27 ოქტომბერი, 2013
რას უკავშირებს თიკო სადუნიშვილი საკუთარ უმუშევრობას
საქართველოში ნია ჩხაიძეს რომ ახსენებ, ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ნინო ჩხეიძე ყველას გაახსენდება, თუმცა სახელი და გვარია მიმსგავსებული და არ არის აუცილებელი, რომ რადგან ამ სახელისა და გვარის მომღერალს ვასრულებ, მაინცდამაინც “წაღვერი და თბილისი“ უნდა შემესრულებინა სერიალშიც თიკო სადუნიშვილი “იმედიდან“ 2013 წლის პირველივე დღეებში გაუჩინარდა. ტელეწამყვანი ფიქრობს, რომ ეს არჩევნების შემდგომი პერიოდის “დამსახურებაა“ და რაც უნდა ბევრი ილაპარაკონ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, ეს სფერო ყველა დანარჩენზე მაინც ძალიან დიდ გავლენას ახდენს.
სულ მცირე ხნის წინ
უმუშევარ თიკო სადუნიშვილს პოპულარ-ული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების“ სერიებში მირიან ბარათეონის ცოლის, მომღერალ ნია ჩხაიძის როლში შევხვდით.

- პირველ რიგში, “ჩემი ცოლის დაქალებზე“ გკითხავ. ამ სერიალში როგორ აღმოჩნდი? სამსახიობო გამოცდილება, მგონი, პირველია შენთვის.
- დავიწყოთ იმით, რომ ახალი წლის მერე, პირველი იანვრიდან სამსახური არ მქონია. მქონდა თავისუფალი დრო და გართობის ერთ-ერთი ნაწილი ის იყო, რომ “ჩემი ცოლის დაქალების“ აქტიური მაყურებელი გავხდი. საერთოდ, სერიალებს არ ვუყურებ. შაბათ-კვირას ამ სერიალისთვის სახლში არ გავრბოდი, მაგრამ გადახვევის საშუალება არსებობს და მოგვიანებით ვნახულობდი ხოლმე. ერთ-ერთი და პრინციპში, ერთადერთი ქართული სერიალია, რომელზეც სრულიად საქართველო “ზის“ . როდესაც “ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობა შემომთავაზეს, გამიხარდა, მაგრამ ავნერვიულდი კიდეც, რადგან მართალი ხარ, სამსახიობო გამოცდილება არ მქონია და აქამდე თიკო სადუნიშვილის გარდა არავინ მითამაშია. ანუ თუკი სადმე გამოვჩენილვარ, საკუთარი თავი განმისახიერებია. გამიჭირდა თუ არა, ვერ ვიტყვი, ალბათ, მაყურებელმა უნდა შეაფასოს, მოვერგე თუ არა მირიან ბარათეონის ცოლის, მომღერალ ნია ჩხაიძის როლს.
- სახელსა და გვარზე აუცილებლად უნდა გკითხო. ნია ჩხაიძეზე ყველას ნინო ჩხეიძე გაახსენდა.
- (იღიმის) იმდენი ვიხუმრე ნინო ჩხეიძეზე, რომ ბოლოს ნია ჩხაიძის როლი შემომთავაზეს, მაგრამ ამ პარალელზე სერიალის შემქმნელებთან საუბარი არ მქონია. უბრალოდ, მითხრეს, რომ პოპულარული მომღერლის როლი უნდა შემესრულებინა. საქართველოში ნია ჩხაიძეს რომ ახსენებ, ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ნინო ჩხეიძე ყველას გაახსენდება, თუმცა სახელი და გვარია მიმსგავსებული და არ არის აუცილებელი, რომ რადგან ამ სახელისა და გვარის მომღერალს ვასრულებ, მაინცდამაინც “წაღვერი და თბილისი“ უნდა შემესრულებინა სერიალშიც. ჩემი პერსონაჟი მიახლოებულია თბილისელი მომღერალი გოგოს სახეს.
- სიმღერა, რომელიც სერიალში შეასრულე და საოცარი ტექსტი ჰქონდა, შენვე ჩაწერე?
