24 მაისი, 2018
უკარნახეს თუ არა თამთა გოდუაძეს ვინ უნდა გაეშვა ოთხი სკამის ტურიდან? - "ნახევარ სიმღერას მაზავდნენ და ეთერში ისე გავიდა, თითქოს დაანგრიეს დარბაზი...."
X ფაქტორის ოთხი სკამის ტურში თათია კობალაძის გამოსვლა მისმა მენტორმა შემდეგნაირად შეაფასა: "აქამდე გამომსვლელებს თუ შევადარებ, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი გამოსვლა იყო...". თუმცა, მოგვიანებით, თამთამ თათია სხვა კონკურსანტით ჩაანაცვლა. თათია კობალაძე ამბობს, რომ მისი გაშვება უსამართლობა იყო და ერთ-ერთ არგუმენტად ჟიურის შეფასებას იყენებს.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში “X ფაქტორის” შემდეგ?
- ყველაფერი უკეთესობისკენ, იმის მიუხედავად, რომ უსამართლოდ გამომიშვეს. გამოცდილება მივიღე და ვისწავლე ბევრი რამ, თუმცა, კარგი იქნებოდა ლაივებამდე მივსულიყავი... მაგრამ არაუშავს, როცა უკრაინის „X ფაქტორის“
ფინალში ვიყავი, იქ საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. მას შემდეგ უკვირთ, რომ კვლავ კონკურსებში ვიღებ მონაწილეობას, შენ ხომ საკმარისს მიაღწიეო. საქმე იმაშია, რომ არასოდეს არ არის საკმარისი სწავლა. ყოველი სცენაზე გამოსვლა და კონკურსში მონაწილეობა უფრო გაძლიერებს და გზრდის.

- როგორ ფიქრობთ, რატომ აგაყენეს მაინცადამაინც თქვენ ოთხი სკამის ტურში კონკურსანტების სკამიდან?
- არ ვიცი, დღემდე ვფიქრობ და ვერ ვხვდები. თან მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ ჩემამდე გამოსულებს შორის საუკეთესო ვიყავი. არავის ვადებ ხელს, ყველა ჩემი მეგობარია... ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ია ტომაში უნდა დაესვათ, მაგრამ მე არ უნდა ავეყენებინე.

ქუთაისელი უმაგრესი გოგონა, რომელიც, აი, ძალიან მაგრად მღერის, ასევე უნდა დარჩენილიყო. საერთოდ ოთხეული, ჩემი შეფასებით, იქ ნამღერის მიხედვით უნდა ყოფილიყო შემდეგი: ია ტომაში, სოფია, თამუნა და მე! არა იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ვარ, უბრალოდ იმ წუთას დანარჩენმა კონკურსანტებმა ის ვერ გააკეთეს იქ, რაც საჭირო იყო.

არ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებსაც დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. მაგრამ ფაქტი ერთი იყო, იქ ვინც ვიყავით, მათ შორის საუკეთესო ჩემი დასახელებული ოთხეული იყო. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, რა თქმა უნდა, მაყურებელი ვერ განსჯის, რადგან ნამღერი იმდენად გაასწორეს, რომ ლამის მეც დავიჯერე, თითქოს მაგრად შეასრულეს. მხოლოდ მათი ნამღერი იყო უცვლელი, ვინც გაუშვეს.





- ანუ თქვენ ამბობთ, რომ კონკურსანტების ხმები შეასწორეს ტექნიკურად?

- კი, ეს ჩვეულებვრივი მოვლენაა, როცა ეთერში გადის ჟღერადობა უნდა გასწორდეს, მაგრამ არა მთლიანად ნამღერი, თითქმის ნახევარ სიმღერას „მაზავდნენ“ და ეთერში ისე გავიდა, თითქოს დაანგრიეს დარბაზი.

- როგორ ფიქრობთ, რომელი კონკურსანტისადმი აქვთ მიკერძოებული დამოკიდებულება?
- ამას ვერ ვიტყვი, ისინი ჩემი კოლეგები არიან და ვერც იმას ვიტყვი, რომ ჩემს მიმართ ცუდად იყვნენ განწყობილები. უბრალოდ უკარნახეს თამთას, ვინ უნდა აეყენებინა.

Rating

- თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყევით...

- მოწვევა მაქვს უკრაინის „ვოისიდან“, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი... ასევე, მიმიწვიეს კალიფორნიაში ერთ-ერთ საპროდიუსერო კომპანიაში. სურთ, რომ ერთწლიანი კონტრაქტით წამიყვანონ. ჩვეულებვრივად მექნება ანაზღაურება და ვივლით შტატიდან შტატში, ჩავატარებთ კონცერტებს, ნუ, ეს კი ძალიან მაცდური წინადადებაა. აუცილებლად ოჯახთან ერთად წავალ და დარწმუნებული ვარ, იქაც უამრავ რამეს ვისწავლი, გავიზრდები უფრო მეტად.
შეგახსენებთ, X ფაქტორის ლაივს შეგიძლიათ უყუროთ ორშაბათს, 22:00 საათზე იმედის ეთერში.

მერიემ კაკაურიძე

ბეჭდვა