი, გეხვეწებით, რა... რაღა უნდა ვკითხო? ხომ ჰგონიათ, რომ მაგარი ტიპები არიან? ვფიქრობ, როცა ჟიურის სკამზე სხდებიან, ყველას ასე ემართება, ჰგონიათ, რომ შენ დამწყები მომღერალი ხარ და არაფერს არ წარმოადგენ. ეს არის ქართული ხასიათი.
- კი, მაგრამ, იქ ორი ამერიკელი ზის, რომელთაც აქვთ კარგი ბექგრაუნდი, ეფრემ შანელი და ზაკ რისი - ერთი საკმაოდ წარმატებული ვოკალის პედაგოგია, რომელსაც ვარსკვლავებთან უმუშავია, მეორე კი - ქორეოგრაფი, რომელიც ფრანგული ''იქს-ფაქტორის'' შოუს დგამდა.
- ესეც საკითხავია, აქვთ თუ არა ეს ბექგრაუნდი. ამას კატეგორიულად ვერ მივიღებ. ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ ვოკალში ეფრემზე ნაკლებად ვერკვევი.
- რამდენადაც ვიცი, ამ პროექტში ვოკალის პედაგოგად შენი და, მაგდა ჯოხაძეც მუშაობს. იქ შენი რეკომენდაციით მოხვდა?
- არა, რა ჩემი რეკომენდაციით, პროდიუსერებმა მიიწვიეს.
- ანრი, ახლა არ ხარ კარგ განწყობაზე და ეს შენს საუბარს ეტყობა, მომავალ გადაცემებში ხელს ხომ არ შეგიშლის მსგავსი განწყობა, რომ შემდეგი პერსონაჟები კარგად წარმოაჩინო?
- ჩემი ყოფნა-არყოფნის საკითხი ამ პროექტში უკვე დავაყენე. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, დავრჩე თუ არა ამ შოუში. არა იმიტომ, რომ ვიღაცას პონტი ავუგდო და ვიმეტიჩრო. მიმაჩნია, რომ არ ვარ ის არტისტი, რომელიც შეიძლება, ვინმემ საჯიჯგნად გამოიყენოს. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც პროექტში პედაგოგად მუშაობს, ჟიურიში იჯდეს. არავის წინაშე ვალდებული არ ვარ, ამ პროექტიდან არ ვიღებ ხელფასს და არც პრივილეგიები მაქვს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რაღაცებზე თვალი უნდა დავხუჭო.
- კი, მაგრამ, ანრი, ეს პროექტი ხომ არტისტისთვის ძალიან კარგია, შენ კი გიცნობთ დიდი ხანია, მაგრამ შენზე ''ერთი ერთშის'' საშუალებით, ბევრი საინტერესო და ახალი რამ გავიგეთ. არ ფიქრობ, რომ ხელოვანისთვის ეს მაინც მომგებიანი პროექტია?
- რა სარგებლობა მოაქვს ამას ჩემთვის? პირველ რიგში, სარგებელი მოაქვს ახალგაზრდა არხისთვის. ''ჯი-დი-ესი'' არის ძალიან კარგი, პერსპექტიული არხი, მაგრამ როცა ასეთ პრესტიჟულ არხზე არაკომპეტენტური ჟიური ზის, არ ვიცი, ეს როგორ უნდა შევაფასო. არტისტებთან მიმართებით ასეთი ცუდი რამ არ უნდა ხდებოდეს. არ ვიცი, ქულებს აბალანსებენ, თუ რა არის, მაგრამ გუშინ რაც მოხდა, ეს პირდაპირ არხის ავტორიტეტს აზიანებს.
- ესემეს-ლიდერი იყავი არაერთხელ და საკმაოდ ბევრ მესიჯს იღებ ყველა გადაცემაზე. მაყურებელს მოსწონს შენი გამოსვლები და მხოლოდ ჟიურის შეფასებებს რატომ აქცევ ყურადღებას?
- მაყურებელი რომ მხარს გიჭერს, ეს კარგია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე თავზე უნდა დაისვა. არ ვამბობ, რომ ელ ჯეროზე ათი და თორმეტი ქულა მეკუთვნოდა, მაგრამ ბოლოდან მეორე ადგილი?!. ვინც ფიქრობს, რომ მე ეს ადგილი მეკუთვნოდა, სირცხვილი მას!..

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
თათა
ძალიან გემოვნებიანი შოუ....ზანგებისგან რამე,რომ ისწავლოთ ურიგო არ იქნებოდა.გეყოფათ...დავიგალეთ.. თქვენი მდარე გემოვნებით....ანრი ამბიციურია...
01:27 / 10-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თAმო
მომწონს ანრი, უძლიერესია, უდაოდ მაგარიაა, მარტო იმიტო ვუყურებ ამ შოუს რომ ანრი ვნახო. . . შერის შესრულება იყო ძალიან მაგარი და სიმართლე ვთქვა გავოცდი ასე დაბალი ქულებით რომ შეაფასეს, ჯიურიზე რასაც ამბობს მართალია.ანრი გამარჯვებას გისურვებ.
12:20 / 06-12-2013
გამოხმაურება / 0 /
იზა
ძალიან მომწონხარ ანრი მაგრამ ეს ამბიციურობა ხელს გიშლის ბოლომდე მომწონდე.
23:51 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანრი
ნამდვილი დაბოღმილი ქარტველის ბლაბლაბლა არის.
23:48 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა
რატომ ვიბოღმებით ქართველები, როცა ვინმეს ნიჭიერებაზეა საუბარი, ანრი რომ ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში ალბათ ეა სადავო არ არის. თანაც ანრი ინტერვიუში ლაპარაკობს ჟიურის წევრების არაკომპეტენტურობაზე და არა მონაწილეების უნიჭობაზე. მივესალმები რომ ასე თავდაჯერებულია,სხვნაირად წარმატებული ვერ იქნებოდა.
15:26 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS