06 მაისი, 2013
მიხეილ ჯოჯუა „დინამოში“ ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილებით მოხვდა
იმ დროს დოდო ჭიჭინაძეს ერთ-ერთ ფილმში იღებდნენ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და მაშინ ის ჩემი მეუღლე იყო. რვა წელიწადი ვიყავით ცოლ-ქმარი, ბავშვი არ გაუჩნდა და ეს გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი. მიხეილ ჯოჯუას ცხოვრება სპორტსა და კულტურის სფეროში, კერძოდ ფეხბურთსა და ესტრადაზე მოღვაწეობისგან შედგება. ის ოცი წელი თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო ხელოვნებას ნახევარი საუკუნე ემსახურა. არაერთ ადამიანს უკვირდა, როგორ დაუკავშირა სპორტსმენმა თავისი გზა ხელოვნებას, რასაც დღეს თავად გვიხსნის. ორივე სფეროზე ერთნაირი სიყვარულით ლაპარაკობს და ამბობს, რომ სპორტისა და
ხელოვნების სიყვარულს მასში თანაბარი სიმაღლეები უკავია. 

„დინამოს“ პირველი თაობიდან მარტო მე ვარ დარჩენილი. 88-ე წელში ვარ. ჩემ მერე „დინამოში“ მოსული თაობებიდან იმ ქვეყნად უკვე არაერთია წასული“, - გულისტკივილით აღნიშნა საუბრის დასაწყისში მიხეილ ჯოჯუამ, რომელსაც დღესდღეობით მშობლები, ძმები და არაერთი კოლეგა გვერდით აღარ ჰყავს. გარდაცვლილები არიან მისი შვილი და მეუღლეც... ეს გახლავთ 88 წელს მიტანებული მიხეილ ჯოჯუა, თავისი ცხოვრების ტკივილითა და სიხარულით...


- თბილისში, გორის ქუჩაზე დავიბადე. როცა პირველად „დინამოს“ სტადიონი შენდებოდა, იქ 36 ათასი კაცი ეტეოდა, მეორედ რეკონსტრუქციისას სტადიონი 50-ათასიანი გახდა, ახლა კი 90 ათას მაყურებელს იტევს. სამი ძმა ვიყავით. ერთი ფეხბურთელი და კომპოზიტორი იყო, მეორემ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრა.

1944 წელს, სტალინის ბრძანებით, შეიქმნა ე. წ. „შრომითი რეზერვები“, სადაც ომის დროს ობლად დარჩენილ ბავშვებს სხვადასხვა ხელობას ასწავლიდნენ. ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი მე ვიყავი. იმავე წელს მოსკოვში „შრომითი რეზერვების“ პირველობაზე მიგვიწვიეს. პირველი ადგილი დავიკავეთ და იქვე დამტოვეს. ფეხბურთს ვთამაშობდი და მოსკოვშივე მუსიკალური ტექნიკუმი დავამთავრე, 1945 წლიდან კი მოსკოვის „კრილია სოვეტოვში“ დავიწყე თამაში, შემდეგ მოვხვდი „დინამოში“, მაგრამ ამაზე მოგვიანებით...

ფეხბურთელი კი ვიყავი, მაგრამ ვმღეროდი, ვცეკვავდი. მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა და ჩემი მეგობრები იყვნენ რეზო ლაღიძე, შოთა მილორავა, გოგი ცაბაძე, არჩილ ჩხარტიშვილი, არჩილ კერესელიძე. „დინამოში“ რომ ვთამაშობდი, ბილეთები ძნელად იშოვებოდა და ვარიგებდი. ეს კომპოზიტორები მუსიკას და სიმღერებს რომ წერდნენ, მე მამღერებდნენ ხოლმე. დრამატული ტენორი მქონდა. ფილმში „საბუდარელი ჭაბუკი“ მე ვმღეროდი. 1951 წელს თბილისის „დინამო“ პოლონეთში ჩავედით. სტალინის პატივსაცემად გამართულ ერთ-ერთ შეხვედრა-ბანკეტზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად „ტოსკას“ არია ვიმღერე. ტაშით დაინგრა დარბაზი.
ბოლოს ესტრადაზეც აღმოვჩნდი. ამისკენ ჩემმა ძმაკაცებმა მიბიძგეს. არჩილ ჩხარტიშვილის მეთაურობით მინიატურების თეატრი - „მოვდივართ, მოგვიხარია“ შევქმენით, შემდეგ - „მეგობრობის თეატრი“. ხალხი მოდიოდა და გაკვირვებული ამბობდა, ფეხბურთელი იყო, „ტრუსიკში“ ვხედავდით და ახლა კოსტიუმი აცვია და ვარსკვლავებს წყვეტსო.

ესტრადის მსახიობობის შემდეგ, მუსიკალური თეატრისა და თუმანიშვილის თეატრის დირექტორი ვიყავი. ეს იმ დროს, როცა მუსკომედიის თეატრში გიგა ლორთქიფანიძე მუშაობდა, ხოლო კინომსახიობთა თეატრის რეჟისორი მიშა თუმანიშვილი იყო. რამდენიმე წელი „ფუნიკულიორის“ დირექტორიც გახლდით. წლების განმავლობაში იმ დროის უამრავი ცნობილი მომღერალი, მსახიობი და თეატრალური დასი ჩამომყავდა. ლამაზი და დასამახსოვრებელი დღეები გავიარე...

რაც შეეხება „მეგობრობის თეატრს“, ის 1974 წელს თეატრალურ საზოგადოებასთან შეიქმნა. ბილეთებზე გრძელი რიგები იდგა. „მეგობრობის თეატრის“ დირექტორად რომ დამნიშნეს, შენობაში არსებული მცირე სცენა გავადიდე, რადგან ძალიან ბევრი მაყურებელი გვყავდა. მეორე სართულზე დოდო ალექსიძის კაბინეტი იყო, პირველზე - სალარო. დოდოს ხალხი უყვიროდა, დოდო, გახსენი სალარო! დოდო კი მე მეძახდა, რა ხდება, რა გააკეთე ასეთი, რომ ხალხის ნაკადი არ წყდებაო. ჩვენი თეატრის სტუმრები იყვნენ ალისა ფრეინდლიხი, ლუბოვ ორლოვა და სხვა მომღერლები და მსახიობები. იმ ხანად ავტომობილი „პობედა“ მხოლოდ მე მყავდა და ერთი კვირის განმავლობაში ორლოვას თბილისის ქუჩებში დავასეირნებდი.

იმავდროულად რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის თეატრები საზღვარგარეთ დამყავდა. ერთხელ გერმანიაში შექსპირის ფესტივალი იმართებოდა. მაშინ მარჯანიშვილის თეატრში „ოტელო“ თემურ ჩხეიძეს ჰქონდა დადგმული, რომელშიც მთავარ როლს ოთარ მეღვინეთუხუცესი თამაშობდა. ჩანაფიქრის მიხედვით, ოტელო პირველად თეთრკანიანი იყო, თავდაპირველად ასე ჩანდა სცენაზე და სპექტაკლის მსვლელობისას ფერს იცლიდა - ნელ-ნელა შავდებოდა. გერმანიაში რომ ჩავედით, იქაური „ოტელო“ ვნახეთ, რომელშიც ამ პერსონაჟის როლს არაბი თამაშობდა. პარტერში ვისხედით მე, თემურ ჩხეიძე, გურანდა გაბუნია და ოთარ მეღვინეთუხუცესი. სპექტაკლის მორიგ ნაწილში, რომელშიც არაბი უნდა გამოსულიყო სცენაზე, ცოტა დააგვიანდა. ნეტავ რა ხდებაო, - გვერდით მსხდომნი მეკითხებოდნენ. აბა, მე რა ვიცი, რატომ აგვიანებენ, ეტყობა ამათი ოტელო პირიქითაა, თეთრდება-მეთქი, ვუპასუხე და დაიხოცნენ სიცილით (იღიმის).

- ბატონო მიხეილ, თქვენი ცხოვრების ის ეპიზოდი მინდა გაიხსენოთ, როცა ლავრენტი ბერიას ბრძანებით „დაგაპატიმრეს“...

- 21-22 წლის ბიჭი მოსკოვში „კრილია სოვეტოვში“ ვთამაშობდი. ჩვენი გუნდი ტაშკენტში სათამაშოდ მიფრინავდა. იმხანად თბილისის „დინამოს“ კაპიტანი შოთა შავგულიძე გახლდათ. ბერია გიჟდებოდა ფეხბურთზე და თბილისის „დინამოს“ კაპიტანს უსაყვედურა, ცუდი შედეგები გაქვთო. შავგულიძეს უთქვამს, ფეხბურთელები აღარ მყავს, ერთია და ისიც მოსკოვში თამაშობსო. ბერია დაინტერესებულა ვინაობით და შავგულიძემ მე დამასახელა. თან უთქვამს, ბორია პაიჭაძე სულ ამბობს, ნეტავ ეგ ბიჭი ჩვენ მოგვცა, მარჯვენა ფრთაზე თამაშობს და ძალიან გამოგვადგებოდაო. ამის შემდეგ ბერიას უკითხავს, „დინამოს“ შემდეგი თამაში სად აქვსო. უპასუხეს, რიგაშიო. მაშინ მიხეილ ჯოჯუა რიგაში გეყოლებათო, - გადაჭრით უთქვამს ბერიას. როგორც გითხარით, მაშინ ჩემი გუნდი ტაშკენტში გაფრინდა. იმ დროს ტაშკენტის შინაგან საქმეთა მინისტრი მამედ მამედოვი იყო. მან გადმოსცა, თვითმფრინავი რომ დაფრინდება, იქ ფეხბურთელი ჯოჯუა იქნება, დააპატიმრეთ და ისევ მოსკოვში ჩამოიყვანეთო. თვითმფრინავშივე შემოცვივდნენ ჩეკისტები, მომიკითხეს, ჩამკიდეს ხელი, ჩამომიყვანეს ტრაპზე და იქვე მდგარ მანქანაში შემაგდეს. ფეხბურთელები გაოცებული მიყურებდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო და ვიფიქრე, ამათ აგენტი არ ვეგონო-მეთქი. შინაგან საქმეთა სამინისტროში წამიყვანეს და იქ მითხრეს, ხვალ დილას 5 საათზე მოსკოვში დაგაბრუნებთ, თბილისის „დინამოსთან“ ერთად უნდა ითამაშოო. ჩემს ბიჭებთან დაბრუნება ვთხოვე, მინდოდა მათ გაეგოთ, რომ ფეხბურთის გამო დამაპატიმრეს და არა სხვა მიზეზით. მართლაც, ეს სურვილი შემისრულეს და ჩეკისტებმა ფეხბურთელებთან დამაბრუნეს. ბიჭებს ყველაფერი ავუხსენი. გული დასწყდათ, ჩვენთან გეთამაშა და მერე მაინც წასულიყავიო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ამის მერე ჩეკისტებმა მაღაზიები შემომატარეს, რაც გინდა იყიდეო. ბერია ამ გზით „მაბამდა,“ რა... როგორც ნაბრძანები ჰქონდათ, მეორე დილით მოსკოვში დამაბრუნეს. თვითმფრინავში მგზავრი მარტო მე ვიყავი. მოსკოვში ბერიას პირადი მდივანი მერკულოვი დამხვდა და მეორე თვითმფრინავში გადამსვეს, რომელიც რიგაში მიფრინავდა. აი, ასე მოვხვდი თბილისის „დინამოში“... იმ წლების ამსახველი არაერთი ფოტო მაქვს, მაგრამ განსაკუთრებით ის მიყვარს, რომელზეც მოედანზე მე და ბორის პაიჭაძე ვართ და ჩვენ უკან მოსკოვის „ცედეკას“ სამი ფეხბურთელი მოჩანს.

Rating- რამდენი წელი გაატარეთ თბილისის „დინამოში“?
- თბილისის „დინამოში“ ზუსტად ექვსი წელი გავატარე. „დინამოში“ რომ ვთამაშობდი, იმ დროს დოდო ჭიჭინაძეს ერთ-ერთ ფილმში იღებდნენ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და მაშინ ის ჩემი მეუღლე იყო. რვა წელიწადი ვიყავით ცოლ-ქმარი, ბავშვი არ გაუჩნდა და ეს გახდა ჩვენი დაშორების მიზეზი. შემდეგ დოდო ცოლად გვარად ბუზოღლის გაჰყვა. მე მოგვიანებით მოვიყვანე ცოლად მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი სოფიკო ნიკოლიშვილი. გაგვიჩნდა ბიჭი მიშაკო ჯოჯუა. ის არაერთ სპექტაკლსა და კინოფილმში თამაშობდა. ეს ერთი შვილი გვყავდა, უნიჭიერესი ბიჭი იყო. ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მეუღლეც გარდაცვლილია, ჩვენს შვილს ერთ წელიწადში მიჰყვა უკან....

- შვილიშვილები გყავთ?
- დიახ, ორი. მიშას პირველი მეუღლისგან ბიჭი ჰყავს, რომელმაც კონსერვატორია დამთავრა. მუსიკოსია და უკვე ორი სპექტაკლი აქვს გაფორმებული. მეორე მეუღლისგან კი 14 წლის გოგონა ჰყავს. კარგად ცეკვავს, ახლახან სუხიშვილებმა აიყვანეს. მინდა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბაროს და არტისტი გახდეს. ვნახოთ, რა იქნება.

- სპორტი და კულტურა - უფრო მეტად რომელია „თქვენი“?

- უმაღლესი დონის ფეხბურთელი ვიყავი, ესტრადაზეც ასეთივე, ამიტომ ასე ვიტყვი - იქაც მაგარი ვიყავი და აქაც. ვმღეროდი, „ჩიჩოტკასაც“ ვცეკვავდი. ჩემი ცხოვრების სიხარული იყო ფეხბურთიც და ესტრადაც. სიმღერის გარდა, მხატვრული სტვენაც ვიცოდი. სცენაზე გადაღებულ ფოტოებზე სულ სხვადასხვა სახე მაქვს. ხმების შეცვლაც კარგად შემეძლო. ესტრადაზე „პატარა რაიკინსაც“ კი მეძახდნენ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS