20 ივლისი, 2020
ქალმა ბავშვი ისე გააჩინა, რომ არ იცოდა თუ ორსულად - "შოკში ვიყავი, ვერ ვიჯერებდი"
დეიზი იონგი ბრიტანელი ქალია, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ორსულად იყო. ამის შესახებ მან მხოლოდ მაშინ შეიტყო, როდესაც მშობიარობა დაეწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ბიბისი წერს.

გამოცემის ცნობით, დეიზი მუცლის უჩვეულოდ ძლიერმა ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც კლინიკას მიმართა. საავადმყოფოში მისვლიდან 4 საათში კი ბავშვი გააჩინა.  
როგორც 21 წლის დეიზის დედა მეგი ყვება, ის ეზოში მუშაობდა, როდესაც შვილმა შეატყობინა, რომ საავადმყოფოში იყო. 

"პირველ რიგში ვიფიქრე, რომ ავარიაში მოყვა.", - ამბობს დედა, რომელმაც ბოლოს თავისი შვილი კორონავირუსის კარანტინის
გამოცხადებამდე ნახა. 
მეგის თქმით, ცოტა ხანში შვილს თავად გადაურეკა და გაიგო, რომ ბებია გახდა.

"მე არ შემეძლო ამის დაჯერება, პირველად ის ვიფიქრე, რომ მის გვერდით  მინდოდა ყოფნა, ვუთხარი, რომ ვამაყობ მისით", - ამბობს მეგი.
ის ასევე ყვება, რომ მალე შვილმა პატარას ფოტოც გამოუგზავნა. 

დეიზიც იხსენებს იმ დღეს როდესაც მუცელი ასტკივდა.  მისი თქმით, კლინიკაში მისვლისას ექიმებმა უთხრეს, რომ ორსულად იყო და მშობიარობა ეწყებოდა, რასაც გოგონა ვერ იჯერებდა.

"ექოსკოპია გამიკეთეს და დაადგინეს, რომ 37 კვირის ორსული ვიყავი და უკვე მშობიარობა მეწყებოდა.  შოკში ვიყავი, ჯერ ვერ ვიჯერებდი, ხოლო შემდეგ ბავშვი ხელში ავიყვანე და ვტიროდი, მსურდა, რომ დედა გვერდით მყოლოდა.", - იხსენებს დეიზი. 

როგორც ბიბისი წერს, მსგავსი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება და დიდ ბრიტანეთში ყოველ წელს 300 ქალი ისე აჩენს ბავშვს, რომ ორსულობის შესახებ მხოლოდ მშობიარობის დროს იგებს.
ბეჭდვა