15 თებერვალი, 2014
ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით
32 კილოგრამი დავიკელი 6 თვეში. ჩრდილო და აღმოსავლეთ კორეის კონფლიქტის ამბავს ვდარდობ და ვხდები ნელ-ნელა 32 კილოგრამი დავიკელი და იმიტომ აღარ ვჩანვარ ბოლო დროს სკეტჩებში აქტიურად, ვეღარ მაფიქსირებს კამერაო, იხუმრა ინტერვიუს დაწყებამდე კობა ბარათელმა. დღეს ჩაინიკას კერძებზე, დიეტებსა და ექიმებზე ვესაუბრეთ.

- ჭამა კი მიყვარს, მაგრამ დიეტა უნდა დაიცვაო, გამაფრთხილეს ექიმებმა.
- მე მახსოვს შენი დიეტა, ექვსის მერე რომ არ ჭამდი სახლში, ისევ იმავე დიეტას იცავ?
- არა, უფრო მკაცრზე გადავედი, რომ მძინავს, აღარ ვჭამ.
- ვინ მოგთხოვა დიეტის დაცვა?
- ენდოკრინოლოგმა, ანგიოლოგმა, კარდიოლოგმა და რევმატოლოგმა ერთად. ასეთი ანეკდოტი იყო ადრე, ერთი ეუბნება მეორეს, ექიმმა კიჭლეინდის დიაგნოზი დამისვაო. ეგ რა არისო, ჰკითხა მეორემ. კიბო, ჭლექი, ინფარქტი და დიაბეტი მჭირს ერთადო, უპასუხა. მთლად კიჭლეინდი არ მჭირს, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით ვიწმინდები. ანგიოლოგმა მითხრა, ლუდი ამოიღე რაციონიდან, თუ მაინცდამაინც დალევა მოგინდება, ღვინო და არაყი დალიე ცოტა-ცოტა სამი თვის განმავლობაშიო. თან წამლები დამინიშნა. ვიყიდე წამლები და დავიწყე ლუდის სმა. ახლა მაცივარში მაქვს წამლებიც და ლუდიც. მაცივარს რომ ვაღებ, ლუდის ბოთლი უფრო დიდია, ვიდრე წამლის და ის მხვდება პირველი თვალში. ვიწყებ ლუდით და წამლები მავიწყდება. მორჩილი პაციენტი არ ვარ, დალევის წინ ვურეკავ ხოლმე ექიმს და ვევაჭრები, რამდენი ჭიქის დალევა შემიძლია. ზოგი ექიმი აქეთ მაოცებს. ერთხელ დილით ოპერაცია გავიკეთე. საღამოს ის ექიმი, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, რესტორანში მეპატიჟებოდა, ექიმები ვართ სულ, ნუ გეშინია, მოდიო.
- რისი ოპერაცია გაიკეთე?
- აღარ მახსოვს, იმდენი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. მანქანის არ იყოს, ჩემზე ამბობენ, ჩაინიკა მანქანას უფრო ხშირად ღებავს, ვიდრე რეცხავსო. იმ პერიოდში მართლა ასე იყო, სულ რაღაცას ვეჯახებოდი.
- ექიმებს რომ არ ემორჩილები, გავარკვიე, ვინმეს თუ ემორჩილები?
- ჩაინიკას. მაგარი ჯიგარია. რასაც მთხოვს, ყველაფერს ვუსრულებ. ქაბაბი, ოსტრი ჭამეო, რომ მეტყვის, უარი როგორ უნდა ვუთხრა? შაურმას დიდად არ ვწყალობ. იმდენი ინგრედიენტი აქვს შიგნით, მავიწყდება და ექიმი რომ მკითხავს, რა ჭამეო, ვერ ვპასუხობ. ხინკალიც მიყვარს. სხვათა შორის, მომზადებაც ვიცი.
- მაშ, გვასწავლე ხინკალი ჩაინიკას რეცეპტით.
- დაკეპილი ხორცით ვაკეთებ, საქონლისა და ღორის ხორცს ვურევ თანაბრად ერთმანეთში. მწვანილიანი ფარში მიყვარს და ქინძსა და ოხრახუშს ვუმატებ. კიდევ ხახვს, ნიორს და წითელ წიწაკას. შემდეგ ფარშს რომ დავდებ ცომზე, კარაქის პატარა ნაჭერს ვუმატებ და ისე ვახვევ. უფრო ნოყიერი და გემრიელი გამოდის.
- ფარშს წყალს არ უმატებ, წვნიანი რომ გამოვიდეს?
- არა, წყალში ვხარშავ. ცომი აუცილებლად საშუალო სისქის უნდა იყოს. მოხარშვის დროს ცომი რომ იხევა, ამაზე ნერვები მეხევა და ამიტომ ვცდილობ, ოდნავ მაგარი იყოს, ისეთი, რომ არც ჩაიშალოს და ხორცმა მოხარშვაც მოასწროს.
- კიდევ რის რეცეპტს გვასწავლი?
- პიცას ვაკეთებ ჩემებურად, ცომის გარეშე. ტაფაზე დავასხამ ზეთს და დავდგამ დაბალ ცეცხლზე. დავუმატებ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, პომიდორს, ძეხვს, გახეხილ ყველს, მწვანილებს: ქინძს, ოხრახუშსა და კამას. ბოლოს მოვასხამ ათქვეფილ კვერცხს და დავუმატებ მარილს გემოვნებით. ეს არის პიცა ბარათელი.
- საგრძნობლად დაგიკლია წონაში, რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- 32 კილოგრამი დავიკელი 6 თვეში. ჩრდილო და აღმოსავლეთ კორეის კონფლიქტის ამბავს ვდარდობ და ვხდები ნელ-ნელა.
ერთხელ, ჯარში 17 დღის განმავლობაში ვიშიმშილე. წყალს ვსვამდი მარტო. თბილისშიც გავიმეორე ასეთი სიგიჟე. ათი დღე ვიშიმშილე. მეათე დღეს ვართეს დაბადების დღე იყო, მაშინ ერთად ვცხოვრობდით. სახლში სუფრა იშლებოდა. ვუთხარი, წავალ სახლიდან და გვიან მოვალ, რომ არ დავარღვიო დიეტა-მეთქი. მოვედი გვიან და ჩემს ოთახში შევედი. შემოვიდა ერთი ჩვენი მეგობარი, საზამთრო მაინც ჭამე, რას გიზამს, მოკვდებიო, მითხრა. დავთანხმდი, ორი ნაჭერი შევჭამე. ცუდად ვარ, ვგრძნობ, იქით პურმარილია, სუნიც მცემს, ფსიქოლოგიურადაც ვერ ვარ კარგად. ბოლოს დაიშალნენ. ვართეს ვუთხარი, შენ დაიძინე, მაგიდას მე ავალაგებ, თან ჭურჭელს დავრეცხავ-მეთქი. დაიძინა. თეფშზე `ოჯახური~ გადმოვიღე ცოტა, კიტრი, პომიდორი, ყველი. რომ დავიწყე... კაციშვილი არ იყო გამჩერებელი. ალაგება აღარ დასჭირდა სუფრას. ბოლოს მარტო თეფშებიღა დავრეცხე. კინაღამ მოვკვდი იმ ღამით.
- ეგზოტიკური კერძები გიყვარს?
- არა. ერთხელ შემიყვანეს ჩინურ რესტორანში, ბრინჯის გარდა ვერაფერი ვიცანი. რა ვჭამე, ღმერთმა იცის. ალბათ გემრიელი იყო, ნასვამი ვიყავი, დიდად ვერც გემო გავიგე. გასაპრანჭად წამიყვანა იმანაც, თორემ რა გვინდოდა იქ, ქართული რესტორნიდან გამოვედით და ჩინურში შევედით.
- არის ისეთი პროდუქტი, რომელიც არ გაგისინჯავს და არც გაქვს სურვილი, რომ გასინჯო?
- ნიანგის გულ-ღვიძლი არ გამისინჯავს და ვერც გავსინჯავ ალბათ. მანიფაფა არ მიყვარს კიდევ. საერთოდ ფაფები არ მიყვარს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
ბეჭდვა