30 ოქტომბერი, 2019
„რატომ უნდა იყოს ნაწყენი?“ - ნიკა ქავთარაძის დიდი დაბრუნება და პასუხი ყველაზე აქტუალურ კითხვაზე
გასულ კვირას პოპულარული ქართული სერიალი, „ჩემი ცოლის დაქალები“ ეკრანს დაუბრუნდა. სერიალმა მისამართი შეიცვალა და ის „ფორმულას“ ეთერში გადის. მე-16 სეზონზე უკვე ახალი პერსონაჟებიც გამოჩნდნენ, ყველაზე დიდი გამოხმაურება კი იუმორისტ ნიკა ქავთარაძის გამოჩენას მოჰყვა. ის ეკრანს დიდხნიანი პაუზის შემდეგ, სწორედ სერიალის მეშვეობით დაუბრუნდა.

მისი გმირის მიმართ, საზოგადოების ინტერესი მისმა პერსონაჟმაც გაზარდა, ის ე.წ. „ტროლების ქარხნის“ ხელმძღვანელს თამაშობს, საზოგადოებაში კი გაჩნდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქავთარაძის პერსონაჟი მისი ძველი მეგობრის შალვა რამიშვილის და კოკა ყანდიაშვილის პროტოტიპია, რომელსაც ოპოზიცია
ხშირად სდებს ბრალს ე.წ. „ტროლების“ კუთხით.
„რეიტინგი“ ცნობილ იუმორისტს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ნიკა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, დაუბრუნდით ეკრანს, როგორ მოხვდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?
- „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩვეულებრივად მოვხვდი. პროდუსერმა ირაკლი საღინაძემ მომწერა, კონკრეტულ როლზე გვინდა შენი „დატესტვაო“, მივედი და „დამტესტეს“. კასტინგი გავიარე, მოვეწონე გუნდს და როლზე დამამტკიცეს.

- რას საქმიანობდით სერიალში გამოჩენამდე?
- სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვთანამშრომლობდი და ახლაც ვთანამშრომლობ. სულ ვაკეთებდი რაღაც საქმეს, ხან ვჩანდი, ხან არა, ყოველშემთხვევისთვის, სხვა სფეროში არ მიმუშავია, მაგალითად მეტალურგიაში არ გადავსულვარ.

- მეტალურგიაში თუ გადახვიდოდით გავიგებდით...

- რას გაიგებდით? არ შეეტყობოდა მეტალურგიას ჩემი ხელი.

- თქვენ თუ გადახვიდოდით, გავიგებდით... ნიკა, თქვენი პერსონაჟის გამოჩენას უკვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამბობენ, რომ გმირი, რომელსაც თამაშობთ, შალვა რამიშვილის პროტოტიპია, ასეა?
- ეს შეიძლება, კონკრეტულად, თქვენი სუბიექტური ასოციაციაა. მე მომდის ტექსტი, ვსწავლობ, ვიცი პერსონაჟის ხასიათი და შემდეგ ვთამაშობ. ვისი პროტოტიპია ეს სცენარისტს უნდა ჰკითხოთ. ალბათ ადამიანები რაღაცით უკავშირებენ ჩემი გმირის საქმიანობას მის საქმიანობას, ან სათვალიანი რომ ვარ, იმიტომ გაჩნდა ეგ ასოციაცია, მაგრამ მე ხომ მთელი ცხოვრება სათვალიანი ვიყავი?

- აჭიმებს ე.წ. „პატიაშკებსაც“ ატარებს თქვენი გმირი...
- არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით.

- მას შემდეგ, რაც სერიალი ეთერში გავიდა, არ დაგირეკათ შალვა რამიშვილმა, ნაწყენი ხომ არ არის?
- რატომ უნდა იყოს ნაწყენი? მე სხვა სიღრმეში ვუყურებ ჩემს გმირს, შესაბამისად, რაღაცას ვეძებთ, მრავალმხრივ ვუყურებთ და ვცდილობთ, გმირი უარყოფითი გამოვიდეს.

- დღეს ჩვენს ქვეყანაში აქტუალურია ე.წ. ტროლების თემა, თავადაც გამხდარხართ მათი თავდასხმის მსხვერპლი?
- აქტუალურია „ტროლები“, იმდენად რთული პრობლემაა ეს, შეიძლება ვერც კი წარმოგიდგენიათ. ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი შეიძლება გახდეს მათი თავდასხმის მსხვერპლი. იმიტომ რომ თავისუფლება ტროლების მტერია. ჩემთვის თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ადამიანი უდრის თავისუფლებას და თუ თავისუფლება არა აქვს ადამიანს, ის არის ტროლი. მე ვერასდროს ვიტყვი უარს თავისუფლებაზე.

- სერიალის გარდა სად მუშაობთ?
- ვმუშაობ ერთ-ერთ რადიოში, მიმყავს გადაცემა, ასევე პროდაქშენში ვარ ჩართული. ვაკეთებთ ინტერნეტ-ტელევიზიას. წელიწადზე მეტია აქ ვარ, მუდმივად წინ მივიწევთ და ა.შ. ამ ბაზარზე უცებ რაღაცის დაყვირებას აზრი არა აქვს, ნელ-ნელა ვცდით ყველაფერს. მოკლედ, მიხარია, ყველა სფეროში რომ მიწევს მუშაობა.

- თუ ნახეთ თქვენი გმირის შეფასებები...
- ვნახე და გულს უხარია ასეთი გამოხმაურებები. ძალიან ვნერვიულობდი, კარგია, რომ ხალხს მოეწონა. იმედია, შეიყვარებენ ამ გმირს, მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი არაფერი აქვს. მთავარია, ხასიათი ჰქონდეს გმირს, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად ვითამაშო.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS