- ქალბატონო ეთერ, იმდენჯერ მოიტყუეთ თქვენი ასაკი, კიდევ გახსოვთ, რამდენი წლის ბრძანდებით?
- 33 წლის ვხდები. არა, მართლა აღარ მახსოვს. იმდენჯერ მოვიტყუე, ყოველ წელს სხვადასხვა ასაკს ვ
- როგორ აპირებთ ამ დღის აღნიშვნას?
- ჭორვილაში მინდოდა გადამეხადა, ბიძინა ივანიშვილის დედა, ქალბატონი ციცინო ჩემი მეგობარია და მან შემომთავაზა. ახლა გადავიფიქრე, მეუხერხულება მაინც, ჩემი დაბადების დღე ჭორვილაში რატომ უნდა გადავიხადო. 94 წლის ქალია ციცინო, როგორც ჩიტი, ისე დაფრინავს. საოცარი ქალბატონია, ძალიან მიყვარს. ახლა ''მარიოტში'' აპირებენ ჩემი მეგობრები ჩემი დაბადების დღის აღნიშვნას, ნაზი ალასანიამ და მანანა გაბრიჭიძემ ითავეს ეს საქმე.
- დაახლოებით მაინც იცით, როგორი იქნება თქვენი დაბადების დღე?
- ვერაფერს ვეკითხები, ისე მეუხერხულება, ან საიდან შოულობენ ფინანსებს, არ ვიცი. შეხვედრა-კონცერტი, დაახლოებით ასეთი ტიპის საღამო იქნება. საღამოს გივი სიხარულიძე წაიყვანს. მეც ვიმღერებ. მანამდე ფორმაში მოვალ, დღეს რაღაც ვერ ვარ ფორმაში, სხვანაირი ვარ უმაკიაჟოდ, არა? მაგრამ ასე უფრო ახალგაზრდულია, ხომ მართალია?
- მართალია, მართალი.
- ნინო, უყურე ჩემი და ანრის ნომერს ''ჯი-დი-ეს'' -ზე? ასეთი შოუ არ განმეორდება, არადა, გუშინ დაბალი ქულები დაუწერეს. ისე დამწყდა გული. ვერავინ ვერ გააკეთებდა მაგ ელ ჯეროს, არაფერი არ აქვს ისეთი, რომ შოუ გააკეთო.
- სამაგიეროდ, რამდენი აქვს ეთერ კაკულიას?..
- აბა, როგორი პირველი ადგილი ავაღებინე.
- თქვენთან მოვიდა ხომ სამეცადინოდ?
- რად უნდა ანრის მეცადინეობა, ისეთი ნიჭიერია. ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, დარბაზიდან ვუყვიროდი, ეთერიიიი!!! როგორი მაკიაჟი გაუკეთეს, გრიმი, რა საოცარი მსგავსება იყო, თან ჩემსავით რომ დადიოდა (იცინის).
- ყველაზე მეტად რა მოგეწონათ?
- ბიუსტი. ვუთხარი კიდეც, მე ამხელა ბიუსტი არ მაქვს-მეთქი. დიდი გქონდა, მერე დაგიპატარავდაო, მიპასუხა. მოკლედ, ბევრი ვიცინეთ. ფეხსაცმელიც და კაბაც სპეციალურად შეუკერეს. ერთი ზომით დიდი შეუკერიათ ფეხსაცმელი და ორი კოლჰოტი ეცვა. როგორ დადიოდა ქუსლზე და თან რა ლამაზი ფეხები ჰქონია, გავგიჟდი. იმას დარდობდა, ფეხები, ხელები და გულისპირი რომ გაპუტეს საწყალს (იცინის). ზურგით იდგა, ლიფტი რომ ჩამოვიდა, უკან ბალიში ჰქონია ჩადებული, რომ მოტრიალდა, ისეთი კივილი ავტეხე, ყველა მე მიყურებდა. სკამებზე იდგა ახალგაზრდობა. ასეთი შოუ მართლა არ ვიცი მეორე და არც ასეთი შოუმენი მეგულება ვინმე. ის მე მაქებს ხოლმე, მე - მას.
- ხმაც მიამსგავსა თქვენსას, მოგეწონათ?
- რას ლაპარაკობ. ორ მომენტში ზუსტად ეთერი იყო! თვითონ ანრისაც გაუკვირდა. ეთო, საიდან ამომივიდა ეს ხმაო, მეკითხებოდა (იცინის). მერე ექსპრომტად ვიმღერეთ. გაგიჟდნენ ჟიურის ამერიკელი წევრები. არადა, რა იცოდნენ მანამდე, ვინ იყო ეთერ კაკულია.
- მეგობრობთ, როგორც მივხვდი...
- კი, ბავშვობიდან ვმეგობრობთ (იცინის), ისიც ხომ 33 წლის არის, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. სხვათა შორის ძალიან კარგი მამა ჰყავდა, დედამისი, რუსიკოც ჩემი მეგობარია, სიმღერებს მიწერდა. ხშირად დავდიოდი მაგათთან, პურმარილს მიშლიდნენ, კერძო სახლი აქვთ ეზოთი, გლდანში.
- გლდანი არ არის ეგ, სანზონაა.
