- ეკო, მართლა ვერ გიცანი.
- ალბათ, ბევრი ფიქრობს, რად უნდოდა, მშვენიერი ცხვირი ჰქონდაო და მეც არ მაწუხებდა არასდროს ეს პრობლემა. მხოლოდ ცხვირის წვერი გავისწორე, ზევით მაქვს აწეული და ვიფიქრე, ძალიან არ დამეტყობა-მეთქი. ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, შენი ცხვირის ერთი მილიმეტრი ყოფილა მთელი შენი სახის იერიო. ჩემი სვანური ხასიათი, რომელიც სახეზეც მქონდა, დავ-კარ-გე (იცინის)!.. არა უშავს, გადავიტან. კმაყოფილი ვარ. მეუბნებიან, რომ ცხვირის სახეში ჩაჯდომას ერთი წელი უნდა, ჯერ მხოლოდ ორი თვე გავიდა. საბოლოოდ რა და როგორი მინდა, გგონია, ვიცი? არასტანდარტული ოპერაცია გავიკეთე და არავინ იცოდა, რომ ამას ვაპირებდი. რადგან დიდი არაფერი გამიკეთებია, მხოლოდ ორი სამედიცინო პლასტირი მქონდა ცხვირზე, თანაც, ჩემები ისედაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე. სახლში იფიქრეს, რომ ავარიაში მოვყევი და დედაჩემმა ყვირილი დაიწყო, ეგრევე დავამშვიდე, არაფერი მომსვლია-მეთქი. მეორე მომენტი ის არის, რომ სულ ანჯელინა ჯოლიდ რომ გაიღვიძო, მაინც სხვანაირი ხდება ცხოვრება. დილას რომ ავდექი და სარკეში ჩავიხედე, ეს ქალი ვინ არის-მეთქი, ვიფიქრე. ახლა ცოტა მივეჩვიე. ალბათ, თან შესიებულიც მქონდა. ამას წინათ ერთ შენობაში ვიყავი, სადაც ერთ ადგილას სარკე იყო ჩადგმული და საკუთარ თავს მივესალმე, მერე მივხვდი, რომ სარკე იყო. არის ხალხი, რომელიც ვერ მცნობს. ძალიან ახლო მეგობრები ამბობენ, შეიძლება, თავიდან ვერა, მაგრამ საერთოდ რომ ვერ გიცნოს ხალხმა, შეუძლებელიაო. ბავშვობიდან ვინც მიცნობს, ის ადვილადაც მცნობს, რადგან ბავშვობის დროინდელი სახე დამიბრუნდა. რამდენიმე ფოტოს ''ფეისბუქზე'' ავტვირთავ და ამაში ყველა დარწმუნდება. კაფეში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და თვალებს მიპაჭუნებდნენ ბიჭები, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ, თავად კი ვერ მიცნეს. ყველას რუსი ვგონივარ და არის ერთი ამბავი.
- ვისი აზრი გაინტერესებდა ყველაზე მეტად?
- ჩემი მეგობრების აზრს, ასევე ოჯახის წევრებისას, დიდ პატივს ვცემ და ვცდილობ, შენიშვნები გავითვალისწინო, მაგრამ ნებისმიერ თემაზე საკუთარ მოსაზრებას ვენდობი. შესაძლოა, მცდარიც იყოს, მაგრამ მაინც. თან, ნახევარ საქართველოს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, ტუჩის და ცხვირის. სხვა არაფერი მაქვს გაკეთებული და ახლა მეგობრებმა მითხრეს, ტუჩის გაკეთება არ გაბედოო, მაგრამ არც ვაპირებ. მეგობრებს ოპერაციის შემდგომი ფოტოები გავუგზავნე. ჩემთვის ახლო ადამიანებიც ფიქრობენ, რომ უცნაურობები მახასიათებს. ჩემს ხასიათს სხვადასხვა ნაბიჯით ვამტკიცებ ხოლმე. არ ვამბობ, რომ ცხვირის გაკეთება არ მჭირდებოდა და იდეალური ვიყავი, მაგრამ საახლობლოში ამ კუთხით არასდროს უფიქრიათ ჩემზე, ძალიან ძნელია სარკეში სხვა ადამიანის დანახვა. ჩემს მეგობარს ჩოლკა უნდა შეეჭრა და სამი თვე ამაზე ვბჭობდით, მე კი წავედი და არავისთვის მითქვამს, ისე გავიკეთე ოპერაცია.
- როცა ქალი გარეგნობაში რაღაცას იცვლის, ხშირად დეპრესიას და პირადულში პრობლემებს ჰბრალდება ხოლმე.
- ცუდ ხასიათზე ნამდვილად არ ვყოფილვარ, ფანტასტიკურ განწყობაზე ვიყავი წასვლამდე და წასვლის შემდეგაც. ზოგადად, საკუთარი თავისადმი მსუბუქი არ ვარ, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ მახასიათებს და ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ამასთანავე, ძალიან ოპტიმისტი ვარ და დეპრესიაში არ ვვარდები. გავიგე ჭორები, რომ თურმე ცხვირის ოპერაციის შემდეგ ისეთ დეპრესიაში ვიყავი და იმდენად არ მომწონდა შედეგი, სახლიდან არ გამოვდიოდი. რაიმე მეტყობა ახლა მე დეპრესიის?!. ორი კვირა მართლაც ვერიდებოდი სახლიდან გამოსვლას, რადგან ცოტა შესიებული იყო ცხვირი, კარტოფილივით, მაგრამ მესამე კვირას 350-კაციან ქორწილში წავედი, ძალიან გაღიმებული და გაპრანჭული კაბით, მეორე დღეს კი ცეკვების ჩაწერაზე მივედი, სადაც ხალხს დავდევდი, გამარჯობა, მე ვარ-მეთქი, რადგან ვერავინ მცნობდა (იცინის).
- ცეკვებზე გამოსვლა კიდევ გინდოდა?
- შემიძლია, მთელი ცხოვრება ასე გავატარო და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა სეზონში მივიღო მონაწილეობა. იმ პერიოდში სამსახურს თავი დავანებე და დროს მთლიანად რეპეტიციას ვუთმობდი. ამ პროექტის მეორე სეზონზე მონაწილეებს შორის მსახიობები, მომღერლები იყვნენ, რომელთაც, ასე თუ ისე, უწევთ ცეკვა, ჩემთვის კი ეს ცეკვები ახალი ხილი და ბევრად რთული იყო. გამომივიდა, მაგრამ ბევრი შრომის შედეგად. ზოგადად, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ვარ. საერთოდ, ეს ის ცეკვებია, როცა ბევრი უნდა ივარჯიშო. სალომე ჭაჭუაზე მაგარი არის სადმე? არა მგონია, მაგრამ ისიც კი ძალიან ბევრს ვარჯიშობს. სალომეს რომ ვუთხარი, რას ვგრძნობდი ამ ცეკვების დროს, მითხრა, მეც ასეთი შეგრძნება მაქვსო, ანუ მის გრძნობას ჩავწვდი ცეკვების მიმართ. რაც შეეხება იმას, მინდოდა თუ არა მეორედ მონაწილეობა, წესების მიხედვით, ეს არ შეიძლება, მაგრამ რომ შეიძლებოდეს, ეს იქნებოდა ჩემი სამსახური.
- პირადულში არის რაიმე ახალი?
- არაფერი.
- შენი და შენი ყოფილი შეყვარებულის, ბექა ჩხაიძის ურთიერთობამ, განშორებამ პრესის ფურცლები მოიარა.
- ეს არ არის კარგი, რადგან პირადი ცხოვრება ბევრის საქექი და გასარჩევი ხდება. როცა არც ერთს გვიცნობენ და არც მეორეს და ჩვენზე ამბავს კითხულობენ, ეს დამატებით ჭორებს აჩენს და ძალიან ცუდია, მაგრამ რა ვქნა? მე ვერ შევცვლი იმას, რომ ხალხმა არ ილაპარაკოს. ისე, რაში აინტერესებთ? ალბათ, მთელ მსოფლიოში ასეა და ჩვენთანაც. მაგალითად, ჩემთვის არის რამდენიმე ადამიანი, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მსოფლიო შოუბიზნესს ვგულისხმობ, და არასდროს მომწონს ადამიანი ისე, უბრალოდ. როცა მოგწონს ვიღაც, მისი პირადიც გაინტერესებს, მაგრამ საინტერესო ადამიანი უნდა იყოს და არა, უბრალოდ, პოპულარული. ქართული შოუბიზნესის წევრებიდან მეტ-ნაკლებად ყველას ვიცნობ და გული შემტკივა მათზე. თუკი ვინმეს არ ვიცნობ, მასზე ამბავიც ნაკლებად მაინტერესებს. მეორე რაღაცის აღნიშვნაც მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით იმ ადამიანებს გადავუხდი მადლობას, რომლებიც სითბოს გამოხატავდნენ ცეკვების დროს, ასევე ჩემი და ბექას დაშორების შემდეგ, როცა მხარს მიჭერდნენ და ახლა, როცა მწერენ, რომ ცხვირის ოპერაცია ძალიან მომიხდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები. მე მაქვს კონკრეტული ფასეულობები და ადამიანები მათ შორის პირველია. მგონია, რომ ცხოვრებაში ეს რჩება მხოლოდ. ვცდილობ, ადამიანებს მოვექცე ისე, როგორც მინდა, მე მომექცნენ. არ ვიცი, რამდენად გამომდის, მაგრამ ვცდილობ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ დავაფასო ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ დადებითად არიან განწყობილნი და ამას გამოხატავენ. ეს არის პოპულარობის ძალიან კარგი მხარე.
- ისე გამოიყურები და ისეთი ენერგია მოდის შენგან, მზად ხომ არ ხარ, წარსულს ჩააბარო ყველაფერი, მათ შორის ძველი ურთიერთობაც?
- მაქსიმალისტი ვარ და ძალიან მყარად ვდგავარ მიწაზე. არასდროს ვამბობ, რომ რაღაცას არ გავაკეთებ, რადგან კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა ადამიანი, არავინ იცის. ბექამ პრესის ფურცლებზე არაერთხელ თქვა, რომ ჩვენი დაშორება მისი ბრალია, ძალიან ბევრი სიურპრიზი გამიკეთა, მათ შორის, ვიდეო, რომლის პრემიერაც ''ნანუკას შოუში'' უნდა შემდგარიყო, მაგრამ მანამდე ინტერნეტში შემთხვევით გავრცელდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ერთად აღარ ვართ, მისგან ბევრად მეტი სიურპრიზი მივიღე, ვიდრე შეყვარებულობის ორწელიწად-ნახევარში. ჩემს აგარაკზე ფეიერვერკიც მომიწყო. ისეთი სიურპრიზები წამოვიდა, რაც ძალიან გამიკვირდა, საჩუქრები და სიმღერების მოძღვნა მისგან არ მაკლდა, მაგრამ არსებობენ სუპერრომანტიკული ადამიანები, როგორიც ბექა არ არის და არც მაშინ ყოფილა, როცა ჩემამდე, შედარებით პატარას, ოჯახი ჰქონდა. თვითონ ამბობს, რომ ახლა აღმოაჩინა თავის თავში რომანტიკული მხარე. ეს ძალიან დავაფასე. არის ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპი, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. აქედან გამომდინარე, რადგან ცას გამოკერილი არ ვარ და ვარსკვლავებს არ დავდევ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. თავად მიიჩნევს, რომ სვანობა მაქვს ჩართული და მოიტეხე ახლა რქებიო...
- ძალიან მხიარული და აჟიტირებული ხარ.
- მხიარული სულ ვარ. თუკი რაიმე მაწუხებს, ამას სხვა ადამიანს არასდროს მოვახვევ თავს. ჩემი მეგობარი ირაკლი ღუღუნიშვილი რომ გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე, ბევრი საერთო გვქონდა. მისი გარდაცვალების პირველი დღე და გასვენების დღე ჩემთვის განსაკუთრებულად ტრაგიკული იყო. ირაკლი ისეთი ადამიანი იყო, თავისი ტიპაჟიდან გამომდინარე, რომ მისი არყოფნა ძალიან მტკივნეულია. საღამოს ჩემს მეგობრებთან საჭმელად სადღაც ვიყავი, იქ სხვა საზოგადოება იყო, რომელიც ირაკლის არ იცნობდა და მათ ვერც შემატყვეს, რომ რაღაცას ძალიან განვიცდიდი. მგონია, რომ ასე სახალხოდ ამაზე არ უნდა ილაპარაკო. ძალიან მგრძნობიარე და სუპერემოციური ვარ, თუმცა ამასთანავე, ოპტიმისტიც. ჩემნაირი ოპტიმისტი ადამიანები მგონი, არ კვდებიან. მუდმივი ვარ (იღიმის).
ჩემს გარეგნულ ცვლილებას რომ დავუბრუნდეთ, ჩემს ასაკში ასეთი ცვლილება გარეგნობაში, როცა ნახევარი ცხოვრება გავლილი და ნახევარი მსოფლიო მოვლილი მაქვს, მგონია, რომ უცნაური და საინტერესოა, ერთ ცხოვრებაში ორი სახით არსებობა (იღიმის). ახლა ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი მოვსინჯე, სხვადასხვა სფერო, ახლა გარეგნობაშიც ჩავატარე ექსპერიმენტი. ჩემს ვაჟკაცობას ვამტკიცებ და ვამტკიცებ!..
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''