01 ნოემბერი, 2019
"პუტინის კარზე არ გვიმღერია... განვიხილავდით შემოთავაზებას" - რატომ დაიშალა ტრიო "მანდილი" და როგორ შეიქმნა ტრიო "ლავდილა"
ტრიო „მანდილის“ ყოფილმა წევრებმა, მუსიკალური კოლექტივის დატოვების შემდეგ, ახალი ტრიო შექმნეს, რომელსაც „ლავდილა“ ჰქვია. გოგონებმა თავბრუდამხვევ კარიერაზე უარი სწავლის გამო თქვეს და ახლა საქართველოში ცხოვრობენ.
„რეიტინგმა“ მათთან ინტერვიუ ჩაწერა და ბუნებრივია, საუბარი მათი ძველი ჯგუფის „მანდილის“ შესახებ დავიწყეთ, სადაც ახლა ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი გოგონა მღერის.

ჯგუფი რამდენიმე წლის წინ შორენა ცისკარაულმა შექმნა ანი ჭინჭარაულთან ერთად, შემდეგ გაფართოვდნენ და წარმატებაც მოულოდნელად მოვიდა მათთან.

შორენა ცისკარაული: პირველად მე და ანიმ გავაკეთეთ ჯგუფი, იმ პერიოდში სტუდენტური დღეები
ტარდებოდა, დავიმატეთ თათია, დედამ შეგვირჩია სახელი და ასე შეიქმნა ტრიო „მანდილი“. თავდაპირველად, სურვილი გვქონდა, მხოლოდ ძველი ქართული სიმღერები შეგვესრულებინა და გაგვეცოცხლებინა, მაგრამ თანამედროვე კომპოზიციებსაც ვერ ავუარეთ გვერდი. ჩვენმა მეგობარმა გადაგვიღო ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა და ამას მოჰყვა უდიდესი გამოხმარება, რომელსაც ნამდვილად არ ველოდით. სწორედ იქედან დაიწყო ჩვენი პოპულარობა და წარმატება, თუმცა, უარი ვთქვით და „მანდილიდან“ წამოვედით.

- რა გახდა უარის თქმის მიზეზი?
- სურვილი არ გვქონდა, სიმღერა ყოფილიყო ჩვენი მთავარი საქმიანობა. ხუმრობა-ხუმრობაში გავხდით პოპულარულები, პროდუსერიც გამოგვიჩნდა და მთელ მსოფლიოში დავდიოდით, მაგრამ როცა ჩაბარების დრო დადგა, დავტოვე ყველაფერი და კოლეჯში ჩავაბარე. ბავშვობიდან მიზიდავს მზარეულობა და ამ პროფესიას ვეუფლები.

ელენე ნარეშელაშვილი: ტრიო „მანდილში“ მე ანი ჩავანაცვლე, მათთან ორი თვე ვმუშაობდი. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, მოკლე პერიოდში ვისწავლე 23 სიმღერა, დავმეგობრდი გოგონებთან და არაერთ ქვეყანაში გვქონდა კონცერტები. წარმატებაც გვქონდა, შემოსავალიც იყო, მაგრამ პატარა ვიყავი, სამედიცინოზე ვსწავლობდი და ამიტომ ვთქვი უარი „მანდილში“ დარჩენაზე.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროდუსერთან მოგივიდათ კონფლიქტი...
ანი ჭინჭარაული: პროდუსერთან არანაირი დაპირისპირება არ გვქონია. სამივე პატარები ვიყავით. მე სულ რაღაც 16 წლის, წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა, სკოლაში ვსწავლობდი, ასარჩევი მქონდა პროფესია, ტრიო „მანდილში“ გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ, მაგრამ სიმღერა და სწავლა ერთად შეუძლებელი იყო. არც პროდუსერს გავუფუჭე საქმე და არც მე ვთქვი უარი სწავლაზე.

- იმ კრიტიკამ ხომ არ დაგაფრთხოთ, რაც თქვენს რუსეთში წასვლას მოჰყვა?
- კრიტიკა ძალიან განვიცადეთ, ქართველმა ხალხმა ცუდად მიიღო ჩვენი რუსეთში წასვლა, რუსები კი ამის გამო ბოდიშს გვიხდიდნენ. ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და პუტინის კარზეც არ გვიმღერია.

- შემოთავაზების შემთხვევაში იმღერებდით პუტინთან?
- განვიხილავდით შემოთავაზებას და როგორც ჩავთვლიდით საჭიროდ, ისე გადაწყდებოდა ვიმღერებდით თუ არა. ჩვენ მხოლოდ რუსეთში არ გვქონია კონცერტები. ვმღეროდით ევროპის სხვადასხვა ქალაქებში და ამერიკიდანაც კი გვქონდა მოწვევა.

- როგორ და რატომ შექმენით ახალი ტრიო “ლავდილა“?
- სიმღერის გარეშე ყოფნა არ შეგვიძლია, როცა ვიკრიბებოდით ვმღეროდით, ამიტომ შევქმენით ტრიო „ლავდილა“. ძალიან დაკავებულები ვართ, რამდენიმე თვეში ერთხელ ვახერხებთ შეკრებას, მაგრამ ყოველთვის ვმღერით.

- რას ნიშნავს „ლავდილა“?
- ლავდილა სხვანურად ნიშნავს დებს, რომლებსაც ძმა არ ჰყავთ. ჩვენმა მეგობარმა, ცნობილმა ფოტოგრაფმა, ვახო ქურდიანმა შეგვირჩია ეს სახელი.

ჩვენ მუსიკალური განათლებაც კი არ გვაქვს, ვაპირებთ, ამ კუთხითაც ვისწავლოთ და თუ გვექნება შემოთავაზებები, ვნახოთ, რა იქნება.





ბეჭდვა