30 ოქტომბერი, 2013
არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები
დიტო, რომელიც ამდენ გოგოს მოსწონს, ხომ სასაცილოა? ადამიანი ცოლს ურტყამს, აგინებს, ღალატობს და ხალხს მაინც უყვარს ''რამდენი სერიალის სცენარისტს იცნობთ?'' - ამ შეკითხვას ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი ქეთი დევდარიანი მისვამს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლებში უამრავი სერიალი გადაიღეს, მაგრამ სცენარისტების უმეტესობა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობად დარჩა, ქეთი დევდარიანთან კი ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გვაქვს. ბოლო დროს მაყურებელს დიტოსა და კატოს ოჯახის დანგრევაზე მეტად ის ადარდებს, ვინ არის მირიან ბარათეონის გმირის პროტოტიპი, ბიზნესმენი თემურ უგულავა თუ ლევან ვასაძე.
ბარათეონი დავით ბაგრატიონსაც კი შეადარეს. სერიალმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იმდენად კარგად ასახავს თანამედროვე რეალობას, ალბათ იმიტომ ამბობს სცენარისტი, რომ ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირები გროტესკულები არიან...

- ქეთი, როგორ ახერხებთ ყველას სეზონზე მაყურებლის შენარჩუნებას?
- ზუსტად ისევე ვშრომობთ და ვათენებთ ღამეებს, როგორც პირველ სეზონში. ჩვენ თვითონვე არ გვბეზრდება ამის კეთება, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემთხვევაშიც ასე იქნება. ზაფხულში ორი კვირა ვისვენებთ და მაშინაც დაგვიჭერია ჩვენი თავი, რომ შეკრების დროს სერიალზე ვსაუბრობთ. სულ ძიებაში ვართ, რა როგორ უნდა მოხდეს.
- ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ?
- არა, ვთანხმდებით, როგორ ჯობია და მერე მე ვწერ. ამ სერიალს ჰყავს რეჟისორები, პროდიუსერები. როდესაც კარგი იდეა მოდის, ყველას მოსწონს და ველოდებით ხოლმე, რომ ის ერთი რაციონალური იდეა გაჩნდეს. ძირითადად მე და ირაკლი საღინაძე ვმუშაობთ და შეთანხმებამდე მივდივართ.
- ახალი სეზონის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად მაინც მირიან ბარათეონი იქცა.
- ამ პერსონაჟის შემოყვანა აგვისტოს დასაწყისში გადაწყდა, როდესაც მეოთხე სეზონზე დავიწყეთ ფიქრი. ხუმრობა ჩავდეთ მის გვარში. არსებობს სერიალი ''სამეფო კარის თამაშები'' , იქ არის სტარკების, ლანისტერების და ბარათეონების ოჯახი და ვიხუმრეთ, ასე ვთქვათ, უკან დავიბრუნეთ ჩვენგან წაღებული გვარი. მსახიობზე კასტინგი გამოვაცხადეთ და დათო დარჩია იყო საუკეთესო. მირიანის გმირი უნდა ყოფილიყო სიმპათიური, იმიტომ რომ ქალებს მოსწონებოდათ. ცოტა არტისტული და ნიჭიერი მსახიობი. ჩემთვის მთავარია, რომ მსახიობი ნიჭიერი იყოს.
- ეს უნდა ყოფილიყო ახალი ''დიმიტრი გელოვანი'' ?
- არა, ადრე სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, როგორი იქნებოდა თანამედროვე ''დიმიტრი გელოვანი'' , მაგრამ ის სერიალი ჯერ არ დაწერილა. სულ სხვა ტიპის სერიალია, დადებით გმირზე, რომელიც ხალხს ეყვარება, რომელიც განიცდის კათარზისს, შეიცვლება, განვითარდება, რაღაცას ისწავლის. ჩვენს გმირებს ეს არ ახასიათებთ. ჩვენთან მაყურებელი უფრო იზრდება. დროთა განმავლობაში რაღაცები აღარ მოსწონთ. კატოზე რომ წერენ უარყოფით კომენტარებს, კატო ასე იქცეოდა პირველ სეზონშიც, უბრალოდ, მისი გმირის ქცევები აღარ მოსწონთ.
- ბარათეონი ჩოხოსანია?
- არა, ბარათეონის გმირი ჩოხოსნებთან დაპირისპირებულია. თავად ნაბდოსანია. ჩოხა მხოლოდ მის მოსამსახურეებს აცვიათ. მირიანი მიიჩნევს, რომ ჩოხა არ არის ქართული, ჩრდილო-კავკასიურია და ამიტომ აქვს სხვადასხვა ფერის ნაბადი.
- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ის მომენტი, ჟურნალისტს რომ უთხრა, სანამ ეთერში მასალას გაუშვებ, მაჩვენეო.
- ცოტათი დავცინე ჟურნალისტებს, რაზეც ბრაზდებიან და ეს ნორმალურია. ვინც მიიჩნევს, რომ კარგი ჟურნალისტია და კარგ შეკითხვებს სვამს, ის თავის თავზე არც მიიღებს. ვიცი, რომ მირიანის მიმართ ინტერესი დიდია. მისი გმირი იმ ადამიანების განსახიერებაა, რომლებიც ამ ბოლო დროს რაღაც ინიციატივებით გამოდიან - მონარქიის აღდგენის, ეროვნული ღირებულებების დაბრუნების... მირიანი არის კრებითი სახე საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებმაც იშოვეს ბევრი ფული და აქვთ რაღაც ამბიცია.
- მირიანს ადარებენ ლევან ვასაძეს, თემურ უგულავას, თუმცა ბოლო სერიებში დავით ბაგრატიონსაც მიამსგავსეს.
- დავით ბაგრატიონს იმიტომ შეადარეს, რომ მონარქიაზე ილაპარაკა, მაგრამ თავად ამბობს, რომ ფარნავაზიანთა წარმომადგენელია. არ ვიცნობ ლევან ვასაძეს, თემურ უგულავას და დავით ბაგრატიონს, რომ მათი ცხოვრება გადმოვაკოპირო. თან არ მგონია, რომ ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს. ვიღაცის ცხოვრების პირდაპირი გადმოტანა დრამატურგიაში დიდი შეცდომაა. ეს პერსონაჟი არის იმ თვისებების ჰიბრიდი, რომლებსაც ეს ადამიანები ატარებენ. აქ თვისებები ავიღეთ და არა სახელები და გვარები. დიტო, რომელიც ამდენ გოგოს მოსწონს, ხომ სასაცილოა? ადამიანი ცოლს ურტყამს, აგინებს, ღალატობს და ხალხს მაინც უყვარს. კონკრეტულად ვინმე ''ბაბულიკას'' კი არ ვიცნობ, რომელიც დიტო შარაშენიძის პროტოტიპია, უბრალოდ, ასეთი ქართველი კაცების კრებითი სახეა. ასეთივე კრებითი სახეა მირიან ბარათეონი, ყველა იმ ადამიანის, ვისაც მსგავსი ნიშან-თვისებები აქვს. კატოც ძალიან ბევრი ქართველი გოგონას თვისებებს ატარებს.
- ჩოხოსნები ვიცი, მაგრამ ნაბდოსნების გაერთიანება მართლა არსებობს საქართველოში?
- არა, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია (იღიმება)... გამორიცხავთ, რომ სადაც ჩოხოსნები არიან, ხვალ ნაბდოსნებიც გამოჩნდნენ?
- თქვენ თუ აღმოჩენილხართ ჩოხოსნების საზოგადოებაში?
- არა, მაგრამ ინტერნეტში ჩოხაფართების ვიდეოები მინახავს და ვიცი, რომ ჩოხოსნობა სულიერი მდგომარეობაა. რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩოხა ქართული სამოსია, არადა, კავკასიურია. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენი ისტორია კარგად არ ვიცით და გვგონია, რომ ქართულ ტრადიციებს ვიცავთ. რომ ჰკითხო, ერთ ტრადიციას ვერ დაგისახელებენ, რომელიც მართლა ქართულია. ერთხელ ინტერვიუში ხინკალზე ვთქვი, ქართული არ არის-მეთქი. ამაზეც ატეხეს ამბავი, ჩვენს ტრადიციებს ეხებაო. ჯერ გაიგონ, ქართული ტრადიციები რა არის და მერე იჩხუბონ.
- ბარათეონის გმირმა დიტოს პერსონაჟი უკანა პლანზე გადასწია.
- დიტოს კონკურენტია, მაგრამ მაყურებელი ჯერ კიდევ მის მხარეს არის და მირიანი არ უყვართ.
- რატომ ვერ შეიყვარა მისი გმირი მაყურებელმა?
- გროტესკული პერსონაჟია და თან ახალია. ჯერ არაფერი გაუკეთებია ისეთი, რითიც სიყვარულს დაიმსახურებდა. მთელი ოთხი-ხუთი სერია საკუთარ თავს აქებს. დიტომ რამდენი იშრომა, ოცწლიანი სიყვარული მოიპოვა, კატოს სიურპრიზებს უწყობდა და მიუხედავად იმისა, რომ ცოლს ხელი დაარტყა, მაინც მოსწონთ. მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება, ბარათეონი დიდხანს დარჩება სერიალში და, რა თქმა უნდა, დიტოც იქნება.
Rating
- დათოს პერსონაჟით გავაგრძელოთ საუბარი.
- დათო მართლაც შავ დღეშია. აქაც სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება. ერთი შეხედვით ჩიხშია. თან მართლა ვიცი რამდენიმე შემთხვევა თბილისში, როდესაც მამაკაცს ცოლი და საყვარელი ერთდროულად ჰყავდა ფეხმძიმედ. სოციალურ ქსელში წერენ, რა არის, ბრაზილიური სერიალიაო? არადა, ასეთი რაღაცები საქართველოშიც ხდება. თან, ანი ტყებუჩავა მართლა ორსულად არის.
- ისევ გაიყრება მათი წყვილი?
- არა, დრამა იქნება, მაგრამ ოთხი შვილით მართლა ძნელია ქმართან გაყრა. დათო მაყურებელს აღარ უყვარს წინა სეზონის მე-15 სერიის შემდეგ, როდესაც ნინამ სახლიდან გააგდო. ხომ გახსოვთ, დათო როგორი მეოჯახე იყო. მართალია, ცოლს სამსახურში არ უშვებდა, მაგრამ მაინც უყვარდათ. ღალატის შემდეგ დათო შეიძულეს. ყველა ნინას მხარეს იყო. ქალბატონები საკუთარ თავს ხედავდნენ. ვიღაც ქალმა მომწერა, რომ ვუყურებდი, ტირილი მინდოდა, ზუსტად ასე წავიდა ჩემი ქმარი სახლიდანო. ბევრი აიგივებს თავს ნინასთან და დათოს, როგორც ოჯახის წევრს, არ აპატიეს. ახლაც, გამოსავალს ისევ ქალები იპოვიან. როგორც წესი, ასე ხდება, გადაწყვეტილებას ბოლოს ქალები იღებენ.
- ძალიან საინტერესოა ნატაშკას პატიმარი მეუღლის ისტორიაც.
- ამაზე პატიმრები ძალიან გაგვიბრაზდნენ, თავი დაანებოს სანდრექსამ გათხოვილ ქალსო. სხვათა შორის, ხალხი სანდრექსას და ნატაშკას უფრო გულშემატკივრობს. იმის გამო, რომ ქმარი ცუდად ექცეოდა და საწყალი გოგოა. თან სანდრო კაკულიას პერსონაჟიც უყვართ. პირადად ჩემ გარშემო ასეთი რამ არავის გადახდენია. მყოლია ნაცნობი, რომელიც ციხეში ზის ან ქმარს ღალატობს, პატარა ბიჭი შეუყვარდა, ეს ამბავი კი ჩვენი მოფიქრებულია, მაგრამ რეალობაში ჯდება. თავისუფლად შეიძლება, რომ ქალი, რომელსაც ქმარი სულ ცუდად ექცევა, პატარა სითბოზეც კი სხვაგან წავიდეს. მით უმეტეს, 16 წლის ასაკიდან ტანჯვის მეტი არაფერი უნახავს და ახლა ასეთ კარგ ბიჭს შეუყვარდა.
- სერიალში ზაზა კოლელიშვილის გმირი კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანს მიამსგავსეს.
- მე არ მითქვამს, რომ ეს გმირი კანონიერი ქურდია. კრიმინალური ავტორიტეტია... ტარიელ ონიანი არც მიხსენებია და არ ვიცი, რატომ შეადარეს. არც ვიცი ქურდული სამყარო ასე კარგად. სოციალურ ქსელში ვიხუმრე, ტექსტს ლიმონა დევდარიანის სული მაწერინებს-მეთქი. არ არის ტარიელ ონიანი. ეს არის იმ ადამიანების კრებითი სახე, რომლებმაც კრიმინალით იშოვეს ფული და ავტორიტეტებს წარმოადგენენ, ერევიან ბიზნესში, პრობლემებს აგვარებენ. ეს პერსონაჟი დიტოს პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა. პრობლემა იმაზე ჰქონდა, რომ დიტო ბარათეონს შეუვარდა და მაგიდაზე მუშტები ურტყა. პირად საკითხებს კაცები ასე არ განიხილავენ.
- ლიკუნასა და ხურცილავას წყვილის ცხოვრება ბოლო დროს ერთფეროვანი გახდა, ამიტომ წავიდა ცოლის გმირი ამერიკაში?
- ხურცილავას ცხოვრება დუნე არ ყოფილა, მაგრამ ამ სეზონზე სხვა პრობლემა წამოვწიეთ წინ. ჩემი მეგობარი ამერიკაში წავიდა სწორედ ამ პრობლემით და მაშინ მომივიდა თავში აზრად, სერიალშიც შემომეტანა. ხურცილავა გამოწვევის წინაშე დადგა, მარტო დარჩნენ მამა და ბავშვი.
- ძალიან დადებითი გმირი გყავთ სერიალში ნელიკოს პერსონაჟის სახით...
- ძალიან მწყინს, რომ ჩვენთან სიკეთე სისულელესთან ასოცირდება. ნელიკო მომართულია აბსოლუტური პოზიტივისკენ და ყველასთვის კარგი უნდა. ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან, სამწუხაროდ, უზომოდ კეთილ ადამიანებს ბრიყვებად მიიჩნევენ. არადა, ასეთი ადამიანები ცხოვრებას ალამაზებენ. თან ბაია თავის პესონაჟს განსაკუთრებულს ხდის, მის ადგილას სხვა ვერც წარმომიდგენია. ბაიას ნათელი სახე მიბიძგებს, რომ მისი ტექსტები ყოველთვის სიკეთისკენ მომართული იყოს. ეს ქალი რეალურად იმისთვის დაიბადა, რომ სხვა ადამიანებს ბედნიერება მოუტანოს. ჩვენთან თუ ადამიანებს რამეს ბევრჯერ აპატიებ და არ ბრაზდები, სულელად მიგიჩნევენ.
- თინას პერსონაჟის გარშემო მუდმივად აზრთა სხვადასხვაობაა...
- ქართველი ფემინისტები ხშირად მსაყვედურობენ, რომ თინა ნამდვილი ფემინისტი არ არის. შეიძლება, ისიც, როგორც ყველა სხვა პერსონაჟი, ოდნავ გროტესკულია. ბევრი ადამიანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებებს იცავს და ამ დროს სახლში დედასთან ეშლება, თუმცა თინასგანაც ბევრი სასარგებლო ინფორმაცია ჟღერს. მინდა, ჩემს ქვეყანაში დაცული იყვნენ უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, დაჩაგრული ქალები.
- სერიალში ინტერნეტით გაცნობამაც გაიჟღერა, ეს თემა თუ გაიშლება?
- კი, აუცილებლად. სერიალში ასევე არ ყოფილან ეთნიკური უმცირესობები, პოლიტიკოსები, ნელ-ნელა ვფართოვდებით და თემებს ვართულებთ. მე ვვარაუდობდი, სერიალი ამ სეზონზე დამთავრდებოდა, მაგრამ ალბათ არა, რადგან მაყურებელი ჯერ კიდევ პიკშია. მინდა, სერიალი ისე დამთავრდეს, რომ არც ერთ მხარეს გული არ დაგვწყდეს. სანამ ყვირილს დაიწყებენ, ყელში ამოხვედითო, მანამდე მოვრჩეთ, მაგრამ მოვრჩეთ ღირსეულად, ''გაბანძების'' გარეშე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
სონიკო
იცით რატომ უყვართ ეს სერიალი? ცხოვრებისეულია და არაა ყალბი ეს ნიჭის ზეიმია ყოჩაღ!!!!!!!!!!!!! მიყვარს ნიჭიერი ხალხი
20:32 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მიყვარს ეს სერიალი, იმიტომ რომ აქ არ არიან იდეალური ადამიანები, აქ არიან უბრალოდ ადამიანები თავიაანთი ნაკლით ად ღირსებებით)
19:32 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტა
გაიხარე კეტი,ზალიან მაგარი სერიალია,უმაგრესი,ნაგდი,. ადამიანური.დახვეცილი.გეტყობა ზალიან განატლებული და სჰეგნებული ადამიანი ხარ.ყველა ტემას ისე პაკიზად და გულისხმიერად ეპყრობი.ტკვენ ზალიან ბევრი ლამაზი სცენარები უნდა ცეროტ.ყოცჰაგ.გმერტმა დაგლოცოტ.
17:13 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
filo444
საერთოდ სერიალები არ მიყვარს, მაგრამ ამას სერიალს კი არა უფრო სარკეს დავარქმევდი, რომელშიც უნდა ჩაიხედო და ნაკლოვანებები დაინახო. როდესაც კომენტებში აზრს გამოთქვავენ, აკრიტიკებენ პერსონაჟებს და ა. შ. ფაქტიურად ეს ხალხი ერთმანეთს აკრიტიკებს, იმ თვისებებს, რომელიც არ მოსწონთ. რა რეალურად არ ხდება ასე? თემები უამრავია და ჩემი აზრით უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ კარგად ჩაიხედონ სარკეში და კარგად დააკვირდნენ საკუთარ თავს. სცენარისტსაც კარგად გამოსდის ეს და იმედია მომავალშიც გამოუვა :)
16:41 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
უნიჭიერესი ადამიანი ხართ ქეთი სიყალბე არ იგრძნობა სერიალში მარტო თქვენს სერიალს ვუყურებ კარგად ვისვენებ და ვხალისობ. ყველაფერი თითქოს რეალურია და ნამდვილი
16:26 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლედი
ქეთი მართლა აღფრთოვანებული ვარ თქვენი სცენარით,სულ ისეთI შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ყველაფერი ჩემზეა გადაღებული, დედამთილი,ქმარი,მეგობრები,მამამთილიც კი
15:47 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ძალიან კარგი სერიალია, ყველა თემას ეხება. წარმოდგენილი პერსონაჟებიც ხომ ჩვენი ოჯახის წევრებად იქცნენენ. ალბათ კარგი იქნებოდა ბილწსიტყვაობის ლექსიკა უფრო ფართოდ რომ ყოფილიყო წარმოდგენილი. ისე საყვარლად იგინებიან ფილმის გმირები, - ჩვენი ბავშვებიც რა აღფრთოვანებულები არიან? მე მგონი, ამას ყველაფერს უფრო აღმზრდელობითი დანიშნულება აქვს, რამეთუ ეს ჩვენი ბავშვები გინებას მაინც სწავლობენ უფასოდ
15:15 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქეთი ძალიან გთხოვ არც იფიქრო კარგა ხანს სერიალის დამთავრებაზე, თუ არადა სასწრაფოდ რაიმე ახალი შემოგვთავაზე, ფაქტიურად ამ საერილის გმირების ცხოვრებით ვცხოვრობ(და არა მარტო მე მგინი ნახევარი საქართველო მაინც) , მიხარია ყოველი შაბათი და კვირა საღამო, უნიჭიერესები ხართ ამდენს რომ ახერხებთ, წარმატებებიიიიიიიიიიი მიყვარხართ ყველა
14:29 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთევანი
რა დამთავრება, არც კი იფიქროთ,ერთადერთი ნათელი წერტილია ქართულ ტელესივრცეში, თქვენ გაიხარეთ, ასე ზუსტად რომ ახერხებთ ქართველების მანკიერი მხარეების წარმოჩენას,მართლაც უნიჭიერესი ადამიანი ხართ,გისურვებთ ულევ წარმატებებს
11:08 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლლლ
ქეთი ძალიან ნიჭიერი და კრეატიული ადამიანი ხართ. ვგიჟდები როგორი ფანტაზიის უნარი გაქვთ. წარმატებებს გისურვებთ.
10:03 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS