13 ნოემბერი, 2019
გია სურამელაშვილი სამშობლოში უვნებელი დაბრუნდა - ჩემი მთავარი საზრუნავი მარინა იყო
მომღერალი გია სურამელაშვილი, რომელიც გუშინ ისრაელში დაბომბვაში მოჰყვა, საქართველოში უვნებლად დაბრუნდა. „რეიტინგი“ გია სურამელაშვილს დაუკავშირდა და მასთან დეტალურად ისაუბრა.

- ისრაელში, ქალაქ აშდოტში მქონდა სამი კონცერტი, რომელსაც როგორც ქართველი ასევე ებრაელი მსმენელი ესწრებოდა. თუმცა, საოცარ დაბომბვაში მოვყევით. მე მაგ დროს სასტუმროში ვიყავი, საიდანაც ვილაში გადავედი და იმ ვილაში სპეციალურ ოთახში გადამიყვანეს. ასეთი ოთახები ყველა სახლში აქვთ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება,
დაიწყოს შეტევა.

- როდის დაიწყო დაბომბვა?
- დილის 6 საათზე დაიწყო დაბომბვა, მაგრამ მე მეძინა და ვერ გავიგე. როცა გავიღვიძე, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ხალხი გარბოდა სასტუმროდან, ბევრი ჩანთები ეჭირათ ხელში, კიოდნენ, წიოდნენ, მეც სასწრაფოდ მომაკითხა მანქანამ, ჩავჯექი და მეგობრის ვილაზე გავემგზავრეთ.

- რაზე ფიქრობდით მაგ დროს?
- ასეთ დროს თავშეკავებული ვარ, მაგრამ როცა გესმის დაბომბვისა და სირენების ხმა, ეს ძალიან რთულია ემოციურად. ისედაც ვგეგმავდი ქალაქგარეთ გასეირნებას, შემდეგ კი მეგობართან სტუმრობას, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.

- ილოცეთ გადარჩენისთვის?
- არა, მე არ ვლოცულობდი. იმ მომენტში ჩემი საზრუნავი იყო ჩემი პროდუსერი მარინა, რომელიც ძალიან განიცდიდა, რაც ხდებოდა და ეშინოდა. ჩვენ გვიან ღამით წამოვედით საქართველოში, ცეცხლი ისრაელის მიმართულებით იმიტომ გახსნეს, რომ ვიღაც კაცი მოკლეს და სწორედ იმ დროს, როდესაც მას გადაასვენებდნენ, დაგეგმილი იყო, კიდევ ერთი აქტიური შეტევა, ამიტომ იყო საშიშროება, ვერ გამოვფრენილიყავით საქართველოში, თუმცა, გადაასვენეს ის კაცი და სანამ მე იქ ვიყავი, საღამოს არანაირი რაკეტების სროლა არ ყოფილა. დავრეკე დღეს დილით ჩემს მეგობრებთან და ამ ეტაპზე სიმშვიდეა.

ბეჭდვა