ვინაიდან „ახალი ხმის“ ჩაწერები დასრულებულია, ახლა ანნაც და დიმა ტატიშვილიც, ანუ მისი თანამეწყვილე, ლაივშოუების დაწყებას ელოდებიან. ანნას სახლში ვესტუმრეთ და ოჯახურ და საქმიან ამბებზე დავუსვით შეკითხვები.
- მე შენ მახსოვხარ ადრე, როგორც რადიოწამყვანი. ტელეწამყვანობას როგორ შეეგუე?
- ამ ორ რამეს ერთმანეთს არ ვადარებ, რადგან განსხვავებული სპეციფიკაა რადიოში, სადაც ბევრად ინტიმური გარე-მოა და წამყვანის მხოლოდ ხმა ისმის. რადიოში გარკვეული თვალსაზრისით უფრო კომფორტულად ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, მაკიაჟი გაქვს თუ არა, ტელევიზიაში კი სულ ფორმაში უნდა იყო, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ვიზუალს და ზოგჯერ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ამბობ. ტელევიზიაში „ახალი ხმის“ წამყვანად უცაბედად მოვხვდი და არ მიფიქრია ამ ორი რამის შეთანხმებაზე, თუმცა ტელეწამყვანობა მოვირგე. ძალიან მომენატრა იმიტომ, რომ ბავშვების „ახალი ხმა“ ფეხმძიმობის გამო ვერ წავიყვანე.
- შემდეგ გადაცემის ჩანაწერს თუ უყურებ ხოლმე?
- ყოველთვის ვუყურებ და მაინტერესებს, როგორ გამოვედი, რა ვთქვი. ამ სეზონზე ჯერ მხოლოდ ჩანაწერები გავიდა ეთერში და ვნახე. როგორც სხვებიც მეუბნებიან და აღმასრულებელი პროდიუსერიც (იღიმის), ახლა ბევრად თავისუფალი ვარ. „ბრმა კასტინგების“ ჩაწერა ძალიან აზარტულია. თანაც, იმდენად მონატრებული მქონდა ეს საქმე, რომ აღტკინებული ვიყავი. ბევრი ემოცია გამოვხატე, რაც, ვფიქრობ, გადაცემას მოუხდა, თუმცა მონტაჟის დროს ვთხოვდი, რაც ზედმეტია, ამოიღეთ-მეთქი.
- ანუ მეუღლის წყალობით, გარკვეული „ბლატები“ გაქვს?
- (იცინის) არა, პირიქით, რადგან დათოს ცოლი ვარ, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ვიჩაგრები. ასე რომ, „ბლატები“ არ მაქვს. რამდენად გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა, ეს სხვა საქმეა (იცინის). იმის გამო, რომ ჩემი ქმარი ამ პროექტის აღმასრულებელი დირექტორია, ყველაზე ადრე უნდა მივიდე სამსახურში, ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას უნდა ვგრძნობდე, არ დავიმსახურო შენიშვნები და ა.შ. მე და დათოს სამსახურში ურთიერთობა მხოლოდ ჩაწერებზე გვიწევს, ისიც, მცირე დროით. ძირითადად, სცენარისტსა და რეჟისორთან ვკონტაქტობ.
- თუ ნახულობ კომენტარებს, რაც შენთან დაკავშირებით იწერება ინტერნეტსივრცეში და კრიტიკას როგორ იღებ?
- დღეს ყველანაირი ინფორმაცია მისაწვდომია და მეც ვცდილობ, რომ გავეცნო კომენტარებს. „ახალი ხმის“ ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება და შეძლებისდაგვარად ვკითხულობ. თუკი კრიტიკა ჯანსაღია და არა სუბიექტური, ვცდილობ გათვალისწინებას, უფრო მეტად გარეგნობაზე საუბრობენ ხოლმე, მაგრამ წელს ბევრი დადებითი კომენტარი წავიკითხე.
- დიმა ტატიშვილს როგორ შეეწყვე?
- ვამბობ, დიმიტრებში მიმართლებს-მეთქი (იღიმის). დიმა ისეთი ადამიანია, რომ მასზე მხოლოდ დადებით გამოხმაურებებს ვისმენ. აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, ჩაწერებზე ბევრი ვიხალისეთ და ამ დღეებმა ხუმრობა-ხუმრობაში გაიარა. დიმა ჩემზე ბევრად უფროსია და გამოცდილებაც მეტი აქვს, მეუბნება ხოლმე, წამყვანობის გამოცდილება არ მაქვს და შენგან უფრო ვსწავლობო, მაგრამ მე არ ვეთანხმები. დიმას მაგივრად უფრო ახალგაზრდა რომ ყოფილიყო, ასე თავდაჯერე-ბულად თავს ვერ ვიგრძნობდი.
- ხომ არ გაქვს იმის შეგრძნება, განსაკუთრებით ცოცხალი შოუების დროს, რომ რაიმე ზედმეტი არ წამოგცდეს?
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ ამაზე, სცენაზე დგახარ, ხალხი გიყურებს, მაგრამ მუდმივად იმაზე რომ ვიფიქრო, რაიმე ზედმეტი არ წამომცდეს, ალბათ, ძალიან დავკომპლექსდები. აქ გადაცემის პრინციპიც მეხმარება, რადგან სცენარი მაინც წინასწარ არის გაწერილი, თუმცა გამორიცხული არ არის, შენ თავად დაამატო რაიმე. რინგებსა და ლაივებზე კიდევ უფრო დალაგებული და შეთანხმებულია სცენარი, რეპეტიციაც გავლილია. რადგან ნაკლები გამოცდილება მაქვს, ინიციატივის გამოჩენას ვერიდები. არ მინდა, რაიმე ცუდად გამოვიდეს.
- ჩაწერებზე იყო სახალისო მომენტები?
- მე და დიმა სულ ვხალისობთ, რადგან დიმა საინტერესო კომენტარებს აკეთებს ხოლმე, მაგრამ მოსაყოლად არ ღირს. ჩაწერები ზოგადად ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ყველა რინგი ერთ დღეში ჩავწერეთ. ამ ჩაწერებს ყოველთვის ესწრება ხოლმე იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც „ახალი ხმის“ საავტორო უფლებას ფლობს. ის სულ გვაჩქარებს და გვეუბნება, ვერ მოასწრებთ, ვერ მოასწრებთო, მაგრამ მაინც ვასწრებთ (იცინის). მერე ამბობს ხოლმე, ძალიან მაგრები ხართო. მაყურებლები რომ მოდიან ხოლმე, იციან, რომ დიდხანს მოუწევთ ყოფნა, კარი იკეტება და გასვლის საშუალება არ აქვთ, მაგრამ მოსაწვევებზე მაინც ძალიან დიდი ამბავია.
- გადაცემაში შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
- დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე.
- მეუღლემ ინტერვიუს დაწყებამდე გითხრა, სახლშიც მაღალ ქუსლებზე უნდა იაროო და შენს სასცენო იმიჯზეც გამოთქვამს ხოლმე შენიშვნებს?
- (იღიმის) დათო ფიქრობს, რომ სახლში, იპოდრომზე, სტადიონზე, ყველგან მაღალ ქუსლებზე უნდა გეცვას. ადრე მართლაც ვუჯერებდი, პატარა ვიყავი და ასე ქუსლებით დავდიოდი. ერთხელ სარეცხს ვფენდი და კინაღამ გადავვარდი აივნიდან. მაშინ გადავწყვიტე, რომ სახლში ქუსლიანით აღარ ვივლიდი (იცინის).
იმიჯზე მკითხე და დიზაინერთან რომ მივდივარ, რამდენიმე ვარიანტიდან ერთად ვირჩევთ ხოლმე. რა თქმა უნდა, კარგია, როცა რაღაც ორიგინალური გაცვია და მცმია ასეთი სუპერორიგინალური სამოსი, მაგრამ სამოსში თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდე და თანაც, იმ დიზაინერის ხელწერაც უნდა წარმოჩინდეს, გარდა ამისა, შოუს უნდა უხდებოდეს.
- ძალიან ლამაზი ფეხები გაქვს და ცდილობ ხოლმე, ამას ხაზი გაუსვა?
- გააჩნია სიტუაციას. მაგალითად, ახლა რინგების ჩაწერაზე გრძელი კაბა მოვირგე. ძირითადად, დათოს აქვს მოთხოვნა, რომ ფეხები უნდა ჩანდეს (იცინის).
- ახლა დატვირთული რეჟიმი არ გაქვს?
- არა, რადგან ჩაწერები დასრულდა და მე და დიმა მხოლოდ კადრს მიღმა ხმის დასადებად მივდივართ ხოლმე ტე-ლევიზიაში. ახლა ლაივები რომ დაიწყება, უფრო დატვირთული რეჟიმი მექნება, მაგრამ ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩემი პა-ტარაც ხშირად დამყავს ხმის ჩაწერაზე, პეტრეს ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა და მოსწონს ბევრი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა.
- ძიძა არ გყავს?
- არა (იღიმის). თუკი დახმარება მჭირდება, ან დედაჩემს ვთხოვ, ან დათოს დედას. თანაც, პეტრე ძალიან უპრობლემო ბავშვია. ღამე სძინავს. არ მინდა, მასთან დაკავშირებული რაიმე სიახლე გამოვტოვო. ვკითხულობ, როგორია განვითარების ეტაპები და რომელ ასაკში რას უნდა აკეთებდეს პატარა.
- გარეგნულად დათოს ჰგავს, არა?
- 3D ექოზე რომ ვნახეთ ბოლოს, დათოს ასლი იყო, ძალიან ჰგავდა. ყველა ამას ამბობდა, ახლა ცოტა ჩემკენ წამოვიდა თავის ფორმით, ფერითა და ცხვირის ფორმით. დათოს წამწამები აქვს და მგონი, თვალებიც. ზოგჯერ ძალიან ჰგავს დათოს, ზოგჯერ - მე. დათო ამბობს, მე დამემსგავსებაო. იმასაც ამბობდა, ბიჭი იქნებაო, როცა ყველას გოგო გვეგონა. დათოსთვის პეტრე მესამე შვილია.
- აპირებ კიდევ გაჩენას?
- ჯერ არა.
- სამი თვის წინ იმშობიარე და ასეთ ფორმაში როგორ ჩადექი?
- მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში საორსულო ვარჯიშებზე დავდიოდი, თან, ალბათ, გენეტიკაც ხელს მიწყობს. ორსუ-ლობის განმავლობაში 16 კილო მოვიმატე. ათს რომ გადავცდი, მერე უკვე აღარ ვამბობდი, რამდენი მოვიმატე (იცინის). ათი კილო სამშობიაროში დავტოვე, რასაც არ ველოდებოდი, არადა, ჩემი ექიმი მეუბნებოდა. ბავშვიც ძალიან დიდი გაჩნდა, ოთხი კილოგრამი. ორი კვირით ადრე გაჩნდა პატარა, თორემ უფრო დიდი იქნებოდა. საკეისრო კვეთა დამჭირდა.
- ბავშვმა შენი და დათოს ურთიერთობაში რა შეცვალა?
- ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა გარდა იმისა, რომ უფრო მეტი საერთო საზრუნავი გაგვიჩნდა. მგონია, რომ თვითონ შევიცვალეთ. მეშვიდე წელია, მე და დათო ცოლ-ქმარი ვართ. ამ ხნის განმავლობაში ისე ვცხოვრობდი, რომ პასუხისმგებლობას ნაკლებად ვგრძნობდი. ანუ იმას ვგულისხმობ, რომ მიყვარდა მანქანის სწრაფად ტარება და ექსტრიმი. მაგრამ ახლა საკუთარ თავს ვუფრთხილდები, რადგან ვიცი, რომ პეტრე მყავს და მას ვჭირდები. ვფიქრობ, პეტრეს რა ეშველება-მეთქი (იღიმის), სულ მინდა, მასთან ვიყო. დათო ისეთი მამაა, როგორიც არ მეგონა. ალბათ, შეიცვალა ან შესაძლოა, ასეთიც იყო, მაგრამ რაც ბავშვი დაიბადა, მისი ეს თვისებები გამოვლინდა. სამშობიაროდან პეტრეს გამოყვანის შემდეგ ძალიან მომეხმარა, მასწავლიდა, იყო მომენტი, როცა პანიკაში ჩავვარდი და დამამშვიდა. დათო რომ არ ყოფილიყო, მართლა ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ ახლა უკვე მეც ვიცი, როგორ მოვუარო პეტრეს.
- ექსტრიმი ახსენე და სწრაფად ტარების გარდა კიდევ რა გიყვარს?
- მიყვარს „ამერიკული მთები“ და ყველანაირი ექსტრემალური გასართობი, ატრაქციონი. დათოსთან ერთად რომ მივდიოდი, მეკითხებოდა ხოლმე, უეჭველი გინდაო? პეტრესაც ძალიან მოსწონს მანქანის სისწრაფე, მგონი, მშობლებმა მივაჩვიეთ. პეტრე რომ გაჩნდა, ოთხი დღის იყო, პირველად გარეთ რომ გავიყვანეთ და მანქანით ვასეირნეთ. ახლა ძალიან არ მოსწონს, როცა შუქნიშნებზე ვჩერდებით და ეგრევე ტირილს იწყებს (იცინის).
- საოჯახო საქმეებს თავს შენ ართმევ?
- ახალ სახლში ახლა გადმოვედით და ვხვდები, რომ ძალიან მიჭირს. კვირაში რამდენჯერმე დამხმარე ქალი მოდის, რომელიც სახლს მილაგებს.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“