დღეს ტელეჟურნალისტს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი, გიორგი ქორქია, ჟურნალისტია, დედა - თამ
- ე.ი. მუსიკასაც ბავშვობიდან ეზიარე.
- ჰო, მუსიკას, მოქეიფე ტიპებს. ვიჯექი და პირდაღებული ვუსმენდი. ბევრ რამეს ვსწავლობდი მათგან.
- აგამღერეს?
- ვერა, იმიტომ რომ ხმა არ მაქვს. მსმენელი უკეთესი ვარ, თუმცა რაღაც დოზით მუსიკასთან შეხება მქონდა. ბაკურ ბურდულთან ვუკრავდი წლების განმავლობაში ბასგიტარაზე.
- მუსიკალური განათლება გაქვს?
- არანაირი. მოყვარულის დონეზე ვუკრავდი. უცბად გადავწყვიტეთ. დაკვრა თუ გინდა, გადმოდი, რეპეტიცია გვაქვსო, მითხრა. ერთი კვირა ვირეპეტიციეთ და კონცერტი ჩავატარეთ.
- მშობლებისგან ვის უფრო ჰგავხარ ხასიათით?
- ალბათ ორივეს. ძალიან რბილი ხასიათი აქვს ორივეს. მეც მძიმე ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა ვარ, ეგოისტობით არ გამოვირჩევი. ლაითად უყურებს ყველაფერს მამაჩემი, პრობლემებს არ ქმნის. მეც ასეთი ვარ.
- დედისერთობა მოგწონდა, არ აპროტესტებდი ამას?
- არა. არ მქონია პროტესტი, თუ მეყოლებოდა და ან ძმა, არც ამით ვიქნებოდი უკმაყოფილო.
- შენი მშობლები ერთად ცხოვრობენ?
- არა. პატარა ვიყავი, 10-11 წლის, ერთმანეთს რომ დასცილდნენ.
- იყო ეს სტრესი შენთვის?
- ალბათ იყო, ნებისმიერს ექნებოდა. საერთოდ, წარსულზე მაინცდამაინც ბევრს ვერ ვილაპარაკებ. ბევრი რამ არ მახსოვს, განსაკუთრებით ავარიის შემდეგ.
- რომელი ავარიის მერე?
- 25-26 წლის ასაკში ავარიაში მოვყევი და სკოლის, სტუდენტობისდროინდელი წლებიდან ბევრი რამ არ მახსოვს, ხალხიც კი დამავიწყდა, ვისაც ვიცნობდი. ტელევიზიიდან ვიყავით სადღაც წასულები... გადარჩენა-არგადარჩენაზე იყო ლაპარაკი. ისეთი რამ დამემართა, რომ ვერა-ფერს ვიხსენებდი. მერე ნელ-ნელა რაღაცები გავიხსენე.
- მამასთან ურთიერთობა გქონდა?
- რა თქმა უნდა. დღემდე მაქვს ურთიერთობა.
- დედა აღარ გათხოვილა?
- არა.
- მამაც არ დაოჯახებულა?
- კი, დაოჯახდა. ოღონდ ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.
- მშობლები ალბათ ცალ-ცალკე ატარებდნენ შენთან აღმზრდელობით მუშაობას...
- არ მჭირდებოდა ასეთი მიდგომა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი. დაშავებითაც იშვიათად ვაშავებდი. 90-იანი წლები იყო, ცოტა უცნაური იმიჯი კი მქონდა. წელამდე თმა, დახეული ჯინსი. ეს არ გააკეთოო, არავის უთქვამს ჩემთვის. სკოლას თუ გავაცდენდი და თითს დამიქნევდნენ სახლში, ეს იყო სულ.
- მშობლებს მოსწონდათ შენი ასეთი იმიჯი?
- არ ვიცი, არც მიკითხავს. რომ ეთქვათ, არ გააკეთოო, მაინც გავაკეთებდი. ეტყობა, აცნობიერებდნენ ამას და ამიტომაც არ მიშლიდნენ. ჯიუტი ვარ. სხვის რჩევებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას.
- მსგავსი იმიჯის მქონე ახალგაზრდები ძირითადად გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ ამ ფორმით. შენ რას აპროტესტებდი?
- არ მომწონდა ის, რაც ხდებოდა თბილისში. არ მომწონდა შავებში ჩაცმული, გაუპარსავი ტიპები ამოქარგული ქუდებით. ჩაცუცქული „სემიჩკიანი“ ტიპები, ფურთხის გუბეები. არ მომწონდა ქაოსი იმ პერიოდში. ეს იყო ჩემი პროტესტი, რომ გამეღიზიანებინა ის ხალხი ჩემი ვიზუალით. მარტო არ ვიყავი, ჩემი მეგობრებიც ასე იცვამდნენ. ზოგი მუსიკოსი იყო, ზოგი - მხატვარი.
- დიდხანს გაგრძელდა შენი პროტესტი? როდის შეელიე წელამდე თმას?
- 90-იანების მერე. ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, მაშინდელ „მეცხრე არხზე“. გვერდებზე აპარსული წელამდე თმა, კიკინა ტელევიზიის ფორმატში არ ჯდებოდა (იღიმება). ნელ-ნელა სამსახურზე გადავერთე, მუსიკასაც მაშინ შევეშვი. როცა ვუკრავდი, დღეში 5-6 საათი ვრეპეტიციობდი. ეს დრო აღარ მქონდა.
- სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში, დედას ალბათ უჭირდა მარტო ოჯახის რჩენა...
- ისეთი, როგორიც იყო 90% თბილისელის ოჯახში. გარკვეული შემოსავალი მეც მქონდა, სულ ვმუშაობდი. დედაც ახერხებდა რაღაცას, მამაც გვეხმარებოდა.
- გიფიქრია იმაზე, რომ ფიზიკურად გემუშავა, რომ ოჯახს დახმარებოდი?
- რომ არ მქონოდა სამსახური, ვიმუშავებდი. არაფრის გაკეთება არ მეთაკილება.
- პირველი სამსახური, პირველი ანაზღაურება...
- 16 წლისამ „მეორე არხზე“ დავიწყე მუშაობა, მალევე „პირველ რადიოში“ დავიწყე მუშაობა. მერე იყო „მეცხრე არხი“, „იბერია“, „იმედი“ და „რუსთავი 2“.
- ქუჩაში ჩაცუცქულ ბიჭებზე და ფურთხის გუბეებზე ლაპარაკობდი წეღან, ქუჩამ რა მოგცა გამოცდილების თვალსაზრისით?
- ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, ვინც ქუჩაში იდგა და კაი ტიპები იყვნენ. მათ წრეში ვიყავი მეც. მომცა ამან გამოცდილება, ურთიერთობები ვისწავლეთ, ადამიანების გარჩევა ერთმანეთისგან. 24 საათი ქუჩაში ყოფნით ვერაფერს ისწავლი. დრო წიგნებთანაც უნდა გაატარო. ბიჭებთანაც ვიყავი გარეთ. სულ სახლში რომ ვმჯდარიყავი, ქუჩაში ვეღარ გავიდოდი. ეს ინსტიტუტი თავის დამკვიდრების ერთგვარი საშუალებაც არის.
- პროფესია ალბათ მამის მიბაძვით აირჩიე...
- ბაბუაჩემიც ჟურნალისტი იყო, როგორც გითხარით და მისი მამაც პუბლიცისტი, მწერალი გახლდათ. შესაბამისად, მე რომ მათემატიკოსი არ გამოვიდოდი, ნათელი იყო.
- სხვა პროფესიაზე არასდროს გიფიქრია?
- ჟურნალისტიკა რომ არა, ალბათ მუსიკას გავყვებოდი. ერთი პერიოდი სპორტითაც ვიყავი გატაცებული, მაგრამ სპორტის ის სახეობა, რომელზეც მე დავდიოდი - ცხენოსნობა, საერთოდ ჩავარდა იმ პერიოდში.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვი?
- თავში როცა მიქროდა, ხშირად მიყვარდებოდა, ცალმხრივადაც ვიყავი შეყვარებული, ოღონდ, რომ არ მოგატყუო, ადრესატები აღარ მახსოვს.
- მეუღლე როგორ გაიცანი?..
- მეუღლე არ მყავს.
- ხომ გყავდა... იყო ეს პერიოდი შენს ბიოგრაფიაში, გვერდს ვერ ავუვლით.
- 34 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. ამ ქორწინებიდან 3 წლის ნიკოლოზი მყავს.
- შეიძლება, ოჯახის დანგრევის მიზეზზე გკითხო?
- არა.
- მაშინ ის მითხარი, თავად რა გამოცდილებას უზიარებ შვილს?
- ჯერ პატარაა ამისთვის. ძალიან ვუყვარვარ, შეიძლება ითქვას, მოწებებულია ჩემზე. ხშირად რჩება ჩემთან. მარტო შაბათ-კვირის მამა არ ვარ. როცა მცალია, დამოუკიდებლად შემიძლია მივხედო ბავშვს.
- „საქართველოს ვარსკვლავში“ ალბათ მუსიკასთან ურთიერთობის დანაკლისს ინაზღაურებ...
- მანამდე „ვარსკვლავების აკადემია“ იყო, ახლა „საქართველოს ვარსკვლავი“. მომწონს ეს საქმე, მუსიკა ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა.
- კრიტიკული თვალით თუ შეგიხედავს საკუთარი თავისთვის?
- სულ ასე ვუყურებ და ბოლომდე კმაყოფილი არასდროს ვარ. უფრო მეტის და უკეთესის გაკეთება შემიძლია, ყოველთვის ასე ვფიქრობ.
- ახალ პროექტზე მუშაობ, გავიგე...
- გახსოვთ ალბათ „ჯეომეგზური“. 2 წელი ვაკეთებდი ამ გადაცემას. ახლა მსგავსი ტიპის პროექტზე ვმუშაობ. ფორმატი შეიცვლება, სათაურიც, მაშინ მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე, ნაკრძალებში დავბოდიალებდი. ახლა მინდა, მოქმედების არეალი გავშალო. ჯერ პილოტის გადაღებას „ვჩალიჩობ“. ვნახოთ რა გამოვა. თუ პროექტი დამტკიცდა, „რუსთავი 2“-ზე ნახავთ.
- შეცდომებზეც გკითხავ, რას ნანობ ყველაზე მეტად შენი ცხოვრების განვლილი გზიდან?
- ვნანობ, რატომ არ წავედი ამ ქვეყნიდან. ბოლო დროს გამიჩნდა ეს სინანული.
- საქართველოს გულისხმობ ალბათ, ცოტა შემაშინე...
- (იღიმება) ჰო, საქართველოს. ამის არაერთი შანსი მქონდა სტუდენტობის დროს.
- ბოლო დროს რატომ დაგეწყო ეს სინანული, რით ხარ უკმაყოფილო?
- ბევრი რამით. ქვეყანა რომ ტრაკში მიდის, იმით.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“