მას თაობის ჟერარ ფილიპი უწოდეს, ქართული კინოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ბედის რომანტიკული ვარსკვლავი პირველად ეკრანზე 14 წლის ასაკში გამოჩნდა, ლევან აბაშიძემ ლანა ღოღობერიძის ფილმში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" მთავარი გმირის ვაჟი ითამაშა, სწორედ აქედან მოიწამლა კინოთი, თუმცა, თეატრალურ უნივერსიტეტში უდიდეს რეჟისორთან და პედაგოგთან მიხეილ თუმანიშვილთან მოხვდა და მეორე კურსზე მისი
როგორც ჰყვებიან, გული მაინც კინოსკენ მოუწევდა და მეგობრებთან ხშირად ხუმრობდა: "როგორც მარლონ ბრანდოს არ შეუძლია ყოველ საღამოს ერთი და იგივეს თამაში, ისე არ შემიძლია მეცო", არჩევანიც კინოს სასარგებლოდ გააკეთა და თეატრიდან წამოსვლა მოუწია.
ერთ როლს მეორე მოჰყვა და წარმატებაც მალევე მოვიდა, 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმოხილვაში ფრანგულმა პრესამ იმ მის სათაყვანებელ მსახიობს - მარლონ ბრანდოს შეადარა. მისი რეჟისორი და პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი კი ლეგენდარულ ფრანგ მსახიობს ჟერარ ფილიპს ადარებდა და მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ლევანსაც ისეთივე ტრაგიკული ბედი ექნებოდა, როგორც ჟერარ ფილიპს...
აფხაზეთის ომის დაწყებისას, მას ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ, თუმცა, ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია, რომ დაენებებინა ყველაფრისთვის თავი და სამშობლოს დასაცავად წასულიყო. მსახიობის დედა მანანა ხიდაშელი იხსენებს:
.."საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა: "დედა, მე მივდივარ სოხუმში!" გავშეშდი... იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? - მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები - გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე - ლევანიც... ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. .."
5 სექტემბერს აფხაზეთის ომში ჩასული ლევან აბაშიძე სოფელ ზემო ეშერასთან 7 სექტემბერს ტრაგიკულად დაიღუპა. მაშინ მსახიობი 29 წლის იყო...
ტატო კოტეტიშვილი
80-იანი წლების ქართულ კინოში განსაკუთრებული ადგილი უკავია ტატო კოტეტიშვილის "ანემიას". ფილმმა საბჭოთა კავშირის გარდაქმნამდე დაიწყო კლიშეების ნგრევა და სოროებში შემალულ ახალგაზრდებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდა.
მგზნებარე, მელანქოლიური და ყოველთვის ახალი იდეებით შთაგონებული - ასეთად დარჩა უამრავი ადამიანის მეხსიერებაში ამ ფილმის რეჟისორი ტატო კოტეტიშვილი.
მას თავის თაობაში გამორჩეული ადგილი ეკავა, კოლეგებიც და უფროსი თაობის კინემატოგრაფისტებიც თაობის ყველაზე ნიჭიერ რეჟისორად აღიარებდნენ.
ტატო როტერდამის ფესტივალზე იცნობს ჰოლანდიელ რეჟისორ ინეკე სმიტს, რომელზეც ქორწინდება და აქედან იწყება მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ევროპული ეტაპი. ემიგრაციაში წასვლის შესახებ კი მის ოჯახს დატოვებული წერილით ატყობინებს:
".. დედა მიყვარხარ ძალიან. მივდივარ შორს, რატომღაც მინდა რომ შენ უფრო გამიგო, ვიდრე ვახუშტიმ. მივდივარ იმიტომ რომ ჩამოვიდე. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. აქ ელემენტარულად ცუდად ვიყავი.. დავიღალე, ფანტასტიურ კინოს გადავიღებ რომ ჩამოვალ. ძალიან გთხოვ დაამშვიდე ვახუშტი, ხომ იცი რა დღეში იქნება.. იქ ვიქნები წესიერად, ვიცხოვრებ, ვფიცავ ნატაშას.." (დას)
წარმატებული შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ 1998 წელს ტატო კოტეტიშვილი სამშობლოში ბრუნდება და ახალ ფილმს იღებს. უკვე რამდენიმე წელია გასული ლევან აბაშიძის გარდაცვალებიდან, რომელმაც "ანემიაში" მთავარი როლი ითამაშა და რომელსაც ტატო მის ალტერ ეგოს უწოდებდა. ტატო კოტეტიშვილის ახალი ფილმიც არ გამოდის ლევანის გარეშე, ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ დიდუბის პანთეონში ლევანის საფლავთან მდგარ ტატოს, რომელსაც მაყურებლისთვის სახის ჩვენება არ შეუძლია და კამერას ზურგს აქცევს...
ფილმს ნოსტალგია ჰქვია და გადაღებისას ავტორი წუხს, რომ ეფექტური ფინალი არ აქვს, რომ ფილმი დაამთავროს. ტატო კოტეტიშვილი ფილმის დამთავრებას ვერ ესწრება. ნამუშევარი 1999 წელს ინეკე სმიტმა დაასრულა, ფილმის ბოლო სცენაში გუგა კოტეტიშვილი, ძმის, ტატოს სახელსა და გვარს აღმართავს საფლავზე... ეს ის შემთხვევაა, როცა ფინალს მოფიქრება აღარ სჭირდება.
ტატო კოტეტიშვილი და ლევან აბაშიძე
ტატო კოტეტიშვილის გარდაცვალების შემდეგ ავსტრიიდან გამოგზავნილ სამძიმრის წერილში მისი პირველი ცოლი, უტე აიზიდგერი წერდა: "გავიგე როგორ გლოვობენ ტატოს თბილისში, მე ვიფქრობ ისინი მხოლოდ ტატოს კი არა, საუკეთესო წლების თბილისსაც მისტირიან, რომელშიც ტატო მეფე იყო, ერთგვარი რენესანსული თავადი, რომელიც ყველას იმის მაგალითს აძლევდა, თუ როგორ შეიძლება შენი ოცნებები, ყველასათვის ზეიმად აქციო.."
გეგა კობახიძე
მის შესახებ ბევრი უთქვამთ და ძალიან ბევრი დაუწერიათ. გეგა კობახიძე ის ბიჭია, რომლის ნიჭიერებას, პიროვნულ თვისებებსა და რაინდულ ქცევებს ძალიან ბევრი გოგონა აღუფრთოვანებია, მისი ცხოვრების საბედისწერო ნაბიჯი კი დედას ნათელა მაჭავარიანს არასოდეს გაუმართლებია. ის თაობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, რომელსაც დრო ვერასოდეს წაშლის.
ინტერნეტ სივრცეში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს კადრები "მონანიების" სასინჯი გადაღებებიდან, სადაც თორნიკე არავიძის როლს გეგა კობახიძე ასახიერებს...
ბოლო როლი, რომელიც შეუსრულებელი დარჩა, ეს სწორედ თორნიკე გახდა თენგიზ აბულაძის "მონანიებიდან". რეჟისორისა და მსახიობის ოჯახში გაზრდილს კინო ბავშვობიდან აინტერესებდა, როგორც ჰყვებიან, თავად იღებდა ვიდეოებს, წერდა სცენარებს და გადაღბულ მასალას თავადვე ამონტაჟებდა, კინოსტუდიაში მამამ მიიყვანა და მალე "ლაზარეში" მთავარი როლი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვის სტატუსი მოიპოვა, ამის შემდეგ იყო მრავალი ფილმი და უსაზღვრო პოპულარობა, წარწერები კედლებზე და ზარები სახლის ტელეფონზე...
გეგას დედა ნათელა მაჭავარიანი იხსენებს:
"საოცრად ფანტაზიორი იყო. რაღაც ამბებს თხზავდა და ისე შთამბეჭდავად ჰყვებოდა, ძალაუნებურად იჯერებდი. მაინც ვფიქრობ, ბევრ რამეში არ გაუმართლა. თუნდაც, ჩემი და მამამისის დაშორებამ ძალიან იმოქმედა მასზე, მაგრამ არასდროს უგრძნობინებია რაიმე. საოცრად უყვარდა თავისი დები, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ... იმასაც ვფიქრობ, რომ გამართლებოდათ მაშინ და ამერიკაში გადასულიყვნენ, გეგა იქ ძალიან კარგი მსახიობი იქნებოდა. აქაც ბევრის გაკეთება შეეძლო..."
დუდუ დადიანი
მას 13 ნომრით იცნობენ, ნებისმიერ გუნდში ყოველთვის ამ ნომრით ასპარეზობდა კალათბურთელი დუდუ დადიანი.
როგორც ჰყვებიან, არისტოკრატული გარეგნობის სპორტსმენი საოცარი თავმდაბლობით, უშუალობითა და გულუბრყვილობით გამოირჩეოდა.
მის ხიფათებით აღსავსე ცხოვრებას არ აკლდა სახალისო ისტორიები, რომელთან შესახებაც ბევრს ჰყვებიათ თბილისში. ნადირობით გატაცებულებმა, ერთხელ თურმე ლაშქრობის დროს, მან და მისმა მეგობარმა აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთეს უნებლიეთ; ისინი მესაზღვრეებმა დააკავეს და რამდენიმე დღე იმამ შამილის ძველ კოშკში ჰყავდათ გამომწყვდეული, სანამ ნათესავებმა აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს სიტუაცია არ აუხსნეს.
როგორც ამბობენ, თამაშის დროს ზოგჯერ აგრესიული მოქმედებებიც ახასითებდა, თუმცა, შეეძლო სიტუაციის მალევე განეიტრალება და შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა. 1996 წელს, საბერძნეთთან მატჩის დროს, მისმა ძალისმიერმა სტილმა იგი მოწინააღმდგე გუნდის მოთამაშესთან ხელჩართულ ბრძოლამდეც კი მიიყვანა, მაგრამ თამაშის შემდეგ მან ულამაზესი ქართული ხალიჩა იყიდა და ბერძენ მოთამაშეს სამშობლოში გამგზავრებამდე აეროპორტში საჩუქრად გადასცა.
დუდუ დადიანი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და იმ დროისათვის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს, მისი მკვლელობა დღემდე ბურუსითაა მოცული.
ირაკლი ამირეჯიბი
29 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დასრულდა მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი ვაჟის ირაკლი ამირეჯიბის სიცოცხლე. თუმცა, ბიჭმა გმირობის საოცარი მაგალითი დატოვა. ლიტველ სნაიპერ ქალსაც კი დანანებია მისთვის სროლა, უთქვამს: "ასეთ სილამაზეს როგორ უნდა ვესროლოო, თუმცა, მერე გვითხრა: ამაში ხომ ფულს მიხდიდნენო.. და უსვრია", - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზი სნაიპერი ქალი ეკა ახალაია ირაკლი ამირეჯიბის სიკვდილის ამბავს.
ეს ის ისტორიაა, რომელმაც საქართველო შეძრა, ასევე აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპულ ლევან აბაშიძესთან თურმე ირაკლი ამირეჯიბს მეგობრობა აკავშირებდა. ერთ-ერთ სუფრაზე მისულ ლევანს ფეხზე მდგარი მოთამადე ირაკლი დახვედრია, ლევანს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს და უთქვამს ბიჭო, რა ლამაზი ხარო, ირაკლის კი უპასუხია, შენ მაგას ვის ეუბნებიო. სამწუხაროდ, ორივე მათგანი, იგივე ასაკში ომმა შეიწირა...
უცნობი ფრანგი ჟურნალისტის გადარჩენისას, მას სნაიპერმა ესროლა და ირაკლი ამირეჯიბი გარდაიცვალა, როდესაც მტრის ბანაკს ამის შესახებ გაუგია, უთხოვიათ, შეიძლება მოვიდეთ და პატივი მივაგოთო, ქართულ მხარეს ამის ნება დაურთავს, ისინიც ზუსტად ისე, როგორც ირაკლის შეეფერებოდა თეთრი დროშებით მისულან და ასე მიუგიათ პატივი ქართველი გმირისთვის.
ირაკლი ამირეჯიბს სადესანტო-სადივერსიო ბატალიონის უფროსმა მ. მორჩილაძემ ისტორიული სარაინდო წიგნებიდან ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსული, მამაცი მებრძოლი უწოდა...
ზაურ მირიანაშვილი