13 ნოემბერი, 2013
რატომ არ ფიქრობს ია მეტრეველი სიყვარულზე
ხანდახან სოციალურ ქსელში მწერენ, ეკრანზე გნახე, შენი ტელეფონის ნომერი მომეციო, მაგრამ არ შემიძლია ასეთი ურთიერთობა ია მეტრეველის თამაშით კლუბში ''რა, სად, როდის'' ყველა აღფრთოვანებულია. თვითონ კი საკუთარი თავით კმაყოფილი არაა. გული სწყდება, რომ ქართული ენა ბავშვობიდანვე კარგად არ ისწავლა. ქართულად თამაში ძალიან უჭირს. როდესაც კითხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან ციტატებს შეეხება, ყოველი მეორე სიტყვა არ ესმის და საბოლოოდ კითხვას ვერ იგებს. რუსულად გაცილებით კარგად თამაშობს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ია თოთხმეტ წლამდე რუსეთში იზრდებოდა.

რატომ ეგონა, რომ თბილისში სულ ზაფხულის არდადეგები იყო

- მამას რამდენიმე ფოტოზე სამხედრო ფორმა აცვია, ახლაც სამხედროა?
- ახლა 74 წლისაა და დიდი ხანია, პენსიაზეა. დედაც პენსიონერია. დედა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი და არქიტექტორია. მამა სამხედროს გარდა პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო. ამ შემთხვევაში მათ საერთოდ არ ვგავარ, ჰუმანიტარი ვარ.
Rating
- როგორც ვიცი, მათი ერთადერთი შვილი ხართ.
- სამწუხაროდ, არც და მყავს და არც ძმა. მთელი ბავშვობა დედმამიშვილზე ვოცნებობდი.
- დედასთან ერთად ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- 1975-დან 1977 წლამდე სვერდლოვსკში, ახლანდელ ეკატერინბურგში ვცხოვრობდით. მერე ჩელიაბინსკში გადავედით იმის გამო, რომ მამა სამხედრო იყო. ორივე ქალაქი ურალშია.
- რუსული აქცენტი, ალბათ იმიტომ გაქვთ, რომ რუსეთში ქართულად საერთოდ არ ლაპარაკობდით.
- თბილისში რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრი ლაპარაკობდა რუსულად და ქართულის ცოდნა არ დამჭირდა. პუშკინის ინსტიტუტში ჩავაბარე, რუსული სექტორი მაქვს დამთავრებული. ქართულის სწავლა მაშინ გადავწყვიტე, როცა კლუბში ''რა, სად, როდის'' დავიწყე თამაში.
- ალბათ ძალიან გაგიჭირდათ ასე გვიან ენის შესწავლა.
- გული მწყდება, რომ ბევრი დრო დავკარგე. შემეძლო, უფრო კარგად მცოდნოდა ქართული.
Rating
- მომდევნო სურათიც, სავარაუდოდ, რუსეთში გაქვთ გადაღებული.
- ზუსტად არ მახსოვს, ფოტო რომელ ქალაქში გადავიღე. სანატორიუმში ვისვენებდით, სადაც ულამაზესი პარკი იყო. პარკში ძალიან ბევრი ციყვი იყო. ხელში მზესუმზირა მქონდა და ციყვი ჭამდა.
Rating
- რუსეთში გატარებული წლები როგორ გახსენდებათ?
- საბჭოთა პერიოდში წყნარი სიტუაცია იყო მთელ ქვეყანაში, მაგრამ სულ ვოცნებობდი, რომ თბილისში დავბრუნებულიყავით და სულ აქ გვეცხოვრა ოჯახს. ორივე ბებია და ბაბუა თბილისში ცხოვრობდა. ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვდიოდით და სულ მქონდა შეგრძნება, რომ თბილისში მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის არდადეგები იყო.
მახსოვს, როდესაც სულ პატარა ვიყავი და ჩელიაბინსკში ამინდის პროგნოზს ვუყურებდი, დეკემბერში აცხადებდნენ, რომ თბილისში 16 გრადუსი იყო, ჩელიაბინსკში კი იყო მინუს 35 გრადუსი და სულ ვამბობდი, თბილისში მინდა ცხოვრება, არ მინდა ასეთი ცივი ზამთარი-მეთქი.
- გაქვთ ურთიერთობა ბავშვობის მეგობრებთან?
- ჩელიაბინსკის სკოლის მეგობრები უფრო ვურთიერთობთ. ხანდახან ''ფეისბუქზე'' ვწერთ ერთმანეთს. თუმცა თბილისში მცხოვრებ კლასელებსაც იშვიათად ვნახულობ.
- მომდევნო ფოტო ახალ წელს რუსეთშია გადაღებული და საქართველოს ნოსტალგია ჩაცმულობაზე აშკარად ჩანს.
- ჩემს ბავშვობაში სკოლებში ტარდებოდა ფესტივალი სახელწოდებით ''თხუთმეტი რესპუბლიკა, თხუთმეტი და'' . ჩემი კლასი ყოველთვის საქართველო იყო, რაც, რასაკვირველია, ჩემი ''ბრალი'' იყო. ქართული ეროვნული სამოსი გვქონდა და ქართულ სიმღერებს ვმღეროდით. დედამ რუსული ასოებით სიმღერა ''ციცინათელა'' დაგვიწერა. დავდგით რამდენიმე ქართული ცეკვა. ჩვენი შემოქმედებით რამდენჯერმე საქართველოს დროშის ქვეშ სკოლაში გავიმარჯვეთ. იმ პერიოდში ქართული დროშა სულ სხვანაირი, მაგრამ ძალიან ლამაზი იყო.
Rating
- ალბათ რუსეთის სკოლებშივე მიხვდნენ, რომ ნიჭიერი ბავშვი იყავით.
- კარგად სწავლა ჩემი მშობლებისთვის ჩვეულებრივი რამ იყო. შეიძლება ითქვას, კლასში თეთრი ყვავი ვიყავი, რადგან ბევრს ვლაპარაკობდი. დედა თუ ოთხიანს ნახავდა ჩემს დღიურში, ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო. ამ დროს მეუბნებოდა, უნდა გახსოვდეს, რომ ერთადერთი ქართველი ხარ სკოლაში და როგორი შთაბეჭდილებაც შეექმნებათ შენზე, ასევე იფიქრებენ მთელ საქართველოზეო. ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, ვფიქრობდი, საუკეთესო უნდა ვიყო, რადგან საქართველოს წარმოვადგენ-მეთქი. ჩემი მშობლები ძალიან ნიჭიერები არიან. შეიძლება ითქვას, დედა ცოცხალი ენციკლოპედიაა. მამაც ერუდირებული ადამიანია. მთელი ბავშვობა ვხედავდი, რომ სულ რაღაცას კითხულობდნენ. მეც ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე კითხვა. მაშინ არ იყო ბევრი სატელევიზიო გადაცემა. მხოლოდ ერთი სატელევიოზიო არხი იყო და ტელევიზორიც შავ-თეთრი, ამიტომ კითხვა ყველაზე მეტად მაინტერესებდა.

რაში სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება

- ბავშვობის ბევრ ფოტოზე ნაწნავით ხართ. ასეთი იმიჯით ქართველს უფრო ჰგავხართ.
- სურათი თოთხმეტი წლის ასაკში გადავიღე. მაშინ ძალიან გრძელი თმა მქონდა. ასეთი მოდა იყო. მახსოვს, კლასში ბევრ გოგოს ჰქონდა გრძელი თმა და კონკურსიც კი გვქონდა ვამოცხადებული, ვისი თმა უფრო ლამაზი იყო. კლასში მე და ერთ ბოშა გოგოს გვქონდა ყველაზე გრძელი თმა.
Rating
- თბილისში რომ დაბრუნდით, წიგნებთან მეგობრობა ისევ გააგრძელეთ?
- სამწუხაროდ, თბილისში ჩემზე ამბობდნენ, რომ გარუსებული ქართველი ვიყავი. 1989 წელს დავბრუნდით და სკოლებში აღარ იყო ისეთი სწავლა, როგორიც საჭირო იყო. ბავშვები გაკვეთილებზე ბანქოს თამაშობდნენ და სულ ''შატალოზე'' დადიოდნენ. კლასში მხოლოდ მე და რამდენიმე ბავშვი ვიყავით. სკოლა 1991 წელს დავამთავრე და მაშინ ძალიან დიდი თავისუფლება იყო, ბევრი ძველებურად კარგად აღარ სწავლობდა.
- მომდევნო სურათი, როგორც მითხარით, პირველ კურსზე გაქვთ გადაღებული.
- სწავლა დავამთავრე და პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ჯგუფში მხოლოდ თხუთმეტი გოგო ვიყავით. დაწყებითი და სახვითი ხელოვნების მასწავლებლის ფაკულტეტი იყო და ბიჭები იმიტომაც არ სწავლობდნენ ჩვენთან.
- გულდაწყვეტილი ტონი გაქვთ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს პროფესია მაინცდამაინც არ გინდოდათ.
- ნამდვილად არ მინდოდა. ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ რამე საინტერესო პროფესიას ავირჩევდი. დამამთავრებელ კლასში ვთქვი, რომ თეატრალურში მინდოდა ჩაბარება. მშობლებმა მითხრეს, თეატრალურის გარდა ნებისმიერი სხვა სპეციალობა ამერჩია. მხოლოდ ქართულენოვანი ფაკულტეტები იყო და იმ პერიოდში ქართული კარგად არ ვიცოდი. სწავლის დამთავრების შემდეგ რუსულ სკოლაში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად ვმუშაობდი. მერე კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. მომდევნო ფოტო სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული. ყოველთვის მინდოდა სამხატვრო აკადემიაში სწავლა, მაგრამ თავიდან მითხრეს, რომ იქ ჩაბარებისთვის ფულით სავსე ჩემოდანი მჭირდებოდა. ამდენი ფული ნამდვილად არ მქონდა და ოცნების რეალიზებაზეც არ მიფიქრია. გავიდა დრო და ვიფიქრე, აკადემიაში გამოცდებზე გავსულიყავი, მაინც არაფერს ვკარგავდი. მაშინ 23 წლის ვიყავი. ჩემი თვალით ვნახე, რომ სამხატვრო აკადემიის სტუდენტობას არანაირი თანხა არ სჭირდებოდა. აკადემიაში სწავლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგად მახსენდება. დროის დაკარგვა არ მიყვარდა და პარალელურად მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, სადაც ვოკალური განყოფილება დავამთავრე. ამ მხრივ მოღვაწეობა აღარ გავაგრძელე, რადგან სცენის შიში მაქვს. მითხრეს, რომ შიშის მოხსნაში ფსიქოლოგი დამეხმარებოდა. სცენაზე დგომისას საკუთარი პულსის ხმა მესმის და ვერ ვიგებ აკომპანემენტს. კონცერტების დროს რამდენიმე ფოტო მაქვს გადაღებული, სადაც შიშისგან კვადრატული თვალები მაქვს. არ მახსოვს, იმ დროს როგორ ვმღეროდი. მხოლოდ იმ მომენტს ვიხსენებ, სცენაზე გასვლის შემდეგ აზრზე მოსული უკვე დერეფანში ვიყავი. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო. ახლა სცენაზე აღარც ვფიქრობ, მაგრამ სიმღერა ძალიან მიყვარს.
Rating
- თუმცა, ფაქტობრივად, სცენაზე გამოდიხართ, როდესაც ''რა, სად, როდიში'' თამაშობთ.
- გადაღებების დროს კამერებს რომ ვხედავ, მაშინაც ძალიან ვნერვიულობ. 2001 წელს გადაცემა ''რა, სად, როდის'' ''მეცხრე არხზე'' გადიოდა, მაშინ პირველად ვითამაშე. არც ერთ კითხვას არ ვუპასუხე, მთელი საათი ჩუმად ვიჯექი. როდესაც ვერსია მქონდა, რუსულად ძალიან ხმადაბლა ვამბობდი. წამყვანმა გიორგი მოსიძემ თქვა, თუ ასე მოვიქცეოდი შემდეგ ჩაწერაზეც, ''რა, სად, როდის'' უნდა დამევიწყებინა. მეორე ჩაწერაზე ერთ კითხვაზე ვუპასუხე და მივხვდი, რომ საუბარში საშიში არაფერი იყო. ახლაც მეშინია, რომელიმე ზმნის ფორმა შეცდომით არ ვთქვა. როდესაც რამეს ქართულად არასწორად ვამბობ, წამყვანი ყოველთვის იცინის.
Rating
- როგორ ფიქრობ, რამდენი დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ისევე მაგრად ითამაშოთ ქართულად, როგორც რუსულად თამაშობთ?
- როგორც ჩანს, ენების სწავლის ნიჭი საერთოდ არ მაქვს. ვერც ერთი ენა ვერ ვისწავლე კარგად. უბრალოდ, რუსული ჩემი მშობლიური ენაა, რომელზეც პირველად დავიწყე ლაპარაკი და იმიტომ ვიცი კარგად. თხუთმეტ წლამდე არც ერთი სიტყვა არ ვიცოდი ქართულად.

რომელ საგნებში გამოჰყვა ოთხიანი

- მომდევნო ფოტო მაშინ გაქვთ გადაღებული, როდესაც ბროლის ბუ გადმოგცეს. საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოაზროვნე როგორ ატარებს ერთ ჩვეულებრივ დღეს?
- ვკითხულობ, სამსახურში, ტრანსპორტში, სახლში. ტელეფონი წიგნებით მაქვს სავსე. მაქვს ქინდლი, რომელშიც ძალიან საინტერესო წიგნები მაქვს ჩატვირთული. ყველაზე მეტად სამეცნიერო წიგნები მიყვარს, მიყვარს ბიოგრაფიების და მემუარების კითხვა.
- ამჟამად რას კითხულობთ?
- დღეს დავამთავრე წიგნი ''ჩვიდმეტი მოლეკულა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო'' . მანამდე წავიკითხე ''მიკრობებზე მონადირეები'' . ეს უფრო პოპულარული სამეცნიერო ლიტერატურაა. მიყვარს ისტორიაზე, ქიმიასა და ბიოლოგიაზე დაწერილი წიგნების კითხვა. ბავშვობიდან მიყვარს ბიოლოგია. მინდოდა, რომ ბიოლოგი გამოვსულიყავი, მაგრამ ქიმია არ მიყვარდა. ქიმიის კარგად ცოდნა ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარებისთვის აუცილებელია. ახლა უფრო მაინტერესებს ქიმია, ვიდრე ბავშვობაში.
Rating
- დარწმუნებული ვარ, ყველგან, სადაც სწავლობდით, წარჩინებული მოსწავლე და სტუდენტი იყავით.
- სკოლაში მედალი არ ამიღია, რადგან ჩემს ბავშვობაში მედლებს არ აძლევდნენ. თუმცა მედლები რომც ყოფილიყო, მე შანსი არ მექნებოდა. სკოლაში რამდენიმე ოთხიანი გამომყვა. რუსულში დამიწერა ოთხიანი მასწავლებელმა, ეს ძალიან სასაცილოა, რადგან რუსული ყველაზე კარგად ვიცი. ყოველთვის, როდესაც ჩემს დავალებას ამოწმებდა მასწავლებელი, ამბობდა, ვერ დამაჯერებ, რომ ეს შენით დაწერეო. ოთხიანი გამომყვა ფიზკულტურაში. ამაზე თანახმა ვარ, მეკუთვნოდა. მე და სპორტი ყოველთვის ძალიან შორს ვიყავით. ოთხიანი გამომყვა ალგებრასა და ბიოლოგიაში.
- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- ამ შემთხვევაში საინტერესო არაფერი მაქვს მოსაყოლი. ყოველთვის სწავლაზე ვფიქრობდი, ამიტომაც ჯერჯერობით ოჯახი არ მაქვს.
- ალბათ გაქვთ კრიტერიუმები, რომელსაც მამაკაცი უნდა აკმაყოფილებდეს. აუცილებლად უნდა იყოს ნაკითხი?
- რა თქმა უნდა, მარტო მოაზროვნე კი არა, კარგი ხასიათი უნდა ჰქონდეს. შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ რთული ადამიანი ვარ. რატომღაც ასე გამოვიდა, რომ მარტო ვარ და მეუღლე არ მყავს. 27 წლამდე საერთოდ არ ვფიქრობდი ამ თემაზე. ალბათ პრობლემა ისაა, რომ შინაგანად ძალიან ბავშვური ვარ.
Rating
- 27 წლის ასაკში სიყვარულზე რომ დაფიქრდით, ე.ი. რაღაც მოხდა თქვენს ცხოვრებაში.
- არაფერი საინტერესო არ მომხდარა.
- მომდევნო ფოტო ერთ-ერთი თამაშის დროს გაქვთ გადაღებული. ეკრანზე გამოჩენა ყოველთვის თაყვანისმცემლებს მატებს ადამიანს. დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებაშიც ასე მოხდებოდა.
- ხანდახან სოციალურ ქსელში მწერენ, ეკრანზე გნახე, შენი ტელეფონის ნომერი მომეციო, მაგრამ არ შემიძლია ასეთი ურთიერთობა. ძალიან დახურული ადამიანი ვარ. შეიძლება იმიტომ, რომ სიყვარულზე საერთოდ არ ვფიქრობ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
გიორგი გურტსკაია
ია შენტან შეხვედრა მინდა სიყვარულზე რომ გელაპარაკო გტხოვ უკურადგებოდ ნუ დამტოვებ ცემო სიყვარულო
23:59 / 26-11-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ია, ძალიან დიდ პატივს გცემთ და დარწმუნებული ვარ ნამდვილ ქართულ ოჯახს შექმნი. ბევრ წარმატებას გისურვებ კიდევ....
17:15 / 14-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
პონტო, ვფიქრობ ამ სურათში ია სეროვის ნახატ გოგონას მიამსგავსე, ვარდისფერ კაბასა და ბაფთაში. იმიტომ ამბობ დასახატიაო, არა?
22:33 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
პონტო
რა კარგი დასახატი გოგოა ისე. და ნუ ჭკვიანიც და საყვარელიც
18:21 / 13-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS