რატომ კამათობს მშობლებთან
-
- მშობლები ძალიან მიყვარს. ჩემთვის ბევრი რამ აქვთ გაკეთებული, ალბათ, ისე, როგორც ყველა მშობელს. იყო პერიოდი, როცა მათთან შეხება არ მქონდა. ამერიკაში ვცხოვრობდი 13 წლიდან თვრამეტ წლამდე. ორივე ძალიან მენატრებოდა და მათი ნახვა ძალიან მინდოდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო. ხშირად ვკამათობთ, საქმეში ერთმანეთს ვერ ვუგებთ. რა თქმა უნდა, სახლში არ ვკამათობთ იმიტომ, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ცეკვის გამო კი ბევრჯერ გვიკამათია. ასაკით ძალიან განვსხვავდებით, ჩვენი გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვევა.
- რომელს უფრო ჰგავხარ?
- ხასიათით ძალიან ვგავარ მამას, გარეგნულად კი - დედას. ბავშვობაში ეს შეკითხვა დამისვეს და ვუპასუხე, მამას ალბათ მხოლოდ ყურებით ვგავარ-მეთქი. შეიძლება, დედასაც ვგავარ ხასიათით, მაგრამ მე ვერ ვამჩნევ.
- ცეკვის სტილით რომელს უფრო გამსგავსებენ?
- მათი ცეკვა, სამწუხაროდ, არ მინახავს, მეც და ჩემი ძმაც მშობლების დიდ ასაკში შეძენილი ბავშვები ვართ. ცეკვის სტილით ალბათ ორივეს ვგავარ, რადგან ორივემ შეიტანა წვლილი ჩემს მოცეკვავედ ჩამოყალიბებაში.
- ორი დედმამიშვილი გყავს, უფროსი და, შორენა და უმცროსი ძმა, რატი. მომდევნო ფოტო რატისთან ერთად გაქვს გადაღებული. ერთობლივი ფოტო დედმამიშვილებს რატომ არ გაქვთ?
- ყველამ ერთად შეხვედრა ვერ მოვახერხეთ. იყო პერიოდი, როცა მე შორენასთან ვცხოვრობდი. შორენა თბილისში რომ ჩამოვიდა, რატი ამერიკაში ცხოვრობდა.
- რადგან რატი ყველაზე პატარაა, და-ძმა ყველაფერს უთმობთ და პატიობთ?
- ისეთი ასაკობრივი სხვაობაა ჩვენ შორის, რომ დათმობაზე ლაპარაკი აღარაა. შორენა ჩემზე ოცი წლით უფროსია, მე კი რატიზე ოთხწელიწად-ნახევრით ვარ დიდი. ჩემი დისშვილი ლევანი ჩემზე ერთი წლითაა უმცროსი. შორენა ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის დის და დედის როლს თამაშობდა. მომდევნო სურათი შორენასთან ერთად მაქვს გადაღებული, როცა ამერიკაში წავედი. ჩვენს დიდ ოჯახში მხოლოდ ლევანი არ ცეკვავს.
- მომდევნო ფოტოზე შორენა და ლევანი არიან. ლევანს რატომ არ გაუჩნდა ცეკვის სურვილი?
- ამით არ დავინტერესებულვარ. ჩვენ ოჯახში ყველას თავისუფლებას ვაძლევთ. ლევანს ფსიქოლოგობა უნდა.
- შენს სიძეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მკაცრი და სამართლიანი იმიჯი აქვს. როგორია გოჩა ჩერტკოევი ოჯახში?
- ზუსტად ასეთივეა. შორენა კი მასზე მკაცრი და სამართლიანია. ჩვენ ერთმანეთთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამერიკაში რომ ჩავედი, მთელი კლასი წავიყვანე შატალოზე და იმის მერე მივხვდი, რომ ასეთი რამე აღარ უნდა ჩამედინა.
- როგორ დაისაჯე?
- როდესაც არასრულწლოვანი ასეთ დანაშაულს სჩადის, მიჰყავთ პოლიციის შენობაში, მერე მშობლებს ურეკავენ და ბავშვი მიჰყავთ სახლში. მე რომ გოჩას დავურეკე, სპეციალურად არ მოვიდა და მთელი ღამე მაყურყუტა პოლიციის შენობაში.
- როგორ გახსენდება პოლიციის შენობაში გატარებული ღამე?
- ბავშვი ვიყავი. ''კაპეზეში'' არავინ ჩამსვამდა. ვიჯექი იქ, სადაც ბეჭდავდნენ რაღაცებს, მაგრამ იმ შენობაში გატარებული ღამე მაინც არასასიამოვნო იყო.
''მშობლები ფიქრობენ, რომ ამერიკამ გამაფუჭა''
- ჯერ თბილისის სკოლაში სწავლობდი, მერე ამერიკაში წახვედი, ეს ცვლილება როგორ აისახა შენს განათლებაზე?
- თბილისში მეხუთე, მეექვსე კლასამდე, ისე, როგორც ჩემი თაობის ყველა ბიჭი, კარგად ვსწავლობდი. მერე მეცხრე კლასამდე ძალიან ცუდად ვსწავლობდი. მავნე ბავშვი გახლდით და სულ მარტო ვიყავი. არც ერთ ''სასტავში'' არ ვჩერდებოდი ბოლომდე. ბუნტისთავი ვიყავი. ბავშვებს ''შატალოზე'' წასვლისკენ მოვუწოდებდი. ბოლოს კარი რომ ჩაგვიკეტეს, ბავშვებს მეორე სართულიდან გადაძრომა ვასწავლე. ამერიკაში ჩავედი თუ არა, დალასის ერთ-ერთ საუკეთესო საჯარო სკოლაში მიმიყვანეს. სურათი სწორედ იმ პერიოდში მაქვს გადაღებული. ინგლისური მაინცდამაინც კარგად არ ვიცოდი და საშუალო სკოლაში გადამიყვანეს. ჩემს კლასში ბევრი ბავშვი სწავლობდა. როგორც მოგიყევით, ყველა შატალოზე წავიყვანე. ერთ-ერთ პარკში წავედით. ჩვენი ჭკუით, ვერთობოდით და როგორც ჩანს, ძალიან შესამჩნევები ვიყავით. პოლიციელები მოვიდნენ და აგვიყვანეს. ამის მერე მივხვდი, რომ არასწორად ვიქცეოდი და კარგად დავიწყე სწავლა. გადავედი კერძო სკოლაში, რომელიც ამერიკის საუკეთესო სკოლების ათეულში შედის. მათემატიკის სწავლა თბილისში არ მინდოდა, დალასში რომ ჩავედი, მათემატიკის სწავლა აქტიურად დავიწყე. სამწუხაროდ, მერე მათემატიკა ვერ გამოვიყენე ისე, როგორც შემეძლო. სკოლაში მხოლოდ ესპანურში მოვიკოჭლებდი.
- არ მოგწონდა ესპანური ენა?
- მომწონდა, მაგრამ ჩემთვის ცოტა რთული იყო, არ დამვიწყებოდა ქართული, რუსული, მესწავლა ინგლისურიც და ამ ყველაფერთან ერთად ესპანურიც. სკოლა კარგად დავამთავრე. მერე თბილისში ჩამოვედი და წითელ დიპლომზე დავამთავრე საქართველოს დიპლომატიური აკადემია. ოთხწლიანი კურსი იყო და მე ორ წელიწადში დავამთავრე. რასაც მე ამერიკაში მერვე კლასში ვსწავლობდი, თბილისში მეორე კურსზე გავიარე. სოსო ცინცაძის სასწავლებელი ოთხი წლის წინ დავამთავრე. ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ამერიკაში წასვლამ. სწავლა თბილისში რომ გამეგრძელებინა, სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი და სულ სხვანაირად ვიაზროვნებდი. ჩემი აზრით, ბევრად უფრო დაბალი დონის ადამიანი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა ვარ. ხომ შემიძლია, დაახლოებით გავთვალო, როგორ მივდიოდი და სად წამიყვანა ამერიკამ. ჩემს მშობლებს რომ ჰკითხოთ, შეიძლება, არ დამეთანხმონ და ჩემზე თქვან, ამერიკამ გააფუჭაო. ჩემთვის კი ძალიან დიდი პლუსი იყო და მიხარია, რომ ამერიკაში ვცხოვრობდი.
- მომდევნო სურათი დედასთან ერთად ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გაქვს გადაღებული. რა არ მოსწონთ მშობლებს შენში. რატომ ფიქრობენ, რომ ამერიკამ გაგაფუჭა?
- ალბათ, ის, რომ ბევრად თავისუფალი ვარ და ზოგიერთ ტრადიციას პატივს არ ვცემ. მინდა, ყველაფერს ჩემით მივაღწიო. ცეკვების ფედერაციაში, სადაც მამაჩემი პრეზიდენტია, არ მინდოდა, მამის დახმარებით მიმეღწია წარმატებისთვის. მე თვითონ მივიკვლევდი გზას. ახლა სპორტული ფედერაციის დირექტორი ვარ და ფედერაციის ნებისმიერ წევრს რომ ჰკითხოთ, დაგიდასტურებენ, რომ ეს თანამდებობა მამის გამო არ დამიკავებია. რა თქმა უნდა, მამამ რაღაც ზეგავლენა იქონია, მაგრამ ჩემს წარმატებაში მეც შევიტანე დიდი წვლილი.
- კარგად ვსწავლობდიო, მითხარი. ბევრი პროფესიის არჩევა შეგეძლო. როდის გადაწყვიტე, რომ შენს ცხოვრებაში ცეკვები მთავარი გახდებოდა?
- ბავშვობიდან გადაწყვიტეს ასე მშობლებმა და სწორადაც მოიქცნენ. დავყავდი ბევრ სპორტზე, სხვადასხვა ენას ვსწავლობდი. პიანინოს დაკვრასაც კი ვსწავლობდი, დავდიოდი კარატეზე და ტანვარჯიშზე. ამერიკაშიც გავაგრძელე სპორტული ცხოვრება. ევროპულ და ამერიკულ ფეხბურთს ვთამაშობდი. კალათბურთის გუნდის წევრიც ვიყავი. სამივე გუნდი ტეხასის შტატის სკოლებს შორის ჩემპიონი გახდა, მერე შევეჯიბრეთ ოკლაჰომას და ტენესის შტატს და ორივე შტატის ჩემპიონებს მოვუგეთ.
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონის გაუხმაურებელი სკანდალი
- მომდევნო ფოტო ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პირველ სეზონზე გაქვს გადაღებული. ''ცეკვავენ ვარსკვლავებმა'' სამეჯლისო ცეკვები საქართველოში პოპულარული გახადა. მესამე სეზონში რატომ აღარ ხარ?
- აღარ მიღირდა მესამე სეზონში მონაწილეობა. ჩემთვის ზედმეტად დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული. დილიდან საღამომდე გვიწევდა ვარჯიში. სტუდიის და ფედერაციის ყველა საქმეს მოშორებული ვიყავი, არაფრისთვის აღარ მქონდა დრო. რაც ტელევიზორში ჩანს, ყველაფერი ისე არ ხდება ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' კულისებში. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფრის ნერვები აღარ მქონდა.
- მეორე სეზონის სკანდალი შენს მეწყვილეს, თაკო გაჩეჩილაძესა და ია ფარულავას შორის მოხდა. კიდევ იყო რაიმე კულისებს მიღმა?
- ძალიან ბევრი სკანდალი იყო. ერთ-ერთს გეტყვით. საუბარი იყო იმაზე, რომ პროექტში დავბრუნებულიყავი სხვა მეწყვილესთან ერთად მას შემდეგ, რაც გავვარდი.
- ვისთან ერთად უნდა გეცეკვა?
- პირველი სეზონის მონაწილე ნუკი კოშკელიშვილთან ერთად მაბრუნებდნენ პროექტში. ამ ჩანაფიქრს დიდი ამბები მოჰყვა სხვა მონაწილეებისგან. გააპროტესტეს. რეალურად შოუს შინაგა ნაწესში, ე.წ. ''ბიბლიაში'' უწერია, რომ პროექტის პროდიუსერს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, დააბრუნოს ნებისმიერი წყვილი. ჩვენ ორს გვაბრუნებდნენ, მაგრამ დანარჩენ მონაწილეებს, როგორც ჩანს, ძალიან შეეშინდათ. ბევრჯერ მითქვამს, რომ პროექტში პირადი პოპულარობის გამო არ მივსულვარ. მინდოდა, ცეკვები გამხდარიყო პოპულარული და ხალხს აღარ ეთქვა, რომ სამეჯლისო ცეკვები მხოლოდ ერთი ადგილის ქნევაა. ჩემი აზრით, ამას მივაღწიე. ჩემი სტუდიის წევრები აგრძელებენ პროექტში ცეკვას და მე რომ აღარ ვარ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' , მათ უფრო კარგად ვეხმარები.
- სალომე ჭაჭუასთან ფოტო დაახლოებით ერთი წლის წინ გაქვს გადაღებული. თქვენი დაშორება ყველას გაუკვირდა. ამბობენ, რომ აღარ გინდოდა, სალომე ჭაჭუას კონკურენტი ყოფილიყავი და ამის გამო აღარ მოინდომე პროექტში მონაწილეობა.
- ეს დიდი სისულელეა. დაშორებამდე უფრო არ მინდოდა, მისი კონკურენტი ვყოფილიყავი. ახლა, წესით, პირიქით უნდა მიმეღო მონაწილეობა და კონკურენცია გამეწია.
- როგორც ვიცი, პროექტში მონაწილეობაზე შემოთავაზება გქონდა.
- თავიდან აიყვანეს სამი მონაწილე, ოთო, ჯულიანა და სალომე. რაღაც მიზეზების გამო მე არ ამიყვანეს. მაგრამ მერე კასტინგზე რომ მივიდნენ დანარჩენი მოცეკვავეები და ნახეს ვისთან ჰქონდათ საქმე, მთხოვეს, მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ აღარ დავთანხმდი.
- ალბათ პროექტს ადევნებ თვალს. სალომე ჭაჭუას შანსებს როგორ აფასებ?
- პირველ დღეს დავესწარი, სამწუხაროდ, მეორე კონცერტზე მისვლა ვერ მოვახერხე, ვერც მესამეზე, რადგან ''პროფილის'' ჩაწერაზე გახლდით ოჯახის წევრებთან ერთად. ჩემი აზრით, პირველ საკონკურსო დღეს ხალხმაც და მსაჯებმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აუტსაიდერებში ის ორი წყვილი უნდა მდგარიყო, ვინც რეალურად იდგა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე და სალომე დავშორდით.
- შენი აზრით, პროექტის მესამე სეზონის უდავო ლიდერები ვინ არიან?
- ჩემი აზრით, ჯულიანა და გიორგი ყიფშიძე სხვებისგან აბსოლუტურად გამოირჩევიან და აშკარა ლიდერები არიან. კიდევ ბევრი სხვა წყვილი მომწონს და ვნახოთ, მერე რა მოხდება.
- ახლა ალბათ უკვე შეგიძლია, მშვიდად ისაუბრო იმაზე, რაც მოხდა შენსა და სალომეს შორის.
- უბრალოდ, ერთმანეთს დავშორდით. არაფერი არაა ჩასაძიებელი. მთავარია, რომ მან თავის პირად ცხოვრებას მიხედა, მე - ჩემსას და ყველაფერი კარგად მიდის.
- ამ ყველაფერზე მარტივად ლაპარაკობ.
- ახლა უკვე ზედმეტად მარტივია საუბარი. იყო პერიოდი, როცა არ იყო მარტივი, მაგრამ საკმარისი დრო გავიდა და რაღაცებმა გამიმარტივა წარსულის დავიწყება.
- გიორგი ვარდოსანიძეზე გაბრაზებული აღარ ხარ?
- გაბრაზებული არც არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, მადლობას ვუხდი. რისთვის, თვითონ კარგად მიხვდება. მე არაფერზე არ ვარ ნაწყენი. დამთავრდა ურთიერთობა. მათ მოეწონათ თუ შეუყვარდათ ერთმანეთი. რა მაქვს გასაბრაზებელი. სალომემ გააკეთა ის, რაც უნდოდა. ამაში გასაბრაზებელი არაფერია.
- როგორც ვიცი, გყავს შეყვარებული, ნინი წიკლაური.
- ახლა ჩვენი ურთიერთობის საწყისი ეტაპია, ამიტომ არაფრის გამომზეურება არაა საჭირო. ზუსტად არასდროს იცი, მერე რა მოხდება. არ მინდა, ვილაპარაკო, როგორ კარგად ვართ ერთად.
- ფოტოზე ნინი წიკლაურთან ერთად ხარ. ბევრს ეგონა, რომ მომღერალი ნინი წიკლაური შეგიყვარდა.
- ნინიმ მითხრა ამის შესახებ, ინტერნეტში წაუკითხავს, რომ ვითომ მომღერალი ნინი წიკლაური მიყვარს, მაგრამ იმ ადამიანს არც ვიცნობ.
- ნინი როგორ გაიცანი?
- ჩემი აზრით, გაცნობის ამბავს მაშინ უნდა მოყვე, როცა ურთიერთობა ჩამოყალიბებულია. ჯერ არაა ჩვენი ურთიერთობა ჩამოყალიბებული და ვერ ვხვდები, ვინმეს რამე რატომ უნდა მოვუყვე.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''