05 იანვარი, 2018
13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული გაზის გაჟონვას ემსხვერპლა...
თბილისში, თემქის დასახლებაში, გაზის გაჟონვის შედეგად, პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, საკუთარ სახლში, 3 იანვრის დილით იპოვეს გარდაცვლილები.

როგორც აღმოჩნდა, პატრული ქრისტესაშვილი თბილისის 13 ივნისის სტიქიის ღამის გმირია. მისი ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ გამოყავს პატრულს წყალდიდობის დროს, სვანიძის ქუჩიდან პატარა ბიჭი, ალბათ ბევრს გახსოვთ... ამ ფოტოზე სწორედ ქრისტესაშვილია ასახული. ამის შესახებ პატრულის მეგობარი წერს "ფეისბუქზე":

"გახსოვთ, ის პატრულის ოფიცერი, ვერეს ღვარცოფად მოვარდნის დღეებში, გადარჩენილი პატარა ბავშვით ხელში რომ დააფიქსირეს
კამერებმა და მთელი ინტერნეტი მოიარა...


შ.ს.ს-ს მაიორი, კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გარდაცვლილები ნახეს საკუთარ ბინაში... კიდევ ერთი ოჯახი იმსხვერპლა გაზის გაჟონვამ...

კახა ჩემი უახლოესი ძმაკაცია. კლასელი. მისი ქალიშვილის, ტყუპისცალის ნათლია ვარ. ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ... მეტს ვეღარაფერს ვიტყვი ახლა, აზრებს თავს ვერ ვუყრი... აცხონე უფალო, გევედრები...", - წერს გარდაცვლილი პატრულის მეგობარი კახა სულუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ბეჭდვა