23 ივლისი, 2020
14 წლის პაკისტანელ გოგონას ბიძამ საწვავი შეასხა და დაწვა - "ღირსების სახელით" ჩადენილი მკვლელობა
14 წლის პაკისტანელ გოგონას ბიძამ ბენზინი გადაასხა და დაწვა მას შემდეგ, რაც მოზარდს მამამ უფლება არ მისცა, რომ თავის ბიძაშვილზე დაქორწინებულიყო.

გოგონას მამას, მოჰამედ იუსიფს თავისმა ძმამ მოჰამედ იაქუბმა შესთავაზა, რომ შვილები დაექორწინებინათ და წინადადებით ოფიციალურად მიმართა. იაქუბს სურდა, რომ 14 წლის გოგონა სახელად სადია, თავის შვილზე, პუნჯაბზე დაექორწინებინა.

სადიას მამას უკვე სხვა ნათესავისთვის ჰქონდა პირობა მიცემული, რომ გოგონას მიათხოვებდა, რის გამოც ძმა უარით გაისტუმრა. სამართალდამცველთა განცხადებით, გოგონას ბიძა უარს ვერ შეეგუა. ის ძმის სახლში
მაშინ მივიდა, როდესაც გოგონა მარტო იყო, ჩაუსაფრდა. საწვავი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და დატოვა.
მალე ოჯახის წევრები მოვიდნენ, ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა. დამწვარი გოგონა საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სადიას ბიძა დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ პაკისტანში მსგავსი შემთხვევები ხშირად ხდება. ხშირია ქალებზე ძალადობის და "ღირსების სახელით" ქალების მკვლელობების ფაქტები.

გასულ თვეში 24 წლის ქალი ქვებით ჩაქოლეს და ამ მკვლელობას "ღირსების მკვლელობა" უწოდეს. ცხედარი მრავლობითი დაზიანებებით პოლიციამ 27 ივნისს იპოვა, სამართალდამცველებმა ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. პოლიციელთა განცხადებით, ქალი ჯოხების ცემითა და ქვების სროლის შედეგადაა გარდაცვლილი.


ბეჭდვა