20 ოქტომბერი, 2013
რა გაუჭირდა ყველაზე მეტად ''ჩემი ცოლის დაქალებში'' ეკა ამირეჯიბს და ტოვებს თუ არა სერიალს
ძალიან მინდოდა, რაღაც სიახლე ჩვენი პერსონაჟების ირგვლივაც მომხდარიყო, ეს წასვლა თუ რამე ახლის დასაწყისი იქნება, მოხარული ვიქნები, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი გარკვეული დროით პრესისთვის მიუწვდომელი გახდა, თუმცა ამჯერად დუმილი ''რეიტინგთან'' დაარღვია. ეკა სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალებში'' კატოს დის, ლიკუნას როლს თამაშობს, ჰყავს მუსიკოსი და იმავდროულად ცოტა უცნაური ქმარი - ირაკლი ხურცილავა და შვილი ლუკა-ამადეუსი. როგორც ჩანს, სცენარისტებს წყვილის ცხოვრებაში გარკვეული სახის დაბრკოლებების შეტანა სურთ და ამის გამო ლიკუნას ამერიკაში უშვებენ,
თუმცა დატოვებს თუ არა ეკა სერიალს, ამას თავად გეტყვით.

- ეკა, მგონი ახალი სეზონი შენი გმირისთვის არასახარბიელოდ დაიწყო. ამერიკაში ლიკუნას გაშვება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სერიალს ტოვებ და შენი გმირი გაქრება?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, სცენარისტებს ძალიან ცოტა შეკითხვას ვუსვამ, ამიტომ ბევრი მეც არაფერი ვიცი. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ლიკუნა სერიალიდან არ გაქრება, ამერიკაში კი წავა, მაგრამ ბავშვსა და ქმარს საქართველოში ტოვებს და ალბათ, დაბრუნდება.... მეტი მეც არაფერი ვიცი ამის შესახებ... ჩემი აზრით, ლიკუნასა და ხურცილავას ხაზი ცოტა გაუფერულდა, ჩვენ გარშემო ბევრი წყვილია, რომელიც ჩვენი სერიალის გმირებივით ცხოვრობს, ვერ ეგუებიან ერთმანეთს, კამათობენ, მაგრამ ერთად არიან. პირადად მე ძალიან მინდოდა, რაღაც სიახლე ჩვენი პერსონაჟების ირგვლივაც მომხდარიყო, ეს წასვლა თუ რამე ახლის დასაწყისი იქნება, მოხარული ვიქნები, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.
- როგორც ვიცი, მსახიობობა ყოველთვის გინდოდა, ''ჭამა და სექსი'' კი იყო შენი დებიუტი ამ მხრივ... ახლა როგორ გრძნობ თავს გადასაღებ მოედანზე?
- როდესაც დამირეკეს და მითხრეს, ''ჭამა და სექსში'' ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებიო, გავოცდი და ბევრი ვიფიქრე, ღირდა თუ არა ამ წინადადებაზე დათანხმება. მაგრამ დღეს უკვე ვიცი, რომ ''ფორმულა კრეატივი'' არ გადაიღებს ისეთს არაფერს, რაშიც მე მონაწილეობის მომერიდება ან შემრცხვება. შესაბამისად, მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, მსახიობობა სერიალშიც გამეგრძელებინა. საერთოდ, როდესაც საქმე სერიალს ეხება, უპირველესად საგულისხმოა გრაფიკი. ხშირად წინა ღამით ვიგებთ, რომ მეორე დილით გადაღება გვაქვს, სცენარი იწერება გზადაგზა, ნელ-ნელა ვიგებთ ჩვენი გმირების ბედს და ა.შ. ამ ტემპს ფეხს თუ ვერ აუწყობ, ამის ნაწილი ვერ გახდები. მართალია, სერიალზე მთელი გუნდი მუშაობს, მაგრამ როცა ერთი სცენის გადაღება ორ სხვადასხვა დღეს ხდება, შენც უნდა გაითვალისწინო და იზრუნო იმაზე, რომ ყველა დეტალი, თუნდაც თმა, ვარცხნილობა, ჩანთა, სამკაული ისე გქონდეს მეორე სცენაში, როგორც გქონდა წინაში, თუმცა ნელ-ნელა ამ ყველაფერს ეგუები, უწყობ ფეხს და ეჩვევი.
- ზოგადად, ლიკუნა რამდენად ახლოსაა ეკასთან?
- მეტ-ნაკლებად. ისიც ჩემსავით მხიარული და აქტიურია, თუმცა მე მასავით ფიცხი არ ვარ და რაც ენაზე მომადგება, იმას არ ვამბობ, უფრო სიდინჯით გამოვირჩევი.
- სერიალის დაქალებთან რეალურ ცხოვრებაში თუ მეგობრობ?
- წარმოუდგენელიცაა, რომ არ ვმეგობრობდეთ, ერთად დიდ დროს ვატარებთ. სერიალს გარეთ ყავის დასალევად ერთმანეთს ხშირად არ ვხვდებით, მაგრამ შვებულების დროს მაინც ვახერხებთ ხოლმე ერთმანეთის ნახვას. ოდესმე, როცა სერიალი დამთავრდება, ძალიან გამიჭირდება.
- ვანიკო თარხნიშვილს სერიალამდეც იცნობდი, თუ გადაღებების დაწყების შემდეგ დაახლოვდით?
- ''ჩემი ცოლის დაქალებამდე'' ვანიკოს მისალმებისა და მოკითხვის დონეზე ვიცნობდი ''რუსთავი 2'' -დან. როცა გავიგე, რომ ვანოს უნდა ეთამაშა ჩემი შეყვარებულის როლი, არც კი ვიცოდი, გამხარებოდა თუ არა, რადგან მას კარგად არ ვიცნობდი. საბედნიეროდ, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, რადგან საერთო ბევრი გვაქვს.
- ცხოვრებაში ირაკლი ხურცილავასნაირი განსხვავებული და უცნაური ტიპები თუ გხიბლავდა?
- მინდა გითხრათ, რომ მე ირაკლის უცნაურ ადამიანად არ აღვიქვამ. უბრალოდ, რთულია ყოველდღიურობაში მისი გაგება, თუ მასავით კრეატიული და მუსიკალური ადამიანი არ ხარ. ჩემი აზრით, ხურცილავა თითქმის ყველაფერში ძალიან სწორ დასკვნებს აკეთებს, თუმცა აქვს თავისი სიმძიმეები. კეთილია, მიამიტი, მაგრამ დაუკვალიანებელი. ზოგადად, ჩემთვის უფრო მისაღებია გულწრფელ და საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა, ვიდრე დაშტამპულ პიროვნებასთან, რომელიც ცხოვრობს იმით, რომ დილას უნდა გაიღვიძოს, შეჭამოს, წავიდეს სამსახურში, ფული გადათვალოს, თუ ჰყოფნის თვიდან თვემდე და საღამოს დაიძინოს.
- როგორც ცოლ-ქმარს, გქონიათ მოფერების, კოცნის სცენები, ეს შენთვის, როგორც არამსახიობისთვის, არ იყო რთული?
- კი, რთული იყო. ჩემი მსახიობობა თავიდანვე საკმაოდ გულწრფელი სცენებით დაიწყო, რაც ჩემთვის მარტივი არ გახლდათ, მაგრამ როცა გაანალიზებული გაქვს, რომ რაღაც ძალიან გინდა, ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და თავის ადგილას დგება. როცა საქმე ძალიან გიყვარს და გაბედნიერებს, ასეთი დეტალები მეასეხარისხოვანია. ჩემთვის არც მშობიარობის სცენა იყო მარტივად სათამაშო, მაგრამ როცა ძალიან გინდა, ყველაფერს ახერხებ.
- რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, ვიცით, რომ გათხოვდი...
- ამ თემაზე ჩემი ინტერვიუ არსად დაბეჭდილა, რადგან არ ვლაპარაკობ, თუმცა მაინც დაიწერა რაღაცები, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მგონია, რომ მაქვს უფლება, არ ვილაპარაკო პირადზე და არც მჭირდება ამ თემით თავის გამოჩენა და რაღაცის მიღწევა, მირჩევნია, ადამიანები ჩემი საქმით დავაინტერესო და არა ჩემი პირადით. ეს ჩემი აზრია, ყველას აქვს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც თავად უნდა.
- თუმცა, ''ფეისბუქზე'' , სადაც უნდა მივუთითოთ ინფორმაცია ჩვენი პირადის შესახებ, გიწერია, რომ ხარ კონფლიქტურ ურთიერთობაში, რას ნიშნავს ეს?
- რასაც ''ფეისბუქზე'' წერთ, ყველაფერი მართალია? მე შეიძლება, საცხოვრებელ ქალაქად ნიუ-იორკი მეწეროს, მაგრამ როგორც ხედავთ, თბილისში ვარ, ამიტომ ამით მსჯელობა არ შეიძლება. რასაკვირველია, ეს ისე მაქვს დაწერილი... თუმცა ახლა მოდაში კი შემოვიდა ''ფეისბუქის'' სტატუსების პრესაში დაბეჭდვა.
- მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ბევრი ''ფეისბუქზე'' იმიტომ წერს და აქვეყნებს ამა თუ იმ ინფორმაციას, რომ მერე ჟურნალისტებმა დაურეკონ.
- დიახ, მაგრამ ეგ რომ მინდოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი. შეიძლება, განწყობისათვის დაჯღანული სმაილი დავწერო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ იმ მომენტში მართლა დაჯღანული ვზივარ? იგივე ვარიანტია ესეც.
- ერთი ჭორი მინდა გადავამოწმო... გავრცელდა ხმა, რომ ორსულად ხარ და ამიტომ გადაწყვიტეს სცენარისტებმა სერიალიდან შენი ცოტა ხნით გაყვანა, მართალია?
- არა, სიმართლეს არ შეესაბამება, თუ არ გჯერათ, ოთხ-ხუთ თვეში თავად დარწმუნდებით.
- დასასრულ, გვითხარი, გარდა ტელეწამყვანობისა და სერიალისა, გაქვს კიდევ სხვა საქმე?
- რადიოში მიმყავს გადაცემა ''ჰიტების გალერეა'' , სადაც ვყვები ცნობილი სიმღერების, ჯგუფების ისტორიებს. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მრჩება და ამიტომ მუსიკაზე ასე აქტიურად ვეღარ ვფიქრობ, განტვირთვისთვის კი უფრო ფილმებსა და წიგნებს მივმართავ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
.................
ფუ, ამ ენის გამო შეხედვა არ მინდა.
16:30 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დალია
დზალიან საყვარელი წყვილიაა ,
01:01 / 22-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მართალი
აბა, ეხლა თქვენ იცით, ვისაც გეხებათ, არ გაითვალისწინოთ ლელას აზრი.
16:24 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ძალიან მომწონს ეს სერიალი. იქნებ მიხვდეთ მესვეურები, ნუ ამოგვიყვანთ ყელში ამ სერიალის შემოკლების ხარჯზე ავადსახსენებელ რეკლამებს და შეგვარგეთ ერთი შერჩეული რამის ყურება.
16:20 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუდია!!!
ერთადერთი ეს გოგო მომწონს ამ სერიალში და ესეც თუ წავიდა საერთოდ აღარც ღირს დანარჩენი შეუხედავების ყურება!!!!
15:01 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS