19 ნოემბერი, 2014
სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები
ზოგიერთი დიქტატორი უფრო შორს მიდიოდა და სიკვდილით დასჯას შოუს ელემენტებით ''ალამაზებდა'' გავრცელებული შეხედულების თანახმად, მანქანები სიკვდილით დასჯისათვის მე-16 საუკუნეში გაჩნდა, თუმცა ასეთი მოწყობილობები გაცილებით ადრე არსებობდა. ამასთან, თუკი ძველად ამ მექანიზმის მიზანი მსჯავრდებულის ტანჯვა-წამების გახანგრძლივება იყო, ჰუმანიზმის იდეებით გამსჭვალულ ახალ დროებაში პირიქით, ცდილობდნენ, სიკვდილის დადგომის მომენტი დაეჩქარებინათ, რომ მაყურებელს აღარ ეხილა სისხლი და სიკვდილმისჯილის აგონია.
ცნობილია, რომ ზოგიერთი დიქტატორი უფრო შორს მიდიოდა და სიკვდილით დასჯას შოუს ელემენტებით ''ალამაზებდა''. ამ მხრივ აღსანიშნავია ეკვატორული გვინეის დიქტატორის ფრანსისკო
მასიას ნგემას ცინიზმი, რომლის ბრძანებითაც, 1975 წლის შობის დღესასწაულზე მის 150 ოპონენტს ჯერ შობა მიულოცეს, შემდეგ კი სანტა კლაუსის კოსტიუმებში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა პოპულარული სიმღერა ''JINGLE BELLS''-ის მელოდიის თანხლებით დახვრიტეს.

''კეთილი ექიმი'' გილიოტენი და მისი მანქანა

ფრანგი ექიმის ჟოზეფ გილიოტენის სახელი იმდენად მჭიდროდ უკავშირდება თავების მკვეთელ მანქანას, რომ ბევრ ადამიანს მთელ მსოფლიოში სწორედ იგი მიაჩნია მის შემქმნელად. სინამდვილეში გილიოტინას გრძელი წინაისტორია აქვს. პირველი გამოგონებები 1066 წლით თარიღდება და, შესაძლოა, უფრო შორეულ წარსულშიც არსებულიყო. ყოველ შემთხვევაში, რე-ჟისორ ტინტო ბრასის ცნობილ ფილმ ''კალიგულაში'' ანალოგიური მანქანაა ნაჩვენები, რომელიც მინდორში მარცვლეულის ასაღები კომბაინის მსგავსად მოძრაობდა და ალესილი ნამგლების მეშვეობით ყელამდე მიწაში ჩაფლულ ტყვეებს თავებს სჭრიდა.
თავად გილიოტენისთვისაც ცნობილი იყო წინაპართა თავის მოსაკვეთი მანქანის შესახებ და ამ მხრივ სულაც არ ჰქონდა პირველობის პრეტენზია. თავების მკვეთელი მანქანის ავტორად გილიოტენი მისმა თანამედროვეებმა შერაცხეს, რომლებმაც გაუაზრებლად მიაკუთვნეს ამ ექიმს ის თვისებები, რაც მას არ ახასიათებდა: ბოროტება, სადიზმი, გარყვნილება, რითაც ჯეკი-მფატრავისა და დრაკულას გვერდით მიუჩინეს ''საპატიო'' ადგილი.
სინამდვილეში ჟოზეფ გილიოტენი კეთილსინდისიერი მოქალაქე, მეცნიერი, ბავშვების მოყვარული და საერთოდ, პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელიც გულწრფელად ცდილობდა მსჯავრდადებულთა ტანჯვის შემსუბუქებას.
წინა კონსტრუქციებისგან განსხვავებით, მისი მანქანა მარტივი მოწყობილობის და გამოსაყენებლად ''მოსახერხებელი'' იყო: იგი წარმოადგენდა კადონით დამაგრე
ბულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირი იყო ჩასმული. გილიოტინის მეშვეობით თავის მოკვეთის დროს ჯალათი უშუალოდ აღარ მონაწილეობდა დასჯაში. იგი მაყურებელივით განზე იდგა და თითქოს უნებურად მოჭიმავდა ზონარს, რომელიც ჩამკეტ ხელსაწყოზე იყო მიმაგრებული. მსჯავრდადებულს ნაჯახი მთელი ძალით ეცემოდა კისერზე და თავი კალათაში მიგორავდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ჟოზეფ გილიოტენს საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეების ღალატში დასდეს ბრალი და თავისივე ''ქმნილების'' მეშვეობით მოუსწრაფეს სიცოცხლე.
მაგრამ ეს მაინც არ იყო სანახაობა სუსტი ნერვების მქონეთათვის, მას თან ახლდა სისხლის ნაკადი და თავმოკვეთილი სხეულის კრუნჩხვები. თუმცა გილიოტინა მტკიცედ დამკვიდრდა საფრანგეთის ისტორიაში და მას 1981 წლამდე იყენებდნენ, სანამ ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ გაუქმდა.

ედისონის წვლილი

ცნობილი გამომგონებელი თომას ალვა ედისონი გაშმაგებით იბრძოდა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე მუდმივი დენის შემოღებისთვის. იგი არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობდა, რომ ცვლადი დენი უფრო საშიშია სიცოცხლისთვის, მაგრამ როდესაც ნიუ-იორკის შტატის იურიდიულმა კომისიამ გადაწყვიტა, ცვლადი დენი მხოლოდ სასჯელთა აღსასრულებლად გამოეყენებინა, ედისონი სიხარულით ჩაება ამ საქმეში. საბოლოოდ, მან შექმნა მანქანა, რომელიც დენით კლავდა. მოწყობილობა, რომელსაც ''ელექტრონული სკამი'' უწოდეს, მალე დაინერგა, როგორც სიკვდილით დასჯის ძირითადი მეთოდი, ამერიკის ბევრ შტატსა და ასევე სხვა ქვეყნებში.
პროცედურის არსი შემდეგშია: მსჯავრდადებულს ღვედებით აბამენ სპეციალურ სავარძელზე, თავსა და ფეხებზე მარილის სუსტი ხსნარით დასველებულ სპილენძის ელექტროდებს ამაგრებენ, რის შემდეგაც ''სასიკვდილო'' დენი ირთვება. სიკვდილი წამის მეათედებში დგება გულის გაჩერებისა და სასუნთქი სისტემის დამბლისაგან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი დენის მრავალგზის ჩართვის შემდეგაც კი ცოცხალი რჩება. მსგავსი ინციდენტები გამუდმებით იწვევდა საზოგადოების ეჭვს დასჯის ასეთი მეთოდის ჰუმანურობაში, რის გამოც იგი საყოველთაოდ არ დანერგილა.

გაზის კამერა

გაზის კამერის იდეა ეკუთვნის ამერიკელ ექიმ-სტომატოლოგ ტერნერს და არა გერმანელ ნაცისტებს, როგორც დღემდე ბევრს ჰგონია. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს ტერნერი, როგორც სამხედრო ექიმი, სასიკვდილო ეგზეკუციებს ესწრებოდა, რაც ჩამოხრჩობისა და ელექტროსკამის საშუალებით სრულდებოდა, ამ სანახაობებმა იგი შეძრა თავისი სისასტიკითა და მსჯავრდადებულთა ტანჯვა-წამებით.
გაზის კამერა პირველად ნევადის შტატში გამოიყენეს (აქედან გაჩნდა მისი მეორე დასახელებაც - ''ნევადური გაზი''), როგორც სიკვდილით დასჯის სხვა საშუალებათა უფრო ჰუმანური ალტერნატივა. ტერნერის წინადადებით, გაზს ერთგვარ დახურულ სადგომში უშვებდნენ ისე, რომ სიკვდილმისჯილს ამის შესახებ წინასწარ არ აფრთხილებდნენ, რათა ისე გამგზავრებულიყო საიქიოს, რომ არაფერი სცოდნოდა.
გაზის კამერა 2X2,5 მეტრი ფართობის ჰერმეტულ კაფსულას წარმოადგენს ლითონის მძიმე კარით, რომელიც რეზინის დანამატებით არის აღჭურვილი. გარეგნულად იგი ბატისკაფს მოგაგონებთ. ამ ''კაფსულის'' ზემოთ მოთავსებულია ფართო მილი გამომუშავებული გაზის ვენტილაციისთვის, რაც ციხის შენობის ზემოთ კიდევ 10 მეტრზეა აღმართული. დადგენილია, რომ ასეთი სიმაღლე საკმარისია გაზის გასაფანტავად ისე, რომ სხვა ადამიანები არ დაზარალდნენ.
სასიკვდილო განაჩენის აღსრულება ციანწყალბადმჟავას ორთქლის მეშვეობით ხდება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მის ნაცვლად აზოტის გამოყენებაც დაიწყეს, რომელიც გონების სწრაფ გათიშვას რაიმე უსიამოვნო შეგრძნებათა გარეშე იწვევდა. მიუხედავად პროტესტისა, რაც გამოიწვია ნაცისტური გერმანიის ''სიკვდილის საკნებთან'' სრულმა ანალოგიამ, გაზის კამერამ აშშ-ში მეოცე საუკუნის ბოლომდე ''იარსება''.

სასიკვდილო ინიექცია

შედარებით სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდების ძიების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია მსჯავრდადებულის გაგზავნა იმქვეყნად, ამერიკელი მეცნიერები სასიკვდილო ინიექციაზე შეჩერდნენ. ნარევი ვენაში ინიექციისთვის - ''ტეხასური კოქტეილი'' - 1977 წელს ოკლაჰომის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის გამგემ, დოქტორმა ს. დოიჩმა შეიმუშავა და მას შემდეგ იგი უმნიშვნელო ვარიაციებით ამ მიზნით გამოიყენება აშშ-სა და რიგ სხვა ქვეყნებში.
მაგრამ დასჯის ეს მეთოდიც იწვევდა კრიტიკულ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, ადამიანი ნემსის გაკეთებისთანავე იძინებს და ისე კვდება, რომ ვერავითარ ტკივილს ვერ გრძნობს, ზოგჯერ აღინიშნება პრეპარატების მიმართ მაღალი მდგრადობის შემთხვევები. ამის შედეგად სიკვდილმისჯილი მრავალი წუთის განმავლობაში კვლავ გრძნობაზე იმყოფება ''კოქტეილის'' განმეორებით შეყვანის შემდეგაც. ისეთი შემთხვევაც ბევრია, როდესაც ნემსი ვენაში არ ხვდება, პრეპარატი კი შეჰყავთ და მაშინ ადამიანი ტკივილისგან იტანჯება და დიდხანს არ კვდება.
ყოველივე ამის შედეგად აშშ-ში აქტუალური გახდა, რომ სიკვდილმისჯილის ორგანიზმში სასიკვდილო ხსნარი მხოლოდ პროფესიონალ მედიკოსებს შეეყვანათ, მაგრამ ეს საკითხი არც განხილულა, რადგანაც აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, ექიმებს ეკრძალებათ სიკვდილით დასჯის პროცესში მონაწილეობა.

პაატა გეგელაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''

ბეჭდვა