06 აგვისტო, 2020
"პანდემიის დროს ცოლმა იტალიიდან გამომაგდო, მითხრა, რომ შვილებისთვის მიმეხედა" - კაცი, რომელიც სამშობლოში გალოთდა
42 წლის ვაჟა გ. უკვე სამი თვეა რაც საქართველოში დაბრუნდა და ამბობს, რომ იმის მაგიერ, რომ შვილებისთვის მიეხედა, სამშობლოში გალოთდა. კაცი 11 წელი ცხოვრობდა იტალიაში და როგორც თავად ამბობს, ყველაზე ბედნიერად თავს იქ გრძნობდა, მაგრამ ცოლმა გამოაგდო და მიზეზად პანდემია დაასახელა...

- 16 წლის გოგონა და 14 წლის ვაჟი მყავს, რომლებიც საქართველოში ჩემს მშობლებთან და გასათხოვარ დასთან ერთად ცხოვრობენ. იმდენად უყვართ ისინი, რომ ხანდახან მე და დედამისი ვეჭვიანობდით კიდეც. მე და ჩემი ცოლი გარიგებით დავქორწინდით.
ნორმალური ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ დიდი სიყვარული არასოდეს არ გვქონია. 11 წლის წინ საქართველოდან იტალიაში წავედი სამუშაოდ. მალევე ავეწყვე და 3 წელიწადში მეუღლეც წავიყვანე. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სკოლას რომ დაამთავრებდნენ, ორივე წაგვეყვანა, მაგრამ პანდემიამ ცხოვრება დამინგრია.

- იტალიაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდით?

- არა, რადგან ის მოხუც ცოლ-ქმარს უვლიდა და 24 საათიანზე მუშაობდა. მე პატარა ოთახი მქონდა ნაქირავები და ძირითადად ძაღლების გასეირნებით ვიყავი დაკავებული, რაშიც ორი ოჯახი კარგად მიხდიდა. მანამდე რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე, მაგრამ ყველაზე კარგად მათთან ავეწყვე. ასევე კვირაში სამჯერ ორ-ორი საათით მეზობლის კაცს ვასეირნებდი, ეტლში იჯდა და საკმაოდ შორ მანძილზე მიწევდა ხოლმე მისი წაყვანა. რაღაც კლუბივით კაფე იყო და იქ იკრიბებოდნენ მეგობრები. ჩემი მეუღლე ძირითადად შაბათ-კვირას მოდიოდა ჩემთან. არანაირი დანაზოგი არ მქონია. ყველა კაპიკს მას ვაბარებდი, ამბობდა, რომ ნაწილს საქართველოში გზავნიდა და მეორე ნაწილს ინახავდა. ბავშვების ჩამოსვლამდე ბინა უნდა ვიყიდოო. 

- პანდემიამ ყველაფერი რატომ გააფუჭა?

- პანდემიამდეც ვგრძნობდი, რომ ყველაფერი ისე აღარ იყო, ხშირად ჩემთან მოსვლა და დარჩენაც ეზარებოდა, იმიზეზებდა, შორიაო, მე კი ძალიან დაღლილი ვარო. კორონა რომ დაიწყო, ჰო იცით, იტალია რა დღეში ჩავარდა. ძაღლები კი არა ადამიანები აღარ იკარებდნენ ერთმანეთს და სრულიად უკაპიკოდ დავრჩი. ჩემი ცოლი ოჯახმა ჩაკეტა, გარეთ აღარ უშვებდნენ, ვეხვეწებოდი ტელეფონზე ჩემი მოცემული ფულიდან მაინც გამომიგზავნე ცოტაოდენი თანხა რომ თავი გავიტანო, სანამ ყველაფერი დალაგდება-მეთქი, მაგრამ თავი გაიგიჟა და მითხრა, რომ ახლა ჩვენ შვილებს ვჭირდებოდი და საქართველოშ დავბრუნებულიყავი. ფაქტობრივად ძალით გამომაგდო, სხვა გზა აღარ მქონდა. 

- აქ ჩამოსულს რა სიტუაცია დაგხვდათ?

- ბავშვებს მამა რა თქმა უნდა ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მერწმუნეთ, დედის დანახვა უფრო გაუხარდებოდათ. ერთ კვირაში მივხვდი, რომ აქ არაფრის კეთება არ შემეძლო. მანამდე არაფერი გამომივიდა და ახლა ამ სიტუაციაში სამსახურს სად ვიშოვიდი და სმა დავიწყე. ისე შევყევი, რომ სარკეში ჩახედვა აღარ მინდა. 

- ცოლი რომ გირეკავთ რას გეუბნებათ. 

- მე აღარ მირეკავს, მარტო ბავშვებსა და ჩემ დას ელაპარაკება. რა უნდა თქვას, ბედნიერია რომ მომიცილა. მე თითქოს აღარც ვარსებობ. ბავშვებს ეუბნება მალე წაგიყვანთ და მოგაშორებთ ლოთ მამაშენსო. არ ვიცი როგორ, კანონიერად თუ უკანონოდ მაგრამ მაინც უნდა მოვახერხო და უკან წავიდე. ერთი ის ვიცი, რომ იქამდე რომ ჩავალ ჩემ ცოლს ახლოს აღარ გავეკარები. გაიგეთ ხალხნო, კაცებისთვის აქედან წასვლა გადარჩენაა. ნუ გიკვირთ, რომ აქ უსაქმურობისგან ლოთდებიან და ნარკომანდებიან. რა მდგომარეობაშიც აქ ჩემი ძმაკაცები დამხვდნენ, მართლა მტერს არ ვუსურვებ. 
ბეჭდვა