- ლევან, რამდენი წლის ხარ?
- 25-ის, რა ხდება?
- მახსოვს, ორი წლის წინ შენთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მითხარი, 27 წლის ასაკში პირველი მილიონი გექნებოდა ნაშოვნი.
- (იცინის) დიახ, ღვთის წყალობით ვმუშაობ. ორი წელი მაქვს დარჩენილი და ვნახოთ, აუცილებლად მექნება პირველი მილიონი. ძალიან ბევრს ვშრომობ. ბოლო წლები არ დამისვენია და ერთი თვის წინ გადავწყვიტე მემოგზაურა. აეროპორტში რომ მივდივარ, უკვე მეკითხებიან, ამჯერად სად მიდიხარო. ათენში ვიყავი, ასევე კორფუს კუნძულზე, სტამბოლში, უკრაინაში და ბოლოს პარიზში.
- ვისთან ერთად მოგზაურობდი?
- რამდენიმე მეგობარი ბიჭი ვიყავით. ერთ-ერთს მეუღლეც ახლდა. კიდევ სამ ქვეყანას უნდა ვესტუმრო. 2013 წელს წავალ და 2014- ში დავბრუნდები საქართველოში. ძირითადად დასასვენებლად დავდივარ, მაგრამ ჩემთვის საჭირო ინფორმაციასაც ვაგროვებ. ამ ეტაპზე ბავშვთა გასართობი ცენტრის ქსელი მაქვს და ასევე სამშენებლო ბიზნესში ვარ.
- მოგზაურობის შესახებ გვესაუბრე, განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით სად დაიტვირთე?
- ათენი არ მომეწონა, დიდი არაფერია... კორფუს კუნძული კი საოცრება იყო. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველთვის მომენატრება. წმინდა ადგილები მოვილოცეთ და ზღვაში იახტითაც გავედით. იახტა ვიქირავეთ და სხვა კუნძულზე გადავედით საბანაოდ. ეს იყო საოცრება, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. დაახლოებით ოცი მეტრის სიღრმეზე ზღვის ფსკერსა და თევზებს ვხედავდით.
- რთულ სიტუაციაში თუ აღმოჩნდი?
- პარიზის მეტროში კინაღამ დამიჭირეს. იქ ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება მეტროა. წინასწარ შევიძინე ტალონები და ყველა შენახული მქონდა, როდის შემხვდებოდა კონტროლიორი, არ ვიცოდი. ეს დღეც დადგა და ბასტილიის სადგურზე კონტროლიორმა გამაჩერა, შეცდომით ძველი ტალონი ვაჩვენე და გაბრაზდა, ''ნოუ, ნოუ'' - ს ამბობდა... გავბრაზდი და უამრავი ტალონი ვაჩვენე, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელი მქონდა. მეგობარი მამშვიდებდა, დაწყნარდი, თორემ დაგიჭერენო. კონტროლიორს ვთხოვდი, რომ ჯარიმა დაეწერა და როგორც აღმოვაჩინე ფული – 50 ევრო, იქვე უნდა გადამეხადა. თავიდან მეგონა, ქრთამს მთხოვდა და ყვირილი დავიწყე. გადარეული კონტროლიორი პოლიციას უხმობდა. საბოლოოდ მეგობარმა გადაიხადა ჯარიმა და ამ დროს კონტროლიორის შვიდი კოლეგა მაწყნარებდა.
- ბევრი ქალაქი მოგივლია, გულახდილად მითხარი, სად შეგხვდნენ ყველაზე ლამაზი გოგონები?
- პარიზში არავინ მომეწონა, იქ ძირითადად ძალიან ლამაზები ''მულატკები'' არიან. საბერძნეთში ან ძალიან მაგრები არიან ან პირიქით, სტამბოლშიც ასე იყო. უკრაინაში სტანდარტულად ლამაზები იყვნენ (იცინის). საზღვარგარეთ არავინ მიცნობდა, მაგრამ ათენში საოცრება მოხდა, იმდენი ქართველი დამხვდა, რომ გაგიჟდნენ, სურათებს იღებდნენ ჩემთან. მეგობრები მეუბნებოდნენ, ქუდი დაიხურე და ისე იარეო. ბოლოს ხუმრობდნენ, ლევანთან სურათის გადაღებით ფული გავაკეთოთო. პარიზში კარგად ჩაცმულ ბიჭს რომ გხედავენ, გოგონები მოდიან და თვითონ გეცნობიან, მაგრამ ენა არ ვიცოდი და ''ბონჟურ'' , ''პარდონ'' და ''მერსი'' -თი მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ერთი კვირაა, რაც მოგზაურობიდან დავბრუნდი და სასწაული დამემართა, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ემოციებისგან ისე დავიტვირთე, რომ ცუდად გავხდი.
- ინფორმაციული შოკი მიიღე?
- დიახ, აქ ჩამოსული კიდევ დიდხანს ვიყავი შოკში. საქმიან შეხვედრებზე წასვლაც კი მეზარებოდა, არადა, დილის ძილი სულაც არ მიყვარს.
- სანამ შენ მოგზაურობდი, აქ ჭორი გავრცელდა, რომ ახლო ურთიერთობა გაქვს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
- ოჰ... საიდან გავრცელდა (იცინის). რა ხართ ეს ჟურნალისტები.
- შენ და ირაკლი ორივე დედოფლისწყაროდან ხართ.
- კი, თუმცა ნათესავები არ ვართ. ირაკლისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, რაც ბავშვობიდან მოდის. მის მეუღლეს, ნუნუკასაც კარგად ვიცნობ. ირაკლის ოჯახს ძალიან ვაფასებ.
- ისიც გავიგე, რომ მიხეილ სააკაშვილსაც იცნობ და არაერთი ფოტო გაქვს მასთან გადაღებული.
- საქმიანი ურთიერთობა გვქონდა. ბოლო იყო გუდაურის ფოტო, რაც გავრცელდა, მაგას გულისხმობთ ალბათ. ჩემს კომპანიას დაავალეს გუდაურში ბავშვთა გასართობი ზონის გახსნა. ძალიან დიდი ივენთი მოვაწყვეთ, უამრავი თოჯინა გვყავდა ჩაყვანილი. პრეზიდენტმა იკითხა, ვისია ეს თოჯინები, რა ხდება, რა მაგარიაო და მაშინ გადავიღეთ ფოტო. ეს იყო ერთი წლის წინ.
- მაშინ გაიცანი მიხეილ სააკაშვილი?
- არა, უფრო ადრე. დაახლოებით შვიდი წლის წინ პატრიოტთა ბანაკების არსებობის დროს. მაშინ ხუჭუჭა თმა მქონდა (იცინის). არ მგონია, პოლიტიკად ჩათვალოთ, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დედოფლისწყაროში პოლიციის შენობის გახსნაში რომ ვმონაწილეობდი. ამ ღონისძიებას იმიტომ დავესწარი, რომ ჩემი რაიონისთვის საყვარელი და წარმატებული მსახიობი ვიყავი. საერთოდ, მთავრობისა და შოუბიზნესის ურთიერთობა დაუწერელი კანონია.
- დასწრებიხარ რომელიმე მაღალჩინოსნის დაბადების დღეს?
- რა გნებავთ, ხალხო, პოლიტიკური კითხვებისგან თავი შეიკავეთ (იცინის). ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ.
- ბიზნესმენი ხარ და ახალ საქართველოში სიტუაცია შენთვის უკეთესობისკენ შეიცვალა თუ მანამდეც არ გქონია პრობლემა?
- ყველა ამბობს, რომ დიდ ბიზნესმენებს პრობლემები ჰქონდათ, იყო დაჭერებიც, მაგრამ ჩემით არ დაინტერესებულან. არ მქონია იმხელა ბიზნესი და ბრუნვა, რომ ჩემით ვინმე დაინტერესებულიყო. დღეს ჩვეულებრივ ვაგრძელებ საქმიანობას, სუფთად, ყველაფერი გახსნილია. ჩემი ფირმა შეამოწმეს კიდეც, მაგრამ ამას პრობლემა არ მოჰყოლია.
- კარგი, შენს პროფესიაზე გადავიდეთ, რამე სიახლე თუ გაქვს კარიერული თვალსაზრისით?
- არაფერი, ძალიან პოლიტიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ტელევიზიით 24 საათის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობენ. უცხოელები სოციალურ ქსელს მხიარული ფოტოების გამოსაქვეყნებლად იყენებენ, ეფერებიან, ესიყვარულებიან ერთმანეთს, ჩვენთან მხოლოდ პოლიტიკური სტატუსები და ლანძღვა-გინებაა. ''ფეისბუქზე'' რომ შედიხარ, მხოლოდ გარდაცვლილთა ფოტოები და პოლიტიკური სიახლეები გხვდება. გული მწყდება გურამ საღარაძეზე, გადაცემა ''პროფილი'' რომ არ ყოფილიყო, შემდეგ თაობებს მისი სახელი და გვარიც არ ეცოდინებოდათ. ქვეყნის სირცხვილია. დღეს კულტურული ღონისძიება რომ მოვაწყო, არავინ მოვა გასაშუქებლად და ვიღაც რომ დავჭრა ან მოვკლა, ყველა დაწერს და გადაიღებს. ადამიანებმა ყველა ახალი პოლიტიკოსის სახელი და გვარიც კი ზეპირად იციან.
- მსახიობებს რა გიშლით ხელს?
- გადაღებები არ არის, ბოლოს რამდენიმე პროექტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერჯერობით ისევ პროცესშია. რაც შეეხება სერიალებს, ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ჩემი როლი მაქვს და თუ დასჭირდებათ, დამიძახებენ. ''დეტექტივების'' გადაღება გაჩერდა. იყო კიდევ ერთი იუმორისტული სერიალი, სადაც გადამიღეს, მაგრამ საჩემო არ აღმოჩნდა. არ დავასახელებ სერიალს, თუმცა ის როლი არ მომიხდა.
- დასასრულ, პირად ცხოვრებაზე გკითხავ...
- არაფერი არ ხდება, მარტო ვარ.
- ბოლოს ჭორი გავრცელდა, რომ ნინო გაჩეჩილაძე გიყვარდა...
- მე და ნინო ვმეგობრობთ. შეძლებისდაგვარად ვეხმიანებით ერთმანეთს.
- თქვენ საერთო ინტერვიუებში გეტყობოდა, რომ ნინოს მიმართ გულგრილი არ იყავი..
- ხომ გითხარით, ჩვენ შორის არაფერი ყოფილა.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''