ჯობია, მარტივად იცხოვრო, გქონდეს ოჯახი და იმის შესაძლებლობა, რომ მათთან ბედნიერად იყო. ცხოვრებაში მილიარდები ზედმეტია, ამიტომ არ მინდა მქონდეს
''კომედი შოუს'' მსახიობმა ნიკა კაკაბაძემ თავი პრემიერზე შესრულებული პაროდიით დაგვამახსოვრა. მალე პრემიერი წავა პოლიტიკიდან და ნიკას სხვა პერსონაჟზე მოუწევს მუშაობა. სავარაუდოდ, ეს პერსონაჟი ახალი პრემიერი ან პრეზიდენტი იქნება.როდის ფიქრობდა ივანიშვილის პაროდისტი გენერლობაზე
- დედა წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდანაა, მამა - ხონის რაიონიდან. ერთმანეთი ქუთაისში გაიცნეს. კომუნისტების პერიოდი იყო
- მშობლებს რა პროფესიები ჰქონდათ?
- მამა ელექტრიკოსი გახლდათ, დედის პროფესია ზუსტად არ ვიცი. მოკლედ, შექმნეს ოჯახი და გავჩნდი მე. სურათზე მე ვარ. როგორც ხედავთ, ბავშვობაში ძალიან პუტკუნა ვიყავი. ხუთი წელი სოფელში ვცხოვრობდი და მერე ქუთაისში გადავედი. ქუთაისში ვსწავლობდი, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი და უმაღლესში ჩავაბარებდი.
- ბავშვობა რომელ სოფელში გაატარე?
- ხონის რაიონის სოფელ კუხში. ბევრი ყველასთვის ცნობილი კაკაბაძე ამ სოფლიდანაა - დავით კაკაბაძე, პოლიკარპე კაკაბაძე. ზოგადად, კაკაბაძეები ძირითადად ამ სოფლიდან არიან.
- ცნობილი კაკაბაძეების ჩამონათვალში შენი თავი გამოგრჩა.
- (იცინის) არ შეიძლება, რომ მათ სიაში ვიყო.
- დედამამიშვილი გყავს?
- ორი წლით უმცროსი და მყავს. მომდევნო ფოტოზე ჩემი დაა.
- სკოლაში კარგად სწავლობდი?
- ქუთაისში თავიდან ჩვეულებრივ სკოლაში დავდიოდი. მერე გადამიყვანეს ქუთაისის გაძლიერებულ ფიზიკა-მათემატიკურ გიმნაზიაში. ტექნიკურ საგნებს კარგად ვსწავლობდი. ვერავინ იფიქრებდა, რომ მსახიობობის ნიჭი აღმომაჩნდებოდა. ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დავდიოდი და უფრო ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა, განსაკუთრებულად ისტორია და ქართული. ალბათ, ზოგადად ასეა. ვისაც სამსახიობო ნიჭი აქვს, ტექნიკური საგნები ნაკლებად ეხერხება.
- როგორც ჩანს, შენმა მშობლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს შენი ნიჭი.
- მშობლებმა, სადაც კარგ განათლებას იღებდნენ, იმ სკოლაში შემიყვანეს. ჩემი მოსწავლეობის დროს დასავლეთ საქართველოში ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ყველაზე კარგი იყო, ახლა არ ვიცი, ამ მხრივ შეიცვალა თუ არა სიტუაცია. ჩვენი სკოლიდან მსოფლიო ოლიმპიადაზე იმარჯვებდნენ ბავშვები. ფოტო ბავშვობაში ერთ-ერთ ზეიმზე გადამიღეს. მე იმ ბავშვებს შორის არ ვყოფილვარ, რომლებიც ოლიმპიადებზე იმარჯვებდნენ.
- სკოლის დამთავრების შემდეგ რა პროფესია აირჩიე?
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც გასულ წელს დავამთავრე.
- მსახიობობის სურვილიც არ გაგჩენია?
- არანაირად. სამხედრო იურისპრუდენცია მიტაცებდა და გენერლობაზე ვფიქრობდი. თეატრში დღემდე არ მიყვარს წასვლა. ყოველთვის ვინმეს მიბაძვა მაინტერესებდა. ტელევიზიაც მომწონდა. ბევრი სფერო მაინტერესებდა და მერე მოხდა ისე, რომ თვითონ სფერომ ამირჩია, მე არ ამირჩევია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოვხვდი ''კომედი შოუში'' . თუ არ ჩავთვლით უმაღლესში გამოცდების ჩაბარებას, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი იყო.
- როგორც ვიცი, ''კომედი შოუში'' მისვლისთანავე ბიძინა ივანიშვილის პაროდია გააკეთე.
- ასე მოხდა, რადგან იმ მომენტში ბიძინა ივანიშვილის თემა იყო აქტუალური. მოგვიანებით გავაკეთე სოსო ჯაჭვლიანის პაროდია. ახლა ახალ პერსონაჟებზე ვმუშაობ, შეიძლება, ისეთივე წარმატებული ვერ გახდეს, როგორიც წინა ორი იყო. ახალი პრემიერისა და ახალი პრეზიდენტის მიბაძვას ვაპირებ.
- როგორც ვხვდები, ''კომედი შოუში'' მისვლამ შენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და საერთოდ აღარ გიფიქრია იურისტობაზე.
- იურისტობას თავს არ დავანებებ. მაგისტრატურაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, თუმცა შეიძლება, სხვა კუთხით გავაგრძელო სწავლა. ჟურნალისტიკამ გამიტაცა. მინდა, მოვამზადო გადაცემები ისტორიულ თემებზე. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფერო ესაა. ''კომედი კლუბში'' მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შემძინა. ვისწავლე ტელეკამერებთან მუშაობა, სცენარის წერა, ლექტორებთან ურთიერთობა.
- რას გულისხმობ?
- როცა ეკრანზე ჩანხარ, უფრო პრივილეგირებული ხარ. სულ რომ არაფერი იცოდე, ნიშანს არავინ დაგიწერს, მაგრამ ხელს ძალიან მიწყობდნენ, რომ მემუშავა და სწავლაშიც ხელი არ შემშლოდა.
''პინგვინები მიყვარს, ზვიგენები - არა''
- მომდევნო ფოტო როდის გადაიღე?
- უნივერსიტეტში სწავლის დროს. ''კავეენში'' ვთამაშობდით და ჩვენ წარმატებული გუნდი გვქონდა.
- შემდეგ ფოტოზე ქართლოს ნატროშვილთან ერთად ხარ. ქართლოს ნატროშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, როცა პრეზიდენტის პაროდიას ვაკეთებ, მას ძალიან ვემსგავსები, როცა მხოლოდ ქართლოს ნატროშვილი ვარ, ბევრი არაფერი მაქვს სალაპარაკოო. შენ თუ ფიქრობ, რომ პაროდიის კეთებასთან ერთად პრემიერს დაემსგავსე?
- შინაგანად რომ რაღაც მსგავსება არ არსებობდეს, პაროდია არ გამოვა. უნდა იფიქრო, როგორც ის ფიქრობს და აზროვნებს. მგონია, რომ რაღაც მომენტში ხასიათითაც ვგავარ ბიძინა ივანიშვილს. თუნდაც იმ საკითხში, რომ არც მე მიყვარს იმაზე საუბარი, როცა რამე კარგს გავაკეთებ. დღემდე ავტობუსით დავდივარ. არ მესმის, რატომ უნდა ვიარო ტაქსით.
- გიყვარს ის ცხოველები, რომელიც პრემიერს ჰყავს?
- ვერ ვიტყვი, ზვიგენები მიყვარს-მეთქი. პინგვინები მეც მიყვარს.
- შენს გაკეთებულ პაროდიაზე პრემიერი ან სოსო ჯაჭვლიანი განაწყენებულან?
- ჩემთვის არავის უთქვამს, პრემიერს ან სოსო ჯაჭვლიანს რამე ეწყინათო. როდესაც ადამიანის პაროდიას აკეთებ, ეს საწყენი არ უნდა იყოს. დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი რამ არავის უნდა სწყინდეს. მეფეებსაც კი ჰყავდათ მასხარები. სადამ ჰუსეინი თავის ორეულებს იყენებდა. მე არ ვამბობ, გინდა თუ არა, პრემიერმა თავის ორეულად გამომიყენოს-მეთქი, მაგრამ იუმორი არავისთვის მიუღებელი არ უნდა იყოს. პირიქით, ეს მათთვის სასიკეთოა, ამით მან თავისი შეცდომები უნდა დაინახოს. პაროდია ცუდი კუთხით არ უნდა გააკეთო. მე ვიტყოდი, რომ მიხეილ საააკაშვილის პაროდიამ ის მაყურებელს კარგი კუთხით დაანახვა.
- ვფიქრობ, რომ პრემიერს ხელების მოძრაობით ჰგავხარ. ეს მანერა სკეტჩის გაკეთების მერე დაგჩემდა თუ მანამდეც გახასიათებდა?
- ყოველთვის ასეთი ვიყავი. პაროდიებში არ ვრჩები. გადაღებიდან რომ გამოვდივარ, ვხდები ჩვეულებრივი ნიკა. პრემიერს სახის მიმიკებითაც ვგავარ. ვერ ვიტყვი, ჩემი ხმა ერთი ერთში ჰგავს-მეთქი.
- ოჯახის წევრები შიშით ხომ არ უყურებენ შენს საქმიანობას? უთქვამთ, საშიში არ იყოს, პრემიერს რომ ჰბაძავო?
- ასეთი მომენტი თავიდან იყო, ''კომედი შოუში'' რომ მივედი. მომდევნო ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული. მეუბნებო დნენ, პრემიერზე ხუმრობა სასურველი არ არისო. პირადად მე მსგავსი შიში არასდროს გამჩენია. ვიცი პრემიერის ხასიათი და დაახლოებით ვხვდები, რა რეაქცია შეიძლება ჰქონოდა ამა თუ იმ ხუმრობაზე. მსგავსი რამ რომ აკრძალო, დიქტატორი უნდა იყო.
რატომ არ უნდა მილიარდები
- გყავს მეუღლე, თამუნა ლომსაძე. მომდევნო ფოტოზე მასთან ერთად ხარ. თამუნას დიდი ხანია, იცნობ?
- დაახლოებით ერთი წლის წინ გავიცანი. შვიდთვიანი ურთიერთობის შემდეგ ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. თამუნა ჩემი პაროდიების მიმართ ძალიან კრიტიკულია. სანამ პაროდიების კეთებას დავიწყებდი, მანამდე გავიცანი. ამ თემაზე არ მეხერხება საუბარი. პრემიერს ამაშიც ვგავარ. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.
- ნამდვილად ასეა. პოლიტიკაში მოსვლამდე მას არავინ იცნობდა.
- მეც ზუსტად ასე ვიყავი. სანამ ტელევიზიაში არ მივედი, მანამდე ძალიან ცოტას ვლაპარაკობდი.
- და მას მერე მეგობრები ამბობენ, თურმე რამდენს ლაპარაკობო?
- არც ახლა ვლაპარაკობ ბევრს. გადაღებები რომ სრულდება, იქ მთავრდება ჩემი საუბარიც.
- დარწმუნებული ვარ, სიდედრსა და სიმამრს გაუხარდათ, ასეთი ადამიანის პაროდისტი მათი სიძე რომ გახდა.
- თამუნას მშობლები რომ გავიცანი, მერე შეექმნათ აზრი ჩემ შესახებ. ეკრანზე ორმოც წელს გადაცილებულ კაცს ხედავდნენ და როგორ უნდა მოვწონებოდი. რომ გამიცნეს, მიხვდნენ, რომ მთლად ხელწამოსაკრავი არ ვიყავი. სინამდვილეში 23 წლის ვარ. პირველი სკეტჩის შემდეგ ჩემმა მშობლებმაც კი ვერ მიცნეს.
- თამუნა რას საქმიანობს?
- სამედიცინო ინსტიტუტის წარმატებული სტუდენტია. მე ორი კურდღლის მდევარი გამოვდივარ. თამუნა კი თავისი მიზნისკენ მიდის. პროფესიაში გაორება არ აქვს.
- როგორც მითხარი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად გიწევს მგზავრობა. ბიძინა ივანიშვილის პაროდიის შესრულების გამო სრულიად უცნობებისგან ქება ან რისხვა დაგიმსახურებია?
- პირველი ინტერვიუები რომ დაიბეჭდა, კომენტარებში მლანძღავდნენ, როგორ შეიძლება ბატონი ბიძინას პაროდიის გაკეთებაო.
- რას ამბობდნენ, რატომ არ შეიძლება?
- რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თავიდან ინტერვიუს კომენტარებში რისხვა დამატყდა თავს. ქუჩაში უარყოფითი დამოკიდებულება არავისგან მიგრძნია. მეუბნებიან, ძალიან მოგვწონხარო და წარმატებას მისურვებენ.
- მეგობრებთან ერთად რომ ხარ, ალბათ, ბევრი გთხოვს პაროდიის გაკეთებას.
- ჩემს მეგობრებს თავადაც შეუძლიათ პაროდიების კეთება. მაგალითად, თორნიკე მაჩიტაძე კარგად აკეთებს ლევან ბერძენიშვილის პაროდიას და როცა მეგობრები ვიკრიბებით, უფრო მეტი ''დატვირთვა'' მასზე მოდის.
- პრემიერს პირადად არასდროს შეხვედრიხარ?
- ქართლოს ნატროშვილს რამდენჯერმე ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა. მე არ შევხვედრივარ პრემიერს. არცაა აუცილებელი.
- გინდა, პრემიერის მსგავსად მილიარდები გქონდეს?
- არ მინდა. მხოლოდ ის მინდა, სამსახური და არსებობისთვის საჭირო ფული მქონდეს.
- მილიარდი რომ იშოვო, ამისთვის ხომ ბევრი მუშაობაა საჭირო.
- მილიარდების მფლობელს ძალიან ბევრი ფიქრი სჭირდება. ამდენი ფიქრის თავი არ მაქვს. ჯობია, მარტივად იცხოვრო, გქონდეს ოჯახი და იმის შესაძლებლობა, რომ მათთან ბედნიერად იყო. ცხოვრებაში მილიარდები ზედმეტია, ამიტომ არ მინდა მქონდეს.
- მილიონიც არ გინდა?
- არა. რომ ვუყურებ, მილიარდების მფლობელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორ არის, არ მინდა.
- შენი აზრით, მილიარდების მფლობელი ბიძინა ივანიშვილი ცუდად გრძნობს თავს?
- ადამიანები ხომ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე ცუდად ვიგრძნობდი თავს მის ადგილას, უფრო სწორად, მილიარდები რომ მქონოდა. პრემიერობა საერთოდ არ მინდა. ახლა ერთადერთი რამ მინდა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარო.
- ფიქრობ, მილიარდერობა და ჟურნალისტობა შეუთავსებელია? არც მილიონი გინდა?
- არც მილიონები და არც მილიონი არ მინდა. მინდა მქონდეს იმდენი, რაც ელემენტარული ცხოვრებისთვისაა საჭირო.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''