- (იცინის) ჰო, მე ცოტა ვერ ვერკვევი, ისე გლდანელებზე სიმღერაც მაქვს. ''ვაკელებო'' გადავაკეთე და ''გლდანელებო'' ვიმღერე.
- ''ერთი ერთშის'' დავუბრუნდეთ, დარბაზში მაყურებელი როგორ შეხვდა ორ ეთერს ერთად?
- არაჩვეულებრივად. ჩვენთან ფოტოები გადაიღეს.
- ხომ არ გაკომპლექსებდათ, ანრი რომ ზედმეტად მაღალი გამოჩნდა თქვენთან?
- არა. მე თან დაბლები ჩავიცვი. ეთქვა, ჩავიცვამდი მაღლებს. ეს ამხელა კაცი კი 33-სანტიმეტრიან ქუსლზე ეიფელის კოშკივით მედგა თავზე (იცინის). ლილიპუტი გამოვჩნდი მის გვერდით. არადა, დაბალი ხომ არ ვარ, არა? უბრალოდ, ახლა ცოტა გავხდი.
- რატომ?
- რა ვიცი. ისე კარგია, რომ გავხდი, პუტკუნა ვიყავი. ერთი წლის წინ საშვილოსნოზე ოპერაცია გავიკეთე და მას მერე ცოტა მადა დავკარგე. მეგობარმა ძალით წამიყვანა ექოსკოპიაზე, თორემ ვერ გავიგებდი, რა მჭირდა. ისეთი ჯანმრთელი ადამიანი ვარ, წამალი არ დამილევია 50 წელია. ნარკოზს რომ ვიკეთებდი, ვმღეროდი და მერე უკვე აღარ მახსოვს. ექიმები თავზე მევლებოდნენ. არავისთვის გამიგებინებია. არ მიყვარს ასეთ რამეები. მე ხომ სულ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო. მწუხარე ეთერი ვის გაუგია?
- შოუებში დადიხართ, პრესის ჟურნალისტებს მასპინძლობთ და არასდროს ამბობთ უარს ინტერვიუზე. ეს ყველაფერი თქვენთვის დამღლელი არ არის?
- შოუვუმენი ვარ ნამდვილად. ვარ და ხომ უნდა ვაღიარო? ამას წინათ ბათუმში ვიყავი კონცერტზე. დედას გეფიცები, ორი ათას ფოტოს მაინც ვიღებ ერთ კონცერტზე. რა გავაკეთო, ვარსკვლავი ვარ და ხალხს უარს ხომ არ ვეტყვი. თან ბავშვებს როგორ ვუყვარვარ. სცენაზე რომ ავდივარ, გაუპატიურებულ კვერნას ვგავარ (იცინის). მაგრამ სცენა ისეთ ენერგიას მაძლევს, ისე ვკუნტრუშებ, სცენაზე რომ ავდივარ... თან, მოკლე კაბებს ვიცვამ. ეს ლარივით ფეხები ხომ უნდა გამოვაჩინო, არა? დედა, რა მატრაკვეცა ხარ, ეთერ (იცინის)! მიხარია, რომ ასეთი რეიტინგული ვარ. ჩემი ხნის ხალხი შეიძლება, მიწაშიც არის უკვე. დედა, რა საშინელება თქვი ეს, ეთერ!
- საკუთარ თავს ხშირად ესაუბრებით?
- ხშირად. ვგიჟდები ამ პროცესზე. მაგალითად, სარკის წინ ვდგავარ და რაღაცას ვიცვამ, ეთერ, ეს არ გიხდება, გაიხადე-მეთქი, ხშირად მივმართავ საკუთარ თავს. იცი, რა კარგი პროცესია? ყველამ უნდა გააკეთოს ასე... ამას წინათ მე და თემურ წიკლაურმა მონაწილეობა მივიღეთ ''იმედზე'' ნიკა წულუკიძის გადაცემაში. კულინარიული გადაცემა აქვს, თემურმა იმღერა, ''ტრულაილას ფული რად უნდა'' . უნდა ნახოთ, როგორ ვცეკვავ. გეუბნებით რა, სცენა და კამერები რაღაც სასწაულ ენერგიას მაძლევს. ისე სასაცილოდ ვცეკვავ, შეიძლება ცუდად გახდეთ.
- კულინარიულ გადაცემაში კერძი თუ მოამზადეთ?
- მე ხომ ხელჩლუნგი ვარ. ნიკამ გააკეთა ჩემ მაგივრად ყველაფერი. მე მწვანე ხახვი და ბულგარული წიწაკა დავჭერი. ამით დამთავრდა ჩემი კულინარობა. თემურმა ძალიან გემრიელი კერძი გააკეთა. თურმე დიდი კულინარი ყოფილა.
- გეგმებზე რას მეტყვით?
- პირველ რიგში, ჩემი დაბადების დღე მოდის. მერე, საახალწლოდ მინდა, ფილარმონიაში კონცერტი გავაკეთო თავისი ვარსკვლავით. დათო ოქიტაშვილი ორი წლის განმავლობაში მეხვეწებოდა, ვარსკვლავს გაგიხსნიო. ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, ყველა დაიხოცა და არ მინდა-მეთქი.
- ახლა რატომ დათანხმდით?
- ვარსკვლავისთვის მოვმწიფდი უკვე, დროა (იცინის).
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''