09 აპრილი, 2019
"ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა..." - რა სიტყვებით გამოემშვიდობა გიო ხუციშვილი ქალიშვილს
"გარდაცვლილი კურსანტები გამომყავდა და ფეხში დავიჭერი. ოპერაცია ტკივილგამაყუჩებლის გარეშე გამიკეთეს, რადგან წამალი არ ჰქონდათ. ერთ წამში მთელი ცხოვრება გამახსენდა.

სულ ბავშვებზე ვფიქრობდი. როგორ მინდოდა, მოვსწრებოდი მათ სკოლის დამთავრებას, მენახა მათი ოჯახები, შვილიშვილები. მინდოდა, გადავრჩენილიყავი და მათთან დავბრუნებულიყავი. განსაკუთრებით კი ელენეზე მქონდა გართულება, უმამოდ დარჩენილი გოგონა არ დაეჩაგრათ...", - გვიყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი გიო ხუციშვილი აფხაზეთის ომსა და თავის ემოციებზე.


ომის მერეც იყო ბევრი პრობლემა, დაბრკოლება, მაგრამ ყოველთვის იმარჯვებდა. ბოლო ბრძოლაში კი, სამწუხაროდ, დამარცხდა - ის
რამდენიმე თვის წინ, ივნისში, 55 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე, 29 მაისს ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა და მომღერალი თავის ახლობლებს, გულშემატკივრებს კონცერტით გამოემშვიდობა.

გიო ხუციშვილს 3 შვილი დარჩა, პირველი ქორწინებიდან ნოდარი და ელენე, მეორედან - ზუკა. ზუკა ბავშვობიდან მღერის, ნოდარმა კი პროექტ "მხოლოდ ქართულში" სცადა ბედი და ახლა ტელეწამყვანია. ელენე პროფესიით სტომატოლოგია, ამჟამად ერთ-ერთ კოსმეტიკურ კომპანიაში მუშაობს. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ჩემი ქალიშვილიაო, - ამბობდა გიო ხუციშვილი ელენეზე, რომელიც ჯერჯერობით მისი ერთადერთი შვილიშვილის დედაა.

Rating

ელენე "სარკესთან" პირველად საუბრობს მამასთან ურთიერთობაზე, მათ საოცარ მამაშვილობაზე.

ელენე ხუციშვილი: გიომ იცოდა, რომ არ მიყვარდა ინტერვიუები და ყოველთვის მარიდებდა. სულ ვთხოვდი, თუ ძალიან არ დაგჭირდება, ამ ამბავში ნუ გამრევ-მეთქი. ახლა, როცა აღარ არის, ვერც გადაცემებს ვუყურებ მასზე, ვერც ვუსმენ.

- ამბობდა, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე ჩემი ქალიშვილიაო.

- დიახ და ამიტომაც მიჭირს მასზე საუბარი. მე და გიოს განსაკუთრებული ურთიერთობა და დიდი მეგობრობა გვქონდა ერთმანეთთან. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა. დილით, როგორც კი ვიღვიძებდით, ერთმანეთს ვურეკავდით და დღის დაგეგმვას ვიწყებდით. ერთმანეთს ვუზიარებდით, რომელს რა გეგმა გვქონდა.
დღის განმავლობაში 10-15-ჯერ მაინც მირეკავდა. დარეკავდა და იცინოდა, კი, გელაპარაკე 20 წუთის წინ, მაგრამ მაინც გირეკავო. მეკითხებოდა, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი. ეს ხდებოდა გაუჩერებლად დღის განმავლობაში. სხვებისგან განსხვავებით, ეს არ მაღიზიანებდა, პირიქით, მომწონდა, ხშირად რომ რეკავდა.
დრო თუ გვქონდა, ვსხდებოდით, წავიხემსებდით, გავისეირნებდით... ჩემზე აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა და თვითონაც ისეთ დეტალებს მიყვებოდა, ვეუბნებოდი, მამები შვილებს ასეთ რაღაცებს არ უყვებიან-მეთქი და ამაზე კვდებოდა სიცილით. ბევრს ვკამათობდით კიდეც. გიოს მუდამ უნდოდა, თავისი სიტყვა გაეტანა. ეს კი ჩემთან არ გამოსდიოდა, რაც, როგორც ვატყობდი, მოსწონდა კიდეც.

Rating

- რაზე კამათობდით?
- თითქმის ყველაფერზე - მარტივ თემებზეც და რაიმე პრობლემაზეც. თვითონ რაც უნდოდა, ცდილობდა, ის მეყიდა. ამაზე სულ ვჩხუბობდით - შენ რატომ წყვეტ, მე რა ვიყიდო-მეთქი. შეიძლებოდა ასეთ რამეზე ბევრი გვეკამათა, მერე დაერეკა და ეთქვა, მართალი ხარ, ასე ჯობიაო.

- ანუ საყიდლებზეც ერთად დადიოდით?
- ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად წამყოლია. სასმელი წვენიდან დაწყებული, ფეხსაცმლით დამთავრებული, ყველაფერზე ვკამათობდით. შვილთან ერთად ქალაქგარეთ როცა ვიყავი, იქაც ჩამოგვაკითხავდა ხოლმე. დღეს რომ ჩემს გარდერობს ვუყურებ, თითქმის ყველაფერი მისი ნაყიდია. ბავშვობაში სულ ვეჩხუბებოდი, ნუ ყიდულობ ჩემთვის, რადგან არ მომწონს და მინდა, მე ავირჩიო-მეთქი. ბოლო რამდენიმე წელია, ზუსტად ისეთ კაბას, ფეხსაცმელს, მაისურს თუ ბოტასს ყიდულობდა ჩემთვის, რასაც თავადაც ავირჩევდი.

- თავის დროზე თქვენს დაოჯახებას როგორ შეხვდა?
- ცოტა ინერვიულა, მაგრამ მალე შეეგუა. არც ისე პატარა, 26 წლის ვიყავი და... მითხრა, შენ თუ ბედნიერი ხარ, მეც ბედნიერი ვიქნებიო. მე და გიო ერთად ხომ არ ვცხოვრობდით და მე, ჩემი მომავალი მეუღლე და ჩემი უფროსი ძმა ერთი-ორჯერ მივედით მასთან ვახშამზე თუ რაღაც სპორტული გადაცემის საყურებლად. მერე ვუთხარი, ჩემი დაბადების დღე მოდის და ძალიან მინდა, გიორგისთან ერთად ყაზბეგში წავიდე და ამ თვის ბოლოს ალბათ ჯვარს დავიწერთ-მეთქი.

Rating

ყაზბეგი განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის და გიოსაც ძალიან უყვარდა. მითხრა, ყაზბეგში თუ გინდა წასვლა, თან გერგეტზე უნდა ახვიდე და ჯვრისწერასაც მალე გეგმავ, ისე არ წამოხვიდე იქიდან, რომ ჯვარი არ დაიწეროო. ასე უცებ გადავწყვიტეთ, ჩემს დაბადების დღეზე გერგეტში დაგვეწერა ჯვარი. ერთად წავედით ჩემი მშობლები, ძმები, მეჯვარეები და დავიწერეთ ჯვარი. ამ ჯვრისწერას თვითონ არაფრით გამოაკლდებოდა.

- ცალ-ცალკე რომ გიწევდათ ცხოვრება, განიცდიდა?
- არა, რადგან მართლა ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. შეიძლება, მასთან სახლში კვირაში ორჯერ შემევლო, მაგრამ მამა არასდროს მაკლდა. ალბათ უფრო ბავშვობაში მქონდა ეს დანაკლისი, რადგან უნდა გამოევლო, რომ სადმე წავეყვანე. დასასვენებლადაც იშვიათად დავდიოდით ერთად - ალბათ წელიწადში ერთხელ. ასე რომ, ბავშვობაში უფრო ჭირდა ეს ურთიერთობა, მაგრამ მერე ყოველდღიურად გვქონდა.

ჩვენს უმცროს ძმასთან, ზუკასთან, მუდამ გვქონდა ურთიერთობა. სანამ გიოს დედა, ჩვენი ბებია იყო ცოცხალი, ყოველ შაბათ-კვირას მასთან ვატარებდით.

- როგორი იყო გიოს სიცოცხლის უკანასკნელი თვეები?
- ეს ალბათ ყველაზე ცუდი დროა, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. თვითონ არ საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, არ უნდოდა, ვინმესთვის დაენახვებინა, რომ რაღაც უჭირდა. ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, გვიან, ალბათ ღამის 2 საათზე დამირეკა. ისეთი ხმა ჰქონდა, გიოს აღარ ჰგავდა. ლაპარაკი უჭირდა. მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა...

ავად როცა იყო, ყოველდღე მივდიოდი, მაგრამ დიდად არ ვენახვებოდი, რადგან არ მინდოდა, ეფიქრა, რომ მეშინოდა. რადგან მასთან არ ვცხოვრობდი, არ სიამოვნებდა, დილიდან საღამომდე იქ რომ ვიყავი. თავს შევყოფდი ოთახში, შემოგირბინე და ხვალაც მოვალ-მეთქი. არც ის სიამოვნებდა, რომ ისეთს ვუყურებდი.

Rating

Rating
კონცერტამდე ძალიან ცუდად იყო. გვეგონა, რომ ეს საღამო ვერ გაიმართებოდა, მაგრამ ისე მოინდომა, მთელი დარჩენილი ენერგია და ძალა გამოიყენა. ეს ემოცია და ენერგია 2 დღე გაჰყვა. მეორე დღეს რომ მივედი, ისე კარგად იყო, ისეთი ბედნიერი და მხიარული, მეგონა, ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 2-3 დღის მერე ძალიან ცუდად გახდა.

- რაიმე თუ დაგიბარათ ანდერძივით?
- არა, რადგან ბოლო წუთამდე ეგონა, რომ გამოძვრებოდა და კარგად იქნებოდა. მომავლის იმედი ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს დასასრული არ იყო... როცა თავისი ავადმყოფობის შესახებ გაიგო, აქეთ გვაწყნარებდა. 11 თვის განმავლობაში ერთი წამითაც არ დაუკარგავს იმედი, ვერ შეამჩნევდით, რომ ეშინოდა. ყოჩაღად იყო და ამდენი ხანი ამიტომაც გაძლო. დიაგნოზის დასმიდან მაქსიმუმი 2 თვე მისცეს სიცოცხლის, მაგრამ მისმა შემართებამ და სიცოცხლის წყურვილმა 11 თვე გააძლებინა.

- თქვენ რას საქმიანობთ?
- პროფესიით სტომატოლოგი ვარ და რამდენიმე წელი ამ სფეროში ვიმუშავე. ახლა ერთ-ერთ კოსმეტიკურ კომპანიაში ვმუშაობ მარკეტინგული განყოფილების დირექტორად. გიოს ჩემი ყველა გადაწყვეტილება მოსწონდა და ახარებდა. როცა სტომატოლოგობა გადავწყვიტე, ძალიან გაუხარდა. მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი პაციენტიც იყო. როცა სტომატოლოგად მუშაობას თავი დავანებე, დიდად არ გახარებია, მაგრამ მითხრა, შენ სადაც კარგად იგრძნობ თავს, იქ იყავიო. არ ყოფილა პერიოდი, რომ უსაქმოდ ვყოფილიყავი. მოსწონდა, რომ ადრეული ასაკიდან ჩემი საქმე, შემოსავალი მქონდა და დამოუკიდებლად ვახერხებდი ამ ყველაფერს.

Rating
Rating


- თქვენი შვილი მისი ერთადერთი შვილიშვილია. როგორი იყო მათი ურთიერთობა?

- საოცარი. ძალიან საყვარელი და მხიარული ბაბუა იყო. ჩემს კატოს საჩუქრებით ანებივრებდა. ერთად ვაკითხავდით საბავშვო ბაღში. მიუხედავად ბევრი საქმისა, ყველასთვის იცლიდა. მე და ჩემი შვილი დასასვენებლად რომ მივდიოდით, ამ ამბავში თავადაც ერთვებოდა და არ არსებობდა, ერთი-ორი დღე მაინც არ ჩამოსულიყო და ჩვენთან ერთად არ გაეტარებინა.
ყველაფერი მენატრება - მისი თითები, ხმა, გამოხედვა, სითბო... რაიმეს რომ მოვუყვებოდი, რაღაცნაირი ღიმილიანი სახით გამომხედავდა ხოლმე და მეტყოდა, აუ, შენ ვინა ხარო.

- მხიარული იყო თუ უფრო სევდიანი?
- მუდამ მხიარული იყო. ყოველთვის ბედნიერი და ომახიანი ხმით მირეკავდა. იუმორს ურევდა ყველაფერში. დილიდან ღამემდე მუშაობდა სხვადასხვა სფეროში და იღლებოდა, მაგრამ სულ ენერგიული იყო. ჩვენი პატარ-პატარა საიდუმლოებები სულ გვქონდა და ახლა ეს ძალიან მაკლია.

რუსუდან ადვაძე

ჟურნალი "სარკე"



Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS