- ბავშვობიდან სულ ბურთით ვთამაშობდი. დედასა და მამას ფეხბურთი მოსწონდათ. რადგან ჩემშიც ინტერესი დაინახეს, ექვსი წლის ასაკში
- რატომ დაანებე თამაშს თავი?
- უბრალოდ, აღარ მინდოდა ფეხბურთი. დედაჩემისა და მამაჩემის თხოვნით ისევ გავაგრძელე თამაში და ახლა მათი მადლობელი ვარ. გარდატეხის პერიოდში დაახლოებით რვა თვე თავი მქონდა დანებებული თამაშისთვის. მერე ''გაგრაში'' მივედი. პირველი ლიგიდან გადავედით უმაღლეს ლიგაში და ასე ნელ-ნელა მოვედი დღემდე.
- დედმამიშვილი გყავს?
- უფროსი ძმა მყავს. ხუთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მერე თამაშს თავი დაანება.
- ცნობილია, რომ ფეხბურთელები სწავლით თავს არ იკლავენ. შენც მათ რიცხვში ხარ?
- ვიცოდი, რომ მაგას მკითხავდი (იცინის). თავს არასდროს ვიკლავდი სწავლით. გაუნათლებელი ნამდვილად არ ვარ. თერთმეტი კლასის განათლება მაქვს.
- რამდენი წლის ხარ? არ გაქვს სწავლის გაგრძელების სურვილი?
- უმაღლესში ჩაბარება რომც მოვინდომო, დრო არ მაქვს, რომ ყოველდღე წიგნებთან დავჯდე და მერე გამოცდაზე გავიდე. ჩემთვის რომ დავჯდე და ვიკითხო, ეს უფრო შემიძლია და უფრო გამომადგება, ვიდრე ის, რომ ორმოცი წლის ასაკში დიპლომი მქონდეს. ორმოც წლამდე ფეხბურთს ვითამაშებ და მერე ატესტატი არ დამეხმარება რამე ახალი საქმის დაწყებაში. ამიტომ მირჩევნია, ფეხბურთი ვითამაშო და თან ვიკითხო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ უმაღლესში ჩაბარება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამდენს ვერ ''გავქაჩავ'' .
- გიფიქრია, ფეხბურთის გარდა, სხვა სპეციალობასაც დიდი სიამოვნებით დავეუფლებოდიო?
- ფეხბურთის გარდა არასდროს არაფერზე მიფიქრია. შეიძლება, სხვა რამის ნიჭი მქონდეს. მაგალითად, კალათბურთის, მეგობრებთან ერთად მითამაშია... მაგრამ არც მინდა ვიფიქრო, რა ვიქნებოდი, ფეხბურთის თამაში რომ არ გამომდიოდეს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთი ვინმე ვიქნებოდი, ვინც მეთერთმეტე კლასი დაამთავრა და ვითომ სწავლობს. აქეთ-იქით ვივლიდი და ყოველდღე ერთ ფრაზას ვიტყოდი - მამა, ფული მომეცი. რომ არ მოგატყუო, ზუსტად გეტყვი, ფეხბურთელი თუ არ გამოვიდოდი, პროფესორი ვერ ვიქნებოდი.
- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ერთი სული მაქვს, ''ილიჩევეცთან'' როდის დამთავრდება კონტრაქტიო. ზამთარში ამ გუნდთან კონტრაქტი გიმთავრდება. გაქვს საოცნებო კლუბი?
- საოცნებო კლუბს არ ვეძებ. ვეძებ რეალურ კლუბს, სადაც შეიძლება, 100%-ით ვიყო. მაქვს შემოთავაზება საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და რუსეთიდან. ''ილიჩევეცი'' ისეთი გუნდია, რომ იქ ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ვერ ვეწყობი იქაურ სიტუაციას და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში.
- გუნდს რატომ ვერ ეწყობი?
- შემტევ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. ისევ დონეცკის ''შახტარში'' რომ ვთამაშობდე, ამ გუნდში დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა. მაგრამ ''ილიჩევეცი'' არის გუნდი, რომელიც დღესდღეობით არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაცები გამოჩნდება.
- მეგონა, საოცნებო გუნდებში ''ბარსელონას'' ან მადრიდის ''რეალს'' დაასახელებდი...
- ჩემი საოცნებო გუნდი ''მილანია'' . იტალიური ფეხბურთი ძალიან მომწონს და მინდა, იტალიაში თუ ვითამაშებ, ''მილანში'' ვითამაშო.
- როგორც ვხვდები, კახი კალაძის ფეხბურთში გავლილი გზა მოგწონს. დაახლოებით თხუთმეტი წლის მერე შენი თავი ენერგეტიკის მინისტრად ხომ არ წარმოგიდგენია?
- ჩემი თავი პოლიტიკაში საერთოდ არ წარმომიდგენია. კახი კალაძეს რომ ვუყურებ, პოლიტიკაში მოსვლის არანაირი სურვილი არ მიჩნდება. შეიძლება, პოლიტიკაში სპორტთან დაკავშირებული საკითხების გამო ჩავერიო, მაგრამ ენერგეტიკაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს. თხუთმეტი წლის მერე მინდა, თავი ისე ვიგრძნო, როგორც კახი კალაძე გრძნობს და შეიძლება, უფრო უკეთესადაც, მაგრამ ენერგეტიკის გარეშე.
- კახი კალაძის მიღწევებში ფინანსები იგულისხმე თუ სპორტული კარიერა?
- ფინანსებითაც მინდა დავემსგავსო, რატომაც არა, მაგრამ მე იმას ვგულისხმობდი, რასაც მან ფეხბურთში მიაღწია.
- ყველას თავი შენი ეპატაჟურობით დაამახსოვრე. ესპანეთის ნაკრებთან თამაშის წინ თავი რატომ გადაიპარსე?
- დათო თარგამაძე და გურამ კაშია ღამე მომეპარნენ და ერთ მხარეს ამპარსეს თმა. ბიჭები უბრალოდ გამეხუმრნენ. იძულებული გავხდი, მეორე მხარესაც ამეპარსა თავი. მერე მე სამაგიერო გადავუხადე თარგამაძეს და გადავპარსე თმა. თუ გახსოვთ, იმ პერიოდში ორივეს გვქონდა თავი გადაპარსული. იმის გამო არ გადამიპარსავს თმა, რომ ვიღაცები შემეშინებინა. ბიჭები ვღადაობდით, მარტო თავის გადაპარსვით თუ შეაშინებ ესპანელებსო.
- სხვა ფეხბურთელებისგან იმითაც გამოირჩევი, რომ ბევრი სვირინგი გაქვს.
- ხელებსა და ფეხებზე მართლა ბევრი სვირინგი მაქვს. მომწონს სვირინგი. რაიმე ნახატი რომ მომეწონება, ვიხატავ ხოლმე. ქურდული რაღაცები არ მახატია. ჩემი სვირინგები შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს. უახლოეს მომავალში რამდენიმე ნახატს კიდევ გავიკეთებ. ამოსვირინგებული მაქვს ანგელოზი და აფროდიტა, არწივი. მკლავზე დიდი თვალი მაქვს დახატული, მაგრამ აღარ მომწონს. მინდა, მოვიშორო. ამოსვირინგებული მაქვს ჩემი და ჩემი ყოფილი ცოლის ინიციალები ''თ'' და ''ლ'' ძველქართულად.
- ვინ იყო მეუღლე?
- ლიკა მუზაშვილი. გვყავს ერთი წლის შვილი - ალექსანდრე. მე და ლიკა ექვსი წელი ვიყავით ერთად. თხუთმეტი წლიდან ვხვდებოდით ერთმანეთს, წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით. ახლა უთანხმოება მოგვივიდა და დავშორდით. უთანხმოება ბევრჯერ მოგვსვლია, მაგრამ ახლა ყველაფერი სერიოზულადაა. მეგობრებად დავშორდით ერთმანეთს. ჩემი შვილის დედაა და სხვანაირად არც შეიძლება იყოს. შეგიძლიათ დაწეროთ, რომ თორნიკე თავისუფალია.
- ყოფილი მეუღლე როგორ გაიცანი?
- ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე შევხვდით ერთმანეთს და ძალიან მომეწონა. ლიკა მოცეკვავე იყო. ლიკა ჩემს თამაშებზე დადიოდა, მე - ლიკას კონცერტებზე.

- ალბათ, ლიკა შენს თაყვანისმცემლებზე ეჭვიანობდა.
- ჩვენს დაშორებაში ყველაზე დიდი როლი ეჭვიანობამ ითამაშა.
- არ ცდილობდი იმის დამტკიცებას, რომ საეჭვიანო არაფერი ჰქონდა?
- რამდენჯერმე ვეცადე დამტკიცებას. საეჭვიანო მართლა არაფერი ჰქონდა, მაგრამ მერე ერთი და იმავეს მტკიცება მომბეზრდა.
- საქართველოში რამდენიმე დღით ხარ ჩამოსული. ნახე ყოფილი მეუღლე?
- არ მინახავს. შერიგების შანსი ჯერჯერობით არაა და მგონია, რომ არც მომავალში იქნება.
- არის შენს ცხოვრებაში გოგონა, რომელიც გაინტერესებს?
- მეგობარი გოგონა არ მყავს. ამ ეტაპზე მთლიანად ფეხბურთით ვარ დაკავებული.
- მომავალში შენი პირადი ცხოვრება როგორი წარმოგიდგენია?
- პირად ცხოვრებაზე ბევრი მიფიქრია. ცოლს დავშორდი, მყავს ბავშვი. გადაწყვეტილი მაქვს, ფეხბურთს მივხედო. ცოლის მოყვანას არ ვიჩქარებ.
- გინდა, შვილი ფეხბურთელი გამოვიდეს?
- ჯერ პატარაა, მაგრამ თუ შევატყვე, რომ ჩემზე მაგარი ფეხბურთელი იქნება, შევუწყობ ხელს, რომ სპორტსმენი იყოს და თუ შევატყვე, რომ ჩემზე მაგარი ვერ იქნება, არ მენდომება, რომ ამ სპორტს გაჰყვეს. არ ვაწვალებ. ფეხბურთი რთული სპორტია. სხვას რომ უყურებ, ძალიან ადვილია კრიტიკა და იმის თქმა, გოლი რატომ ვერ გაიტანაო. ფეხბურთის თამაში ძალიან რთულია. ყველაფერი გამოვლილი მაქვს და ვიცი, როგორი რთულია ამ სპორტში რაიმეს მიღწევა. მით უმეტეს, როცა ბავშვობიდან ვარჯიშის პირობები არ გაქვს. მე, მაგალითად, ბავშვობაში ვარჯიშზე რომ მივდიოდი, ქვიშაზე ვთამაშობდი.
- თუმცა ნიჭი ალბათ პირობებზე მნიშვნელოვანია.
- ნიჭი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვარჯიშის პირობები არ გაქვს, ვერაფერს გახდები. ოცი წლის მერე დიდ სპორტში ნიჭზე მეტად ვარჯიშსა და საფეხბურთო გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა.
- ბევრს ვარჯიშობ, რომ წარმატებული სპორტსმენი იყო?
- სპორტსმენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. შეიძლება, დღეში ათი საათი ივარჯიშოს და შედეგი ნული მიიღოს. კარგ ფორმაში რომ იყო, უნდა ივარჯიშო და ყველანაირი გულაობა უნდა დაივიწყო. რა თქმა უნდა, მეც მიყვარს გულაობა, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელს. ხანდახან ვფიქრობ, ამდენს ვშრომობ და მეც რატომ არ უნდა ვიგულაო-მეთქი. თან როცა ვხედავ, რომ ჩემი მეგობრები ერთობიან. თუ გინდა, რომ შენს მეგობრებზე კარგად იყო, ხუთი წელი უნდა გაიჭირვო, არ უნდა იგულაო და მერე ყველაფერი კარგად იქნება. მესმის, ამის შესრულება ძალიან ძნელია. ვის რა ჭკუა უნდა ვასწავლო, მეც მიყვარს აქეთ-იქით სიარული. მერე ვხვდები, რომ ჯობია, ახლა გაიჭირვო და არ იგულაო. კარგი გართობის მერე ყოველთვის ძნელია თამაში.
- მწეველი ხარ?
- მხოლოდ ჩილიმს ვეწევი. ეს არაფერია, ყველა ფეხბურთელი ეწევა ჩილიმს. სიგარეტს არ ვეწევი.
- თქვი, ყველა სპორტსმენისთვის ინდივიდუალურია ვარჯიშის ხანგრძლივობაო. შენ რამდენ ხანს ვარჯიშობ დღეში?
- დაახლოებით ორ-სამ საათს ვვარჯიშობ.
- საინტერესოა შენი აზრი ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით. ყოველთვის არის პრეტენზიები იმის გამო, რომ კლუბებში ფეხბურთელები კარგად თამაშობენ და ნაკრებში ძალებს ზოგავენ.
- ასეთ რამეს რომ ვისმენ, გული მწყდება. როგორც შეგვიძლია, ისე ვთამაშობთ. ნაკრებში ართამაში აბსურდია.
- რატომ უჭირს ქართულ ფეხბურთს? ალბათ ამ შეკითხვაზე გაქვს პასუხი.
- ჩვენ საბჭოთა კავშირში ვართ ჩარჩენილები. ყველას ჰგონია, რომ დათო ყიფიანი, ჩივაძე და გუცაევი გვყავს კიდევ ნაკრებში. ჩემს თავზეც ვიტყვი. აღარ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ადრე იყვნენ. რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას და უნდა შევეგუოთ.
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ბევრი აკრიტიკებს.
- ბევრი ლაპარაკობს ქეცბაიას მინუსებზე, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ითქვას, ქეცბაიამ აღმომაჩინა. მან შანსი მომცა, ნაკრებში ამიყვანა და ეს შანსი გამოვიყენე. მსოფლიოში შეუცდომელი მწვრთნელი არ არსებობს. ქეცბაიას ათი კარგი რომ გაუკეთებია და ორი ცუდი, ხალხს ცუდი უფრო ახსოვს. რა თქმა უნდა, ყველას შედეგი უნდა. მეც რომ მაყურებელი ვიყო, ქართული ფეხბურთის მხოლოდ კრიტიკას დავიწყებდი, მაგრამ ნაკრებში რომ ვთამაშობ, ვიცი, რომ ყველაფერი ისე ადვილი არაა, როგორც შეიძლება, ტრიბუნებიდან ჩანდეს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''