30 ოქტომბერი, 2013
არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები
დიტო, რომელიც ამდენ გოგოს მოსწონს, ხომ სასაცილოა? ადამიანი ცოლს ურტყამს, აგინებს, ღალატობს და ხალხს მაინც უყვარს ''რამდენი სერიალის სცენარისტს იცნობთ?'' - ამ შეკითხვას ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი ქეთი დევდარიანი მისვამს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლებში უამრავი სერიალი გადაიღეს, მაგრამ სცენარისტების უმეტესობა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობად დარჩა, ქეთი დევდარიანთან კი ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გვაქვს. ბოლო დროს მაყურებელს დიტოსა და კატოს ოჯახის დანგრევაზე მეტად ის ადარდებს, ვინ არის მირიან ბარათეონის გმირის პროტოტიპი, ბიზნესმენი თემურ უგულავა თუ ლევან ვასაძე.
ბარათეონი დავით ბაგრატიონსაც კი შეადარეს. სერიალმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იმდენად კარგად ასახავს თანამედროვე რეალობას, ალბათ იმიტომ ამბობს სცენარისტი, რომ ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირები გროტესკულები არიან...

- ქეთი, როგორ ახერხებთ ყველას სეზონზე მაყურებლის შენარჩუნებას?
- ზუსტად ისევე ვშრომობთ და ვათენებთ ღამეებს, როგორც პირველ სეზონში. ჩვენ თვითონვე არ გვბეზრდება ამის კეთება, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემთხვევაშიც ასე იქნება. ზაფხულში ორი კვირა ვისვენებთ და მაშინაც დაგვიჭერია ჩვენი თავი, რომ შეკრების დროს სერიალზე ვსაუბრობთ. სულ ძიებაში ვართ, რა როგორ უნდა მოხდეს.
- ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ?
- არა, ვთანხმდებით, როგორ ჯობია და მერე მე ვწერ. ამ სერიალს ჰყავს რეჟისორები, პროდიუსერები. როდესაც კარგი იდეა მოდის, ყველას მოსწონს და ველოდებით ხოლმე, რომ ის ერთი რაციონალური იდეა გაჩნდეს. ძირითადად მე და ირაკლი საღინაძე ვმუშაობთ და შეთანხმებამდე მივდივართ.
- ახალი სეზონის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად მაინც მირიან ბარათეონი იქცა.
- ამ პერსონაჟის შემოყვანა აგვისტოს დასაწყისში გადაწყდა, როდესაც მეოთხე სეზონზე დავიწყეთ ფიქრი. ხუმრობა ჩავდეთ მის გვარში. არსებობს სერიალი ''სამეფო კარის თამაშები'' , იქ არის სტარკების, ლანისტერების და ბარათეონების ოჯახი და ვიხუმრეთ, ასე ვთქვათ, უკან დავიბრუნეთ ჩვენგან წაღებული გვარი. მსახიობზე კასტინგი გამოვაცხადეთ და დათო დარჩია იყო საუკეთესო. მირიანის გმირი უნდა ყოფილიყო სიმპათიური, იმიტომ რომ ქალებს მოსწონებოდათ. ცოტა არტისტული და ნიჭიერი მსახიობი. ჩემთვის მთავარია, რომ მსახიობი ნიჭიერი იყოს.
- ეს უნდა ყოფილიყო ახალი ''დიმიტრი გელოვანი'' ?
- არა, ადრე სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, როგორი იქნებოდა თანამედროვე ''დიმიტრი გელოვანი'' , მაგრამ ის სერიალი ჯერ არ დაწერილა. სულ სხვა ტიპის სერიალია, დადებით გმირზე, რომელიც ხალხს ეყვარება, რომელიც განიცდის კათარზისს, შეიცვლება, განვითარდება, რაღაცას ისწავლის. ჩვენს გმირებს ეს არ ახასიათებთ. ჩვენთან მაყურებელი უფრო იზრდება. დროთა განმავლობაში რაღაცები აღარ მოსწონთ. კატოზე რომ წერენ უარყოფით კომენტარებს, კატო ასე იქცეოდა პირველ სეზონშიც, უბრალოდ, მისი გმირის ქცევები აღარ მოსწონთ.
- ბარათეონი ჩოხოსანია?
- არა, ბარათეონის გმირი ჩოხოსნებთან დაპირისპირებულია. თავად ნაბდოსანია. ჩოხა მხოლოდ მის მოსამსახურეებს აცვიათ. მირიანი მიიჩნევს, რომ ჩოხა არ არის ქართული, ჩრდილო-კავკასიურია და ამიტომ აქვს სხვადასხვა ფერის ნაბადი.
- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ის მომენტი, ჟურნალისტს რომ უთხრა, სანამ ეთერში მასალას გაუშვებ, მაჩვენეო.
- ცოტათი დავცინე ჟურნალისტებს, რაზეც ბრაზდებიან და ეს ნორმალურია. ვინც მიიჩნევს, რომ კარგი ჟურნალისტია და კარგ შეკითხვებს სვამს, ის თავის თავზე არც მიიღებს. ვიცი, რომ მირიანის მიმართ ინტერესი დიდია. მისი გმირი იმ ადამიანების განსახიერებაა, რომლებიც ამ ბოლო დროს რაღაც ინიციატივებით გამოდიან - მონარქიის აღდგენის, ეროვნული ღირებულებების დაბრუნების... მირიანი არის კრებითი სახე საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებმაც იშოვეს ბევრი ფული და აქვთ რაღაც ამბიცია.
- მირიანს ადარებენ ლევან ვასაძეს, თემურ უგულავას, თუმცა ბოლო სერიებში დავით ბაგრატიონსაც მიამსგავსეს.
- დავით ბაგრატიონს იმიტომ შეადარეს, რომ მონარქიაზე ილაპარაკა, მაგრამ თავად ამბობს, რომ ფარნავაზიანთა წარმომადგენელია. არ ვიცნობ ლევან ვასაძეს, თემურ უგულავას და დავით ბაგრატიონს, რომ მათი ცხოვრება გადმოვაკოპირო. თან არ მგონია, რომ ლევან ვასაძე ქათამს არ ჭამდეს, მომღერალი ცოლი ჰყავდეს, ოთხი გოგონა და ბიჭის მოლოდინში იყოს. ვიღაცის ცხოვრების პირდაპირი გადმოტანა დრამატურგიაში დიდი შეცდომაა. ეს პერსონაჟი არის იმ თვისებების ჰიბრიდი, რომლებსაც ეს ადამიანები ატარებენ. აქ თვისებები ავიღეთ და არა სახელები და გვარები. დიტო, რომელიც ამდენ გოგოს მოსწონს, ხომ სასაცილოა? ადამიანი ცოლს ურტყამს, აგინებს, ღალატობს და ხალხს მაინც უყვარს. კონკრეტულად ვინმე ''ბაბულიკას'' კი არ ვიცნობ, რომელიც დიტო შარაშენიძის პროტოტიპია, უბრალოდ, ასეთი ქართველი კაცების კრებითი სახეა. ასეთივე კრებითი სახეა მირიან ბარათეონი, ყველა იმ ადამიანის, ვისაც მსგავსი ნიშან-თვისებები აქვს. კატოც ძალიან ბევრი ქართველი გოგონას თვისებებს ატარებს.
- ჩოხოსნები ვიცი, მაგრამ ნაბდოსნების გაერთიანება მართლა არსებობს საქართველოში?
- არა, ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია (იღიმება)... გამორიცხავთ, რომ სადაც ჩოხოსნები არიან, ხვალ ნაბდოსნებიც გამოჩნდნენ?
- თქვენ თუ აღმოჩენილხართ ჩოხოსნების საზოგადოებაში?
- არა, მაგრამ ინტერნეტში ჩოხაფართების ვიდეოები მინახავს და ვიცი, რომ ჩოხოსნობა სულიერი მდგომარეობაა. რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩოხა ქართული სამოსია, არადა, კავკასიურია. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჩვენი ისტორია კარგად არ ვიცით და გვგონია, რომ ქართულ ტრადიციებს ვიცავთ. რომ ჰკითხო, ერთ ტრადიციას ვერ დაგისახელებენ, რომელიც მართლა ქართულია. ერთხელ ინტერვიუში ხინკალზე ვთქვი, ქართული არ არის-მეთქი. ამაზეც ატეხეს ამბავი, ჩვენს ტრადიციებს ეხებაო. ჯერ გაიგონ, ქართული ტრადიციები რა არის და მერე იჩხუბონ.
- ბარათეონის გმირმა დიტოს პერსონაჟი უკანა პლანზე გადასწია.
- დიტოს კონკურენტია, მაგრამ მაყურებელი ჯერ კიდევ მის მხარეს არის და მირიანი არ უყვართ.
- რატომ ვერ შეიყვარა მისი გმირი მაყურებელმა?
- გროტესკული პერსონაჟია და თან ახალია. ჯერ არაფერი გაუკეთებია ისეთი, რითიც სიყვარულს დაიმსახურებდა. მთელი ოთხი-ხუთი სერია საკუთარ თავს აქებს. დიტომ რამდენი იშრომა, ოცწლიანი სიყვარული მოიპოვა, კატოს სიურპრიზებს უწყობდა და მიუხედავად იმისა, რომ ცოლს ხელი დაარტყა, მაინც მოსწონთ. მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდება, ბარათეონი დიდხანს დარჩება სერიალში და, რა თქმა უნდა, დიტოც იქნება.
Rating
- დათოს პერსონაჟით გავაგრძელოთ საუბარი.
- დათო მართლაც შავ დღეშია. აქაც სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება. ერთი შეხედვით ჩიხშია. თან მართლა ვიცი რამდენიმე შემთხვევა თბილისში, როდესაც მამაკაცს ცოლი და საყვარელი ერთდროულად ჰყავდა ფეხმძიმედ. სოციალურ ქსელში წერენ, რა არის, ბრაზილიური სერიალიაო? არადა, ასეთი რაღაცები საქართველოშიც ხდება. თან, ანი ტყებუჩავა მართლა ორსულად არის.
- ისევ გაიყრება მათი წყვილი?
- არა, დრამა იქნება, მაგრამ ოთხი შვილით მართლა ძნელია ქმართან გაყრა. დათო მაყურებელს აღარ უყვარს წინა სეზონის მე-15 სერიის შემდეგ, როდესაც ნინამ სახლიდან გააგდო. ხომ გახსოვთ, დათო როგორი მეოჯახე იყო. მართალია, ცოლს სამსახურში არ უშვებდა, მაგრამ მაინც უყვარდათ. ღალატის შემდეგ დათო შეიძულეს. ყველა ნინას მხარეს იყო. ქალბატონები საკუთარ თავს ხედავდნენ. ვიღაც ქალმა მომწერა, რომ ვუყურებდი, ტირილი მინდოდა, ზუსტად ასე წავიდა ჩემი ქმარი სახლიდანო. ბევრი აიგივებს თავს ნინასთან და დათოს, როგორც ოჯახის წევრს, არ აპატიეს. ახლაც, გამოსავალს ისევ ქალები იპოვიან. როგორც წესი, ასე ხდება, გადაწყვეტილებას ბოლოს ქალები იღებენ.
- ძალიან საინტერესოა ნატაშკას პატიმარი მეუღლის ისტორიაც.
- ამაზე პატიმრები ძალიან გაგვიბრაზდნენ, თავი დაანებოს სანდრექსამ გათხოვილ ქალსო. სხვათა შორის, ხალხი სანდრექსას და ნატაშკას უფრო გულშემატკივრობს. იმის გამო, რომ ქმარი ცუდად ექცეოდა და საწყალი გოგოა. თან სანდრო კაკულიას პერსონაჟიც უყვართ. პირადად ჩემ გარშემო ასეთი რამ არავის გადახდენია. მყოლია ნაცნობი, რომელიც ციხეში ზის ან ქმარს ღალატობს, პატარა ბიჭი შეუყვარდა, ეს ამბავი კი ჩვენი მოფიქრებულია, მაგრამ რეალობაში ჯდება. თავისუფლად შეიძლება, რომ ქალი, რომელსაც ქმარი სულ ცუდად ექცევა, პატარა სითბოზეც კი სხვაგან წავიდეს. მით უმეტეს, 16 წლის ასაკიდან ტანჯვის მეტი არაფერი უნახავს და ახლა ასეთ კარგ ბიჭს შეუყვარდა.
- სერიალში ზაზა კოლელიშვილის გმირი კანონიერ ქურდ ტარიელ ონიანს მიამსგავსეს.
- მე არ მითქვამს, რომ ეს გმირი კანონიერი ქურდია. კრიმინალური ავტორიტეტია... ტარიელ ონიანი არც მიხსენებია და არ ვიცი, რატომ შეადარეს. არც ვიცი ქურდული სამყარო ასე კარგად. სოციალურ ქსელში ვიხუმრე, ტექსტს ლიმონა დევდარიანის სული მაწერინებს-მეთქი. არ არის ტარიელ ონიანი. ეს არის იმ ადამიანების კრებითი სახე, რომლებმაც კრიმინალით იშოვეს ფული და ავტორიტეტებს წარმოადგენენ, ერევიან ბიზნესში, პრობლემებს აგვარებენ. ეს პერსონაჟი დიტოს პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა. პრობლემა იმაზე ჰქონდა, რომ დიტო ბარათეონს შეუვარდა და მაგიდაზე მუშტები ურტყა. პირად საკითხებს კაცები ასე არ განიხილავენ.
- ლიკუნასა და ხურცილავას წყვილის ცხოვრება ბოლო დროს ერთფეროვანი გახდა, ამიტომ წავიდა ცოლის გმირი ამერიკაში?
- ხურცილავას ცხოვრება დუნე არ ყოფილა, მაგრამ ამ სეზონზე სხვა პრობლემა წამოვწიეთ წინ. ჩემი მეგობარი ამერიკაში წავიდა სწორედ ამ პრობლემით და მაშინ მომივიდა თავში აზრად, სერიალშიც შემომეტანა. ხურცილავა გამოწვევის წინაშე დადგა, მარტო დარჩნენ მამა და ბავშვი.
- ძალიან დადებითი გმირი გყავთ სერიალში ნელიკოს პერსონაჟის სახით...
- ძალიან მწყინს, რომ ჩვენთან სიკეთე სისულელესთან ასოცირდება. ნელიკო მომართულია აბსოლუტური პოზიტივისკენ და ყველასთვის კარგი უნდა. ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან, სამწუხაროდ, უზომოდ კეთილ ადამიანებს ბრიყვებად მიიჩნევენ. არადა, ასეთი ადამიანები ცხოვრებას ალამაზებენ. თან ბაია თავის პესონაჟს განსაკუთრებულს ხდის, მის ადგილას სხვა ვერც წარმომიდგენია. ბაიას ნათელი სახე მიბიძგებს, რომ მისი ტექსტები ყოველთვის სიკეთისკენ მომართული იყოს. ეს ქალი რეალურად იმისთვის დაიბადა, რომ სხვა ადამიანებს ბედნიერება მოუტანოს. ჩვენთან თუ ადამიანებს რამეს ბევრჯერ აპატიებ და არ ბრაზდები, სულელად მიგიჩნევენ.
- თინას პერსონაჟის გარშემო მუდმივად აზრთა სხვადასხვაობაა...
- ქართველი ფემინისტები ხშირად მსაყვედურობენ, რომ თინა ნამდვილი ფემინისტი არ არის. შეიძლება, ისიც, როგორც ყველა სხვა პერსონაჟი, ოდნავ გროტესკულია. ბევრი ადამიანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებებს იცავს და ამ დროს სახლში დედასთან ეშლება, თუმცა თინასგანაც ბევრი სასარგებლო ინფორმაცია ჟღერს. მინდა, ჩემს ქვეყანაში დაცული იყვნენ უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, დაჩაგრული ქალები.
- სერიალში ინტერნეტით გაცნობამაც გაიჟღერა, ეს თემა თუ გაიშლება?
- კი, აუცილებლად. სერიალში ასევე არ ყოფილან ეთნიკური უმცირესობები, პოლიტიკოსები, ნელ-ნელა ვფართოვდებით და თემებს ვართულებთ. მე ვვარაუდობდი, სერიალი ამ სეზონზე დამთავრდებოდა, მაგრამ ალბათ არა, რადგან მაყურებელი ჯერ კიდევ პიკშია. მინდა, სერიალი ისე დამთავრდეს, რომ არც ერთ მხარეს გული არ დაგვწყდეს. სანამ ყვირილს დაიწყებენ, ყელში ამოხვედითო, მანამდე მოვრჩეთ, მაგრამ მოვრჩეთ ღირსეულად, ''გაბანძების'' გარეშე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
თავნება
ნინას რეაქცია მომეწონა.როგორც იქნა გონებას მოუხმო და შევიდა ნათიას მდგომარეობაში.ჯობია რაღაცნაირად დამშვიდდეს,თორემ დათოს აწი ყოველთვის შეუძლია ნათიასთან გემრიელად მიირთვას კატლეტები და ბოლოს წაუძინოს კიდეც
13:42 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
არც ერთი პერსონაჟი არ მომწონს მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვხედავ ქართულ სინამდვილეს,არც ეს დიტო არც დათო და არც ეს თინა და კატო ნატაშკა და სხვებიც ერთად ერთი ნორმალური არის დათოს მამა რომაელიც ხმას თუ იგებს ნორმალურს სიტყვას ამბობს ეგეთებიც მინახავს. მოკლედ ერთი დიდი სანაგვეთია.ალბად ესეც არის ამ სერიალიზ მიზანი რო დაგვანახოს ჩვენი ცუდი ჩვევები ამიტომაც ვუყურებ ხშირად პროტესტი რო გამიჩნდეს ჩვენ ცხოვრებაზე.
12:28 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაყურებელი,ოღონდ სერიალის
ძალიან ცუდია დათოს ცხოვრება ასე რომ წარიმართა, რეალურად სუსტი ნებისყოფის კაცია და გამოდის რომ ეყოლება ორი ცოლი,თან ნათიაც სულ ხაზს უსვამს რა ვქნათ? ამ კითხვას არც უნდა სვამდეს, თუ ბუნებით პატიოსანია, უნდა შეეგუოს მარტოხელა დედობას,მან ეს თვითონ მოინდომა
11:04 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმ....
ჩვენ სერიალს კიარ ვუყურებთ,არამედ,რეკლამებს.სადაც პატარ-პატარა დოზებით გვაწვდიან სერიალის 3-5 წუთიან სცენებს.შეაწუხა გული ამ რეკლამებმა და დაწყებული არ მგონია სერიალი ,რომ უკვე მთავრდება.ან ერთი გვაყურებინეთ ან მეორეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
18:34 / 03-11-2013
გამოხმაურება / 0 /
mosiniki
გასაგებია რომ ჩვენ საზოგადოებაში ბევრი მანკიერი თვისებაა, მაგრამ ალტერნატივას რას გვთავაზობს თუნდაც ეს სერიალის შემქმნელები?, ის ნორმალურია როცა ქალი მამაკაცებს ცხვირსახოცებივით იცვლის, თუ კაცისთვის არ არის საპატიებელი ქალმა შეიძლება ეგრე იცხოვროს, კატო როგორ შეიძლება დადებითი გმირი იყოს?!
23:55 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მოსინიკი
გასაგებია რომ ჩვენ საზოგადოებაში ბევრი მანკიერი თვისებაა, მაგრამ ალტერნატივას რას გვთავაზობს თუნდაც ეს სერიალის შემქმნელები?, ის ნორმალურია როცა ქალი მამაკაცებს ცხვირსახოცებივით იცვლის, თუ კაცისთვის არ არის საპატიებელი ქალმა შეიძლება ეგრე იცხოვროს, კატო როგორ შეიძლება დადებითი გმირი იყოს
23:54 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეა ყიფიანი
ქეთი არაჩვეულებრივი ადამიანია.მიხარია შენი წარმატება ქეთი...
19:02 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თეონა
ცხოვრებისეული სერიალია და ძალიან მომწონს :)
16:47 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ამ ხალხს აზროვნება უჭირს თუ რა ხდება? ბარათეონის გმირი და ვასაძე როგორ უნდა შეადარო ან გააიგივო არ მესმის, მსაგვსი იდიოტობა როგორ უნდა მოგივიდეს თავში? პირველ რიგში ამ არაკომპეტენტურ ჭორიკანა ჟურნალისტებს ვგულისმობ,მარტო სიტყვიერი ვარაუდი არ იკმარეს და სურათიც დაამატეს. ამით ვასაძეს არაფერი დააკლდება და თქვენ ჭკუასუსტობას კი კარგად უსვამთ ხაზს.
13:02 / 01-11-2013
გამოხმაურება / 0 /
123
რა გოიმობაა უარყოფით კომენტარებს რომ შლით,მესმის უცენზურო სიტყვებით იყოს ნაწერი,მაგრამ უბრალოდ უარყოფითი აზრის გამოხატვა არ შეიძლება??? მარტო ვინც კარგი რამე თქვა,მხოლოდ იმას ტოვებთ.საცოდავი,დასაცინი საქციელია მინდა გითხრათ:)მდაბიო,არაჟურნალისტური! მოიშორეთ კომპლექსები და დატოვეთ ცენზურა.
20:50 / 31-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS