26 ოქტომბერი, 2013
გია ცინაძის კულტურულ-სექსუალური გართობა
მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მოვლენა საქართველოში და მგონია, რომ ეგ გადაარჩენს არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც და თუ არ დაეზარება, ამერიკასაც. მაგრამ დაეზარება, ასე მგონია „რუსთავი 2“ - ის ეთერში ახალი სერიალი „ნათია და ნათია“ დაიწყო. მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი „დები ღლონტები“ - თათული ედიშერაშვილი და თამუნა ნიკოლაძე ახლა ტიპურ ქართველ რძლებს ასახიერებენ. სერიალში დიდი ხნის პაუზის შემდეგ გამოჩნდა გია ცინაძე, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ცდილობს, ყველას, ოჯახშიც და სამსახურშიც დაუმტკიცოს, რომ ჭკვიანი
ბიჭია.

- გია, ტელესერიალებში დიდი ხანია, არ გამოჩენილხარ. ამ ხნის განმავლობაში რას საქმიანობდი?
- რამდენიმე პროექტზე ვიმუშავე ჯგუფ „კრეატივთან“ ერთად. გადამიღეს რამდენიმე სარეკლამო კლიპში. გარკვეული დროით შემოქმედებითი პაუზა მქონდა.
- ყოველდღიური გადაღებების შემდეგ შემოქმედებით პაუზას როგორ შეეგუე?
- „ჩვენი ოფისი“ იმდენ ხანს გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიალი ძალიან მიყვარდა, დილით ადრე გაღვიძება რომ აღარ მიწევდა, თავიდან ცოტა მომეწონა. მერე უკვე აღარ იყო კარგი. მიყვარს ეს საქმე და ძალიან გა-მიხარდა, როცა მიმიწვიეს.
- არ მოგწონს, როცა დღემდე შენი გმირის, მყუდროს სახელით მოგიხსენიებენ. რატომ?
- როგორ არა, მომწონს. ოღონდ მათგან, ვინც არ მიცნობს, ქუჩაში ამ სახელით მომიხსენიებს და ასე გამოხატავს სიყვარულს. არ მომწონს მაშინ, როცა ჟურნალისტი მომმართავს ასე ან სათაურში მყუდროს წერს.
- ამით ჩვენს მკითხველს შენს თავს ვახსენებთ.
- ჰო, მაგრამ ხვალ ვირი რომ ვითამაშო, ვირს დაწერთ?!. ხომ არ არის ეს სწორი?
- შენი პერსონაჟი ნიკა დადებითი გმირია...
- ასეა. ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობს, უნდა, სამსახურში წარმატებას მიაღწიოს და აქტიურობს ამ მხრივ. აქციებს აწყობს, რაღაც იდეებს სთავაზობს უფროსობას. უნდა, ყველას დაუმტკიცოს, რომ ჭკვიანია.
- თუმცა, უფროსი ძმისგან რჩევები სჭირდება, რომ ცოლი „თავზე არ დააჯდეს“ ...
- იმიტომ, რომ ძმა გამოცდილია, მეტი აქვს ნაცხოვრები ოჯახურ ფორმატში, პატარა ძმამ კი ჯერ ბევრი რამ არ იცის. ესეც ქართული ამბავია. თუმ ცა დარწმუნებული ვარ, მე ან ჩემს ძმას ასეთი რჩევები ერთმანეთისგან არ და-გვჭირდება.
- ახალი შექმნილი ოჯახი გაქვთ, ახლახან დაბრუნდით საქორწინო მოგზაურობიდან, როგორ ფიქრობ, ნიკას მეუღლე - ნათია თქვენს ურთიერთობებში დომინანტი იქნება?
- ორივეს უფროსობა უნდა, ნიკა ჯერჯერობით დამყოლიც არის. ერთი-ორჯერ ხმას რომ აუწია, თვითონაც გაუკვირდა, ნათიასაც გაეცინა. ჯერ გაცნობის პროცესში არიან. ეს ბიჭი ყოველდღეE სწავლობს, რა არის ოჯახი.
- გია ცინაძემ იცის, რა არის ოჯახი?
- ძალიან კარგად ვიცი, რა არის ოჯახი და ალბათ, ამიტომაც არ მყავს. კი არ გავურბივარ, უბრალოდ, მივიჩნევ, რომ სხვა პასუხისმგებლობაა და ტვინში უნდა ვიყო ამისთვის მზად. თავისით უნდა მოხდეს, 40 წლის ხარ და დროა, ცოლი მოიყვანოო, ასეთი რაღაცების არ მესმის. ფეხზე მყარად უნდა იდგე, ოჯახი გეყოლება თუ ველოსიპედი. ისე არ გამიგოთ, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ.
- როგორი გოგონები მოგწონს, ნათიასნაირი ტიპაჟი შეიძლება მოგეწონოს?
- მე არა. სერიალში ჩვენი ოჯახი ტიპური ქართული ოჯახია, დედამთილისა და მამამთილისთვის ყურის დაგდება, ჭორაობა... ამ მხრივ აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა მაქვს. წყვილმა ცალკე უნდა იცხოვროს, ყვე-ლაფერი თავისთვის უნდა ჰქონდეთ და მშობლები მათ ურთიერთობაში უხეშად არ უნდა ერეოდნენ. საბედნიეროდ, ისეთი ადამიანები ცხოვრობენ ჩემ გარშემო, რომ მსგავსი პრობლემები არ დგას, მაგრამ სადმე ასეთ ქართულ ოჯახებს რომ ვხედავ, ცოტა ვიბნევი, შოკში ვვარდები.
- უფროსი ადამიანების რჩევები არ უნდა მოვისმინოთ?
- რჩევას გააჩნია, ზოგჯერ შეიძლება, რჩევა ბავშვისგან მოვისმინო. ოჯახურ ამბებში უხეშად ჩარევაზე მაქვს ლაპარაკი.
- გოგონებზე ვლაპარაკობდით, როგორი გოგონები მოსწონს გია ცინაძეს?
- თავისუფალი, თვითონ რომ წყვეტს, რა როგორ გააკეთოს, ოღონდ ეთიკისა და ზრდილობის გათვალისწინებით.
- ზრდილობაზე გამახსენდა, საკმაოდ უცენზურო სტატუსებს ვკითხულობ ხოლმე „ფეისბუქის“ შენს გვერდზე, პოლიტიკური იქნება ეს თუ არაპოლიტიკური...
- ეს არ არის უცენზურო. დრო იცვლება, სხვა საუკუნე მოდის. ჩვენს ენაში დარჩა გარკვეული რაოდენობით უწმაწური სიტყვები, რასაც არ ვიყენებ, იმიტომ რომ ძალიან ჭრის ყურს. შენ რომელ სიტყვებსაც გულისხმობ... გააჩნია, მათ როგორ კონტექსტში იტყვი. ერთმა მეგობარმა მომცა ამაზე შენიშვნა. მაშინ მეც დავფიქრდი, მაგრამ მივხვდი, ის უფრო მტყუანი იყო, ვიდრე - მე. თუ მეგობრებთან ასე ვლაპარაკობ და არავინ არაფერს მეუბნება, „ფეისბუქზე“ რატომ არის გასაკვირი. „ფეისბუქიც“ ხომ პატარა ოჯახია, სახლივითაა, ერთი დიდი ოთახი. ტელევიზიით ასეთ რაღაცებს არ ვამბობ, მაგრამ იქ თავს უფლებას ვაძლევ.
- გია, „ფეისბუქი“ სოციალური ქსელია...
- მიფიქრია ამაზეც, მაგრამ დღემდე არ გამომიყენებია ისეთი სიტყვა, რომელზეც თავად შევწუხდებოდი. უზრდელი არ ვარ.
- ჩვენი პრემიერ-მინისტრის ფოტოებს აქვეყნებ ხშირად და ძალიან ბევრ გულს წერ კომენტარებში. ეს სი-ყვარულის გამომხატველია?
- მიყვარს ძალიან. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მოვლენა საქართველოში და მგონია, რომ ეგ გადაარჩენს არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც და თუ არ დაეზარება, ამერიკასაც. მაგრამ დაეზარება, ასე მგონია (იცინის).
- შეყვარებული ყოფილხარ?
- როგორ არა, ვიღაცები მყვარებია, მაგრამ დამთავრებულა ეს ურთიერთობა. ჩემზე ბევრი სისულელე გამიგია.
- მაგალითად?
- გოგონები მოსწონსო.
- ეგ კარგია, მთავარია, არ თქვან, ბიჭები მოსწონსო.
- მექალთანეს თუ რაღაც ასეთს ამბობენ. ეს სიტყვა ვერ გავშიფრე. როცა თავისუფალია, რატომ არ უნდა ერთობოდეს ბიჭი გოგონებში, ეგეც არ მესმის. მთავარია, კულტურისა და ეთიკის ნორმები არ დაარღვიო.
- როგორია შენი კულტურულ-სექსუალური გართობა?
- უკულტურო ადამიანები ატყუებენ გოგონებს, რომ უყვართ, რომ ხვალ ცოლად მოჰყავთ და მერე „გადააგდებენ“ . წესიერ ადამიანებს ურთიერთობა აქვთ მეგობრებთან, რომლებმაც იციან, რომ თუ ერთხელ სექსი ექნებათ, ამით ქვეყანა არ დაინგრევა. ამის შეთანხმებაც არ ხდება წინასწარ. უბრალოდ, იცი, რომ ნორმალურ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა, რომელსაც თავში ოფოფები არ უზის.
- შენს ახალ იმიჯზეც მინდა ვისაუბროთ, როგორ შეელიე წვერს?
- თმას რაც შეეხება, ეს პარიკია, საინტერესოც არის ჩემთვის. წვერთან შელევა კი მართლაც გამიჭირდა, სკოლის შემდეგ ჩემი სახე წესიერად ნანახი არ მქონდა. რომ გამპარსეს, ასე მეგონა, ტიტველი ვიყავი და ტრაკი მიჩანდა. გარეთ გასვლის მრცხვენოდა. ახლა ნელ-ნელა ვეგუები. მაგრამ მე მსახიობი ვარ, როგორც სჭირდება როლს, ისე ვაკეთებ, რომ ეთქვათ, რქა უნდა გქონდესო, რქა მექნებოდა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS