06 ოქტომბერი, 2013
„ჩემი ქალიშვილი მაკრიტიკებს“
საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა. ეს ბევრმა რამემ განაპირობა, მათ შორის, დიპლომატის პროფესიამ... როგორ ცხოვრობდა ემიგრაციაში ქართული ოჯახი და რა გზა განვლო ყოფილმა პირველმა დიპლომატმა, ამის შესახებ ის თავად მოგვითხრობს...
პოლიტიკოსმა გასულ კვირას ბიოგრაფიული წიგნიც გამოსცა, „საქართველოსკენ“ ...

-
ემიგრაციაში ვცხოვრობდით, მაგრამ მძიმე ბავშვობა არ მქონია. ჩემგან განსხვავებით, მშობლებს გაჭირვებული ბავშვობა და ახალგაზრდობა ჰქონდათ. განსაკუთრებით მძიმე გახლდათ ემიგრაციის პირველი წლები, რადგან მაშინ საფრანგეთში მასობრივი უმუშევრობა იყო. 60 წელს გადაცილებული ბაბუა ტვირთმზიდავად მუშაობდა. ეს სამუშაოც არასტაბილური იყო... ის და ბებია 40-იან წლებამდე ერთ ძალიან ღარიბ და იაფ სასტუმროში ცხოვრობდნენ, მაგრამ გაჭირვებაზე არასდროს უწუწუნიათ. იმედს არ კარგავდნენ, რომ ოდესმე სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. მე და ჩემს ძმას მუდმივად გვიყვებოდნენ საქართველოზე. ბებიები ქართულ ზღაპრებს მიყვებოდნენ და ქართულად მიმღეროდნენ. გვქონდა ქართული ეკლესია, სადაც ემიგრანტები იკრიბებოდნენ და ლოცულობდნენ... ოჯახში ქართულად ვლაპარაკობდით და ექვს წლამდე ფრანგული არც ვიცოდი.
სკოლაში რომ მიმიყვანეს, ადგილობრივი ენა არ მესმოდა და იმდენი ვიტირე, იქაურობა დავანგრიე, ჩემს ძმას ვეძებდი... უცხო გარემომ და სხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა დამთრგუნეს. სანამ ჩემი ძმა არ მომიყვანეს, ვერ დავწყნარდი. შემდეგ კი ძალიან მალე ვისწავლე ფრანგული...
16 წლამდე დევნილის პასპორტი მქონდა, რომლითაც საბჭოთა რესპუბლიკების გარდა, ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო ჩასვლა. მამაჩემი ბოლომდე ამ პასპორტის ერთგული დარჩა. კიდეც რომ ჰქონოდა ჩამოსვლის შანსი, პრინციპულად არ ჩამოვიდოდა, რადგან დოკუმენტის მისაღებად საბჭოთა კავშირის საელჩოში უნდა მისულიყო და იქვე უნდა ეთხოვა ნებართვა, ზოგმა ეს გადალახა და სამშობლოში ჩამოვიდა, ჩემმა ოჯახმა - ვერა...
- საქართველოში პირველად როდის ჩამოხვედით?
- 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც მუშაობა დავიწყე, თბილისში განიარაღების საერთაშორისო კონფერენციაზე სამსახურებრივი ვიზით გამომიშვეს. 1986 წელი იყო. სასტუმრო „ინტურისტში“ ვცხოვრობდით. ჩემი ქვეყნის დათვალიერება ოცნებად მქონდა, მაგრამ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ თბილისიდან 30 კილომეტრის იქით გასვლის უფლება არ მოგვცა. ამიტომ მხოლოდ მცხეთა დავათვალიერეთ... მუდმივად გვითვალთვალებდა უშიშროების სამსახურის მანქანა. საფრანგეთის შემდეგ ეს სრულიად სხვა სამყარო იყო, მაგრამ თბილისზე იმდენი რამ ვიცოდი ჩემი მშობლებისგან, რომ უცხოობის მომენტი არც მქონია. ის ქუჩა და ბინა დავათვალიერე, სადაც ჩემი ოჯახი ემიგრაციამდე ცხოვრობდა. ლურჯ მონასტერთან ახლოს იყო ჩვენი სახლი. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში უამრავ ადამიანს შევხვდი და საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ჩემს ოჯახს მოვუყევი მათზე. ჩემი ბინა სამ ნაწილად იყო გაყოფილი. იქ დღესაც ცხოვრობენ...
- დიპლომატიური სამსახური რატომ აირჩიეთ?
- პროფესიის არჩევა ბევრმა მიზეზმა განაპირობა. მოგზაურობა და უცხო ქვეყნების დათვალიერება ყოველთვის მიყვარდა. ამასთან, სულ მინდოდა, ისეთი პროფესია ამერჩია, რომლითაც ჩემს ქვეყანას გამოვადგებოდი, როდესაც დამოუკიდებელი გახდებოდა... ჟურნალისტიკაც მაინტერესებდა და ისტორიკოსობაც. მაშინ ლევილში ქართული არქივები არსებობდა და ვფიქრობდი, საინტერესო ინფორმაციის მოძიებასა და გამოქვეყნებას შევძლებ-მეთქი... მაშინ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის რამდენიმე მინისტრი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ვკითხე, შესაძლებელი იყო თუ არა არქივში მუშაობა. უარი მითხრეს, აქ არსებული მასალების ჩვენება ჯერჯერობით ყველასთვის არ შეიძლებაო. არ მენდობოდნენ... რაც შეეხება ჟურნალისტობას, მაშინდე ლი საფრანგეთის ტელევიზიაში „შეძვრომა“ რეკომენდაციის გარეშე შეუძლებელი იყო, მე კი ნაცნობი არავინ მყავდა. ამიტომ ავირჩიე დიპლომატიური სამსახური. საბჭოთა საელჩოს იქაც უნდოდა ჩემი დაბლოკვა, მაგრამ ამჯერად გამოსავალი ვიპოვე, მამამ დახმარება დე გოლის ყოფილ თარჯიმანს, პრინც ანდრონიკოვს, იმავე ანდრონიკაშვილს სთხოვა, რომელიც მაშინდელ საფრანგეთშიც ცნობილი ადამიანი იყო... პირველი დიპლომატიური მისიით იტალიაში წავედი. ამ ქვეყანამ თავისი ხიბლითა და ბუნებით განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. შემდეგ კი უამრავი ქვეყანა შემოვიარე. რაც დრო გადის, ვხვდები, რომ პროფესია სწორად ავირჩიე.
- თქვენს ოჯახსა და შვილებზეც მოგვიყევით. პირველი მეუღლეც ქართველი გყავდათ?
- დიახ... იცით, როდესაც ოჯახზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა, საუბარი ჯანრითი დავიწყო, მაგრამ როგორ გამომივა, არ ვიცი... როდესაც ჯანრიმ, როგორც თავად ამბობდა, თავისუფლება არჩია და საფრანგეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, მაშინ იქაურ საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და მთხოვეს გამერკვია, სად უნდა მიეტანა საბუთები. მაშინ გავიცანი ჯანრი, მაგრამ როდესაც „ქართულ-ევროპული ინსტიტუტი“ დააარსა, უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს... ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი. შემდეგ მეუღლესთან ერთად ამერიკაში წავედი. პირველი მეუღლე სპარსეთში, თეირანში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი იყო, გვარად გუგუშვილი. მისგან ორი შვილი მყავს, გოგონა და ბიჭი... მე და ჩემი მეუღლე რომ დავშორდით, დიპლომატიური მისიით აფრიკაში, ჩატში წავედი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბი ქვეყანა. მე და ჩემი შვილები იქ სამი წელი ვცხოვრობდით. მაშინ იქ ომიც იყო. ქუჩები, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ქვიშა იყო ყველგან.
იქიდან რომ დავბრუნდი, მერე გავყევი ჯანრის. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... საერთო შვილი არ გვყავს, მაგრამ მის შვილებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, სულ ვამბობდით, რომ გაფართოებული ოჯახი გვქონდა... მის გარეშე ცხოვრება ძალიან გამიჭირდა. ასე მეგონა, ცხოვრების ძალა და მოტივაცია დავკარგე. ხშირად ვკამათობდით კიდეც, რადგან საჭიროა, ვიღაცამ წინააღმდეგობა გაგიწიოს და შენ დაუმტკიცო, რომ ასე არ არის, ან პირიქით, დაეთანხმო. მის თანადგომას და რაც მთავარია, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან ჯიუტად არ მინდა მასზე წარსულში ლაპარაკი, რადგან ვგრძნობ, ჩემ გვერდით არის.
ჩემს შვილებზეც მოგიყვებით: მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. ბიჭი 32 წლის არის. მის ასაკს რომ ვამბობ, თავადაც არ მჯერა... გოგონა მასზე პატარაა. ოჯახი არც ერთს არ აქვს... თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა, - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია... ორივე გამართული ქართულით ლაპარაკობს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აპირებდნენ საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ გადაიფიქრეს...
- ყველაზე სასიამოვნო ნაწილს მივადექით, - თქვენს გემოვნებაზე ხშირად ამბობენ, რომ ფრანგული გავლენა იგრძნობა...
- ვერ დავეთანხმები იმათ, ვისაც მიაჩნია, რომ ჩემი ჩაცმის სტილში ფრანგული ხაზი დომინირებს, არსებობს ჩაცმის კულტურა, რომელიც მე ქართული ფესვებიდან გადმომეცა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებულ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ვხვდები, საქართველოში ჩაცმის დიდი კულტურა არსებობდა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გაქრა, როდესაც საქართველო თურქულმა, ზოგადად აღმოსავლურმა ფერებმა წალეკა და ეს მხოლოდ ჩაცმაზე კი არა, ყველაფერზე აისახება, შენობების ფერზეც კი... ზოგს ისეთი გადაჭარბებული მაკიაჟი და სამკაულები აქვს, ვფიქრობ, როგორ არ ეზარება, ან როგორ შეიძლება, ეს მოგწონდეს?!. სხვათა შორის, აღმოსავლური ფერების გავლენა იგრძნობა საფრანგეთშიც. დედაჩემი ამბობს, ახალგაზრდობაში რომ გაივლიდი შანზე-ლიზეზე, საზოგადოებას გემოვნებით ეცვა, ახლა ასე აღარ არისო... ადამიანებმა ინდივიდუალიზმი დაკარგეს... დედა, ასაკის მიუხედავად, 92 წლის არის, მაღალ გემოვნებას არ ღალატობს. გასულ წლამდე მასთან ჩემი ქალიშვილი ცხოვრობდა. წელს ქეთევანი ცალკე ბინაში გადავიდა. ახლა დედასთან ქართველი ქალი ცხოვრობს, რომელიც მას უვლის. ვაპირებდი დედის ჩამოყვანას, მაგრამ უკვე იმ ასაკშია, თვითმფრინავით მგზავრობა უჭირს.
ხშირად მეკითხებიან, დიზაინერი ან თუნდაც რჩევის მიმცემი თუ მყავს, არა, არასდროს მყოლია. ერთადერთი, ჩემი ქალიშვილი მაკრიტიკებს, როდესაც ჩემს სატელევიზიო გამოსვლას ნახულობს, მერე მეუბნება, ეს არ უნდა ჩაგეცვა, იმაზე ეს სამკაული არ უნდა გაგეკეთებინა, ხელებს ძალიან ხშირად და სწრაფად იქნევდიო... სხვათა შორის, თავად ძალიან კარგად ეხერხება მაკიაჟი, ჩაცმაც, ვარცხნილობის შერჩევაც. მას ვიზაჟისტობა ყოველთვის აინტერესებდა და ტელევიზიაში მუშაობამ გამოცდილება მისცა. იცის, რა ფერები უნდა შეუხამოს ერთმანეთს. მაკიაჟსაც პროფესიონალურად აკეთებს. მე სულ მეჩქარება და ბოლო წუთებში, სახლიდან გასვლამდე ვიკეთებ.
- დღეს ხშირად საყვედურობენ ქართველ ქალებს, რომ თავის მოვლა არ უყვართ...
- არ არის ასე, უბრალოდ, დრო არ აქვთ ამისთვის. მეც, როდესაც ბავშვები პატარები მყავდა, თავის მოვლისთვის არ მეცალა... ქართველ მამაკაცებს ვურჩევდი, ქალს თვითრეალიზაციის საშუალება მისცენ. რაც უფრო აქტიურია ქალბატონი, უფრო მეტად არის ფორმაში და ყველაფერს ასწრებს. მე თუ სახლიდან არ გავდივარ, მოდუნებული ვარ. ახლა კი ვცდილობ, აქტიური ვიყო, ვვარჯიშობ კიდეც. ადრე ცხენი მყავდა და იპოდრომზე ვჯი-რითობდი, ახლა იპოდრომი აღარ არის და ცხენიც ძალიან მაკლია. როდესაც ჯანრი ცოცხალი იყო, კუს ტბაზეც დავდიოდით, მარტო მიჭირს სიარული... თუმცა რაღაცას მაინც ვახერხებ და სახლში წავივარჯიშებ ხოლმე...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“
ბეჭდვა