- მე ჩავწერე. ამ სიმღერას ისეთივე ტექსტი აქვს, როგორიც სხვა ქართულ უაზრო სიმღერებს - “მე და შენ და ისევ შენ და მე, წვიმა, სიყვარული, მოწყენილობა, აღარ მიყვარხარ, მაგრამ გაფასებ“ .
- სტუდიაში მანამდეც ყოფილხარ და სიმღერაც ჩაგიწერია. ის პერიოდი ხომ არ გაგახსენდა?
- გამახსენდა, რადგან სიმღერა ჩემი ტკივილია. ყველგან ვამბობ, რომ ხმა არ მაქვს. შესაძლოა, ბევრი რომ იმუშაონ ჩემზე, რაღაც ხმა ამომივიდეს. მიმუშავია გარკვეულ პროექტებზე, ჩამიწერია სიმღერა, მაგალითად, “თბილისი ლაივისთვის“ . ასეთ დროს ჯერ სტუდიაში მუშაობენ ხოლმე ბევრს ჩემზე, შემდეგ კი კომპიუტერითაც ასწორებენ ხმას. ვერ ვიტყვი, რომ სულ ყრუ და უნიჭო ვარ, შემიძლია, კარგად გავიმეორო ის, რასაც დამავალებენ. მომღერლად თავს არ მივიჩნევ. სიმღერა, რომელიც “ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი სერიაში შევასრულე, სერიალისთვის სპეციალურად დაიწერა. მელოდიის ავტორი გელა გნოლიძეა, ტექსტის - მიშა მშვილდაძე.
- კამერების წინ არ გაგიჭირდებოდა, მაგრამ როლში სიყალბე რომ არ შეგპარვოდა, ამაზე როგორ იმუშავე?
- ქართველი მსახიობების მიმართ მეც მაქვს ხოლმე ეს პრეტენზია, სიყალბის, მაგრამ გავუგე არამსახიობებს, რადგან მართლა რთულია, მოირგო სხვა ადამიანის როლი და ითამაშო. ალბათ აქ რეჟისორის სამუშაო უფრო მეტია, რადგან იმდენი დუბლი უნდა გადაიღოს, რამდენიც საჭირო იქნება კარგი შედეგის მისაღებად. მეორე მხრივ, რადგან შენ აგიყვანეს ამ როლზე, ე.ი. მის შესასრულებლად გაქვს პოტენციალი. რეჟისორთან, რა თქმა უნდა, წინასწარ გავიარე ეს როლი, თუმცა, ზოგადად, ჩემი თავისადმი ძალიან კრიტიკული ვარ. სანამ რეჟისორამდე მივიდოდი, მანამდე სახლში რამდენიმე დღე საკუთარ თავზე ვიმუშავე. მართალია, ეპიზოდური როლია და დიდი მუშაობა არ სჭირდებოდა, მაგრამ მაინც. მე საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ, ამიტომ ჯობია, მაყურებელმა შეაფასოს, როგორ ვითამაშე.
- მირიან ბარათეონის მსგავსი მამაკაცები თუ შეგხვედრია რეალურ ცხოვრებაში?
- მგონია, რომ მირიან ბარათეონი კონკრეტულად ერთი მამაკაცის ტიპაჟი არ არის და რამდენიმე კატეგორიის თვისებებით არის შემკული. მგონია, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგხვედრიათ რომელიმე ამ ტიპაჟებიდან. ამ პერსონაჟს მთლიანად ქართული თვისებები აქვს. ჩემს სანაცნობოში ასეთი ადამიანი არ არის, მაგრამ მირიან ბარათეონის მსგავსთან მივლია (იღიმის), ანუ ამ შემთხვევაში თაყვანისმცემელს ვგულისხმობ. სხვათა შორის, როდესაც სერიალიდან დამირეკეს, მითხრეს, უნდა ითამაშო საქართველოში ყველაზე მაგარი მამაკაცის ცოლის როლიო (იღიმის).
- მირიანის მსგავსი მამაკაცი შენთვის მისაღებია?
- მირიან ბარათეონის უკან იმდენად დიდი მატერიალური შესაძლებლობები დგას, რომ წესით მისაღები უნდა იყოს. პირველ ცოლთან სამი შვილი ჰყავს და განქორწინების შემდეგ პირველი მეუღლე ყველაფრით უზრუნველყოფილია, ჩემი გმირიც შორდება და მისი პერსპექტივაც კარგია. ასე რომ, მირიანის მსგავსი მამაკაცის ცოლობა ალბათ წარმატებულ კარიერას უდრის, თუმცა ჩემთვის ბარათეონის მსგავსი მამაკაცი მისაღები არ არის, ჩემთვის მთავარი ადამიანის სხვა მხარეებია.
- ამბობ, რომ პირველი იანვრიდან უმუშევარი ხარ.
- 31 დეკემბერს “ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო გადაცემა მქონდა წამყვანის ამპლუაში. მქონდა შემოთავაზებები რამდენიმე არხიდან, იყო მოლაპარაკებებიც, მაგრამ... რამდენიმე წელი ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა, მათ შორის, ერთი წელი ორ სამსახურში ერთად ვიყავი. როცა სამსახური აღარ მქონდა, არ მიფიქრია, ერთხელ რომ პროფესია დავკარგე, ახლაც იგივე ხომ არ მეორდება-მეთქი. დავფიქრდი და მივხვდი, რომ შემეძლო, თავიდან გამეცნო ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, დრო გამეტარებინა შვილთან, წამეკითხა საინტერესო წიგნი და ფეხით ბევრი მესეირნა. ბოლოს ყველაფერი ჰბეზრდება ადამიანს და ახლა ასეთი გრაფიკი მომბეზრდა. ვერ ვიტყვი, რომ სხვა ბევრი ქართველივით კარზე მოკაკუნებას და სამსახურის შემოთავაზებას ველოდები. ასე უმოძრაოდ არ ვარ, მაგრამ ზოგადად, რაც უნდა დიდი გამოცდილება, სტაჟი გქონდეს, ჩვენს ქვეყანაში მაინც არაფერს ნიშნავს. მე რომ სხვაგან ვცხოვრობდე და ტელევიზიაში მუშაობის 12-წლიანი სტაჟი მქონდეს, უსამსახუროდ ნამდვილად არ ვიქნებოდი. საქართველოში კი ყოველთვის უნდა იცოდე, რომ რაც უნდა დიდი გამოცდილება გქონდეს და პროფესიონალი იყო, ერთ დღეს შეიძლება ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგიხდეს. ეს ალბათ, ყველას არა, მაგრამ საკმაოდ ბევრ პროფესიას ეხება. შესაძლოა, მკითხველს გაუჩნდეს შეკითხვა, რატომ ვაფასებ თავს პროფესიონალად, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს საკმაოდ ობიექტურად ვუყურებ. ალბათ, ძალიან რთულია, ამდენი წელი აკეთო ის საქმე, რაც არ გამოგდის, თუკი მრავალი წელია, ერთ სფეროში ხარ, ე.ი. ეს საქმე გამოგდის. ყოველთვის უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით, მაგრამ ვიცი, რომ ხვალ შემიძლია, უკეთესად გავაკეთო.
- არ ეჭვობდი, რომ პოლიტიკური რეალობის შეცვლა შენს უსამსახუროდ დარჩენას გამოიწვევდა?
- თუკი ამ შეკითხვას სხვადასხვა ადამიანს დაუსვამ, შესაძლოა, გითხრან, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია, მაგრამ რეალურად ყველამ იცის, რომ პოლიტიკა ამ ქვეყანაში ბევრ რამეს ეხება. მე ისიც არ მეგონა, რომ ამდენად ვასოცირდებოდი “ნაციონალურ მოძრაობასთან“ .
- მგონია, რომ ეს საუბრები უფრო მერე დაიწყო, როდესაც ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერად გამოხვედი და სასამართლოებზე დასწრება დაიწყე.
- არა, უფრო ადრე დაიწყო. საქართველოში ხალხი იმდენად გაბოროტებულია, რომ წარმატებული ადამიანები არ უყვარს. ამისი მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც თვითრეალიზება ვერ მოახდინა. ეს არა მათი, არამედ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ბრალია. ხალხს დავყოფდი ორ კატეგორიად - არიან ისინი, ვინც ცხოვრებისგან სიამოვნებას იღებს და უფრო დიდი ნაწილი, ვინც მათ უბრალოდ, უყურებს. არ ვამტყუნებ გაბოროტებულ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, აი, მთავრობა შეიცვალა და დამთავრდეს “თბილისი ლაივები“ და კონცერტებიო. ამით რა შეიცვლება? მოვა სხვა ხალხი, რომელიც სხვა გადაცემებსა და სხვა კონცერტებს გააკეთებს. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი მანამდეც და იმედია, ახლაც იმავე წარმატებით გავაგრძელებ (იღიმის).
- ისევ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ შენს დაკავშირებას დავუბრუნდები. მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ ამ პოლიტიკურ ძალასთან გაკავშირებდნენ?
- ამას სოციალური ქსელებიდან გამომდინარე ვამბობ, ამგვარი შინაარსის კომენტარებს ვკითხულობდი. როცა “თბილისი ლაივი“ დაიხურა და ჩემს ფოტოზე პირველი კომენტარი გაჩნდა, შოუბიზნესის ბევრმა წევრმა, რომელთა სახელებსა და გვარებს აღარ ვახსენებ, არჩევნების მეორე დღესვე განაცხადა, რომ “თბილისი ლაივი“ უგემოვნო გადაცემა იყო. რატომ ვასოცირდებოდი წინა მთავრობასთან? ალბათ, იმიტომ, რომ მათი არჩეული კურსი მომწონს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ჩემი საქმეა? ეს ხომ არ უნდა ეხებოდეს ჩემს საქმიანობას? მე ხომ ვანო მერაბიშვილსა და მიშა სააკაშვილზე გადაცემები არ მიმყავდა და რომელიმე პოლიტიკური ძალის აგიტაციას არ ვეწეოდი?!. საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, რომელსაც გასართობი გადაცემა მიჰყავდა და რომელმაც, ვფიქრობ, ქართულ შოუბიზნესში მცირე წვლილი მაინც შეიტანა. ეს ჩემი კი არა, უფრო მეტად გადაცემის წვლილი იყო. ასეთი გადაცემა აკლდა იმდროინდელი შოუბიზნესის სივრცეს, გამოჩნდა და საკუთარი ადგილი დაიკავა.
- თიკო, ქუჩაში თუ გრძნობ იმას, რასაც კომენტარებში გიწერენ?
- პირადად ამდენ რამეს ვერ გაგიბედავენ. მხოლოდ სოციალური ქსელების დონეზე შეუძლიათ ალბათ ხმის ამოღება. ქუჩაში ჩვეულებრივად დავდივარ და ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვგრძნობ. სამაგიეროდ, კვირაში ერთხელ მაინც, შედარებით ხანში შესული ქალბატონები მხვდებიან და კომპლიმენტებს მეუბნებიან, მეკითხებიან, რატომ დავიკარგე, მიქებენ ამა თუ იმ ვარცხნილობას და ჩაცმულობას. ეს ძალიან მსიამოვნებს. გარდა იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შენი წარმატება არ უხარიათ და სტატუსებით ცდილობენ, ყოველი დღე ჩაგაშხამონ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც კომპლიმენტებს არ იშურებენ და მოსწონხარ. “ფეისბუქზე“ მომდის ხოლმე საკმაოდ აგრესიული სახის შეტყობინებები, ლანძღვა... პირდაპირ არ მოდის ადამიანი ქუჩაში და არ მაგინებს, მაგრამ ბევრია, ვინც სიყვარულს გამოხატავს. ყველას, ვის სიყვარულსაც ვიმსახურებ, თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობას გადავუხდი.
- ვფიქრობ, რომ გაქვს იმუნიტეტი სალანძღავი კომენტარების მიმართ. არის ხოლმე კომენტარები, რომლებიც გულს გტკენს? მაგალითად, ბოლოდროინდელი დაპირისპირება იყო ერთ ცნობილ ადამიანთან, რომელმაც შენზე არცთუ სასიამოვნო სტატუსი დაწერა.
- კარგია, რომ მის სახელს არ ახსენებ, რადგან არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თუ ზოგადად ვიტყვით, ნებისმიერი აგრესიის, შემოტევის მოგერიება შემიძლია. იმუნიტეტი მართლაც მაქვს გამომუშავებული. პატარა გოგო არ ვარ და გააზრებული მაქვს, რა გზა ავირჩიე, მაგრამ როცა ჩემს ოჯახს ეხებიან, ამის საწინააღმდეგო ვაქცინა არც გამიკეთებია და არც გავიკეთებ. ჩემს ოჯახს ყოველთვის დავიცავ!.. იმ სტატუსზე, რომელიც ჩემს ოჯახს ეხებოდა, არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, ჟურნა-ლისტებმა გამაგებინეს და მერე წავიკითხე. ბევრმა ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მწერდნენ, მართლა ასეა, როგორც იქ წერიაო? მივხვდი, რომ ხალხი ფიქრობდა, რადგან პასუხს არ ვცემდი, ე.ი. ის მართალს ამბობდა. ჩემს წერილში, რომელიც “ფეისბუქზე“ გამოვაქვეყნე, ვწერდი, რომ საქართველოში დუმილი ოქრო არ არის და ზოგჯერ რაც მეტს ილაპარაკებ, მით მეტად მოგებული დარჩები. პასუხის გაცემა კი იმ შემთხვევაში ჩემი შვილისთვის იყო აუცილებელი, რადგან ამ თემაზე არ გაგრძელებულიყო ლაპარაკი სკოლაში თუ სხვაგან.
- ყვითელი პრესის ჟურნალისტებს ხშირად ადანაშაულებენ ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ქექვაში და ყველაფერს აბრალებენ, რისი დაბრალებაც შეიძლება. შენ რას ფიქრობ ამ თემაზე? არსებობს მოსაზრება, რომ რამდენადაც მისცემ საშუალებას, ჟურნალისტი იმდენად ჩაერევა შენს ცხოვრებაში.
- ეს გამონათქვამი კი არსებობს, მაგრამ ჟურნალისტი კიდევ სხვა რამეა. ჟურნალისტს შეუძლია, იმის იქითაც წავიდეს და ეს მისი პროფესიაა. ხშირად ბევრი პოპულარული ადამიანი წუწუნებს ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ლაპარაკობდნენ ის ქალები, რომლებიც მეფეებთან იწვნენ, რომ როცა შენ ხარ პოპულარული და გავლენიანი ან გავლენიან ადამიანთან წევხარ, ვერ აირიდებ ხალხის ლაპარაკს. თუკი ხარ პოპულარული, შენი პირადი ცხოვრება უკვე აღარ არის პირა-დი. თუ შენთვის პრობლემაა, რომ ფოტო არ გამოჩნდეს პაპარაცულ რუბრიკაში და ჭორებს ვერ უმკლავდები, მაშინ ეს შენი სფერო არ არის. ხშირად ვახსენებთ ბიონსეს, მადონას, რიანას. რიანას კრის ბრაუნმა რომ სცემა, მეორე დღეს მთელი ჟურნალების თვალწინ ჩალურჯებული თვალით თავად პოზირებდა. საქართველოში არავის დამართნია ასეთი რამ. თუკი წუწუნებ იმაზე, რომ შოუბიზნესი არ არის მაღალ დონეზე, “ვარსკვლავი“ ჩვეულებრივი ადამიანისგან არაფრით განსხვავდება და ხალხი ქუჩაში ავტოგრაფებს არ გთხოვს, შენ თავად გააკეთე რაიმე ამ სფეროს განვითარებისთვის. ჟურნალისტები ის ხალხია, რომლებიც საზღვარს ავლებენ ჩვეულებრივ და ცნობილ სახეებს შორის. ჟურნალისტს შეუძლია, გაგხადოს პოპულარული და გამოგყოს იმ ადამიანისგან, რომელიც მეორე დღეს სადღაც აუზზე შენს ინტერვიუს წაიკითხავს. ჩემს პირადზე ბევრი რამ დაუწერიათ, მათ შორის ის, რაც არ მინდოდა, მაგრამ თუკი ეს მეორე დღეს ჩემს ურთიერთობას ანგრევს, ეს ჩემი პირადი პრობლემაა და არა ჟურნალისტის. “ნანუკას შოუში“ ჩემი შეყვარებულის ფოტო გამოჩნდა, რაც არც ერთს არ გვესიამოვნა, მაგრამ ამის გამო ჩვენი ურთიერთობა არ დანგრეულა. არიან მამაკაცები, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, თუკი მათი მეორე ნახევრები პოპულარულები არიან და უნდათ, ინტერვიუში მათი ვინაობა გამჟღავნდეს, მაგრამ მე გვერდით ასეთი მამაკაცი არ მყავს. ჩემს მეორე ნახევარს არ მოსწონს, როცა მასზე ვლაპარაკობ და მგონია, რომ არც უნდა მოსწონდეს, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
- როცა ურთიერთობას იწყებდი ხოლმე, გქონდა პოპულარობის კომპლექსი?
- არ ვიცი, პლუსია თუ მინუსი, მაგრამ ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. ეტყობა, არ მაქვს “ვარსკვლავობის“ შეგრძნება. არადა, ჩემს რომელიმე მეგობარს უთქვამს, მგონია, ესა და ეს ადამიანი იმიტომ დადის შენთან, რომ თიკო ხარ სადუნიშვილიო. შესაძლოა, ასეთი ბიჭები ჩემამდე არასდროს მომიშვია, შესაძლოა, მყოლია ასეთი თაყვანისმცემელი, არ გამიაზრებია, ჩემს მეგო-ბარს კი შეუნიშნავს და უთქვამს.
- დაბოლოს, სადმე გამოჩენას თუ აპირებ “ჩემი ცოლის დაქალების“ გარდა?
- ჯერ არსად, მაგრამ ჩემს სფეროში ბევრი მეგობარი მყავს, მათთან ვკონტაქტობ და გვაქვს ბევრი იდეა. ეს ალბათ ისევ ტელევიზიას დაუკავშირდება, თუმცა დღეს ვერ ვილაპარაკებ ამაზე. სურვილი ნამდვილად მაქვს, თუმცა ხვალ რომ შემომთავა-ზონ სამსახური, არ წამოვხტები და ეგრევე არ გავიქცევი ეთერში დასაჯდომად. თუ დარწმუნებული არ ვიქნები, რომ საქმე კარგად გამომივა, ხელს არ მოვკიდებ. მით უმეტეს, ახლა თუ დავიწყებ, მომზადებული უნდა ვიყო.
- ისევ შოუბიზნესურ გადაცემას უმიზნებ?
- ალბათ. აბა, პოლიტიკაში არ წავალ (იღიმის). ამას იმიტომ ვამბობ, სამი სტატუსი გამოვაქვეყნე, რომელიც ჩემს ქვეყანას ეძღვნებოდა და წერდნენ, პოლიტიკაში რატომ შეიჭერიო (იღიმის).

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ლაშა
სამსახური კი არა, როდის უნდა ჩაბარდეს ეს გოგო წესიერ პატრრონს! უკვე დროა!
00:53 / 01-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
თიკო, ვისი მომხრეც არ უნდა იყო არა აქვს მნიშვნელობა დაბრუნდი მოგვენათრე!!!! მე არ ვარ ნაციონალების ხროვის მომხრე, მეტიც ყველა მძულს მაგრამ პროფესიონალ ადამიანებს პატივც ვცემ.თიკო უნიჭიერესი გოგოა, აღიარეთ ნუკი იბოღმებით.
19:28 / 10-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ეს არის რეალიზებული ადამიანი და ამისი უნდა შურდეს ვინმეს? იაფასიანი ძუკნობა, სცენაზე ზასაობა, ნაირნაირი მამაკაცების ლოგინებში ძრომიალი...... როდის შემდეგ გახდა ქართველი ქალის შესაშური საქმიანობა? მიმიფურთხებია ასეთი ურცხვი სიცოცხლისათვის.
20:31 / 09-11-2013
გამოხმაურება / 0 /
102010
ქაა რათა გშურთ მარსკვლავებისა.ისა რა ქვ იაა,ნეტა მეს ვიყო მარსკვლავი,არაა ეე.
14:16 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ძალად
ეს ტიკინა ახლა ასე ფიქრობს აქტუალობის შენარჩუნებას და სვეტსკი საზოდაგოებაში დამკვიდრებას? ამ დადებითი კომენტარების 99 პროცენტი ალბათ თავისივე დაწერილია მამულიჩა-წურწუმიასავით ეს არ იყო, ორი კვირის წინ ქუჩის ქალივით რო ილანძღებოდა??!!!
15:34 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS