15 ნოემბერი, 2013
რამ დასწყვიტა გული ნინი ცნობილაძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში
სიამოვნებით ვიმღერებდი ჩემს საქართველოში, ჩემი ხალხისთვის, მაგრამ არც კონცერტია, არც შემოთავაზება. უამრავი ნიჭიერი ბავშვი იჩაგრება პროფესიით ჟურნალისტი 22 წლის ნინი ცნობილაძე მაყურებელმა კონკურსიდან ''ახალი ხმა გაიცნო. მისი ორიგინალური ვოკალი სოციალურ ქსელებში დიდი მსჯელობის საგანი გახდა, ''ცეკვავენ ვარსკვლავების შემდეგ კი მაყურებელმა მისი საცეკვაო მონაცემებიც შეაფასა. თავად მომღერალი თავისი გამოსვლებით კმაყოფილია და ჟიურის ზოგიერთი წევრის შეფასებებზე გულიც კი სწყდება. ნინიმ პროექტი დატოვა და დღეს ''რეიტინგის'' სტუმარია. რატომ არ უყვარს საქართველოში ჩატარებული კონკურსები და რატომ მიდის კარიერის გასაგრძელებლად სხვა ქვეყანაში,
ნინი თავად გიამბობთ.

- ნინი, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობამდე თუ გიცეკვია?
- არა. ეს შემოთავაზება საინტერესო იყო ჩემთვის და ბევრი არც მიფიქრია. ცეკვა ჩემს პროფესიასთან ახლოს არის, სცენაზე მოძრაობა მჭირდება. სიმღერის დროს სცენაზე მოძრაობა აქამდე არ მიცდია. ახლა უკვე ვცდი. ცოცხლად სიმღერა და თან ცეკვა საკმაოდ რთულია, მაგრამ შევეცდები. ცეკვასთან კი არა, სპორტთანაც კი არ მქონია აქამდე შეხება. ამის გათვალისწინებით კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლებით. ამასაც თუ შევძლებდი, არ მეგონა. გული დამწყდა, რომ პროექტი დავტოვე, აზარტში ვიყავი უკვე, მეტი და მეტი მინდოდა გამეკეთებინა. თან ვხედავდი, რომ უკეთ და უკეთ გამომდიოდა.
- მოკლე პერიოდში არაერთი კონკურსის მონაწილე იყავი. ჩვენ ''ახალი ხმიდან გაგიცანით...
- არადა, კონკურსის ფორმატი არ მიყვარს, მთრგუნავს. ''ახალ ხმაში ჩემს ნამღერს ვერ ვუსმენდი. ახლაც ვერ ვუსმენ მაშინდელ გამოსვლებს. იმის გამო, რომ კონკურსის ფორმატში ვმღერი, შინაგანად ვიძაბები, თავისუფლად ვერ ვარ. უკეთ შემეძლო მემღერა. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ ''ახალ ხმაში მონაწილეობა ღირდა. ორი წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთ რთულ ეტაპებს გავივლიდი, არა მხოლოდ სიმღერის მხრივ, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე ამ კონკურსისგან. ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე. ადამიანების შეფასებაზე დავფიქრდი. არ შეიძლება, მხოლოდ ერთი მხრიდან შეხედო ადამიანს და დადებითად ან უარყოფითად შეაფასო, შეფასებისას ძალიან ბევრი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინო. კონკურსები ადამიანურად გზრდის.
- ''ახალი ხმა, ''ცეკვავენ ვარსკვლავები და უკვე ცნობილი სახე ხარ. ჟურნალისტები ინტერვიუებს გთხოვენ. მიიჩნევ, რომ შენთან ეს ყველაფერი იოლად მოვიდა?
- არ იყო იოლი. ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ცხოვრებაში არავინ არაფერში დამხმარებია. ოჯახი რომ ოჯახია, მხოლოდ მორალურად მედგა გვერდში. თვითონ არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს რამე ვთხოვო. ნაცნობობა და მეგობრობა საქართველოში კი არის ფეხმოკიდებული, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია. ეს ჩემი კომპლექსია. თუ დახმარებას ვითხოვ, ე.ი. თვითონ არ შემიძლია ამის გაკეთება.
- ოჯახი ახსენე, დიდი ოჯახი გაქვს?
- დედა, მამა და უფროსი ძმა. ჩემი ოჯახი ხელოვნებასთან ყოველთვის ახლოს იყო. დიდი ბაბუა მღეროდა, ბებია ცეკვავდა, მამა სუხიშვილების მოცეკვავე იყო, დედა მუსიკოსია, კონსერვატორიის ათწლედში ასწავლის.
- სუხიშვილების ყოფილმა მოცეკვავე მამამ ქართულ ტურში შენი ცეკვა როგორ შეაფასა?
- ყველა მაგას მეკითხება (იღიმება). მამაჩემს რომ იცნობდეთ, მიხვდებით, რომ არ არის ის ადამიანი, ვინც შეცდომებზე მიგითითებს. უბრალოდ, შეიძლება გირჩიოს, ზოგადად შენიშვნები არ უყვარს. მე და მამას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ყველა ტურს ესწრებოდა. ქართულზე განსაკუთრებით ნერვიულობდა, მაგრამ კმაყოფილი იყო ყველა ჩემი გამოსვლით, ალბათ იმიტომაც, რომ ჩემი ცეკვა აქამდე არ უნახავს.
- როგორ მოხდა, მოცეკვავე მამამ ბავშვობაში ცეკვაზე რომ არ გატარა?
- მეც მიკვირს ეს, მიკითხავს კიდეც მშობლებისთვის. ალბათ იმიტომ, რომ რთული და დაუფასებელი პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში.
- მამას კონცერტზე ნამყოფი ხარ?
- არა. მამა 67 წლისაა. კონცერტები და სუხიშვილები უკვე დამთავრებული ჰქონდა, ცოლი რომ მოიყვანა.
- ნინი, ოთარ ტატიშვილის შოუში თქვი, რომ ქართულ ტურზე დადგმა არ გქონდათ, ანუ სუხიშვილების მოცეკვავეები არ გიფორმებდნენ ნომერს. მომეჩვენა, რომ გულდაწყვეტილი იყავი ამით.
- გულდაწყვეტილი ვარ გარკვეულ დეტალებზე, თუნდაც ჟიურის შეფასებაზე. იმას არ ვამბობ, რომ ჩემ მიმართ არ იყვნენ ობიექტურები. მაგრამ ამავე დროს სხვების მიმართ არ უნდა ყოფილიყვნენ სუბიექტურნი. შეფასებებისას მეგობრობა-ნაცნობობას ითვალისწინებდნენ და ეს გულდასაწყვეტი იყო. არ ვამბობ, რომ შეუდარებელი ვიყავი და მე უნდა მომეგო პროექტი, მაგრამ ჟიურის შეფასებებზე გული დამწყდა.
- ბოლო ტურის შეფასებებს გულისხმობ?
- არა მხოლოდ. პირველი ტურიდან ბოლო ტურამდე. ამიტომ არ მომწონს საქართველოში ჩატარებული კონკურსები. გარკვეულწილად მათიც მესმის. როცა ვიღაცასთან მეგობრობ, ბავშვობიდან ერთად მოდიხართ, ვერ იქნები ობიექტური მის მიმართ.
- რამდენიმე კონკურსანტმა რეპეტიციის დროს ტრავმა მიიღო, შენც გქონდა მგონი მსგავსი პრობლემა.
- ''ქვიქსტეპის ტურში მქონდა ფეხის ტრავმა. ლაივის წინა დღეს დავეცი და მუხლზე იმდენად რთული მდგომარეობა მქონდა, ექიმებს მენისკი ეგონათ. რენტგენი გადამიღეს. საბედნიეროდ, გადავრჩი მენისკს, ნაღრძობი აღმოჩნდა. თუმცა მუხლი გასიებული მქონდა და ძალიან მტკიოდა. ეს ცეკვა, ფაქტობრივად, ჩავარდა. დილით საერთოდ ვერ დავდიოდი. მერე სალომე ჭაჭუამ მომიტანა ფეხის გასაყინი საშუალება და ეს ძალიან დამეხმარა...
- რატომ არ გაუსვი ამ ფაქტს ხაზი სიუჟეტში მაინც, სანამ იცეკვებდი.
- არაკორექტულად მიმაჩნია ფეხის ტრავმაზე წუწუნი ცეკვის დროს. როცა ოთარ ტატიშვილმა ეს აღნიშნა, ნიკა ცისკარიძემ პასუხი გასცა, ჩვენთვის და მაყურებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ტრავმირებულია თუ არა კონკურსანტი, ჩვენ ცეკვას ვაფასებთო.
- შენ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა და სოფო ნიჟარაძის შემთხვევაში ჰქონდა?
- ჰო. არ ვიცი, ვისთვის როგორ არის. მე არც აღვნიშნავდი ჩემს ტრავმას, ჟიურის რომ არ გაემხილა. ეს პიარის ნაწილია. რომ დამეწყო წუწუნი, დედა, როგორ მტკივა ფეხი, ვკვდები-მეთქი, შეიძლება, აუტსაიდერებშიც არ აღმოვჩენილიყავი.
- დღეს ვის გულშემატკივრობ პროექტში?
- თაკო ჩორგოლაშვილს, ძალიან მინდა, გაიმარჯვოს. ჩემს გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მას დაუჭირონ მხარი.
- თქვენამდე პროექტი იულიამ და ოთომ დატოვეს. მათ დაბრუნებაზე იყო საუბარი... კონკურსანტებსაც გკითხეს აზრი?
- ჩვენ როგორც გვითხრეს, საუბარი იყო ვეტოს გამოყენების უფლებაზე. შემდეგ, როგორც აგვიხსნეს, შოუს მსვლელობის დროს შეუძლიათ ამის გამოყენება, მაშინ, როცა ორი აუტსაიდერი გამოცხადდება, სანამ გაირკვევა, რომელი ტოვებს პროექტს. ამიტომ, ჩემი აზრით, მათი დაბრუნება პროექტში ვეტოს სახელით არასწორი იქნებოდა. თუმცა კონკურსანტების გადასაწყვეტი ეს არ ყოფილა.
- მაინტერესებს, გკითხეს თუ არა კონკურსანტებს აზრი ამასთან დაკავშირებით?
- არ ვიცი, მე არანაირი პრეტენზია არ მქონია ოთოსა და იულიასთან დაკავშირებით. პრინციპში, როცა კონკურსში ხარ, ძლიერი კონკურსანტის დაბრუნება არ უნდა გიხაროდეს. მეც რომ ვიყო დღეს კონკურსანტი, არ მესიამოვნებოდა. აქ ხომ მეგობრობა და სიყვარული არ არის წინა პლანზე, ეს კონკურსია.
- ჟიური აღიარებდა, რომ საუკეთესო მეწყვილე გყავდა, ბარბებსაც კი გეძახდნენ, უხდებით ერთმანეთსო, ამასაც უსვამდნენ ხაზს, მართლა ხომ არ გაიბა ინტერესის ძაფები თქვენ შორის?
- (იცინის) 17 წლის ბავშვია, მე 22 წლის ვარ, პედოფილი ხომ არ ვარ (იცინის)? ვერ ვიტან ამ კითხვას.
- სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის წყვილს გაგახსენებ, ძალიან რომ არ გაბრაზდე...
- შეყვარებული მყავს, მაგრამ ვერც ამ თემას გავშლი. პირად ამბებს ყოველთვის ჩემთვის ვინახავ. ჩემს შეყვარებულს იმის მოსმენა, როგორ ვუხდებოდით ერთმანეთს, ძალიან არ სიამოვნებდა, თუმცა იცნობს იაკობს და კარგი ურთიერთობაც აქვთ.
- მუსიკალურ კარიერაში რა ხდება?
- სპონტანურად ბენდი შევქმენით, ჯერ სახელიც არ გვაქვს, ვმღერით, სადაც გვეპატიჟებიან, სტილის შესაბამისად. დავიწყე ჩემი სიმღერების სტუდიური ჩაწერა, რაც უნდა გაგიკვირდეთ, ერთ-ერთი რადიოპროექტისთვის ქართული სიმღერა ჩავწერე. სხვადასხვა თაობის მომღერლების დუეტები შესრულდება. მე ლაშა ღლონტთან ერთად ჩავწერე ''მონატრებიხარ ფიქრებს. ძალიან ვეცადე, რომ ნაზად მემღერა (იცინის), იმდენად, რომ მგონი, ზედმეტადაც კი გავნაზდი.
- ბევრისთვის ამოუხსნელია შენი ხმა. ნაწილი ამბობს, რომ ცხვირში მღერი და მაგის გაკეთებას არაფერი უნდა...
- იმღერონ მერე, სიამოვნებით მოვისმენ. მე ასე იმიტომ ვმღერი, რომ ასე დავიწყე სიმღერა 13 წლის ასაკში. სხვადასხვა საიტზე კომენტარების კითხვას ავყევი და სხვანაირად სიმღერა ვცადე, არ გამომივიდა. ეს არის, რაც ბუნებრივად გამომდის. თუმცა მომღერალი ხმას რომ იყენებს, ამაში გასაოცარი არაფერია. უცხოელი მომღერლები ამას წლების განმავლობაში ცდილობენ.
- უახლოეს გეგმებზე რას მეტყვი?
- საქართველოდან მივდივარ. საზღვარგარეთ მინდა გავაგრძელო კარიერა. აქ მომღერალს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სალომე ქათამაძე ავიღოთ, ამხელა კონკურსი მოიგო, მერე ''ახალი ტალღიდან მეორე ადგილი ჩამოიტანა და რა? სიამოვნებით ვიმღერებდი ჩემს საქართველოში, ჩემი ხალხისთვის, მაგრამ არც კონცერტია, არც შემოთავაზება. უამრავი ნიჭიერი ბავშვი იჩაგრება.
- შენ ხომ გყავს პროდიუსერი?
- კი. ნატო დუმბაძე, რომელიც მარტო პროდიუსერი არ არის ჩემთვის. უდიდეს პატივს ვცემ.
- კარგი პროდიუსერიც ვერ ცვლის სიტუაციას საქართველოში შენთვის?
- საქართველოში ვერა, მაგრამ მის ფარგლებს გარეთ ძალიან კარგად ცვლის ნატო ყველაფერს. სწორედ მასთან ერთად ვაპირებ წასვლას. არის გარკვეული გეგმები, წინადადებები, რომლებზეც ახლა დაწვრილებით ლაპარაკი არ მინდა. ბედიც უნდა ყველაფერს. ჯერჯერობით ბედს არ ვუჩივი და ვნახოთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
:D:D
მოისა არა გოისა ქვია :D:D:D
20:07 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
ლილიანა კაია ენის ფხანა? რა გაძინებთ ამხელა ბოღმით ჩემამდე არ დადის!გიო და სალომეზე ლამაზი წყვილი სადმე გინახავთ?
11:30 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლილიანა
ჭაჭუა რომ გავარდა ყველაზე მეტად ეგ გამიხარდა,მოისა კარგ ტიპია.ვერ ვიტან მოღალატე ძუკნებს.ხალხმა გაჩეჩილაძის ღალატი არ აპატია.თორემ ცეკვას ვერ დაუწუნებ.გამოიყენა გიგი და გახდა თუ არა ცნობადი ეგრევე მოაჯდა ვარდოსანიძეს.
03:58 / 17-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასიკო
სულ არ გამხარებია ბოისას გაგდება, მაგრამ გოჩა ჩერტკოევი ჭაჭუას გადამკიდე სულ მაღალ ქულებს უწერდა, ამით მონაწილეებს გულს წყვეტდა.მაგრამ ხალხმა ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო
16:07 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
სწორია ესგოგო.ძალიან მიყვარს ტოლი მაგრამ ჩერტკოევი სულ 9 იანებს და10 ნებს უწერდა.ეს მიტომ რომ მასთან ჭაჭუა ცეკვავდა. ბოლო ტურში 10 იანი ნამდვილად არ ეკუვნოდათ.აი მეცამეტე მონაწილეს ხალხის რჩეულს 9 დაუწერა ჩერტკოევმა.ჩერტკოევი ამ ბოლო დროს გაბანძდა.
16:02 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
წარმატებებს გისურვებ და ყველა ოცნების ასრულებას.
11:39 / 16-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS