რატომ გახდა პავლე ინგოროყვას დასაფლავება დავის საგანი
- ფოტოზე
- როდის გადაეცით სახელმწიფოს პავლე ინგოროყვას არქივი?
- ეს მოხდა პავლე ინგოროყვას ცხოვრებაშივე. 1983 წელს ბაბუა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლები ამბობდნენ, რომ დიდუბის პანთეონში უნდა დაკრძალულიყო, აკაკი ბაქრაძე, რეზო თვარაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა მიიჩნევდნენ, რომ მთაწმინდაზე უნდა დაგვეკრძალა. მე მერვე კლასში ვსწავლობდი ამ დროს და ჩემს სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახში და არა მარტო ოჯახში. ამ საკითხში მაშინ ჩავერიე, როცა კომუნისტებმა გადაწყვიტეს, რომ დიდუბეში დაეკრძალათ და მეორე მხარე ფიქრობდა, პროცესია რომ დაიძვრებოდა, მთაწმინდის გზას დასდგომოდნენ და იქ დაესაფლავებინათ. მაშინ ვთქვი, სათამაშო ხომ არაა, ცხედარია-მეთქი. დიდუბის ეკლესიაში დაიწერა თამარ მეფემ ჯვარი და დიდუბის პანთეონში თუ დაიკრძალებოდა ბაბუა, ამით რა დაშავდებოდა. მწერალთა კავშირიდან დიდუბის პანთეონამდე პავლე ინგოროყვა ხელით მივასვენეთ. დიდუბის პანთეონის კარიბჭიდან მამაკაცების მაგივრად კუბო საფლავამდე ქალბატონებმა მიასვენეს. ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ ორჯერ მოხდა. პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილს მიაგეს ასეთი პატივი.
გენეტიკა და ოჯახი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ უწიგნური ვყოფილიყავი. წიგნთან ურთიერთობა ბავშვობაში შემიყვარდა და მივხვდი, რომ წიგნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარია. ამ მეგობრობას ხელი დედამაც შეუწყო. დედა ფილოლოგი გახლდათ. დედასა და მამას სურათი სოხუმში გასული საუკუნის 50-იან წლებში აქვთ გადაღებული.
- როგორც ვიცი, ორი დედმამიშვილი გყავთ.
- ორი და მყავს, ქეთინო და თამარი. ქეთინო ჩემზე ათი წლით უფროსია, ჰყავს შვილი და შვილიშვილი. ინგლისურის სპეციალისტია და წერს ლექსებს. მყავს არაჩვეულებრივი დისშვილი, რომელიც ორ სამსახურში მუშაობს. მომდევნო ფოტოზე თამუნაა.
თამუნასთან დაკავშირებით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ერთი თვისაც არ იყო, საწოლიდან რომ გადმოვარდა, რამაც ტვინის ტრავმა გამოიწვია. თამუნა ყველაზე საოცარი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ის ბავშვად დარჩა. სიკეთის განსახიერებაა და მებრძოლია. სულ დაჩაგრულებს იცავს. ხატავს. სასწაული რამ მოხდა. მეუღლე თხუთმეტი წლის წინ ავტოკატასტროფაში დამეღუპა. მანამდე თამუნა, როგორც ყველა ბავშვი, ისე ხატავდა, მაგრამ ამ ტრაგედიის მერე სულ სხვანაირად დაიწყო ხატვა. ამ მხრივ ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. საოცარ რაღაცებს ხატავს. რაც თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე მოდურად მიიჩნევა, ის მიმართულება აქვს თამუნას აღებული. მომდევნო ფოტოზე მისი ნამუშევრებია. მინდა, თქვენმა მკითხველმა ნახოს მისი ნახატები.
შემდეგ ფოტოზე კი ჩემი ძმა ვალოდია და მისი ქალიშვილი არიან. მამაჩემის კიდევ ერთი შვილის არსებობის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით. ვალოდია ფილოსოფოსია და მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე წიგნი აქვს იოგაზე გამოცემული. ახალგაზრდობაში მამა ერთი პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდა. იმ ქალებიდან, ვისთანაც ერთობოდა, ერთ-ერთმა უთხრა, ფეხმძიმედ ვარო, მაგრამ არ დაიჯერა და თბილისში წამოვიდა.
რამდენიმე წლის წინ ჩვენთან მოულოდნელად ვალოდია მოვიდა და მამას უთხრა, რომ მისი შვილი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანია, ყველას ძალიან შეგვიყვარდა.
იური მეჩითოვის ''ეპოქის ფოტო''
- მომდევნო ფოტო როდის გაქვთ გადაღებული?
- ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით მე და ირაკლი კაკაბაძე, რომ დავბრუნდით, ერთმანეთის მეგობრები გავიცანით. მაშინ გავიცანი გიორგი მარგველაშვილი და ლევან ვასაძე. პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოზე პირველი და 53-ე სკოლელები ვართ. 53-ე სკოლელები ვართ მე, მეუფე შიო, ცხოვრებაში ელიზბარ მუჯირი, გიორგი ჭიჭინაძე, რომელიც მოგვიანებით ბერად აღიკვეცა - მამა გრიგოლი გახლავთ ამირან ჭიჭინაძის შვილი. ამირან ჭიჭინაძე ოთარ იოსელიანის ''გიორგობისთვის'' სცენარის ავტორია. არც გიორგი აპირებდა ეკლესიაში მსახურებას და არც მეუფე შიო. პატრიარქთან რომ მივედით სტუმრად, აგვიხსნეს, რომ ხელზე უნდა ვმთხვეოდით და ეს იყო მისალმება. ერთადერთი, ვინც თქვა, მე კაცს ხელზე არ ვაკოცებო, მეუფე შიო იყო. ახლა მეუფე შიო უკვე ქორეპისკოპოსია. მის ალბომს რომ ვათვალიერებ, თაობა არ არსებობს, რომ მათ შორის რამდენიმე ეკლესიის მსახური არ იყოს. იშვიათად ვეცნობი პრესას, მაგრამ რამდენიმე გამოცემას გავეცანი და ვიცი, რომ ახალი ინტელექტუალები გამოჩნდნენ, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ტრადიციებსა და ოჯახიშვილობას. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი ადამიანის მშობლები იყვნენ ყველაზე საოცარი ხალხი, ვისთანაც ურთიერთობა მქონია.
- ალბათ გიხარიათ და ამაყობთ, რომ თქვენი ბავშვობის მეგობარი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. ბავშვობის ძმაკაცები ძველებურად მეგობრობთ?
- გიორგი რაღაც პერიოდი საქართველოში არ ცხოვრობდა. მეუფე შიოს ყველაზე ხშირად ვნახულობ. გვიან მოვინათლე, ბაბუა რომ გარდაიცვალა, ოჯახში ყველა მონათლული უნდა ყოფილიყო. ნათლიები მე თვითონ ამოვირჩიე და ირაკლი კაკაბაძე და მეუფე შიო ჩემი ნათლიები არიან. ეს ორი ადამიანი ორი აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსია. ერთი პერიოდი ფოტოზე ვინც ვართ, ყველა ერთ საქმეს ვაკეთებდით. ჟურნალს ვუშვებდით, გადაცემა გავაკეთეთ. მაშინ პატარები ვიყავით. მერე თბილისი დაილეწა და აილეწა ყველაფერი. ზოგი უცხოეთში წავიდა საცხოვრებლად და სასწავლებლად. ლევან ვასაძე და გიორგი მარგველაშვილი უცხოეთში წავიდნენ. ჩვენ სამნი დავრჩით თბილისში. ორი ეკლესიის მსახური გახდა, მე ვარ ის, ვინც ვარ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, შეიძლება მეუფე შიო, გიორგი ან ლევანი წლები არ ვნახო, მაგრამ ჩვენი ბავშვობის მეგობრობა მათთვის ისეთი ძვირფასია, რომ გამორიცხულია, რითიც შეუძლიათ, გვერდში არ დაგიდგნენ. ფილოსოფოსი პრეზიდენტი დღევანდელი საქართველოს მოსახლეობისთვის ფუფუნებაა. ერთ რამეში 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტობის ხარჯზე ლარს არ იშოვის ზედმეტს. შემიძლია, გიორგი ვაცლავ ჰაველს შევადარო. მას პრაღის კაფეებში ყავის დალევა უყვარდა და რომელ კაფეშიც უნდა შესულიყო პრეზიდენტობის მერე, ყველგან ტაშით ხვდებოდნენ. დარწმუნებული ვარ, გიორგი მარგველაშვილი უბრალო ადამიანებს ასევე შეუყვარდებათ. ქართველი პოლიტიკოსების 98%-ს არამზადების სექტას დავარქმევდი და მესმის, რომ ძნელი იქნება გიორგისთვის მათთან ურთიერთობა.
- თქვენს ალბომში მეორე ფოტოც არის პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გადაღებული.
- ეს ფოტო კიროვის პარკშია გადაღებული.
- სურათმა ფილმი ''ღიმილის ბიჭები'' გამახსენა.
- ფოტო გაზეთ ''თბილისში'' გამოქვეყნდა და ღიმილის ბიჭები სათაურშიც ფიგურირებდა. მგონი, ეს ერთადერთი ფოტოა ჩემს ბავშვობაში გადაღებული, სადაც ყველა ცოცხალი ვართ. ვინც დავრჩით, ვიცხოვრეთ პრობლემებში. ცხოვრება ასეთია.
- როგორ ფიქრობთ, თქვენი სამეგობროდან ბევრი ეკლესიის მსახური რატომ გახდა?
- ლაღ და თავისუფლებისმოყვარე გოგონებსა და ბიჭებს უცებ ყველა მხრიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ეპოქას შეეწირნენ ყველაზე ნათელი და ლაღი ახალგაზრდები. მომდევნო ფოტო ლევან აბაშიძის დასაფლავებაზე იური მეჩითოვმა გადაიღო. ფოტოზე ვართ მე, ნინო ჩუბინიშვილი, მანანა არაბული, ნატო მურვანიძე, ლევანის მეუღლე, რომლის უკან დგას ლევანის დედა მანანა ხიდაშელი. ამ ფოტოს მე ''ეპოქის ფოტო'' დავარქვი.
როგორ დამთავრდა ''რომეო და ჯულიეტას'' თამაში ბავშვობაში
- მოდი, თქვენს პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
- ჩვიდმეტი წლის ვიყავი, პირველად ჯვარი რომ დავიწერე, რომეო და ჯულიეტა ჩავატარეთ. ჯვარი ბევრი წლის მერე ავიყარე. დღემდე განვიცდი, რომ მეორე მეუღლესთან, თეონასთან ჯვარი არ მქონდა დაწერილი. ვერ მოვასწარით.
- პირველი მეუღლე ვინ იყო?
- მისი ვინაობის თქმა არ მინდა. გეტყვით იმას, რომ ეს იყო შეყვარებულობა, როცა მის გარდა ვერაფერს ვხედავდი. თვალებს რომ ვახამხამებდი, მაშინაც ის გოგო მელანდებოდა. მოკლედ, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. დიდუბის ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი. სამწუხაროდ, მღვდლები მოვატყუეთ, რომ მე ცხრამეტი წლის ვიყავი და ის - თვრამეტის და რომ მშობლები საქმის კურსში იყვნენ და უბრალოდ, არ ესწრებოდნენ ჯვისწერას. ჩემს საცოლეს სკოლაში გავუარე და მის რამდენიმე მეგობართან ერთად წავედით ჯვრის დასაწერად. სკოლის ფორმები ეცვათ, ჩანთებში კაბები ჰქონდათ და გადაიცვეს. ჯვრისწერას ჩემი და მისი მეჯვარეები და რამდენიმე მეგობარი ესწრებოდა.
- რა მოხდა მერე?
- მშობლებმა რომ გაიგეს ჩვენი დაოჯახების შესახებ, უკვე ჯვარდაწერილები ვიყავით. უბრალოდ, გადაგვიყვარდა ერთმანეთი და წავიდა.… დაახლოებით სამი წელი გავატარეთ ერთად. რადიკალურად განსხვავებულები ვიყავით. ულამაზესი გოგო იყო, მაგრამ შინაგანად ვერ ვუგებდით. ამოვწურეთ ჩვენი შეყვარებულობანა. მე კი იქიდან გამომდინარე, რომ ის ბავშვი იყო და მე მამაკაცი, ვერ დავშორდი. თუმცა ორჯერ გადავწყვიტე, მოდი, ახლა დავშორდები-მეთქი. ვერც ერთხელ ვერ მოვიქეცი ასე. მერე თვითონ წავიდა და თან აღმოჩნდა, რომ სხვა უყვარდა. ცოტა გავბრაზდი, მაგრამ კარგი იყო, ის ამბავი რომ დასრულდა. მაშინ პატარა ვიყავი და ვფიქრობდი, რა მაგარი იყო, შეყვარებულობა და მეორე უფრო მაგარი იქნება და მესამე კიდევ უფრო მაგარი-მეთქი. ამ დროს ასე არაა. თუ გაგიმართლა, შეყვარებულობა ძალიან იშვიათად გადადის სიყვარულში.
- თეონაზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- რომ დავქვრივდი, ძალიან დიდხანს თეონაზე ვერაფერს ვამბობდი. ამ ფოტოზე თეონაა. დაახლოებით ასე გამოიყურებოდა, რომ გავიცანი და შემიყვარდა. თეონა ჩემთვის ყველაზე მაგარი გოგო იყო, ვისაც შევხვედრივარ. გამიმართლა, ძალიან მაგარ გოგონებთან მქონია ურთიერთობა. არავის ერთმანეთს არ ვადარებ, მაგრამ თეონა ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. გოგონები ამბობენ, რომ ჩემთან ძალიან კარგია, რომ ჩემი გერლფრენდობა ძალიან მაგარია, ექვსი თვე და მერე უკვე ყველაფერი რთულდება. ეჭვიანი და რამის ამკრძალავი არ ვარ. ასეთი სისულელეები არ მჩვევია. ხშირი ''ზაპოები'' მქონდა და ეს ქალისთვის ძნელი ასატანია. თეონასთან ვიგრძენი, სიყვარულის ხარისხი სულ იცვლებოდა. ოღონდ ''დაუნ'' (ქვევით) - არა, ''აფ'' (ზევით).
- გყავთ ერთი შვილი, ლუკა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. მომდევნო ფოტოზე თქვენი შვილია.
- ლუკა ახლა ლოს-ანჯელესშია. თბილისში თეატრალურში სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა ამერიკაში მაგისტრატურაზე სწავლობს. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ მშობლებისა და წინაპრებისგან რა გენეტიკაც მიიღო, მან პოზიტივად აქცია. ყველაზე დაინტერესებული მე ვარ, რომ პროფესიონალი იყოს. სულ მეშინია, რამეში არ შეცდეს. ლუკას ძალიან საინტერესო ხედვა აქვს, მესამე კლასიდან სულ ფილმის გადაღებებზე დადის და რამდენიმე ფილმის რეჟისორის ასისტენტი იყო.
- ლუკა აპირებს საქართველოში დაბრუნებას?
- რასაკვირველია. ოღონდ არ მინდა, ისე დაბრუნდეს, რომ უსაქმოდ იჯდეს წლები და არაფერი აკეთოს. ლუკა, მამამისისგან განსხვავებით, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, მე ეს ბოლომდე ვერ მოვახერხე. თუმცა მაქვს კარგი იდეები და იმედია, განვახორციელებ.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''