25 ოქტომბერი, 2013
სოფო ბედიას ქმარს ყოფილი ცოლი ისევ უყვარს...
დიდი ხანია ხალხს აღარ ვახსოვარ და დიდი ხანია, სოფო ბედიას მეუღლედ ვიქეცი. მომღერალი და კომპოზიტორი მიშიკო შაყულაშვილი აღარავის ახსოვს მომღერალმა სოფო ბედიამ და მიშიკო შაყულაშვილმა ოჯახი ხუთი წლის წინ შექმნეს. წყვილმა ბევრ დაბრკოლებას გაუძლო. ზაფხულში სოფომ ბავშვის გაჩენა გადაწყვიტა. ფიქრობდა, რომ ბავშვი მათ ურთიერთობას გადაარჩენდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მომღერალს მუცელი მოეშალა, წყვილი კი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა მიშიკო ფიქრობს, რომ მათი დაშორება დროებითია და ყველაფერი შერიგებით დამთავრდება.

- მიშიკო, რას საქმიანობთ?
- სამწუხაროდ, დაახლოებით თხუთმეტი წელია,
მნიშვნელოვანი არაფერი გამიკეთებია.
- ''ივერიის'' წევრი იყავით...
- ''ივერიაში'' 1990 წლიდან 1994 წლამდე ვიყავი. ეს ისეთი წლები იყო, როცა საქართველოში თითქმის არაფერი ხდებოდა. ''თოვლის ბებოს ზღაპარი'' ვითამაშე ბოლო ორი სპექტაკლი. იმედას როლი მქონდა, რომელიც პირველად ალეკო კვაშალმა ითამაშა, ნუგზარ კვაშალის ძმამ, მერე - სოსო პავლიაშვილმა და ბოლოს - მე. 2001 წელს ''არტ იმედში'' გახლდით. მერე მოსკოვსა და ლენინგრადში წავედი, სადაც ჩემი პროფესიით ვიყავი დაკავებული. რესტორნებში ვმღეროდი.
- ალბათ, ეს პერიოდი კარგად გახსენდებათ.
- რა თქმა უნდა, კარგად მახსენდება. მაშინ რა ცხოვრებითაც ვცხოვრობდი, უფ... ''არტ იმედში'' კი მხოლოდ სამი თვე ვიყავი. მერე კონტრაქტი გამიუქმეს. რომ ვიკითხე, ასე რატომ მოხდა-მეთქი, მითხრეს, თქვენნაირად ბევრი ვერ მღერის, მაგრამ ასე გადაწყვიტა დირექტორატმაო. ვუთხარი, კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.
- მარინა ბერიძესთან მას შემდეგ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?
- დირექტორატმა გადაწყვიტა ასე და ღმერთმა გაუმარჯოთ. კონკურსებში მივიღე მონაწილეობა. ვიყავი ''იალტა-ტრანზიტი-მოსკოვზე'' და ''ოქროს შლაგერზე'' .
- რა შედეგით დაბრუნდით?
- არანაირი შედეგით არ დავბრუნებულვარ. კონკურსებზე მომექცნენ ისე, როგორც ექცევიან უპატრონო ადამიანს. პირველი ადგილი მეკუთვნოდა, მაგრამ ყველანაირი პრიზის გარეშე მტოვებდნენ. არ არსებობს კონკურსი, სადაც ჩაწყობა არაა. ავიღოთ ''ჯეოსტარი'' , საიდანაც ჩემი ცოლი სოფო ბედია, მისი ძმა და ბევრი სხვა მომღერალი ხალხისთვის ცნობილი გახდა. ჩემი აზრით, ყველაფერს ესემესი არ წყვეტს. კონკურსებს გულის დაწყვეტის მეტი არაფერი მოაქვს. მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ ჩემს მეუღლეს უნდა გაემარჯვა. ღირსეულმა გაიმარჯვა იმ წელს, ნოდიკო ტატიშვილმა, მაგრამ ჩემი მეუღლე მასზე მეტი თუ არა, ნაკლები არაფრითაა. გიორგი სუხიტაშვილმა რომ გაიმარჯვა, ვფიქრობ, იმ წელს ბორისს უნდა გაემარჯვა.
- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბორისს უფრო ნაკლები მსმენელი ჰყავდა, ვიდრე გიორგი სუხიტაშვილს.
- ვერ დაგეთანხმები. ''ჯეოსტარის'' მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე სოფოს ხშირად დავყვებოდი. სოფო და ბორისი ერთად ხშირად გამოდიოდნენ. სიამაყით შემიძლია ვთქვა, როგორც კი სოფოს და ბორიას გამოაცხადებდნენ, ინგრეოდა დარბაზი. როგორ მოსწონს სუხიტაშვილის და ნებისმიერი სხვა მომღერლის ნამღერი მასობრივად უფრო ბევრს? სუხიტაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძალიან მომწონს. მე ფაქტს გიყვები. შეგიძლია, დუტა სხირტლაძე ნახო და ჰკითხო, რა ხდებოდა ''ჯეოსტარის'' კონცერტებზე. დუტას ეს კონცერტები მიჰყავდა. მე არ ვიცი, ''ჯეოსტარის'' სხვა მომღერლები რა პასუხს გაგცემენ. ბედიებზე ილეწებოდა ყველაფერი არა მარტო სამეგრელოში. ასე იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ სოფო ჩემი ცოლია და ბორისი - ცოლისძმა. უყვარს ეს მომღერლები ხალხს და ინგრევა ყველაფერი იქ, სადაც ეს ორი მომღერალი გამოდის. სხვაზე ასეთი რამ არ ხდება.
- ამ კონცერტებზე სიყვარული ხომ არ გაბრმავებდათ?
- სიყვარული თუ მაბრმავებს, მაშინ ბედნიერი და ამაყი ვარ. უფალი ხომ თვით სიყვარულია. ახლა შეიძლება, ამპარტავნულად გამომივიდეს, მაგრამ ზოგადად ძალიან დიდ პროფესიონალს ესაუბრებით. ღმერთმა მაპატიოს ეს ამპარტავნება. უცბად ანგელოზი ვერ გახდები. რაღაც ძველი მაინც გქაჩავს.
- თქვენი შემოქმედებიდან რომელ სიმღერას გამოარჩევდით?
- ყველაფერი ჩემს თავშია დამარხული. ჩემი სიმღერებიდან ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ. ყველა მიყვარს. დიდი ხანია ხალხს აღარ ვახსოვარ და დიდი ხანია, სოფო ბედიას მეუღლედ ვიქეცი. მომღერალი და კომპოზიტორი მიშიკო შაყულაშვილი აღარავის ახსოვს. სამი საერთაშორისო კონკურსი მაქვს ფლეიტის განხრით მოგებული, მაგრამ ხალხი ვეღარ მცნობს. ბევრმა, ალბათ, ხელი შეუწყო ამ ყველაფერს, ღმერთმა აპატიოს ყველას. მაგრამ ხალხს რომ დავვიწყებოდი, ამას მეც შევუწყე ხელი ჩემი ამპარტავნებით და სიამაყით და კიდევ ჩემი არასწორი მუსიკალური ცხოვრებით. დროსტარება და დალევა მიყვარდა. ამ ყველაფერს ხომ იცით, რაც მოჰყვება. ეს კი მომღერალს არანაირ სიკეთეს არ მოგიტანს. ვიღაც ნაკლებად ნიჭიერი უფრო იმუშავებს თავის თავზე და გაგასწრებს შრომისმოყვარეობით. ჩემი თავი დავმარხე. ოქტავა მაქვს დაკარგული ხმაში. ეს იცით რამდენია? რვა ნოტი. თავის დიეზებიანად კი - ცამეტი.
- ეს ყველაზე მეტად ალბათ სიგარეტის მოწევის ბრალია.
- ყველაფრის ბრალია, სიგარეტის მოწევის, სიმთვრალეში სიმღერის და ხმის არგაფრთხილების. პოპულარული ადამიანი რომ ხარ და მახინჯი არ ხარ, ბევრს ''გულაობ'' . მე ჩემი თავი მახინჯი მგონია, მაგრამ მეუბნებიან, არ ხარო. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ჩემ მიმართ ქალთა სქესს ძალიან დიდი სიმპათიები ჰქონდა და ამ წარმატებებით რომ ვსარგებლობდი, კვირაობით, შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება, იყო. ახლა ვამბობ, ის წლები დამაბრუნებინა და ეს ჭკუა მქონდეს-მეთქი.
- რამდენი წლის ხართ?
- 42-ის.
- ნამდვილად არ გაქვთ ის ასაკი, რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოთ.
- ვინ თქვა, რომ ხელი მაქვს ჩაქნეული?! ორმოცი წლის ასაკში იწყება ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვაპირებ, რომ სიგარეტს დავანებო თავი. ყელზე ვიმკურნალებ. ამ ყელითაც მოვახერხებ რამეს, მაგრამ მინდა, ვიმკურნალო და ჩემს საყვარელ მაყურებელს თავი გავახსენო. მომავალ წელს ვაპირებ ''ახალ ხმაზე'' გასვლას. ჟიურიში უნდა იჯდეს ხალხი, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან. მათგან მხოლოდ მაია დარსმელიძე მღეროდა ჩემთან ერთად. დათო ფორჩხიძე, სტეფანე და ლელა წურწუმია ჩემზე ბევრად მერე გამოჩნდნენ, მაგრამ დღეს ჟიურიში სხედან და გაუმარჯოთ ღმერთმა. ფანტასტიკური მუსიკოსები არიან. რამდენად შემაფასებენ მე, არ ვიცი და შეიძლება, მე რომ დამინახავენ, შოკში ჩაცვივდნენ, მაგრამ ყველანაირი კომპლექსი მოვიხსენი. ადრინდელი მიშიკო შაყულაშვილი რომ ვიყო, ვიტყოდი, ეგღა მაკლია, ჩემმა მეგობრებმა შემაფასონ-მეთქი. ახლა ვამბობ, შემაფასონ, მათ კი არა, თუ უნდათ, ჟიურიში ჩემზე ახალგაზრდები. გიორგი სუხიტაშვილი, სოფო ბედია და სალომე ბაკურაძე დასვან, პრობლემა არაა.
- გულნატკენ ადამიანს ზოგადად უფრო მეტი სტიმული აქვს, რომ ცხოვრებაში რაღაც შეცვალოს. თქვენ შემთხვევაშიც ასეა?
- უფალმა დიდი ნიჭი მომცა და მინდა, ამ ნიჭმა რეალიზების გარეშე არ ჩაიაროს. პოპულარული ვიქნები, ქუჩაში გამაჩერებენ და ქათინაურს მეტყვიან თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე და ჩემი მეუღლე ერთად რომ დავდიოდით, ვხედავდი, როგორ უყვარს ხალხს. პატარა ბავშვიდან დაწყებული, ღრმა მოხუცებულებით დამთავრებული. ასე საქართველოში მხოლოდ ერთი კაცი, მერაბ სეფაშვილი უყვართ. აგვისტოში მე და სოფო სამეგრელოში ერთად ვიყავით. კონცერტები ჰქონდა წალენჯიხაში, მარტვილსა და სენაკში. ყველგან ლოცავდნენ და მინდა ვთქვა, რომ დამსახურებულად. ის კარგი ადამიანია, კარგი მომღერალია და მომხიბვლელია ფიზიკურად, ყველანაირად დადებითი ადამიანია და ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ის ჩემი მეუღლეა. ვინმე ბოროტი იტყვის, მეუღლეა თუ მეუღლე იყოო.
- ბოროტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მეც ეს კითხვა გამიჩნდა.
- ვადასტურებ, რომ დღეს მე და სოფო გაშორებული ვართ. სამოქალაქო რეესტრში ჩვენ ხელი გავაწერეთ, მაგრამ უფლის წინაშე ჯვარდაწერილები ვართ. წინასწარმეტყველი არ ვარ. არ ვიცი, მერე რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი ლამაზი ოჯახი აღდგეს. ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ. დანარჩენი უფლის ნებაა. თუ შევრიგდებით, ძალიან კარგი იქნება და თუ ასე არ მოხდა, ეტყობა, ბედი არ იყო. პირველ რიგში, უფალი იესოსი მწამს და მისი სიტყვებია, ''უფლის შექმნილს ვერა დაანგრევს'' . ბოროტი ანგრევს, უფალი ქმნის. ჩვენი დაშორება შეიძლება, დროებითი იყოს. მე ასე მინდა და ასე მწამს. უზომოდ მიყვარს ჩემი ცოლი. უფალს ვეუბნები მადლობას, რომ ასეთი მეუღლე შემხვდა. ვერ გავუფრთხილდი, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. სხვას ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე, რადგან არ მიყვარს, როცა პირად ცხოვრებაში ვიღაცები ერევიან და ამ მომენტში ჩემი ალალი ძმაც ვიღაცაა.
- გყავთ ერთი შვილი.
- ოთხი წლის ნიკოლოზი გვყავს, რომელიც დედასა და მამას ცხოვრება და აზრია.
- მშობლები და ბიძა მომღერლები არიან და ნიკოლოზიც, სავარაუდოდ, კარგად უნდა მღეროდეს.
- მამის დედ-მამა მომღერლები არიან. დედის მამაც არაჩვეულებრივად მღეროდა. ნიკოლოზი ჯერ ჩუმადაა, მაგრამ შეიძლება, ცოტა მოგვიანებით ისე ამღერდეს, რომ ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, ყველას თავში ჩაგვარტყას. მე ორი წლისა გამართულად ვმღეროდი, როგორც ვიცი, სოფოც. ჯერ არ მღერის, მაგრამ უნიჭიერესი ბავშვია. ძალიან არტისტულია. წითელქუდას ჰყვება და თავის მოგონილ რაღაცებს ჩართავს ხოლმე ზღაპარში. პირველ რიგში, მიყვარს უფალი და მერე ჩემი ცოლი და შვილი. ორივე ჩემი ყველაზე დიდი განძია. მწამს, რომ ყველაფერი დალაგდება. ასეთი დიდი სიყვარულის გაქრობა არ შეიძლება. სოფო ხშირად ამბობდა, სიყვარულამდე მე ხმლით მივედიო. ახლა განაწყენებულია და ფიქრობს, რომ სიყვარული დამთავრდა. დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ და ალბათ, მასაც გადაუვლის წყენა. სოფომ გადასარევად იცის, რომ სულ დაველოდები და მისი გულისთვის ყველაფრისთვის მზად ვარ. სიმღერებსაც მივცემ, რა თქმა უნდა, თუ ის ჩათვლის საჭიროდ, რომ მის კარიერაში მონაწილეობა მივიღო. ახლა კარგი მეგობრები ვართ, ვხვდებით და ვლაპარაკობთ ჩვეულებრივად. უბრალოდ, ამ ეტაპზე ცოლ-ქმარი აღარ ვართ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნინო
ეს ბიჭი ცოტა ვერ არის ეტყობა კარგად. ნოდიკოს ეცა, მერე სუხიტაშვილს, ყველა მომღერლებს სჯობიხართ შენც და შენი ცოლიც, ოღონდ დამშვიდდი :))) არარეალიზებული დაბოღმილი ადამიანები როგორ მაღიზიანებენ. იმიტომაც ზის ეს ყმაწვილი სახლში ერთ ადგილზე ხელებ დადებული და იმიტომ დამღერაობს მისი ექს ცოლი რესტორნებში და ვერც გაცდება ვერასდროს.
03:26 / 05-01-2015
გამოხმაურება / 0 /
5555
სუხიტასჰვილი უტვალავჯერ სჯობია ბედიებს და ეს კველამ იცის
21:09 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ძალიან მომწონს სოფო და ძალიან მინდა რომ შერიგდნენ
17:03 / 04-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მია
ყველა ასე როგორ გაბოროტდით,რომ შებრალების გრძნობა გაქვთ დაკარგული.უსურვეტ ადამიანს წარმატება ცხოვრებაში,იმედია სოფო შეურიგდება და ბედნიერები იქნებიან.წარმატებას გისურვებ პირად ცხოვრებაში და კარიერაში.გმერთი იყოს შენი მფარველი.
07:04 / 02-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ამან ცოლის წინსვლა ვერ აიტანა და გული უსკდებოდა გადაწყვიტა დაშორებოდა ))) ეს ზუსტად ვიცი ასე ხდება ხოლმეეე...
21:31 / 01-11-2013
გამოხმაურება / 1 /
ლევანს
რას ბოდიალობ ბიჭო შენ??
00:01 / 03-06-2020
TOPS