15 ნოემბერი, 2017
3 სამოსი, რომელიც მოდიდან არასდროს გადადის
რა ჩავიცვა? ნებისმიერ ქალს ეს შეკითხვა ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის. არსებობს სამოსი, რომელიც ყოველთვის მოდურია, ყველა სიტუაციაში მისაღებია და არჩევანს გაგიადვილებთ.

1. პატარა შავი კაბა

ეს უნივერსალური სამოსი მოდის სამყაროს ლეგენდარულმა კოკო შანელმა დაუტოვა. პირველ შავ კაბას არცთუ ღრმა დეკოლტე, გრძელი სახელოები, დაბალი წელი ჰქონდა, სიგრძე კი მუხლებს ფარავდა.

პატარა შავი კაბა გამოგადგებათ ყოველთვის, როცა მიგაჩნიათ, რომ არაფერი გაქვთ ჩასაცმელი. უპირატესობა მიანიჭეთ სადა მოდელებს. ამ შემთხვევაში გარშემო მყოფები თქვენ მოგაქცევენ ყურადღებას და არა თქვენს
კაბას. შეუხამეთ მას მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი, პითონის ტყავის ან ბუმბულის უჩვეულო ჩანთა.

პატარა შავი კაბა - მუხლამდე სიგრძის კოქტეილის ან საღამოს კაბების ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომლის ჩაცმა შეიძლება არა მარტო დღისით ოფისში, არამედ საზეიმო მიღებაზეც, თუ მას შესაბამისი აქსესუარებით დაამშვენებთ.

პატარა შავი კაბა კოკო შანელმა 1926 წელს შექმნა თავისი დაღუპული საყვარელი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად. მანამდე გლოვასთან ასოცირებული შავი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ პატარა შავმა კაბამ მალე მოიპოვა წარმატება.
შანელის მიერ შექმნილი კაბა მუხლებს ფარავდა, რადგან მუხლები მას ქალის სხეულის ყველაზე უშნო ნაწილად მიაჩნდა. როგორც აღვნიშნეთ, კაბა ძალიან სადა იყო, ყოველგვარი ზედმეტი დეტალების გარეშე, მაგალითად, როგორებიც არის ფურჩალები, ღილები.

ასეთი კაბის შეძენა მცირე შემოსავლის მქონე ქალბატონებსაც შეეძლოთ. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სხვადასხვა აქსესუარის დახმარებით, უამრავი კომბინაციის შექმნა შეიძლებოდა.

პატარა შავი კაბის თანამედროვე ვარიანტი ბევრად განსხვავდება კლასიკურისგან: ის შეიძლება იყოს უფრო მოკლე, ჰქონდეს სხვადასხვაგვარი საყელო, თამამად იყენებენ მაქმანს, ფურჩალებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებს. დღეს პატარა შავი კაბა ბევრი პოპულარული მოდელიერის კოლექციაში შეიძლება იხილოთ.

ის ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგებათ. თუ სასწრაფოდ სადმე გიწევთ წასვლა, იქნება ეს საქმიანი შეხვედრა, საღამოს წვეულება, ვახშამი რესტორანში, კორპორატიული თავყრილობა, პაემანი თუ სხვა რამ. პატარა შავი კაბა ყველგან გამოგადგებათ. უბრალოდ, საჭიროა მხოლოდ სწორად შერჩეული აქსესუარები - ჩანთა, ფეხსაცმელი, ქამარი, შარფი, სამკაულები ან ტუალეტის რაიმე სხვა დეტალები. ის საუკეთესო ფონი იქნება თქვენი სტილური ექსპერიმენტებისთვის.

თავის დროზე კოკო შანელმა განაცხადა: „მე გამოვიგონე პატარა შავი კაბა“. სინამდვილეში კოკომ ის კი არ გამოიგონა, თავისი ბავშვობიდან გადმოიტანა. ის თავშესაფარში იზრდებოდა, პირქუშ გარემოში, სადაც ყველა გოგონას თეთრსაყელოიანი პატარა შავი კაბა ეცვა. ასე რომ, შანელმა მას ახალი სიცოცხლე შესძინა და მოდური გახადა.

2. თეთრი პერანგი
ქალმა პირველად რომ მოირგო მამაკაცის პერანგი, გახდა აღარ მოინდომა. სავარაუდოდ, ეს იმ პერიოდში მოხდა, მამაკაცის პერანგები რომ ქალის სამოსს უფრო ჰგავდა.

თეთრ პერანგში გამოწყობილი ქალბატონი ტყუილად როდი ითვლება ყველაზე სექსუალურად, მით უმეტეს, თუ მხოლოდ პერანგი აცვია.

ერთი შეხედვით, უბრალო და მარტივი თეთრი პერანგი, გარდერობის საინტერესო და საკმაოდ რთული წევრია. ის ხომ მამაკაცთა სამყაროდან მოვიდა და დღემდე მამრისა და მდედრის, რთულისა და მარტივის იდეალურ შეხამებას წარმოადგენს?
თეთრი პერანგი ჯერ კიდევ ძველრომაულ ეპოქაში გაჩნდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში მას ტანსაცმლის შიგნით, თეთრეულის სახით იცვამდნენ. მხოლოდ XVII საუკუნეში იქცა მამაკაცის ყოველდღიური სამოსის ნაწილად. ქალის გარდერობში კი XIX საუკუნის შუა წლებიდან დაიდო ბინა.

სხვათაშორის, პირველი იყო წითელი პერანგი, რომელსაც „გარიბალდისეულს“ უწოდებდნენ და მას გარიბალდის მიმდევარი მოწინავე ქალბატონები იცვამდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მსგავსი პერანგების შეკერვა თეთრი ქსოვილისგან დაიწყეს და მათ მაქმანებითა და ნაქარგებით ამშვენებდნენ.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე თეთრი პერანგი არასოდეს გადასულა მოდიდან, იცვლებოდა მხოლოდ სილუეტი, ქსოვილი და კონტექსტი. 1920-იანი წლების ბოლოს კოკო შანელმა ქალბატონები უბრალო თეთრ პერანგში, შარვალსა და კარდიგანში გამოაწყო, რითაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მოდის სამყაროში. შანელის იდეებს ფართო მასებს კინოვარსკვლავები აწვდიდნენ.

მარლენ დიტრიხმა თეთრი პერანგი მამაკაცის კოსტიუმთან ერთად ჩაიცვა და ანდროგინური, არაერთმნიშვნელოვნად სექსუალური სახე შექმნა. 1930-1940-იან წლებში თავისუფალი თეთრი პერანგი უცვლელი პოპულარობით სარგებლობდა. ეკრანზე მას წარმოაჩენდნენ კლასიკური ჰოლივუდის ვარსკვლავთა გმირები: კეტრინ ჰეპბერნი „დღესასწაულში“, ლორენ ბეკოლი „კი-ლარგოში“, 1950-იან წლებში პერანგის თარგი ქალურობის იდეალთან შესაბამისად შეიცვალა, დაბრუნდა სიწმინდის სემანტიკა. თითქმის კულტად იქცა ოდრი ჰეპბერნის სახე ფილმში „რომაული არდადეგები“. მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი, ოდნავ აწეული საყელოთი - ასე გამოწყობილი დაქროდა მისი გმირი რომის ქუჩებში მოტოციკლით. 1950-იან წლებში დამკვიდრდა სხვადასხვა კლასიკური შეხამება, მაგალითად, წელში გამოყვანილი პერანგი და ბოლოკაბა-ფანქარი.
1960-1970-იან წლებში ფემინისტური მოძრაობის ქარიშხლის ფონზე თეთრმა პერანგმა კვლავ დაიბრუნა თავისი ანდროგინური მნიშვნელობა, დროის სიმბოლოდ იქცა პატი სმიტი, რომელიც თავის სადებიუტო ალბომზე ჰორსეს დაუდევრად მორგებული მამაკაცური სტილის თეთრი პერანგით იყო გამოსახული. 1970-იანი წლებიდან თეთრი პერანგები იყო თავისუფალი, გრძელი, ფართო სახელოებითა და ნაოჭებიანი მანჟეტებით.

1980-იან წლებში პოპულარული იყო ძანფრანკო ფერეს დიდსაყელოიანი და მანჟეტებიანი თეთრი პერანგები. სწორედ იმ დროს შემოიღეს საოფისე დრეს-კოდსა და "იაპის" სტილში. ტიპური იყო შეხამება - თეთრი პერანგი, ბოლოკაბა და პიჯაკი.
თეთრი პერანგი იდეალურად ჩაეწერა 1990-იანი წლების მინიმალისტურ სტილში. მოდური იყო ბუნებრივი სექსუალობა, რომელსაც ხაზგასმით წარმოაჩენდა სადა სამოსი, რომლის მკაფიო მაგალითია ჯულია რობერტსის გმირის ჩაცმულობა ფილმში „ლამაზმანი“, ასევე უმა თურმანის გმირი ფილმში „კრიმინალური საკითხავი“, რომელიც კლასიკურ თეთრ პერანგსა და სალამურისებრ შავ შარვალშია გამოწყობილი.
2000-იან წლებში თეთრი პერანგი დიზაინერებისთვის ნამდვილ სუფთა ტილოდ იქცა. ყველა საკუთარი გემოვნებისამებრ იყენებდა. მაგალითად, როცა სტელა მაკარტნი წარმოადგენდა ეთნოსტილის თეთრ პერანგებს, ჟილ სანდერი ამ მიმართულებით სტრუქტურული მინიმალიზმის ხაზს აგრძელებდა.
შეკითხვას, „რასთან ერთად ჩავიცვათ თეთრი პერანგი?“ ძალზე მარტივი პასუხი აქვს: „რასთანაც გნებავთ“. თეთრი პერანგი სუფთა ფურცელია. ის ყველგან და ყოველთვის მიზანშეწონლია: ყოველდღიური ჯინსიდან დაწყებული, ყველაზე მაღალი დონის საზეიმო ღონისძიებით დასრულებული.

3. პიჯაკი
უნივერსალური პიჯაკი სამ პირობას მოიცავს. პირველი - კარგად იყოს ტანზე მორგებული, მეორე - იყოს შავი ფერის, მესამე - სადად იყოს გაწყობილი: ლაცკანები საშუალო სიფართის უნდა იყოს, ღილები ყურადღებას არ უნდა იქცევდეს. ასეთ პიჯაკს თავისუფლად შეუხამებთ შორტსაც და ჯინსსაც, პერანგსაც, მაისურსაც და კაბასაც.

ქალის პიჯაკი: ისტორია, ჩაცმისა და შეხამების წესი

მოდური პიჯაკი ყველა საქმიანი ქალის გარდერობის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, ქალი ყოველდღე იცვამს პიჯაკს თუ მხოლოდ გასაუბრებაზე, ერთი კარგი მოდელი აუცილებლად უნდა მოიპოვებოდეს მის გარდერობში. თუმცა, არ ღირს პიჯაკის მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის შენახვა. თავისუფლად შეგიძლიათ, ის სხვა სამოსსაც შეუხამოთ.
ზოგიერთ ლექსიკონში განმარტებულია, რომ პიჯაკი სპორტული სტილის ჟაკეტია, რომლის იმავე ფერის შარვალთან შეხამება მიზანშეუწონელია.

განსხვავებული ფერის შარვალთან შეხამებული პიჯაკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში გახდა პოპულარული. ადრე ასეთი სტილი სპორტსმენებისა და ქალაქგარეთ მცხოვრებთათვის იყო დამახასიათებელი. მხოლოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს მამაკაცებმა პიჯაკის ყოველდღიური, თავისუფალი სტილის სამოსის სახით გამოყენება. მალე მათ მაგალითს ქალბატონებმაც მიბაძეს.

პიჯაკების პოპულარიზაციას ძალზე შეუწყო ხელი 1920-იან წლებში კოკო შანელის მიერ შექმნილმა მოდელებმა. სწორედ მან აქცია პიჯაკი მდიდრულ სამოსად მოდური ქალბატონებისთვის.

მამაკაცური სტილის სამოსით ქალბატონები 1930-იანი წლებიდან დაინტერესდნენ და დღეს შარვალსა და პიჯაკს ძალზე მყარი პოზიცია უჭირავს ქალური მოდის სამყაროში. 1970-იან წლებში პიჯაკების პოპულარობამ პიკს მიაღწია. მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ რ. ლორენის კლასიკური მოდელები, რომელთა შთაგონების წყაროც ინგლისური სოფლების ლანდშაფტი იყო. ლორენის კლასიკური სტილი დღესაც საკმაოდ აქტუალურია.

პიჯაკი ბოლოკაბასთან ერთად შეიძლება ჩაიცვათ, როგორც მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, ისე გასაუბრებაზე, მაგრამ ის შეგიძლიათ, უბრალოდ კაბაზეც მოიცვათ. ნახატებიან კაბას შეიძლება, ერთი ფერის სადა პიჯაკი შეუხამოთ. თუ პიჯაკი გაცვიათ და მოულოდნელად დაგცხათ, შეგიძლიათ სახელოები გადაიკეცოთ, ამ სახით პიჯაკის ჩაცმა შეიძლება, როგორც სამსახურში, ისე საღამოს ღონისძიებაზე.

ბუნებრივია პიჯაკისა და კლასიკური სტილის საყელოიანი პერანგის შეხამება, თუმცა, ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის. შესაძლებელია უფრო ქალური სახის შექმნაც. მაგალითად, რბილი აბრეშუმის ბლუზა უფრო ნაზ და ჰაეროვან იერს შეგძენთ. ზაფხულისთვის მკვეთრი, ნათელი ფერები უნდა შეარჩიოთ, ზამთარს კი ბუნებრივი ქვის ფერი უხდება. ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულის მეშვეობით ნებისმიერი სასურველი სახის შექმნა შეიძლება.

აშკარაა, რომ პიჯაკი ყველაზე უნივერსალური სამოსია. არაფორმალურად გამოიყურება ჯინსთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში კი, როგორც ამბობენ, „გამოსასვლელადაც“ გამოიყენებთ. ოღონდ უნდა იცოდეთ, ეს როგორ გააკეთოთ. მაგალითად, პიჯაკს შეიძლება შეუხამოთ აბრეშუმის ბლუზა, მხოლოდ ერთი წყება მძივი და წვრილი სამაჯური. აბრეშუმის ბლუზა შეიძლება თამამი ფერის იყოს. ატლასი უფრო დახვეწილი იქნება, ვიდრე - ბამბა.

მძივი გამჭვირვალე ან ბლუზის ფერის შესაბამისი უნდა იყოს. ეს საერთო სახეს მეტ სისადავესა და ელეგანტურობას შესძენს. სამაჯური მძივის ფერს უნდა შეესაბამებოდეს. თუ მძივის შესაბამისი ფერის სამაჯური არ გაქვთ, შეგიძლიათ, მძივში გამოიყენებული მეტალის შესაბამისი ფერის სამაჯური გამოიყენოთ.





ბეჭდვა