ირაკლი ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა და მის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა.
31
სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტშიც.
ჰყავს მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილი და ორი მცირეწლოვანი ვაჟი. ირაკლისა და ნუნუკას სიყვარულის ამბავს, ირაკლის პრემიერად წარდგენის დროს, განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილმა.
ირაკლისა და ნუნუკას ერთმანეთი მართლაც სკოლის ასაკიდან უყვარდათ, მათი სიყვარულის ისტორიას მთელი რაიონი მშვიდად ადევნებდა თვალს, რადგან, როგორც ამბობენ, მომავალი პრემიერი სერიოზული, მოწესრიგებული და საუკეთესო მოსწავლე გახლდათ. არასოდეს ჩხუბობდა და შესანიშნავად წერდა თავისუფალ თემებს. აფხაზეთზე დაწერილმა თემამ მისი ქართულის მასწავლებელი აატირა, თუმცა ქალბატონი ეთერი ირაკლისთვის მხოლოდ მასწავლებელი არ ყოფილა, შვიდი წლის განმავლობაში მათი კლასის დამრიგებელი გახლდათ.
როგორ იზრდებოდა ღარიბაშვილიმშობლიურ რაიონში, რით დაამახსოვრა თავი ქალაქს და მასწავლებლებს, ამ თემაზე ინტერვიუ ქალბატონ ეთერ ზურიკაშვილთან ჩავწერეთ.
ალბათ, ყველა მასწავლებელი აქებს თავის მოსწავლეს, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც წარმატებული მომღერალი, მსახიობი ან პოლიტიკოსი გახდება, მაგრამ ქალბატონი ეთერისთვის ირაკლი მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებული მოსწავლე გახლდათ.
- უკვე ოცდახუთი წელია, რაც დედოფლისწყაროს პირველ საჯარო სკოლაში ვასწავლი. ირაკლის კლასი, როგორც სადამრიგებლო, 1993 წელს ჩამაბარეს. შვიდი წლის განმავლობაში მათი დამრიგებელი ვიყავი და თან ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი.
- რით გამოარჩევდით ირაკლის სხვა მოსწავლეებისგან?
- ირაკლის კლასი მეხუთე კლასიდან ჩავიბარე და ის ყოველთვის მოწესრიგებული და სამართლიანი მოსწავლე გახლდათ. ძალიან კარგად სწავლობდა. შვიდი წლის განმავლობაში არ მახსოვს, ერთხელ მაინც ეთქვას, რომ გაკვეთილი არ იცოდა. უზომოდ ნაკითხი ბავშვი იყო. ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდა. დაურეკეთ, ყველა მასწავლებელი იმავეს გეტყვით.
- გაკვეთილზე შენიშვნა არასოდეს მიგიციათ?
- არა, შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ასეთი რამ არ მახსენდება. გამორჩეული მოსწავლე იყო. როგორც იცით, ბოლო კლასებში ბიჭები არ სწავლობენ, ყოყლოჩინობენ და იმ მოსწავლეებს დასცინიან, რომლებიც კარგად სწავლობენ. ირაკლისთვის ასეთი რამ არავის გაუბედავს. პირიქით, ირაკლი კლასელებისთვის მისაბაძი პიროვნება იყო. სკოლა ხუთებზე დაამთავრა. მეათე კლასში სწავლისას საქართველოში არსებულ მოსწავლეთა პარლამენტის წევრად აირჩიეს. რაიონის სკოლიდან ერთი ბავშვი უნდა შერჩეულიყო და დედოფლისწყაროდან ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი.
- გაკვეთილზე კითხვების დასმა თუ უყვარდა?
- ძალიან ბევრ კითხვას სვამდა, სანამ ბოლომდე არ გაერკვეოდა საკითხში. მეშვიდე კლასში სწავლისას ირაკლის კლასს თავისუფალი თემა დავაწერინე - „ვინ მინდა ვიყო მე“ . ირაკლიმ დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობაზე ოცნებობდა. ბავშვი იყო, მაგრამ ენებს ძალიან კარგად სწავლობდა, რუსულს, ინგლისურს. შესანიშნავად იცოდა ქართული. თქვენ რომ მისი ნაწერები ნახოთ, გაგიჟდებით, ჩაწიკწიკებული აქვს ყველა თემა.
- მშობლები თუ დაუბარებიათ სკოლაში?
- არა. ირაკლის უაღრესად განათლებული მშობლები ჰყავს. დედამ, მარინა ყორანაშვილმა, უდიდესი წვლილი შეიტანა შვილის სწავლა-განათლებაში. როდესაც სკოლაში მოდიოდა, ყველა მასწავლებელს და მათ შორის მეც მეუბნებოდა, რომ არაფერი გვეპატიებინა. მხოლოდ ცოდნას ითხოვდა და დედის ასეთმა მიდგომამ კარგად იმოქმედა ირაკლის ჩამოყალიბებაზე. ქალბატონი მარინა ბრწყინვალე დედა იყო და ყველა საკითხს გაგებით უდგებოდა.
- ბავშვები ალბათ ექსკურსიაზე ხშირად დაგყავდათ.
- რა თქმა უნდა, უამრავი ფოტო გვაქვს გადაღებული. ირაკლი ძალიან კომუნიკაბელური და მეგობრული ბავშვი და ექსკურსიების სული და გული იყო. ძალიან კარგად უკრავდა ყველა ინსტრუმენტზე - ჩონგურზე, გიტარაზე, პიანინოზე. საუკეთესოდ ცეკვავდა და მღეროდა. ექსკურსიებზე ჩონგური, გიტარა თან გვქონდა და წამყვანი ირაკლი იყო. პრინციპული და სამართლიანი ბიჭი გახლდათ, იმდენად მეგობრული, რომ ყველა მის გარშემო ტრიალებდა. წეღანაც აღვნიშნე, რომ მისთვის არასოდეს არავის გაუბედავს, კარგად სწავლის გამო რამე ეთქვა, მართლაც ლიდერი იყო. მეათე კლასში სწავლისას ბავშვებს თავისუფალი თემა დავაწერინე - „ჩვენ გვტკივა აფხაზეთი“ . ირაკლიმ იმდენად კარგად დაწერა, რომ ცრემლი მომადგა. ბოლოს ასე ამთავრებდა - „ჩვენ ვიქნებით ის თაობა, რომელიც დაიბრუნებს აფხაზეთს“ . მჯერა, რომ ირაკლი ამისთვის იბრძოლებს და მინდა, მთელ საქართველოს მივულოცო მისი პრემიერ-მინისტრობა და ვუსურვო, რომ ბევრი ჰყავდეთ ირაკლისნაირი ქართველი.
- სკოლაში არასოდეს უჩხუბია?
- არა, ისეთი კლასი მქონდა, რომ ჩხუბში, გარჩევებში არ მონაწილეობდნენ. გარეთაც არ გამიგია, რომ ვინმესთან ეჩხუბოს. შეიძლება, არც გჯერათ, მაგრამ სკოლის დამთავრების ხუთი და ათი წლის აღნიშვნისას მთელი კლასი დღემდე ერთად იკრიბება.
- როგორი იყო შეყვარებული ირაკლი?
- ძალიან კარგი... მომავალი მეუღლე მეცხრე კლასიდან უყვარდა წმინდა, სპეტაკი სი-ყვარულით. ნუნუკა ირაკლიზე ერთი წლით უმცროსია. ისიც ტრადიციულ ოჯახშია გაზრ-დილი. საუკეთესო ოჯახის შვილია და მთელ რაიონს უყვარს მისი მშობლები. არ არსებობს რაიონში ადამიანი, რომელსაც ნუნუკას ოჯახი არ უყვარდეს. მისი ბებია ჩვენს სკოლაში გერმანულს ასწავლიდა, განათლებული და კარგი ქალბატონი იყო. 21 წლის გახლდათ ირაკლი და 20-ის ნუნუკა, როდესაც ოჯახი შექმნეს.
- როგორც ვიცი, ნუნუკას დედოფლისწყაროს სკოლა არ დაუმთავრებია.
- შვიდი კლასის ჩათვლით ჩვენთან სწავლობდა, შემდეგ თამაზი სამუშაოდ თელავში გადაიყვანეს და იქ წავიდა. ირაკლისა და ნუნუკას სიყვარულზე რაიონში ზედმეტად არასოდეს ლაპარაკობდნენ.
- მას შემდეგ, რაც ირაკლის სიყვარული ეწვია, ხომ არ გაზარმაცდა?
- არა, პირიქით, უფრო მეტი სტიმული მიეცა. უფრო მეტად მიზანდასახული გახადა სიყვარულმა. როდესაც ნუნუკას მშობლებმა გაიგეს, რომ მათ შვილს ირაკლი უყვარდა, ერთი წუთითაც არ უთქვამთ უარი. ჩვენს შვილს ვინც უყვარს, იმას უნდა გაჰყვეს ცოლადო. თან ირაკლი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, უკვე საფრანგეთში სწავლობდა.
- საზღვარგარეთ სწავლამ და თბილისში ცხოვრებამ თუ შეცვალა ირაკლი თანაქალაქელებთან ურთიერთობისას?
- არა, არავის შეუმჩნევია, რომ ვინმესთან დამოკიდებულება შეცვლოდა. პირიქით, ძალიან თავმდაბალი ბიჭია. ყველას ძალიან უყვარს და თანამდებობით არ გაამაყებულა.
- რა ხდებოდა წინასაარჩევნოდ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, იმ პერიოდში დედოფლისწყაროზე განსაკუთრებული წნეხი იყო.
- პირადად ჩემზეც ძალიან დიდი წნეხი იყო, იმიტომ, რომ პირველივე დღიდან „ქართულ ოცნებას“ და ირაკლის დავუდექი მხარში, როგორც კლასის დამრიგებელი და როგორც მისი პედაგოგი. გვემუქრებოდნენ, ოჯახს უთვლიდნენ, რომ სამსახურიდან გაგვათავისუფლებდნენ.
- რამდენად მოულოდნელი იყო მოსწავლის პრემიერ-მინისტრობა თქვენთვის?
- მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან შინაგანად მჯეროდა, რომ ირაკლიმ იმდენად კარგად გაართვა თავი მინისტრობას, პრემიერ-მინისტრიც გახდებოდა. შვიდი წელი ვასწავლიდი და კარგად ვიცი მისი თვისებები. რაიონში იმდენად უყვართ ირაკლი, რომ ყველას გვჯეროდა მისი.
- ნუნუკაზე მოგვიყევით... ის თუ შეიცვალა?
- არაჩვეულებრივი ბავშვია, არასოდეს ეტყობოდა, რომ გენერლის, თამაზ თამაზაშვილის შვილი იყო. მისი დედა, მაია, ჩვენთან მუშაობდა სკოლაში. ის იმდენად კეთილშობილი ადამიანია, რომ ასეთივე შვილები გაზარდა. უზომო სიკეთეს აფრქვევენ მისი ოჯახის წევრები.
- ბოლოს როდის ნახეთ ირაკლი და რაზე ისაუბრეთ?
- „ქართული ოცნება“ რომ ჩამოყალიბდა, შეხვედრაზე ვნახე და მხარში დავუდექი. ვუთხარი, რომ მის გვერდით ვიდგებოდი. რაც უნდა მომხდარიყო, თანახმა ვიყავი, თუნდაც ამის გამო სამსახურიდან გავეთავისუფლებინე. დიახ, მზად ვიყავი ასეთი რამისთვისაც. ძალიან მინდა დაწეროთ, რომ ირაკლის წარმატებას მთელი რაიონი ზეიმობს და მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინამ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, მომდევნო დღეები სკოლაში მხოლოდ ამ თემაზე ვსაუბრობდით, ყველა იმდენად გახარებული ვართ. დიახ, მთელი სკოლა ზეიმობს, ვამაყობთ, რომ ირაკლიმ ჩვენი სკოლა დაამთავრა და აქ გაიზარდა. მინდა, თქვენი ჟურნალის სახელით წარმატება ვუსურვო და მჯერა, რომ ამ ნდობას გაამართლებს, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, რომ ამხელა ნდობა გამოუცხადა ჩვენს მოსწავლეს. ვამაყობ მეც და მთელი სკოლაც!..
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“