18 აპრილი, 2019
რა რაოდენობით უნდა მივირთვათ სააღდგომო კერძები ისე, რომ ჯანმრთელობა არ დავიზიანოთ - ცნობილი ექიმი-დიეტოლოგის ნატალია გოგავას რჩევები
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს უმეტესობა სულიერად მომზადებული ხვდება - 7 კვირის მანძილზე მარხულობს და სისტემატურად ლოცულობს.
აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა მრავალფეროვანი სუფრისა და კერძების გარეშე წარმოუდგენელია, მარხვაზე მყოფი ადამიანის ჯანმრთელობას კი არასამარხვო კერძებზე არაეტაპობრივად გადასვლა ვნებს.

„რეიტინგი“ ცნობილ ექიმ-დიეტოლოგს ნატალია გოგავას ესაუბრა.

- მარხვის დროს და, განსაკუთრებით, სააღდგომო მარხვის პერიოდში, რომელიც ყველაზე ხანგრძლივია, ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება სერიოზული ცვლილებები. 7 კვირის განმავლობაში ხდება ადამიანის გადაჩვევა ცხოველური წარმოშობის ცილოვანი საკვებისაგან. ამის შედეგად
წყდება იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ხორცის, კვერცხის ცილის და რძის ნაწარმის დაშლაში. აქედან გამომდინარე, თუ მარხვის დასრულების შემდეგ ეგრევე იწყებ დიდი რაოდენობით ხორცის ან და სხვა ცილოვანი საკვების მირთმევას, ორგანიზმს, უბრალოდ, საშუალება არ აქვს ამ საკვების გადასამუშავებლად. ეს კი ხელს უწყობს გასტრიტის, კუჭის წყლულის გამწვავებას, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვალის პრობლემების დაწყებას.

Rating

- როგორ უნდა გადავიდეთ მარხვის შემდეგ სრულფასოვან კვებაზე?
- ზემოთქმულიდან გამომდინარე, მარხვიდან გამოსვლა უნდა ხდებოდეს ეტაპობრივად. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს გარდამავალი პერიოდი 1-2 კვირა უნდა გრძელდებოდეს. ადამიანის კვებით რაციონში ჩვეული კერძების დამატება ხდება ნელ-ნელა. საკვების მიღების წინ, სასურველია 1-2 ჭიქა წყლის მიღება, რაც იცავს ადამიანს დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან. სამარხვო კერძების მიღება გრძელდება მარხვის დამთავრების შემდეგაც. თანდათან ემატება რძე, ყველი, კვერცხი და ხორცი. ამ პერიოდში სასურველია დიდი რაოდენობით ბოსტნეულისა და ხილის მირთმევა, რაც ხელს უწყობს მძიმე საკვების გადამუშავებას. ყველაზე ოპტიმალურია თუ მარხვიდან გამოსვლას დაიწყებთ თევზით, რაც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ჩვეულ კვებაზე ჯანსაღად და უვნებლად გადავიდეს. ხორცი მცირე ულუფებით უნდა დავაბრუნოთ ჩვენს რაციონში, ისიც მოხარშულ ან მოთუშულ მდგომარეობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს გადამუშავებული ხორცი, როგორიცაა ძეხვი, სოსისი, სარდელი და ა.შ. და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კვების ერთ ულუფაში იყოს მხოლოდ ერთი ცილოვანი პროდუქტი და არა რამდენიმე. მაგალითად, თუ მივირთმევთ ხორცს, არ ვამატებთ ყველს ან თევზს, თუ მივირთმევთ თევზს, არ ვამატებთ ხორცს და ა.შ.

- სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია წითელი კვერცხი და ე.წ. პასკა, რა რაოდენობით არის კვერცხის მიღება ნებადართული?
- უნდა ვიცოდეთ, რომ კვერცხი წარმოადგენს საკმაოდ მძიმე საკვებს და მისი შეყვანა რაციონში მარხვის შემდეგ ხდება მცირე რაოდენობით - ერთი, მაქსიმუმ ორი ცალი დღეში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კვერცხის მირთმევის დროს არ არის რეკომენდებული სხვა ცილოვანი საკვების დამატება.

კვერცხი არის ძლიერი ალერგენი და მისი მიღება დიდი რაოდენობით ხელს უწყობს ალერგიული ფონის გამწვავებას. შესაბამისად, ეს შეიძლება ნეგატიურად აისახოს ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი და ა.შ. არსებობს გამოკვლებები, სადაც აღწერილია კვერცხის უარყოფითი გავლენა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობაზე.

Rating

რაც შეეხება სააღდგომო კულიჩს - საკონდიტრო ნაწარმი, პურ-ფუნთუშეულობა და, განსაკუთრებით, სააღდგომო კულიჩი გამოირჩევა მაღალი კალორიულობით. ამ პროდუქტის 100 გ შეადგენს დაახლობით 320-550 კკალ. აქედან გამომდინარე, არ გირჩევთ ამ გემრიელი, მაგრამ სხეულის ფორმებისთვის სახიფათო ნუგბარის დიდი რაოდენობით მირთმევას.

- ცნობილია, რომ ქართული კერძები საკმაოდ მძიმეა ორგანიზმისთვის...

- ჩემი აზრით, ქართული სუფრა თავისი მრავალფეროვანი კერძებით ერთ-ერთი ყველაზე გემრიელია მსოფლიოში, თუმცა, არც ისე ჯანმრთელი, რადგანაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის არაა რეკომენდებული ერთდროულად ხორცის, თევზის, ნიგვზიანი კერძების, ცომეულის და ა. შ. მირთმევა, განსაკუთრებით, თუ ეს მიმდინარეობს ალკოჰოლის ან ტკბილი, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღების თანმხლებით. ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის ღვიძლს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის დააავადებების გამწვავებას, ზედმეტი კილოგრამების მომატების საშიშროებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

- მარხვის დროს ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძირითადად ცომეულს მიირთმევენ, რაც წონაში მომატებას იწვევს, რას ურჩევთ მათ ვისაც სურს, ძველი წონის დაბრუნება?
- წონის შესანარჩუნებლად ან სხეულის ძველი ფორმების დასაბრუნებლად მე ვურჩევ საკვებში დიდი რაოდენობით ბოსტნეულის ჩართვას, საკონდიტრო ნაწარმის და ტკბილეულობის შეცვლას ხილით, ცომეულის, შაქრის და მარილის მნიშვნელოვნად შემცირებას, ჯეროვან კვებას მცირე ულუფებით. აუცილებელია საჭირო რაოდენობის წყლის მიღება, რაც ადამიანის წონაზე არის დამოკიდებული. და, რაც მთავარია, არ დაგვავიწყდეს ფიზიკური აქტივობა!

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS